საქმე №ას-799-2020
12 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.მ–ის მხარდამჭერი – ჯ.ტ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ო–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ნ.ო–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.მ–ილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 6 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ფართის მესაკუთრედ და დაუბრუნდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან ლ.ქ–ძის მიერ კომპენსაციის სახით გადახდილი 1800 ლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით ქ.მ–ის მხარდამჭერ ჯ.ტ–ი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ქ.მ–ის მხარდამჭერ ჯ.ტ–ს მიეცა 5 (ხუთი) დღის ვადა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ც.მ–ძის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი იმგვარი რწმუნებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ჯ.ტ–მა ც.მ–ძეს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით ქ.მ–ის ინტერესების დასაცავად ან უნდა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.მ–ის მხარდამჭერი – ჯ.ტ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ქ.მ–ის მხარდამჭერ ჯ.ტ–ს მიეცა 5 (ხუთი) დღის ვადა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ც.მ–ძის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი იმგვარი რწმუნებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ჯ.ტ–მა ც.მ–ძეს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით ქ.მ–ის ინტერესების დასაცავად ან უნდა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.
ზემო ხსენებული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2020 წლის 25 სექტემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად ჯ.ტ–ს 2020 წლის 5 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 6 ოქტომბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 10 ოქტომბერს, მაგრამ ვინაიდან 10 ოქტომბერი იყო შაბათი არასამუშაო დღე, და მომდევნო დღეც წარმომადგენდა არასამუშაო დღეს, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2020 წლის 12 ოქტომბერს ორშაბათს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ქ.მ–ის მხარდამჭერ – ჯ.ტ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე