Facebook Twitter

საქმე №ას-431-2020

4 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ა.ზ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,ბ–ის’’ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ზ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ბ–ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ზ–ძის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ბ–ის" დირექტორის 2017 წლის 03 თებერვლის N2 ბრძანება ა.ზ–ძესთან 2017 წლის 04 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; ა.ზ–ძე აღდგენილ იქნა შპს ,,ბ–ში" უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე; დაეკისრა მოპასუხე შპს ,,ბ–ს" ა.ზ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 350 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით 2017 წლის 04 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემაც და მოპასუხემაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ა.ზ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც აღდგენილ იქნა მოსარჩელე ა.ზ–ძე მოპასუხე შპს ,,ბ–ში" უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე, ასევე დაეკისრა მოპასუხე შპს ,,ბ–ს" ა.ზ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 350 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით 2017 წლის 4 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ზ–ძის სასარჩელო მოთხოვნა აღდგენილიყო იგი შპს ,,ბ–ში" უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე, არ დაკმაყოფილდა; შპს ,,ბ–ს’’ დაეკისროა ა.ზ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 350 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით 2017 წლის 4 თებერვლიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა.ზ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,ბ–ის’’ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის ა.ზ–ძის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ა.ზ–ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის #1/107 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, ა.ზ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის ა.ზ–ძის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ა.ზ–ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის #1/107 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

ზემო ხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2020 წლის 1 ივლისს, თუმცა წარმომადგენელს გზავნილი ვერ ჩაბარდა. 2020 წლის 2 ოქტომბერს 2020 წლის 25 ივნისის განჩინება მოერედ გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე, კერძოდ სასარჩელო განცხადებასა და საკასაციო საჩივარში აღნიშნულ მისამართზე და გზავნილი ჩაბარდა კასატორის ოჯახის წევრს 2020 წლის 14 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 15 ოქტომბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 24 ოქტომბერ. ვინაიდან 24 და 25 ოქტომბერი არ იყო სამუშაო დღეები, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა კასატორს ამოწურულად ჩაეთვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2020 წლის 26 ოქტომბერს, ორშაბათს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ა.ზ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე