საქმე №ა-390-შ-10-2020
15 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო.ო–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – №2-444/2016 საქმეზე ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით 1984 წლის 15 დეკემბერს დაბადებულ ვ.ბ–ს ო.ა. ასული ო–ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2012 წლის 29 თებერვალს დაბადებული შვილის – დ. ვ. ძე ო–ის სარჩენად, ალიმენტის გადახდა შემდეგი ოდენობით: ვ.ბ–ის ყველა სახის ყოველთვიური შემოსავლის 25%, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ საარსებო მინიმუმის 50%-ისა, 2015 წლის 17 დეკემბრიდან ყოველთვიურად დ. ო–ის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. საქმის მასალებში წარმოდგენილი ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ცნობებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს შევიდა კანონიერ ძალაში და 2019 წლის 28 მაისამდე აღსრულებულია. ასევე, სასამართლოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ვ.ბ–ს სარჩელი და საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. მეტიც, მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე, რაც ირკვევა თავად მხარის განცხადების ასლით (განცხადება დამოწმებულია სასამართლო ბეჭდითა და თავმჯდომარის ხელმოწერით).
3. ო.ო–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ო.ო–ი შუამდგომლობა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით 1984 წლის 15 დეკემბერს დაბადებულ ვ.ბ–ს ო.ა. ასული ო–ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2012 წლის 29 თებერვალს დაბადებული შვილის – დ. ვ. ძე ო–ის სარჩენად, ალიმენტის გადახდა შემდეგი ოდენობით: ვ.ბ–ის ყველა სახის ყოველთვიური შემოსავლის 25%, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ საარსებო მინიმუმის 50%-ისა, 2015 წლის 17 დეკემბრიდან ყოველთვიურად დ. ო–ის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საქმის მასალებში წარმოდგენილი ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ცნობებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს შევიდა კანონიერ ძალაში და 2019 წლის 28 მაისამდე აღსრულებულია. ასევე, სასამართლოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ვ.ბ–ს სარჩელი და საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. მეტიც, მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე, რაც ირკვევა თავად მხარის განცხადების ასლით (განცხადება დამოწმებულია სასამართლო ბეჭდითა და თავმჯდომარის ხელმოწერით).
8. ო.ო–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე, ოფიციალური დოკუმენტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და დაქვემდებარების აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე ექვემდებარება აღსრულებას, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე.
11. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნეს, საკითხი ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ მხარეთა შეთანხმებას; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო.ო–ის შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სადავო ალიმენტის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და აღუსრულებელ ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და
დაადგინა:
1. ო.ო–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩისა და ბარანოვიჩსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 1984 წლის 15 დეკემბერს დაბადებულ ვ.ბ–ს ო.ა. ასული ო–ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2012 წლის 29 თებერვალს დაბადებული შვილის – დ. ვ. ძე ო–ის სარჩენად, ალიმენტის გადახდა შემდეგი ოდენობით: ვ.ბ–ის ყველა სახის ყოველთვიური შემოსავლის 25%, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ საარსებო მინიმუმის 50%-ისა, 2015 წლის 17 დეკემბრიდან ყოველთვიურად დ. ო–ის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება მიექცეს აღსასრულებლად 2019 წლის 28 მაისიდან დ. ვ. ძე ო–ის სრულწლოვანებამდე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე