გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-75-60-კს-03 5 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 25 ივნისს ნ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების შედეგების და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. ა-ეს შორის 1997წ. 1 აპრილის ¹683 იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: იგი 1973 წლიდან მუშაობდა მაღაზია ...ის” გამგედ; ქ. ქუთაისის მერიის 1992წ. 12 აგვისტოს ¹13/87 განკარგულებით მაღაზია “...” ცალკე ერთეულად გამოეყო მაღაზია “ო-ს” და ჩამოყალიბდა მუნიციპალურ საწარმო-მაღაზია “...ად”. ქ. ქუთაისის მერიის 1993წ. 30 ივლისის ¹371 განკარგულებით გაერთიანდა მაღაზია “...” და კაფე ბარი “...”, დირექტორად დაინიშნა შ. რ-ე, რომელმაც 1996წ. 8 თებერვლის ¹8 ბრძანებით ნ. ა-ე გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ნ. ა-ემ სათანადო წესით გაასაჩივრა ბრძანება მისი განთავისუფლების შესახებ სასამართლოში. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ფაქტობრივად განთავისუფლებული არ ყოფილა სამსახურიდან.
მოსარჩელის მითითებით მისი სამუშაოდან განთავისუფლება მოხდა იმ მიზეზის გამო, რათა ვერ მიეღო მონაწილეობა ობიექტის პირდაპირ შესყიდვაში. 1996წ. 3 ოქტომბერს იგი აღდგენილი იქნა სამუშაოზე, მაგრამ მანამდე, იმავე წლის 1 ოქტომბერს, შეიქმნა რა სალიკვიდაციო კომისია, მოხდა მუნიციპალური საწარმო მაღაზია “...-ის” ლიკვიდაცია, რაც მას ასევე მიაჩნდა უკანონოდ. აღნიშნული ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული ობიექტი გავიდა აუქციონზე იჯარა-გამოსყიდვის წესით საპრივატიზებოდ, რაშიც მან მონაწილეობა მიიღო, რათა მთლიანად არ დაეკარგა სადავო ობიექტი, მაგრამ მისი განმარტებით, ზემოაღნიშნული ქმედებები ისე განხორციელდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ქუთაისის სამმართველო აღნიშნული ფართის მესაკუთრე არ ყოფილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ა-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულება მუნიციპალურ მაღაზია “...ის” ლიკვიდაციის ნაწილში, 1997წ. 28 მარტის აუქციონის შედეგები და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამართველოსა და ნ. ა-ეს შორის 1997წ. 1 აპრილს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ¹683-ე ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ მაღაზია “...” მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა და მისი ლიკვიდაციაც ქუთაისის მერიის მიერ მოხდა. როდესაც ნ. ა-ემ მოითხოვა ლიკვიდაციის ნაწილში ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობა, სარჩელის ამ ნაწილში ნ. ა-ის მოპასუხე იყო ქ. ქუთაისის მერია. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო კი ა-ის სარჩელში მოპასუხე იყო აუქციონის შედეგებისა და იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუკი ქუთაისის მერიას არასწორად მიაჩნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მუნიციპალური მაღაზია “...ის” ლიკვიდაციის ნაწილში, მაშინ მას შეეძლო ამ ნაწილში სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება, რაც მას არ გაუკეთებია. აღნიშნულზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მხოლოდ ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ, რომელიც სააპელაციო პალატამ მიიჩნია არაუფლებამოსილ პირად, რადგანაც გასაჩივრებული განკარგულება არ წარმოადგენდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აქტს, ხოლო აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობა არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა და არ ზღუდავდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. ა-ეს შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში და ამიტომ სააპელაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებდა, რაც შეეხება მუნიციპალურ მაღაზია ”...ის” ლიკვიდაციის შესახებ ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობას, აღნიშნული განკარგულება წარმოადგენდა ქუთაისის მერიის და არა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აქტს. ამიტომ ამ აქტის ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს არ გააჩნდა.
სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.
ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოტივაცია, რომ რადგანაც მოპასუხემ – ქ. ქუთაისის მერიამ სააპელაციო წესით არ გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, ამიტომ მეორე მოპასუხე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო არ იყო უფლებამოსილი, შეეტანა სააპელაციო საჩივარი, რადგანაც სადავო აქტის, ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების გამომცემი ორგანო არ იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს საქმეში მონაწილე მხარეებსა და მესამე პირებს, კანონით დადგენილი წესით მთლიანად გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების გაყოფას სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით არ ითვალისწინებს სსკ-ს მე-3, მე-4, 364-ე მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლები.
2003წ. 17 მარტის სხდომაზე ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე ნ. ა-ის წარმომადგენელმა ი. გ-ემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი უარს ამბობს სარჩელის იმ ნაწილზე, სადაც ითხოვდნენ ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. ა-ეს შორის 1997წ. 1 აპრილის ¹683 ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 მარტის განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ა-ემ უარი თქვა სარჩელზე 1997წ. 1 აპრილის ¹683 ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე მოპასუხე იყო ქუთაისის მერია, ვინაიდან მოთხოვნა მიმართული იყო მერიის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცობისაკენ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რაც გასაჩივრებული არ ყოფილა, იგი უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ. იგი აღნიშნავს რომ, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს წაართვა უფლებათა სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. დაუსაბუთებულია სააპელაციო პალატის მოტივაცია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო არ იყო უფლებამოსილი შეეტანა სააპელაციო საჩივარი, რადგან არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს საქმეში მონაწილე მხარეებს და მესამე პირებს დადგენილი წესით მთლიანად გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 მარტის განჩინების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ მთლიანობაში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნ. ა-ემ თავისი სასარჩელო მოთხოვნებიდან ერთ-ერთზე კერძოდ ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. ა-ეს შორის 1997წ. 01 აპრილს დადებული ¹683 ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უარი განაცხადა და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო განეხილა ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი სარჩელის მეორე ნაწილთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543-ე განკარგულება, რომლის ბათილობაც ერთ-ერთ მოთხოვნად ჰქონდა მითითებული ნ. ა-ეს და რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა, არ ეხება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ინტერესებს, და ამ უკანასკნელს არ შეეძლო გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება ამ ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 364-ე მუხლი, ჩათვალა რა, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო მხარეს არ წარმოადგენს საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და შესაბამისად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიიჩნია გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შესულად. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით განმარტებულ იქნა მხარისათვის ან მესამე პირისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების აკრძალვა უკანონობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც საქმე არ შეწყვეტილა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამავე დროს საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განუმარტავს, რომ სარჩელზე უარის თქმა იწვევს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას, რაც სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო და ისე შეწყვიტა საქმის წარმოება, რომ არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებებს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 24 მარტის განჩინებით კი არ შეასწორა რამე ტექნიკური შეცდომა, არამედ მიიღო ფაქტობრივად ახალი გადაწყვეტილება, რადგან 17 მარტის განჩინებით მთლიანად სარჩელის ორივე მოთხოვნასთან მიმართებაში იქნა საქმე შეწყვეტილი, ხოლო 24 მარტის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხოლოდ ¹683-ე საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. ასევე გაუგებარია, თუ რომელი განჩინება იქნა დატოვებული დანარჩენ ნაწილში უცვლელად.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის, 2003წ. 24 მარტისა და 2003წ. 8 მაისის განჩინებები და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.