Facebook Twitter

საქმე #ას-1336-2020 24 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.ა.ოღლის, რ.ნ. ოღლისა და ნ.ა. კიზის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე - სს „ტ–ის“ სარჩელის გამო, ნ.ა.ოღლის, რ.ნ. ოღლისა და ნ.ა. კიზის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ნ.ა.ოღლის, რ.ნ. ოღლისა და ნ.ა. კიზის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო / კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ნ.ა.ოღლის, რ.ნ. ოღლისა და ნ.ა. კიზის კერძო საჩივარი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება მხარეს გაეგზავნა 2020 წლის 4 აგვისტოს და ჩაბარდა ამავე წლის 18 აგვისტოს (იხ.ჩაბარების დასტური, ტ.2,ს.ფ.10).

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორებისთვის კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 19 აგვისტოს და ამოიწურა 2020 წლის 31 აგვისტოს. მხარეებმა კი, ვადის დარღვევით 2020 წლის 7 სექტემბერს, ფოსტის მეშვეობით გააგზავნეს კერძო საჩივარი, ანუ სსსკ-ის 416-ე მუხლით, კერძო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 12 დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა.ოღლის, რ.ნ. ოღლისა და ნ.ა. კიზის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე