საქმე №ას-947-2020
6 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ბმა ამხანაგობა ,,ბ.ქ..., მ.გ.“ (თავჯდომარე ქ.ჯ–ი), ნ.გ–ძე, ქ.ჯ–ი, მ.გ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ.გ–ძე (მოსარჩელე), სს მისო ,,ს.კ–ი’’, ნოტარიუსი ქ.ო–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადავო ფართის ამორიცხვა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთებიდან
აღწერილობითი ნაწილი:
დ.გ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბბა ამხანაგობა ,,ბ.ქ...., მ. გ–ის“, ქ.ჯ–ის, ნ.გ–ძის, მ.გ–ძის, სს მისო ,,ს.კ–ისა’’ და ნოტარიუს ქ.ო–ძის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთებიდან სადავო ფართის ამორიცხვის თაობაზე.
ბმა ამხანაგობა ,,ბ.ქ...., მ.გ–მ“, სს მისო ,,ს.კ–მა’’ და ქ.ჯ–მა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხე ნ.გ–ძემ სარჩელი ცნო . ხოლო ნოტარიუს ქ.ო–ძეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე დ.გ–ძემ და ასევე ბმა ამხანაგობა ,,ბ.ქ..., მ.გ–მ“, ნ.გ–ძემ, ქ.ჯ–მა და მ.გ–ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით ბმა ამხანაგობა ,,ბ.ქ..., მ.გ–ის“, ნ.გ–ძის, ქ.ჯ–ისა და მ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბმა ამხანაგობა ,ბ.ქ...., მ.გ.მ“, ნ.გ–ძემ, ქ.ჯ–მა და მ.გ–ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეხი კერძო საჩივარზე და დაევალათ აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2020 წლის 27 ოქტომბერს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით) საქართველოს უზენაესი სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობები და სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კერძო/საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო/საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო/საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო/საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა კერძო საჩივრის ერთ-ერთ ავტორს ქ.ჯ–ს 2020 წლის 19 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 20 ოქტომბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 26 ოქტომბერს.
კერძო საჩივრის ავტორები ვალდებულები იყვნენ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსოთ 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე და განცხადებაზე თანდართული მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს 2020 წლის 27 ოქტომბერს, ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენილ დოკუმენტზე ასახულია კერძო საჩივრის ყველა ავტორის ხელმოწერა რაც დამატებით მეტყველებს მასზედ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განჩინების შინაარსი ეცნობა ყველა ადრესატს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ საქმეში კერძო საჩივრის ავტორების განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე და განცხადებაზე თანდართული მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც ბმა ამხანაგობა ,,ბ.ქ..-ის, მ.გ–ის“ (თავჯდომარე ქ.ჯ–ი), ნ.გ–ძის, ქ.ჯ–ისა და მ.გ–ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ბმა ამხანაგობა ,,ბ.ქ..-ის, მ.გ–ის“ (თავჯდომარე ქ.ჯ–ი), ნ.გ–ძის, ქ.ჯ–ისა და მ.გ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე