Facebook Twitter

საქმე №ას-1048-2019 24 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს.კ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მემკვიდრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) მიმართ, მოპასუხისათვის 8 554 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი.გ–თან (შემდგომში _ მამკვიდრებელი), რომელმაც 2015 წლის 8 იანვარს ბანკში შეიტანა ანაბარი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა მამკვიდრებელი, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა - ი.გ–ი და მოსარჩელე. მემკვიდრეებზე გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობა. 2015 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა ბანკს და მოითხოვა მეუღლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა, რაზეც მოპასუხის 2015 წლის 28 აპრილის წერილით მას ეთქვა უარი. წერილის თანახმად, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობის მიხედვით განმცხადებელი წარმოადგენდა მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით. 2015 წლის 28 ივლისს მოსარჩელემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა და მის საფუძველზე 2015 წლის 29 ივლისს კვლავ მოითხოვა ანაბრიდან თანხის გატანა, თუმცა ბანკის 2015 წლის 31 ივლისის წერილით უარი ეთქვა თანხის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 7 თებერვალს კომპანიას მიმართა ი.გ–მა, რომელმაც წარადგინა მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარმოდგენის შესახებ. ი.გ–მა მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯებისა და მამკვიდრებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების (ადვოკატის მიმართ) დაფარვის საფუძვლით მოითხოვა თანხის გატანა. ი.გ–ის მიერ მამკვიდრებლის ქონება _ 11 407,56 აშშ დოლარი გატანილი იქნა 2015 წლის 7 თებერვალს. ბანკის ქმედება არის უკანონო, რადგან ზუსტად იგივე უფლებები ჰქონდა სამკვიდროზე ი.გ–ს, როგორც მოსარჩელეს, თუმცა, ამის მიუხედავად მოპასუხემ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობით სამკვიდროს მთლიანი თანხა გადასცა მეორე მემკვიდრეს, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ანაბრის ოდენობაც კი არ აცნობა. აღნიშნული ქმედებით მოპასუხემ მიაყენა მატერიალური ზიანი და საერთოდ ვერ მიიღო სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მეუღლის სახელზე არსებული ანაბარის ის ნაწილი რომელიც კანონით ეკუთვნოდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2015 წლის 3 თებერვლის სამკვიდროს მიღების განცხადების წარდგენის მოწმობის თანახმად, მოსარჩელეს სრულად არ შეუძენია მამკვიდრებლის უფლებები, მათ შორის არც მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის უფლება, იგი წარმოადგენდა მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობით განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით. 2015 წლის 27 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბანკს და მოითხოვა მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა, როგორც მემკვიდრემ ყოველგვარი დასაბუთებისა და სამკვიდროს მიღების განცხადების წარდგენის მოწმობით განსაზღვრული უფლებების მითითების გარეშე. ბანკს არ ჰქონდა უფლება, თანხა გადაეცა განმცხადებლისთვის, რადგან მას მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა. 2015 წლის 7 თებერვალს ბანკს დასაბუთებული მოთხოვნა წარუდგინა გარდაცვლილის მემკვიდრემ, დედამ მამკვიდრებლის ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის თაობაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა მას ესაჭიროებოდა გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებისა და ხელშეკრულებით შესრულებული ვალდებულების (ადვოკატის მიმართ) დასაფარავად, ბანკს არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა თანხის გაცემაზე. სამკვიდროს დაცვასა და მის განკარგვაზე ბანკი არ იყო პასუხისმგებელი, შესაბამისად არ იყო ვალდებული გამოეკვლია მამკვიდრებლის ანგარიშზე არსებული თანხა თანასაკუთრება იყო, თუ სამკვიდრო მასა და ვერც გამოიკვლევდა აღნიშნულ საკითხს. მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის, რადგან ის მისთვის წინასწარ სავარაუდო არ იყო. მოპასუხის განმარტებით, მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს კონფლიქტი ჰქონდათ თანაცხოვრების პერიოდში და აღნიშნული თანხა მას შემდეგ ჰქონდა შეტანილი მამკვიდრებელს, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 25 დეკემბერს დააკმაყოფილა სარჩელი ს.კ–ძის მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 554 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე 2008 წლის 11 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მამკვიდრებელთან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.კ–ძემ და მისი გაუქმება მოითხოვა;

1.2.2. 2015 წლის 8 იანვარს მამკვიდრებელმა ბანკში განათავსა 12 000 აშშ დოლარი;

1.2.3. 2015 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა მამკვიდრებელი;

1.2.4. მამკვიდრებლის გარდაცვალების გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით გაუქმდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება ი.გ–სა და ს.კ–ძეს შორის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არ არსებობის გამო;

1.2.5. 2015 წლის 3 თებერვალს ნოტარიუსმა მოსარჩელეზე გასცა სანოტარო აქტი _ „მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ“. სანოტარო აქტის თანახმად, ს.კ–ძის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავდა, მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე მოწმობა არ წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობას, რომელიც გაიცემა მომავალში, მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში. ს.კ–ძეს უფლება ჰქონდა, ემართა სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები/ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთეები _ ნივთები, მოთხოვნები და სხვა უფლებები/და პასივები, სამკვიდროს მართვის ფარგლები;

1.2.6. 2015 წლის 3 თებერვალს ნოტარიუსმა ი.გ–ზე ასევე გასცა სანოტარო აქტი _ „მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ“. სანოტარო აქტის თანახმად, ი.გ–ის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავდა მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას. დოკუმენტი არ წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობას, რომელიც გაიცემოდა მომავალში, მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში. სანოტარო აქტის თანახმად, ი.გ–ს უფლება ჰქონდა, წარმოედგინა სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი: სამკვიდროში შემავალი თანხების, ნივთების განკარგვა/გარდა უძრავი ქონებისა, რაც აუცილებელი იყო მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობის, აგრეთვე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის, მათ შორის მამკვიდრებლის ვადადამდგარი ვალდებულებების შესრულებისათვის;

1.2.7. 2015 წლის 27 აპრილს, მოსარჩელემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, განცხადებით მიმართა ბანკს და მოითხოვა მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. მოპასუხის 2015 წლის 28 აპრილის წერილით მას უარი ეთქვა თანხის მიღებაზე, რადგან „სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ #150100085 მოწმობით“ მოსარჩელე წარმოადგენდა მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა მოწმობით განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით;

1.2.8. 2015 წლის 28 ივლისის #150808147 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელემ, როგორც 2015 წლის 23 იანვარს გარდაცვლილი მამკვიდრებლის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ საკუთრებაში მიიღო 1/2 წილი მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან, რომლებიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის. ხსენებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მან, როგორც მემკვიდრემ კვლავ მიმართა ბანკს და მოითხოვა გარდაცვლილი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. 2015 წლის 31 ივლისის წერილით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა თანხის გატანაზე, იმ საფუძვლით, რომ ბანკში მამკვიდრებლის ანგარიშზე თანხა არ იყო. მოპასუხემ მემკვიდრეს აცნობა, რომ 2015 წლის 7 თებერვალს მას განცხადებით მიმართა მამკვიდრებლის მეორე მემკვიდრემ _ დედამ, რომელმაც წარუდგინა „მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ“, ასევე, მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები, მამკვიდრებლის ხელშეკრულებით (ადვოკატის მიმართ) შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული ვალდებულების დაფარვის საფუძვლით მოითხოვა თანხის გატანა. 2015 წლის 7 თებერვალს ი.გ–ის მიერ გატანილი იქნა 11 407,56 აშშ დოლარი. (ი.გ–ის განცხადებაზე თანდართული, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2014 წლის 11 სექტემბერს, ი.გ–სა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ რ.ხ–ას შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ს.კ–ძის მიმართ ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოებში მის სარჩელზე, რომელიც განსახილველად ჰქონდა წარმოებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც სასარჩელო მოთხოვნა იყო ქორწინების შეწყვეტა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. კლიენტს ადვოკატისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში, იურიდიული მომსახურების საფასურის სახით უნდა გადაეხადა 20 000 ლარი).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის 859-ე, 373-ე, 394-ე, 408-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც, მითითების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელეს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის, ბანკის მხრიდან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის (არაუფლებამოსილი პირის სასრგებლოდ ვალდებულების შესრულება), მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისისა და ამ დანაკლისსა და ბანკის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მამკვიდრებლისა და ბანკის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს, თუმცა, საბანკო ხელშეკრულების წარუდგენლობის პირობებში, „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის #24/04 ბრძანების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მამკვიდრებელს ბანკში გახსნილი ჰქონდა მიმდინარე ანგარიში და უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, გაეცა თანხა. გარდა ამისა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, იცოდა თუ არა ბანკმა განთავსებულ თანხაზე სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრული თანასაკუთრების რეჟიმის არსებობა, რაც ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის შესაბამისად, მთლიანი თანხის განკარგვაზე თანამესაკუთრის თანხმობას საჭიროებდა. აღნიშნული გარემოება სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი. უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის შესაბამისად, ი.გ–ი წარმოადგენდა სამკვიდროს მმართველს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 71-ე ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ 77.1 მუხლის თანახმად, 2015 წლის 3 თებერვალს გაცემული მოწმობა ამ უკანასკნელს აძლევდა უფლებას, ემართა სამკვიდრო, შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო, შეესრულებინა სამკვიდროს მმართველის მითითებები დაკრძალვის ხარჯებისა და მამკვიდრებლის ვადამოსული ფულადი ვალდებულების შესრულების ხელშესაწყობად, მით უფრო, როდესაც წარდგენილი იყო ი.გ–ის მიერ ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, ხოლო, დაკრძალვისთვის მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა გონივრულ ოდენობას. ამ მოცემულობაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბანკის ქმედებას არამართლზომიერად ვერ აქცევდა ის ფაქტი, რომ ანალოგიური სანოტარო აქტის საფუძველზე მოსარჩელეს უარი ეთქვა თანხის გაცემაზე, რადგან ს.კ–ძის მიმართვამდე ბანკს სადავო თანხა უკვე გაცემული ჰქონდა ი.გ–ზე, რომელიც შესრულების მიღებაზე ასევე უფლებამოსილი პირი იყო და მის სასარგებლოდ შესრულებით, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, შეწყდა მოპასუხის ვალდებულება. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების დარღვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 30.07.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 255,12 ლარის 70% _ 878,584 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ს.კ–ძეს (პ/#........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 30.07.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 255,12 ლარის 70% _ 878,584 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი