Facebook Twitter

საქმე №ას-742-2020

15 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - მ.ქ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ბ–ძე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ა.ა–ძე, ე.ჭ–ი, ლ.ა–ძე

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლისა და 31 ივლისის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ქ–ძის (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი რ.ბ–ძის, ა.ა–ძის, ე.ჭ–ისა და ლ.ა–ძის მიმართ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ.ბ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ......, მე-5 სართული, ბინა N15, 162,30 კვ.მ ფართი (ს/კ ........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და მათ შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

1.1 მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ შვიდი თვის განმავლობაში გადაუხდიდა 80 000 აშშ დოლარს მოპასუხე რ.ბ–ძეს;

1.2 თავის მხრივ, რ.ბ–ძემ აიღო ვალდებულება, რომ ხელს არ შეუშლიდა მოსარჩელეს ბინის (მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქ. N 38, ბინა N15) გასხვისებაში, მითითებული თანხის გადახდის მიზნით;

1.3 იმ შემთხვევაში, თუკი შვიდი თვის გასვლისას 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, ვერ მოხდებოდა 80 000 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელე მის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქ.N38, ბინა N15, გათავისუფლებულ მდგომარეობაში ჩააბარებდა რ.ბ–ძეს;

4. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებითვე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და N2/17894-18 სამოქალაქო საქმეზე (მოსარჩელე - მ.ქ–ძე, მოპასუხეები - რ.ბ–ძე, ა.ა–ძე, ე.ჭ–ი, ლ.ა–ძე, დავის საგანი - გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) შეწყდა საქმის წარმოება. ამავე დროს, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც რ.ბ–ძეს (პ/ნ .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ს. ....... ქუჩა N 38, მე-5 სართული, ბინა N15 162.30 კვ.მ ფართი (ს/კ .......) გასხვისება დ იპოთეკით დატვირთვა.

5. 2019 წლის 5 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა რ.ბ–ძემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში (2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით) მას არ გადაუხადა 80 000 აშშ დოლარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით რ.ბ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (რომლითც რ.ბ–ძეს (პ/ნ .......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ს. ....... ქუჩა N 38, მე-5 სართული, ბინა N15 162.30 კვ.მ ფართი (ს/კ .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა).

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხე რ.ბ–ძისთვის არ გადაუხდია მორიგების აქტით განსაზღვრული თანხა, 80 000 აშშ დოლარი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით და მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიების შენარჩუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძელი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

საჩივრის ავტორის განცხადებით, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების შესაბამისად, მართალია, მას განესაზღვრა დრო ბინის გასასხვისებლად და 80 000 აშშ დოლარის მოპასუხე რ.ბ–ძისათვის გადასახდელად, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების (პანდემიის) გამო, მოსარჩელემ ვერ მოახერხა უძრავი ქონების გაყიდვა. ამას დაერთო ოჯახური პრობლემებიც - აპრილში გარდაიცვალა მოსარჩელის დედა, რამაც ასევე გაართულა უძრავი ქონების გასხვისება. ამასთან, მოსარჩელემ არაერთხელ შესთავაზა მოპასუხე რ.ბ–ძეს უძრავი ქონების იმგვარად დაყოფა, რომ ბინის ნაწილის გადაცემით დაფარულიყო სადავო თანხა (რასაც ითხოვდნენ იპოთეკარები), თუმცა მოპასუხე ამის წინააღმდეგია. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებით იგი შეძლებს აღნიშნული ბინიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებას, თვითონ კი უსაფუძვლოდ გამდიდრდება, ვინაიდან 80 000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ მიიღებს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 160 000 აშშ დოლარს აჭარბებს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საქმის წარმოების დასრულების შემდგომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება, ამ მხრივ კი, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს შემდეგზე:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე რ.ბ–ძის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ: ......);

12.1 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რა სარჩელი, სასამართლომ გააუქმა მის მიერვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;

12.2 საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით. ამავე განჩინებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხე რ.ბ–ძისათვის მის საკუთრებაში არსებული ბინის (მდებარე ქ. თბილისი, ....... ქ.N38, ბინა N15) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

12.3 მხარეთა შორის მიღწეული მორიგების პირობები შემდეგია:

- მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შვიდი თვის განმავლობაში გადაეხადა 80 000 აშშ დოლარი მოპასუხე რ.ბ–ძისათვის;

- თავის მხრივ, რ.ბ–ძემ აიღო ვალდებულება, რომ ხელი არ შეეშალა მოსარჩელისთვის ბინის (მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქ. N 38, ბინა N15) გასხვისებაში, მითითებული თანხის გადახდის მიზნით;

- იმ შემთხვევაში, თუკი შვიდი თვის გასვლისას, 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, ვერ მოხდებოდა 80 000 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელე მოპასუხე რ.ბ–ძეს გათავისუფლებულ მდგომარეობაში ჩააბარებდა მის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქ.N38, ბინა N15;

13. ამდენად, მორიგების პირობის - თანხის მოპასუხისთვის გადახდის - შეუსრულებლობა მოსარჩელეს წარმოუშობდა სწორედ იმ ბინის მოპასუხისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულებას, რომელზეც გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თავად უზრუნველყოფის დროებითი ბუნებიდან გამომდინარე კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან (იხ. სუსგ საქმე №ას-1028-2018, 18 ივლისი, 2018 წელი).

15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და არც საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტით განსაზღვრული პირობა, 80 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდის შესახებ, მოსარჩელეს არ შეუსრულებია. შესაბამისად, ამოქმედებულია ამ პირობის შეუსრულებლობიდან გამომდინარე დათქმა მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავ ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქ.N38, ბინა N15) მოპასუხე რ.ბ–ძისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აღარ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების (ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის) შენარჩუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

17. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მან ქვეყანაში შექმნილი გარემოებისა (პანდემია) თუ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა მორიგების აქტით განსაზღვრული პირობის (თანხის მოპასუხისთვის გადახდა) შესრულება. ეს გარემოება არ ქმნის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველს.

18. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ.ქ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლისა და 31 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე