საქმე №ას-385-2020
22 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „გ–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი შპს „ფ–ას“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „გ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და კერძო საჩივრის ავტორს დაეკისროს საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარზე გადასახდელი გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
8. მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადასაწყვეტი საკითხები.
9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს „გ–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „გ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელი.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივრისათვის შეადგენს 50 ლარს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი არ გადაწყვეტილა, არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობა, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-ე, 261-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნას დამატებითი გადაწყვეტილება;
2. კერძო საჩივრის ავტორს შპს გ–ს (ს/კ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე