საქმე №ას-943-2020 2 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ე.წ–ი, გ.ბ–ძე, მ.წ–ი და სხვები
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ბ–ძემ, ზ.ბ–ძემ, რ.ბ–ძემ, ზ. ბ–ძემ, ზ. ბ–ძემ, ზ. ბ–ძემ, ა. ბ–ძემ, ც.კ–მა, ნ.გ–ძემ, შ.წ–მა, შ.ვ–ძემ, გ.ვ–ძემ, ე.წ–მა და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჯ.მ–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღებაზე. რაზეც ე.წ–მა, გ.ბ–ძემ და მ.წ–მა შეიტანეს კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით მ.წ–ის, ხოლო ამავე პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივრები დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით კი, ე.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კოლექტიური განცხადება შეიტანეს მოსარჩელეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღნიშნული განცხადება, როგორც კერძო საჩივარი განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.წ–ის, გ.ბ–ძის, მ.წ–ისა და სხვათა განცხადება განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველი განცხადებით მხარეები ითხოვენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების გაუმებას და საქმის წარმოების განახლებას. საქმის მასალებით ისიც დგინდება, რომ 2020 წლის 20 ივლისის განჩნებით ე.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის თანახმად, არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ვინაიდან, უდავოა რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება წარმოადგენს საბოლოოს და მის რაიმე ფორმით გასაჩივრებას კანონი არ ითვალისწინებს, ამასთან, წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.წ–ის, გ.ბ–ძის, მ.წ–ისა და სხვათა განცხადება დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.წ–ის, გ.ბ–ძის. მ.წ–ისა და სხვათა განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე