საქმე №ას-969-2018 10 აპრილი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,თ.ბ–სა” (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი ან გამსესხებელი) და გ.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2015 წლის 15 ივლისს, გაფორმდა საბანკო კრედიტის №2430316-8015505 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე 22 000 ლარი, 1456 დღის ვადით, 2019 წლის 10 ივლისამდე გაიცა, წლიური საპროცენტო სარგებელი 14 %-ით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი და ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ. 1, ს.ფ. 19-21).
2. ხელშეკრულების დამატებით პირობად, ბანკის სასარგებლოდ, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 22-24).
3. ხელშეკრულების თანახმად, ბანკს უფლება აქვს, შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იმ შემთხვევაში, თუ: კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას; ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებისათვის თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას; არ შესრულდება/დაირღვევა რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისათვის წაყენებული მოთხოვნა (ტ. 1, ს.ფ. 16-18).
4. ხელშეკრულების 3.3.8 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ ბანკს უფლება აქვს, შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რომელიმე ან ყველა ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოსთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას დაარღვევს ან/და ბანკი ჩათვლის, რომ კლიენტმა რომელიმე ვალდებულების დროულად ან/და ჯეროვნად შესრულება შესაძლოა ვერ უზრუნველყოს (ტ. 1, ს.ფ. 19-20).
5. მოპასუხემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2015 წლის 10 ნოემბერს დაარღვია და იმავე წლის 12 დეკემბრის შემდგომ დავალიანება არ გადაუხდია. მოვალემ 2015 წლის 10 ნოემბერს 7.2 ლარი გადაიხადა, იმავე წლის 12 დეკემბერს კი - 670 ლარი, საიდანაც 19.85 ლარით დავალიანების ძირითადი თანხა დაიფარა, 490.02 ლარით პროცენტი, 142.05 ლარით კი - პირგასამტეხლო (ტ. 1, ს.ფ. 27).
6. მოპასუხეს, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ბანკის წინაშე ერიცხება 22 101.02 ლარის დავალიანება, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 20 900.26 ლარი, პროცენტი - 648.63 ლარი, პირგასამტეხლო - 518.86 ლარი და დაზღვევის თანხა - 33.27 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 28).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1 ბანკმა, 2016 წლის 5 მაისს, სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ, მოითხოვა, საბანკო კრედიტის №2430316-8015505 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის 22 101.02 ლარის დაკისრება, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა 20 900.26 ლარი, პროცენტი - 648.63 ლარი, პირგასამტეხლო - 518.86 ლარი და დაზღვევის თანხა - 33.27 ლარია. აგრეთვე - მოპასუხისათვის 2016 წლის 29 თებერვლიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირითადი თანხის - 20 900.26 ლარის წლიური 14% სარგებლისა და ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის (ჯამურად არა უმეტეს 50 000 ლარის), გადახდის დაკისრება.
7.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2, 5-6 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მსესხებელმა ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დავალიანება არ გადაუხდია.
7.3 მოსარჩელის განმარტებით, ბანკმა 2016 წლის 17 მარტს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, თუმცა სარჩელი განსჯადობის მოტივით არ იქნა წარმოებაში მიღებული. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბანკმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს (17.03.2016 წელი) შეწყვიტა; დავალიანების ცნობაში მითითებული საპროცენტო ვალი კი, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში არსებულ საპროცენტო სარგებელს წარმოადგენს.
7.4 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ის სარგებელი დაკარგა, რომელსაც ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიიღებდა, რის გამოც მოპასუხეს, მიუღებელი შემოსავლის სახით, წლიური 14% სარგებლის გადახდა უნდა დაეკისროს.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1 საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა ვადის დარღვევით (იხ. ტ. 1, ს.ფ.116), ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მას ბანკისაგან არ მიუღია გაფრთხილება ვალდებულების შესრულებაზე, არ ახსოვს, ჩაბარდა თუ არა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი; მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 873-ე მუხლზე „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა” მითითებით განმარტა, რომ ბანკს მოვალე წერილობით არ გაუფრთხილებია და დამატებით ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად არ მიუცია, რითაც მოსარჩელემ როგორც საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, ისე - სსკ-ის ზემოხსნებული ნორმისა და 399-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები დაარღვია. მოპასუხის მტკიცებით, დამატებით ორკვირიანი ვადის დაწესება არის იმის წინაპირობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ძალაში შევიდეს. ბანკმა თვითნებურად, დამატებითი ორკვირიანი ვადის დაწესების გარეშე, შეწყვიტა ხელშეკრულება, რითაც თვითონ დაარღვია სახელშეკრულებო პირობა და სსკ-ის 873-ე და 399.2-ე მუხლების მოთხოვნები, შესაბამისად მისი მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8.2 მოპასუხის განმარტებით, მის მიერ 2015 წლის 12 დეკემბერს გადახდილი თანხის დიდი ნაწილი ბანკმა პირგასამტეხლოს დასაფარად მიმართა და დავალიანების ძირითად თანხასა და პროცენტს არ გამოაკლდა.
8.3 მოპასუხემ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზეც მიუთითა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 116-117).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
9.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 15 ივლისის N2430316-8015505 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის, 20 900.26 ლარის, პროცენტის - 648.63 ლარისა და დაზღვევის, 33.27 ლარის, გადახდა დაეკისრა; აგრეთვე, 2016 წლის 29 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის - 20 900.26 ლარის წლიური 14%-ის გადახდა.
9.1.2 მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1 ქვეპუნქტი) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 5 ლარის გადახდა დაეკისრა, 2016 წლის 29 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ - არა უმეტეს ერთი წლისა.
9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 52-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 405-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-418-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილი/შეტყობინება დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 95). აღნიშნული წერილით, მოსარჩელის ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უდავოდ არ დგინდება.
9.3 საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისთვის (05.05.2016 წელი) შეწყდა. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დამატებითი ვადის მიცემას არ ექნებოდა შედეგი, რამდენადაც მოვალეს 2015 წლის დეკემბრის შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვალდებულება არ შეუსრულებია. ამასთან, მოპასუხემ, 2015 წლის ნოემბერში, როდესაც თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია, მას ყოველთვიური შენატანის სახით 600 ლარზე მეტი უნდა გადაეხადა, თუმცა მხოლოდ 7.2 ლარი გადაიხადა, რაც ჯერ კიდევ იმ პერიოდისათვის მის მიერ ვალდებულების მნიშვნელოვნად დარღვევას ადასტურებდა.
10. სააპელაციო საჩივარი
10.1. მოპასუხემ (მოვალემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილი/შეტყობინება, რომლითაც მოსარჩელის ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უდავოდ არ დგინდება.
11.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსკ-ის 873-ე მუხლის ინტერპრეტაცია და ამ ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობის - ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შეფასება სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით.
11.4 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 873-ე მუხლზე (ნორმის შინაარსი იხ. წინამდებარე განჩინების 8.1 ქვეპუნქტში) მითითებით განმარტა, რომ ნორმა ეხება კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის წესს. ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მიერ კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება, მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია განსაზღვრულ ვადაში კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება.
11.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოპასუხე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს პერიოდულად არღვევდა და 2015 წლის 12 დეკემბრის შემდეგ, მოვალეს არსებული საკრედიტო დავალიანება არ დაუფარავს, შესაბამისად, ბანკის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2016 წლის 5 მაისი) მოპასუხემ თითქმის ხუთი ვადით გადააცილა გადახდას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მსესხებლის მიერ დავალიანების გადახდის ვადის გადაცილებისას, გამსესხებელს ნაწილ-ნაწილ გადასახდელი სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება მხოლოდ ნორმის ორივე წინაპირობის კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში აქვს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს ბანკის სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2016 წლის 1 დეკემბერს ჩაჰბარდა, ხოლო 2016 წლის 13 დეკემბერს შესაგებელი წარადგინა. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს თანხა არც ამის შემდეგ გადაუხდია, კერძოდ, მოსამართლის შეკითხვაზე, ,,სარჩელის ჩაბარების შემდგომ გადაიხადა თუ არა საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით ვადამოსული ულუფა“, აპელანტის პასუხი უარყოფითია.
11.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 873-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ამგვარი სარჩელის წარდგენა სწორედ დამატებითი ვადის მიცემას უთანაბრდება, რომელიც იწყება მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებით და გრძელდება მომდევნო 2 კვირა, როგორც ეს მითითებული ნორმითაა განსაზღვრული. თუკი ამ ვადაში მოპასუხე ვადამოსულ დავალიანებულ წილს გადაიხდის, ხელშეკრულების შეწყვეტა ვადამდე აღარ დაიშვება.
11.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ტიპის სარჩელის წარდგენისას კრედიტორის თავდაპირველი ინტერესი სწორედ მოვალისათვის დამატებითი ვადის დაწესებაა, ხოლო ასეთი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში - მთლიანი დარჩენილი თანხის გადახდის მოთხოვნა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მთელი სესხის დაბრუნებაა, მოპასუხეს თავდაპირველად, სარჩელის ჩაბარების შემდგომ წარმოეშვა მხოლოდ მიმდინარე დავალიანების დაფარვის ვალდებულება, რისი შესრულების შემთხვევაშიც, იგი საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მძიმე ფინანსურ შედეგს თავიდან აიცილებდა.
11.8 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოვალეს ვადამოსული დავალიანება არ გადაუხდია, რის გამოც ბანკის მოთხოვნა დარჩენილ სრულ დავალიანებაზე 2016 წლის 15 დეკემბრიდან (მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების მომენტისათვის 2016 წლის 1 დეკემბერი + 2 კვირა) მართებულია და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 მოპასუხემ (მოვალემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12.2 კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სსკ-ის 873-ე მუხლის სწორად გამოყენებისა და განმარტების საკითხი. კასატორი მიუთითებს, რომ მან, 2015 წლის 12 დეკემბერს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა - თანხა გადაიხადა, რის შემდეგაც თანხა აღარ გადაუხდია, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი 2016 წლის 5 მაისს წარადგინა სასამართლოში. ამასთან, უდავოა, რომ 2015 წლის 12 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე ბანკს მოპასუხისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ორკვირიანი ვადა არ მიუცია, როგორც ამას სსკ-ის 873-ე მუხლი ითვალისწინებს.
12.3 კასატორი სადავოდ ხდის წინამდებარე განჩინების 11.6-11.7 ქვეპუნქტებში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტება თავად ამ ნორმის შინაარსს ეწინააღმდეგება და მსესხებელს არაგონივრულ ტვირთს აკისრებს.
12.4 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკის გაფრთხილების წერილი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტისა და დამატებითი ორკვირიანი ვადის დაწესების შესახებ საქმეში არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ბანკის სარჩელი სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებულ გაფრთხილებად მიიჩნია, მაშინ როდესაც, სარჩელში არ ყოფილა მითითებული მოპასუხის გაფრთხილებასა და დამატებით ვადაზე. ბანკი სარჩელით შეწყვეტილად აცხადებდა ხელშეკრულებას და მთლიან დავალიანებას ითხოვდა.
12.5 კასატორის მტკიცებით, ბანკის გაფრთხილების წერილი სსკ-ის 873-ე მუხლიდან გამომდინარე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამსესხებლისათვის, რომ ამ უკანასკნელმა ვალდებულება ზედიზედ ორჯერ დაარღვია; ბანკს განზრახული აქვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და მსესხებელს უფლება აქვს, აირიდოს შეწყვეტა, თუკი დამატებით ორკვირიან ვადაში გადაიხდის მიმდინარე დავალიანებას. ეს არის ბანკის მინიმალური ვალდებულება, რაც უნდა შეასრულოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.
12.6 კასატორის განმარტებით, გაფრთხილებითა და დამატებითი ვადის მიცემით, მსესხებელს ინფორმაცია გასაგებად მიეწოდება, რომ იგი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას და უმჯობესია, დამატებით ორკვირიან ვადაში მიმდინარე დავალიანება დაფაროს, ვიდრე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მთლიანი სესხის თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს.
12.7 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება სსკ-ის 873-ე მუხლისა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას არ შეესაბამება (საქმე Nას-707-666-2011, 22.07.2011წელი; საქმე Nას-1003-924-2017, 01.12.2017წელი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო სასამართლო უპირველესად იმას აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 873-ე მუხლის განმარტებას შეეხება. მსესხებელი მიიჩნევს, რომ გამსესხებელს მისთვის კანონით გათვალისწინებული დამატებითი ვადა არ მიუცია, რის გამოც ბანკს უფლება არ ჰქონდა ხელშეკრულება შეეწყვიტა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სსკ-ის 873-ე მუხლის განმარტებისა და გამოყენების კვლევაა.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის წარდგენის ფაქტის მოვალისათვის დამატებითი ვადის მიცემის გათანაბრებასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს სსკ-ის 873-ე მუხლის შინაარსიდან და არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (მათ შორის იხ. კასატორის მიერ დასახელებული განჩინებები 12.7 ქვეპუნქტში). გარდა იმისა, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით წარადგინა შესაგებელი (სსსკ-ის 232-ე პრიმა მუხლი), კრედიტორის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში მოთავსებულ 2015 წლის 12 იანვრის წერილზე, რომელიც პირადად ჩაჰბარდა მოვალეს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და ეს ფაქტობრივი გარემოება გაზიარებული აქვს სააპელაციო სასამართლოსაც (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 და 11.2 ქვეპუნქტები); ამ წერილით კრედიტორი მოვალეს ატყობინებს, რომ „პრობლემური აქტივების მართვის განყოფილებაზე სესხის გადაცემის შემდეგ ბანკი მიმართავს სასამართლოს, სესხის მთლიანი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. ბანკის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნება სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული/დაგირავებული ქონების რეალიზაცია ან/და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება„ (იხ. ტ.1, ს.ფ. 95). უდავოდ არის დადგენილი ისიც, რომ მოპასუხე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს პერიოდულად არღვევდა და 2015 წლის 12 დეკემბრის შემდეგ, მოვალეს არსებული საკრედიტო დავალიანება არ დაუფარავს, შესაბამისად, ბანკის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2016 წლის 5 მაისი) მოპასუხემ თითქმის ხუთი ვადით გადააცილა გადახდას (იხ. წინამდებარე განჩინების 11.5 ქვეპუნქტი), ამასთან, კრედიტორსა და მოვალეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.3.8 ქვეპუნქტის თანახმად „ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას ან/და ბანკი ჩათვლის, რომ შესაძლოა კლიენტმა ვერ უზრუნველყოს რომელიმე ვალდებულების დროულად ან/და ჯეროვნად შესრულება“ (იხ. ტ.1, ს.ფ. 20). მოპასუხეს (მოვალეს) სადავოდ არ გაუხდია, რომ მისთვის კრედიტორს არ გადაუცია ხელშეკრულების ეგზემპლარი და არ იცნობდა მის პირობებს. ამდენად, პრეზუმირებულია, რომ მოვალემ, რომელმაც თითქმის ხუთი ვადით გადააცილა გადახდას და პირადად ჩაიბარა კრედიტორის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ პრობლემური აქტივების მართვის განყოფილებისათვის მოვალის საქმის გადაცემის შემდეგ, კრედიტორი გამოიყენებდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, იცოდა, რომ სწორედ სახელშეკრულებო პირობის 3.8.8 ქვეპუნქტით შეთანხმებულ წინაპირობას გამოიყენებდა მოსარჩელე და ეს სავსებით ცხადი და მოსალოდნელი იყო მოპასუხისათვის (მოვალისათვის);
17. ასეც რომ არ იყოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი კეთილსინდისიერების პრინციპის განუხრელ დაცვას განამტკიცებს, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. დასახელებული ნორმის მოწესრიგება თანაბრად მიემართება როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ქმედებას. იმ დაშვებითაც, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ვალდებულების შესასრულებლად, გაფრთხილების შემდეგ, დამატებით 2-კვირიანი ვადა არ განუსაზღვრავს, ეს სარჩელს უსაფუძვლოდ არ აქცევს და მის დაკმაყოფილებაზე უარს ვერ განაპირობებს. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მოვალეს კრედიტორმა ვალდებულების დარღვევისთანავე გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, ამის შემდეგ მოპასუხემ ერთი გადახდა განახორციელა და შემდეგ გადახდა შეწყვიტა, ბანკმა კი სარჩელი 5 თვის შემდეგ წარადგინა, მიიჩნევს, რომ მოვალეს საკმარისი დრო ჰქონდა კრედიტორის მიერ სარჩელის წარდგენამდე, თუნდაც დაგვიანებით შეესრულებინა ვალდებულება, რაც კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ნების გამოვლენას საფუძველს გამოაცლიდა. განსახილველ დავაში დადგენილი გარემოებების საფუძველზე, დაუშვებელი და დაუსაბუთებელი იქნებოდა კრედიტორისათვის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვა (მსესხებელმა ვალდებულება 2015 წლის 10 ნოემბერს დაარღვია, 2015 წლის 10 დეკემბერს გაფრთხილების წერილი ჩაბარდა, 2015 წლის 12 დეკემბრის შემდეგ დავალიანება არ გადაუხდია, სარჩელი წარდგენილია 2016 წლის 5 მაისს). სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სარჩელის წარდგენით ბანკმა მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 2-კვირიანი ვადა დაუწესა და სწორედ ეს იყო სარჩელის წარდგენის თავდაპირველი ინტერესი, არც სარჩელს, არც სსკ-ის 873-ე მუხლს და არც საქმის გარემოებებს არ ეფუძნება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენით კრედიტორმა მოპასუხეს დამატებითი ვადა კი არ დაუწესა, არამედ ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოავლინა და ხელშეკრულების შეწყვეტაც ძალაში ამ დროს შევიდა (სსკ-ის 873-ე მუხლი).
18. ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდეს გაფრთხილება, რომლითაც კრედიტორი ავალდებულებს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მხარეთა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობებისათვის და განსაზღვრავს ამ უფლების განხორციელების სამართლებრივ მართებულებას.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ბანკის სარჩელზე წერილობითი შესაგებელი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, წარადგინა სასამართლოში. მოვალის სამართლებრივი პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ის არის, რომ მისთვის კრედიტორს გაფრთხილების შემდეგ დამატებით 2-კვირიანი ვადა არ განუსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ვალდებულების დარღვევის შემდეგ მსესხებელს გამსესხებლის გაფრთხილება ჩაბარდა, რომლითაც ბანკი მოვალეს ვალდებულების შესრულებისაკენ მოუწოდებდა. ამასთან პრეზუმირებულია, რომ გაფრთხილების წერილით კრედიტორი თავის უფლებას გამოიყენებდა და ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, მოვალესთან ხელშეკრულებას შეწყვეტდა; ხელშეკრულების შეწყვეტა კრედიტორის უფლებაა და არა ვალდებულება. კრედიტორის სარჩელი დასაბუთებულია, მოვალე ვერ ადასტურებს მის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს, რამაც ბანკს წარმოუშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებების მიხედვით საკუთარი უფლების დაცვის შესაძლებლობა, რაც კრედიტორმა სავსებით მართებულად გამოიყენა.
20. სსკ-ის 873-ე მუხლი წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ #ას-145-135-2015, 23 აპრილი, 2015 წელი), ანუ მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ და ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრიდან კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ დროში (იხ. სუსგ #ას-910-972-2014, 4 მარტი, 2015 წელი).
21. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია იმ სამართლებრივი დასაბუთებით, რაც მითითებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე