Facebook Twitter

საქმე №ას-639-2020

4 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ზ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე თ.ფ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

თ.ფ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ბ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.ბ–ძემ.

თ.ფ–ი წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა აპელანტის სააპელაციო მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2020 წლის 5 მარტის განჩინებით ზ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ.ბ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით ზ.ბ–ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით ზ.ბ–ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს შ.კ–ს გაეგზავნა 2020 წლის 31 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა წარმომადგენელის თანამშრომელს (თანაშემწე ი.კ–ძეს) 2020 წლის 17 აგვისტოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 18 აგვისტოდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 27 აგვისტოს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ზ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე