Facebook Twitter

საქმე №ა-3577-შ-82-2020 13 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ზ.

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ფ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ირანის ისლამური რესპუბლიკის შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს კომპლექსი (საოჯახო სამართალი) საჯარო სასამართლოს 275-ე დანაყოფის 2019 წლის 9 ოქტომბრის N9809972164801554 გადაწყვეტილება (საქმე N9809982164800294)

დავის საგანი - ქორწინებიდან წილის მოთხოვნა და სასამართლო პროცესის ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ირანის ისლამური რესპუბლიკის შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს კომპლექსი (საოჯახო სამართალი) საჯარო სასამართლოს 275-ე დანაყოფის 09.10.2019 წლის N9809972164801554 გადაწყვეტილებით (საქმე N9809982164800294) მოპასუხე ა.ფ–ს მოსარჩელე მ.ზ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა ბ.ე-ა–ის 400 ოქროს მონეტის გადახდა, ასევე სასამართლო განხილვის ხარჯების ანაზღაურება.

2. 2020 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელის სახელით ზ.ფ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: ირანის ისლამური რესპუბლიკის შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს კომპლექსი (საოჯახო სამართალი) საჯარო სასამართლოს 275-ე დანაყოფის 09.10.2019 წლის N9809972164801554 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2020წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტების თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხებს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2020წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მისი შევსება. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2020წ. განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 29.10.2020წ..

8. ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შევსებულა. მეტიც, 04.11.2020წ. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა წერილობით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ხარვეზს ვერ ავსებს, ითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას და წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაბრუნებას.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).

10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ზ–ს შუამდგომლობა ირანის ისლამური რესპუბლიკის, შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს კომპლექსი (საოჯახო სამართალი) საჯარო სასამართლოს 275-ე დანაყოფის 2019 წლის 9 ოქტომბრის N9809972164801554 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე