საქმე №ას-877-2019 3 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ა (მოსარჩელე)
არასრულწლოვანი თ. კ–ის კანონიერი წარმომადგენელი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება (მესამე პირი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.ქ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან არასრულწლოვნის დედა) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან არასრულწლოვნის მამა) მიმართ, 2013 წლის 21 იანვარს დაბადებული შვილის _ თ. კ–ის (შემდგომში _ არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები 2018 წლის 22 მარტამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 21 იანვარს, შეეძინათ შვილი _ თ. კ–ი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეუღლეები ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრებისა და განქორწინების შემდეგ თ. კ–ი ცხოვრობდა დედასთან და კვირაში რამდენიმე დღეს ატარებდა მამასთან. სარჩელის აღძვრამდე ათი დღით ადრე მოპასუხემ შვილი წაიყვანა თავის სახლში მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად თვითნებურად განსაზღვრა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. მან არ გაითვალისწინებინა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის გამოცვლით მისი ფსიქიკისათვის მიყენებული სტრესი და სხვა უარყოფითი შედეგები.
2. მოპასუხის, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შვილის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრა მოსარჩელესთან შეთანხმებით და მისივე სურვილით. ბავშვი წინააღმდეგია წავიდეს საცხოვრებლად დედასთან. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას მამა მოქმედებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ აიძულებს შვილს იცხოვროს იქ, სადაც მას არ სურს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამის გარემოში, მოპასუხეს შეუძლია შექმნას ყველა პირობა შვილის სრულფასოვანი აღზრდისა და განვითარებისათვის. მოსარჩელე არ იჩენდა სათანადო მზრუნველობას შვილის მიმართ. მთელი დღე სახლიდან იყო გასული და ბავშვის აღზრდა მინდობილი ჰქონდა ძიძას. მამა არ უშლიდა და არც არასოდეს შეუშლის ხელს დედას, იქონიოს ურთიერთობა შვილთან, ამ უკანასკნელის სურვილის არსებობის შემთხვევაში;
2.2. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვთან ურთიერთობისას ორივე მშობელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს და ადგილი არ უნდა ჰქონდეს პირად ანგარიშსწორებას. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სასურველია, მშობლები თავდაპირველად შეეცადონ ურთიერთობის მოწესრიგებასა და მორიგებას. ბავშვს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც დედასთან, ისე _ მამასთან. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, მშობლებმა თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა ბავშვის საჭიროების დაკმაყოფილებისა და სრულფასოვანი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობისათვის. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა ორივე მხარეს აქვს ერთნაირი საყოფაცხოვრებო პირობები და თანაბრად შეუძლიათ კარგი პირობები შეუქმნან შვილს, გადამწყვეტია ბავშვის ასაკი. თ–ის ასაკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი;
2.3. ფსიქოლოგიური კვლევა განხორციელდა რამდენიმე მიმართულებით:
ქცევაზე დაკვირვება გამოკვლევის პროცესში
თ. კ–ი ძალიან ლაღი და საზრიანი ბავშვია. სიხარულით დადის სეანსებზე. ვიზიტებზე დაჰყავს მამას პუნქტუალურად, გაცდენებისა და გადადების გარეშე. გარეგნულად თ–ი მოწესრიგებული და მოვლილია, მის ყურადღებას ადვილად იპყრობს გარშემო ყველაფერი. ასაკობრივი და პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, რთული იყო მისი დიაგნოსტირება და მასთან მუშაობის კონკრეტული სამუშაო ტექნიკის გამოყენება. თ–ი უმეტესწილად თავად ირჩევდა, თუ რისი კეთება უნდოდა და ფსიქოლოგის მითითებას უგულვებელყოფდა. აქედან გამომდინარე, დასკვნა წარმოდგენილია ძირითადად დაკვირვებაზე და ინტერვიუზე დაყრდნობით.
თ–ი ხშირად სთავაზობდა ფსიქოლოგს: „მოდი არ ვილაპარაკოთ!“ „ნუ მეკითხები რაღაცეებს, არ ვიცი რა გიპასუხო!“ რამდენიმე სეანსი ოთახში შესვლამდე პირობის ჩამორთმევით დაიწყო, რომ არ ვისაუბრებდით დედაზე. რთული იყო ბავშვის ნდობის მოპოვება. რადგან პროცესი, რომელშიც იმყოფება, ბევრ უცხო პირს მოიცავს, რომლებიც ბავშვის თქმით „ნ–ს (დედას) ეხმარება“. თ–ი ახსენებს სასამართლო პროცესს, როგორც მისი ცხოვრების გამყოფს. მაგალითად: „სანამ სასამართლოები დაიწყებოდა...“ ბავშვი ხშირად ახსენებს ძიძებს, განსაკუთრებით ერთს (რ.) და ასევე თავის დებს: ა–სა და თ–ს. ბავშვს უყვარს ცხოველები და მამის სახლში ისინი მრავლად ჰყავთ. თ–ი განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს მამაზე. ყველა მისი ნახატის მთავარი გმირი მამაა, მისი თქმით მას მარტო დაწოლის ეშინია და მამასთან იძინებს. ხშირად ამბობს: „მამა მიყიდის მაგას, მამა მეც წამიყვანს მაქ!“ იხსენებს ისტორიებს, რომლებიც გადახდა მამასთან ერთად. აღნიშნავს იმასაც, რომ მამას ასევე უყვარს მისი ძმა _ ლ., თუმცა თ–ს ეს სულაც არ მოსწონს. არ უყვარს ბაღი: „ნერვებს მიშლიანო იქ“. ამ ეტაპზე არ დადის ბაღში ცდილობს დედა საერთოდ არ ახსენოს. მასზე შეკითხვებს პასუხობს შემდეგად: „არ მინდა მასზე ლაპარაკი!“, „ნერვებს მიშლის!“, „ასე სახეში მირტყამს!“, „წასაყვანად რომ მოდის მაშინ კიარა, მერე მირტყამს!“, „თუ რამეს მიყიდის, მოვიდეს!“ ბავშვი არ ახსენებს დედის მშობლებს, თუმცა, დედის თქმით, ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში მათ გარემოცვაში იზრდებოდა.
მესამე სეანსზე დედებზე საუბრისას თ–მა დაასკვნა: „დედებს არ სცალიათ, აბა ხომ უნდა იმუშაონ“. საკუთარ დედაზე საუბრისას კი თქვა: „დედა ნერვებს მიშლის“, „ისე, ადრე დედასთან რომ ვიყავი, ხანდახან კარგი იყო, ახლა არაა კარგი!“
ბავშვის სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც დედასთან ცხოვრების პერიოდს მოიცავს, ძირითადად ძიძებთან ურთიერთობებზეა: „ძიძა კარგია, შეგიძლია უთხრა მეთამაშე!“ დედას? „დედას არა, სად სცალია!“ „დედას არ ვუყვარვარ“, „წადი, შენი დანახვაც არ მინდაო, მამასაც მასე უთხრა“
ბავშვი ხშირად იმეორებს, რომ მამას ძალიან უყვარს, გიჟდება მასზე. ერთ-ერთ სეანსზე:
- ფეხსაცმელი ვინ გიყიდა?
- დედამ! ის სულ ცდილობს зaмaнить меня!
- ეგ რას ნიშნავს?
- ანუ იმიტომ მყიდულობს, რომ მის სახლში მომიპაროს!
- ვინ გითხრა ეს?
- მამამ!
ფსიქოლოგის ჩართულობით მოხდა დედისა და ბავშვის შეხვედრა, ფსიქოლოგის ოთახში ბავშვი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ არავინ დააძალებდა სადმე წასვლას (დედასთან). დედასთან შეხვედრისას ბავშვი იყო დაძაბული. თავდაპირველად რამდენჯერმე გამოავლინა ნერვული ტიკის ნიშნები. დედას არ უყურებდა, არ ეხებოდა და არ ელაპარაკებოდა. მხოლოდ იღებდა საჩუქრებს. შემდგომ სიტუაცია დამშვიდდა, თუმცა ბავშვი იყო ბოლომდე დაძაბული და გაღიზიანებული. შეხვედრის პროცესში დედაც იყო დაძაბული და დაბნეული. არ იცოდა მის ქმედებებს რა საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა. დედა ავლენდა მზრუნველობით თვისებებს: „კბილი გექანება მგონი, ხომ?“ „მოდი თმა შეგიკრა თავიდან...“ და ა.შ.
ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე თ–მა თქვა, რომ იყო დედასთან: „დედასთან რომ ვიყავი დამავიწყდა მამასთან დარეკვა და მამა მეჩხუბა“, „მამა სულ გაგიჟდა, ამბობს, რომ შენ ნ–ს ეხმარები!“, „მამამ თქვა, ჩემთან თუ არ იცხოვრებ მოვკვდები“, დედამ? „დედამ არა“.
დასკვნა
დამოკიდებულება დედის მიმართ:
თ–ი დედაზე არ საუბრობს, ჯიუტად აიგნორებს მის არსებობას. მას ეშინია, რომ დედა მოიპარავს და წაიყვანს მამისგან. დედის დანახვისას ავლენს აგრესიას, უკიდურესად იძაბება (მუჭებს კრავს). შეინიშნება ამბივალენტური გრძნობები: სიყვარული და ამ გრძნობის გამოხატვის შიშიც. ბავშვს კატეგორიულად არ სურს იცხოვროს დედასთან.
დამოკიდებულება მამის მიმართ:
ბავშვს სიამოვნებს მამაზე საუბარი, სულ სიყვარულით და თავისუფლად საუბრობს მასზე. განსაკუთრებულად უყვარს ის და მასთან თავს დაცულად და საიმედოდ გრძნობს. იცის, რომ ყველა სურვილის ასრულება შეუძლია, ასევე დარწმუნებულია მამის მიმართ სიყვარულშიც.
რა მიზეზი იწვევს ბავშვის აგრესიულ დამოკიდებულებას:
თ–ს სჯერა, რომ დედა მის მოპარვას აპირებს. კონფლიქტური სიტუაცია მშობლებს შორის, სასამართლოები, ვიზიტები, აღსრულებები იწვევს სტრესს ბავშვში, რომელსაც დედის მიმართ აგრესიით გამოხატავს. ამბივალენტური გრძნობები, რომლებსაც ბავშვი თავად ვერ უმკლავდება ასევე იწვევს აგრესიას, დედის მიმართ უარყოფითი კომენტარები ესმის მამისგანაც.
მიზეზი, თუ რატომ აცხადებს ბავშვი დედასთან წასვლაზე და მასთან ცხოვრებაზე უარს:
ბავშვს მოსწონს ის გარემო, რომელშიც ამჟამად იმყოფება. მამასთან თავს დაცულად და საიმედოდ გრძნობს, იზრდება სიყვარულში და მზრუნველ გარემოში. მამა დიდ დროს უთმობს ბავშვს, რაც განსაკუთრებით ხიბლავს ბავშვს. ბავშვთან მუშაობამ აჩვენა, რომ დედასთან ცხოვრების პერიოდში ბავშვი განიცდიდა დედასთან ურთიერთობის ნაკლებობას, ის უფრო მეტს საუბრობს ძიძებთან გატარებულ დროსა და ისტორიებზე. დედასთან ცხოვრებისას ის იყო გარკვეულ რეჟიმში და ჩარჩოებში მოქცეული, მამასთან კი ეს ჩარჩოები თითქმის არ არსებობს. ბავშვს უყვარს ბუნება და ცხოველები, რომელთან კავშირიც მამის საცხოვრებელში უფრო მეტად აქვს, ვიდრე დედასთან. ბავშვს სჯერა, რომ დედასთან წასვლით მამას ატკენს გულს, ფიქრობს, რომ ის (მამა) მოკვდება.
არის თუ არა მამის გავლენა ბავშვის მიმართ დედისადმი აგრესიის გამოხატვისას:
დედაზე საუბრისას იყენებს ერთსა და იმავე ფრაზებს „ნერვებს მიშლის“ და ასე „სახეში მირტყამს“. შეკითხვებზე პასუხობს: „ნუ მეკითხები, არ ვიცი რა გიპასუხო“ დედაზე საუბრობს უფროსების ლექსიკით: „დედას ჩემი მოსყიდვა უნდა“.
მამა არ ერიდება ბავშვის წინაშე დედაზე უარყოფით კონტექსში საუბარს, განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ დედას ბავშვი არ აინტერესებს. მამა ხშირად იმეორებს ბავშვის თანდასწრებით - „აგერაა, თავს თუ შეაყვარებს, მე კი არ ვუშლი, მაგრამ მაგას არ უნდა შვილი!“ მამა საყვედურობს, როდესაც დედასთანაა და მამასთან დარეკვა დაავიწყდა: „მამამ თქვა, მოვკვდები, თუ ჩემთან არ იცხოვრებო“.
ფსიქოლოგთან მუშაობის დასასრულს მამას ეჭვი შეაქვს ფსიქოლოგის მიუკერძოებლობაში - „მამა სულ გაგიჟდა, ამბობს, რომ ნ–ს ეხმარები“, რაც მიუთითებს ბავშვის დედის მიმართ დამოკიდებულებაზე მამის მხრიდან გავლენის არსებობაზე.
რეკომენდაციები:
თ–ის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ მათ შორის არსებული კონფლიქტის უარყოფითი გავლენის შედეგები, რაც აისახება ბავშვის არა მარტო ამჟამინდელ, არამედ სამომავლო ემოციურ მდგომარეობაზე.
მხარეებმა თავი შეიკავონ ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთის აუგად მოხსენიებისაგან ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ითანამშრომლონ ერთმანეთთან და უზრუნველყონ იგი ემოციურად სტაბილური გარემოთი.
თავდაპირველად, ბავშვისა და დედის შეხვედრამდე, ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ძალით არავინ წაიყვანს არსად, რომ არ მოიპარავენ. რეკომენდებულია დედასთან მარტო შეხვედრები, რა დროსაც დედა მთელ ყურადღებას შვილს დაუთმობს. საურველია ერთობლივად ჩართვა თამაშებში და ისეთ აქტივობებში, რომელიც უყვარს ბავშვს.
შეწყდეს მამის მხრიდან ზემოქმედება ბავშვზე. საყვედურები დედასთან ურთიერთობაზე და ბავშვის შეშინება მისი სიკვდილით.
მშობლები შეთანხმებულად ესაუბრონ შვილს, იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მათ ოჯახში. ესაუბრონ იმაზე, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე, რომ დედ-მამა ერთად აღარ ცხოვრობს, აუხსნან, რომ ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად, ორივეს უყვარს ის. არასდროს მიატოვებენ მას და იზრუნებენ მასზე, ეს ორივემ ხშირად უნდა გაუმეოროს, რომ დადაბლდეს არსებული კონფლიქტური სიტუაციით გამოწვეული შფოთვის დონე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის თავდაპირველად განესაზღვრა: პირველი ორი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად, პარასკევს 12:00 საათიდან, კვირა დღის 21:00 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ თ. კ–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ნ.ქ–ას საცხოვრებელი ადგილი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დედასთან არასრულწლოვნის ურთიერთობის წესისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ამასთან, ბავშის მამას თავის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ნახვის დღეები იმგვარად, რომ მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდეს არასრულწლოვანი შვილი კვირაში 2 (ორი) დღე: შაბათ-კვირას (შაბათს დღის 10:00 საათიდან, კვირა დღის 15:00 საათამდე), ასევე, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარი წაიყვანოს საკუთარ (მამის) ოჯახში (მისამართი: ქობულეთი, ........ ქ#96. ბავშვის წამოყვანა მამასთან და მისი დაბრუნება ძირითად საცხოვრებელ ადგილას უნდა უზრუნველყოს მოპასუხემ საკუთარი ხარჯებით).
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას კასატორის მიერ გამოთქმული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს, თუმცა, ვინაიდან წინამდებარე დავაში საკითხის გადაწყვეტის ქვაკუთხედს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამოკვლევა-დადგენა წარმოადგენს, სასამართლო განკარგავს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინკვიზიციურობის პრინციპს და შეეხება იმ საკითხთა წრეს, რომლებიც შესაძლოა აბრკოლებდეს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას და არ ემყარებოდეს თ. კ–ის ჭეშმარიტი ინტერესების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასება-გამოკვლევას. საკასაციო საჩივრის თანახმად:
1.1.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით, თუმცა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ყველა ხსენებული ნორმა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ახდენს. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იმსჯელა ცალმხრივად, ყურადღება არ გაამახვილა სოციალური მუშაკის იმ დასკვნებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ბავშვის საცხოვრებლის მამის საცხოვრებელი ადგილით განსაზღვრას, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მიერ პაექრობის დროს გამოთქმული მოსაზრება, რომელიც შემდგომ, სააპელაციო სასამართლოს დაჟინებული მოთხოვნის შესაბამისად შეიცვალა. გარდა ამისა, მამის საცხოვრებლის შესაბამისად ბავშის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას მხარს უჭერს ფსიქოლოგიც. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ კასატორი მათ შორის იმ დღეებში, როდესაც არ ჰქონდა ვალდებულება, ხელს უწყობდა მოსარჩელის შეხვედრას შვილთან;
1.1.2. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;
1.1.3. სააპელაციო პალატა ადგენს, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია ორი უძრავი ქონება, თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ეს ქონებები სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, მოსარჩელე სრულყოფილი მესაკუთრე მხოლოდ ვალდებულების შესრულების შემდეგ გახდება;
1.1.4. სასამართლო დედის საცხოვრისისა და შემოსავლების განსაზღვრისას ნაწილობრივ სარგებლობს საქმეში არსებული მასალებით. სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელე 450 აშშ დოლარად ქირაობს 2-ოთახიან კეთილმოწყობილ ბინას, თუმცა, საქმეში არ არის ქირავნობის ხელშეკრულება წარმოდგენილი. მიკერძოებულია სასამართლოს დასკვნაც მოსარჩელის შემოსავლების თაობაზე, რადგანაც სასამართლოს არ დაუდგენია ამჟამად მას აქვს თუ არა სტაბილური შემოსავალი, რამდენადაც მოსარჩელეს არც კი წარმოუდგენია ცნობა შემოსავლების თაობაზე, გარდა ამისა, შეფასებული არ არის მოსარჩელის საკმაოდ დიდი საკრედიტო ვალდებულების არსებობა.
1.1.5. სააპელაციო პალატამ საცხოვრებლის განსაზღვრისას იხელმძღვანელა ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის _ თ.ბ–ძის განმარტებებით, თუმცა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელს არც გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები არასრულწლოვნის განწყობისა და მისი ცხოვრების პირობების თაობაზე.
1.1.6. სააპელაციო პალატა მძიმე შეფასებას აძლევს იმ ფაქტს, რომ სკოლამდელი აღზრდის ბავშვმა არ იცის ათეულზე მეტი დათვლა და სხვა, თუმცა, არ ითვალსიწინების იმ ფაქტს, რომ ბავშვის განვითარება პოზიტიურადაა შეფასებული ფსიქოლოგის კვლევაში.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:
1.2.1. მოსარჩელე და მოპასუხე ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 22 მარტს მათ შორის შეწყდა ქორწინება განქორწინებით. განქორწინებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ;
1.2.2. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 21 იანვარს მათ შეეძინათ შვილი _ თ. კ–ი. ცალ-ცალკე ცხოვრებისა და განქორწინების შემდეგ თ. კ–ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა დედის ნ.ქ–ას საცხოვრებელი ადგილი, მამა სისტემატურად ნახულობდა შვილს და ზრუნავდა მასზე;
1.2.3. 2018 წლის 18 მაისს, მოსარჩელის შეტყობინების საფუძველზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შეადგინა შემაკავებელი ორდერი მოპასუხის მიმართ. სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ამ უკანასკნელმა შვილი წაიყვანა საკუთარ სახლში და მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე განსაზღვრა მისი საცხოვრებელი ადგილი საკუთარი საცხოვრებელი ადგილით;
1.2.4. სასამართლო დავის მიმდინარეობისას შემოწმდა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო და მატერიალური პირობები.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის რაიონული განყოფილების 2018 წლის 10 ივლისის დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად:
ნ.ქ–ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს 2-ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, რომელსაც ნ.ქ–ა ქირაობს 450 აშშ დოლარად. სახლი არის ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილი, ბავშვს აქვს საწოლი კუთხე დედის საძინებელ ოთახში, ბავშვის ასაკის შესაბამისი ტანსაცმელი და სათამაშოები;
ნ.ქ–ა პროფესიით არის ექიმ-რეანიმატოლოგი, კრიტიკული მედიცინის სრული პროფესორი და სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი. 2018 წლის ივლისის თვემდე იგი მუშაობდა „ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 10 000 ლარს. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან ნ.ქ–ა მუშაობს ქ.თბილისში, კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში კლინიკურ დირექტორად;
ნ.ქ–ამ განმარტა, რომ აპირებს საცხოვრებლად გადავიდეს ქ.თბილისში, სადაც იცხოვრებს მშობლებთან და შვილებთან, მათ შორის, თ. კ–თან ერთად, ...... ქ#7-ში და ........ში. ბინის ფართი 153.2 კვ. მეტრია. ბინა რეგისტრირებულია ნ.ქ–ას საკუთრებაში. ამავე მისამართზე ნ.ქ–ას საკუთრებას წარმოადგენს 31 კვ.მ ბინაც;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2018 წლის 14 აგვისტოს დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად:
დ. კ–ის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. ოთახები არის ნათელი, თანამედროვე ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოწყობილი. თ–ი იძინებს მამასთან ერთად. აქვს ასაკთან შესაფერისი სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი;
მოპასუხე სახლში ცხოვრობს მშობლებთან ერთად, თუმცა, ისინი მხოლოდ ზაფხულის სეზონს ატარებენ ქობულეთში, ხოლო სხვა დროს ცხოვრობენ თბილისში. თ–ი ამ პერიოდში რჩება სახლში მამასთან და უფროს ნახევარძმასთან ერთად. თ–ის აღზრდას პრაქტიკულად მხოლოდ მამა უძღვება, რომელიც ამავე დროს საქმიანობს საოჯახო სასტუმროში;
ქობულეთში, ...... მდებარე სახლი, სადაც ცხოვრობს დ. კ–ი შვილებთან ერთად, რეგისტრირებულია მისი მამის _ ნ. კ–ის სახელზე. მოპასუხის დედის _ გ.კ–ის სახელზეა რეგისტრირებული ბინა ქ.თბილისში, .........;
დ. კ–ის განმარტებით, იგი თავადაც აპირებს საცხოვრებლად გადავიდეს ქ.თბილისში, თ–ის სასკოლო ასაკის დადგომისთანავე;
ქობულეთის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ნ.ჯ–ძის 2018 წლის 14 აგვისტოს დასკვნის თანახმად:
არ არის რეკომენდებული ბავშვის მოწყვეტა იმ ოჯახზე, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, ჩამოყალიბებული აქვს სოციალური კავშირები, ბავშვი ტრამვირებულია დედის გამო. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მკვეთრი ცვლილებები მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ ბავშვს აუცილებელია ჰქონდეს ურთიერთობა დედასთან. ამავე სოციალური მუშაკის მიერ 2018 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე მიცემული სიტყვიერი განმარტება პრინციპულად ეწინააღმდეგება ხსენებულ დასკვნას, სოც.მუშაკმა დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა მოსამართლის კითხვაზე სად არის რეკომენდირებული განისაზღვროს თ. კ–ის საცხოვრებელი ადგილი. მან პრაქტიკულად უარყო საკუთარ დასკვნა-რეკომენდაციაში მითითებული მსჯელობა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უჭირს პასუხის გაცემა. დასკვნაში კი, განმარტა, რომ ვიზიტისას ნათლად დაინახა დ. კ–ის ოჯახის წევრებთან თ–ის თბილი ურთიერთდამოკიდებულება და მიჯაჭვულობა ბებიასთან და ბაბუასთან. მანვე ახსნა, რომ აღნიშნული გარემოება არ გადაუმოწმებია პირადად და მხოლოდ დ. კ–ის განმარტებას დაეყრდნო. სოციალური მუშაკის განმარტებით, ის არასრულწლოვანს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, არ გასაუბრებია ბავშვის დედას, არ შეუმოწმებია მისი საცხოვრებელი ადგილი, სოციალური გარემო;
ბათუმის სოციალური სამსახურის სოციალური მუშაკის ნ.მ–ას 2018 წლის 18 ივლისის დასკვნითა და ამავე სამსახურის წარმომადგენელ გ.დ–ძის ახსნა-განმარტებით (06.11.18წ. სხდომის ოქმი):
მკაფიოდ და დამაჯერებლად იქნა წარმოდგენილი ნ.ქ–ას როლი თ–ის ცხოვრებაში. სოციალური მუშაკი პირადად ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია დედა-შვილის ურთიერთობაზე. დასკვნის თანახმად და წარმომადგენლის განმარტებით, ნ.ქ–ა კარგი დედაა. თ–ი დაბადებისთანავე და განქორწინების შემდეგ იზრდებოდა დედასთან, ხოლო მამასთან ურთიერთობა ჰქონდა ზაფხულის პერიოდში, სეზონურად. განქორწინების შემდეგ დედა არ უშლიდა ხელს მამასთან ურთიერთობაში. მამასთან შეხვედრის შემდეგ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა და იგი აგრესიას იჩენდა დედის მიმართ, რაც უარყოფითად შეფასდა. სოციალური მუშაკის აზრით, მიზანშეწონილია ბავშვი დაუბრუნდეს იმ გარემოს სადაც იზრდებოდა, დედასთან განშორებამ შესაძლებელია მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს;
1.2.5. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოპასუხის ძირითადი არგუმენტი არის ბავშვის სურვილი, იცხოვროს მამასთან და მიიჩნევს, რომ ბავშვის სურვილი არის მისი საუკეთესო ინტერესი. მოპასუხის განმარტებით, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მას მამასთან აქვს შექმნილი, იგულისხმება ეზო და შინაური ცხოველები, თუმცა, მოპასუხე ადასტურებს, რომ აპირებს საცხოვრებლად ქ.თბილისში გადასვლას, მას შემდეგ, რაც დასრულდება მისი ბინის მშენებლობა, რაც, ბუნებრივია, გამოიწვევს გარემოს ცვლილებას;
1.2.6. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნისა და ფსიქოლოგის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენების თანახმად (ბავშვთა ფსიქოლოგ ქ.დ–ს დასკვნა), თ–ი იმყოფება მამის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ და ბავშვის ქმედება ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ყოფილი ცოლის მიმართ მოპასუხის დამოკიდებულებით, შესაბამისად, სახეზეა არა ბავშვის სურვილი, არამედ _ მძიმე ფსიქოლოგიური არჩევანი. სპეციალისტის განმარტებით, ამ ზეწოლამ უკვე ასახვა ჰპოვა თ–ის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც გამოიხატება მის ამბივალენტურ გრძნობებში დედის მიმართ, მის სურვილში თავი აარიდოს დედაზე საუბარს. ფსიქოლოგის ჩვენებით, თ–ი დედასთან დამოკიდებულების გამოსახატავად ხშირად ლაპარაკობს როგორც დიდი ადამიანი, დიდი ადამიანის ფრაზებითა და სიტყვებით. კითხვაზე: „ფეხსაცმელი ვინ გიყიდა?“ თ–ი პასუხობს:
-„დედამ! ის სულ ცდილობს „зaмaнить меня!“
-„ეგ რას ნიშნავს?“
-„ანუ იმიტომ მყიდულობს, რომ მის სახლში მომიპაროს!“
-„ვინ გითხრა ეს?“
-„მამამ“.
ფსიქოლოგის განმარტებით, ასე პატარა ბავშვები არ ლაპარაკობენ, მათ არ ჩვევიათ მსგავსი ტერმინების გამოყენება. თ–ი იმეორებს მამის სიტყვებს და გადმოსცემს მის განწყობას. მამის გავლენა იკვეთება შემდეგ სიტყვებშიც: „იმიტომ მყიდულობს, რომ მის სახლში მომიპაროს“. ამ დასკვნის საფუძველს ფსიქოლოგს ის გარემოება აძლევს, რომ ბავშვები, როგორც წესი, ამბობენ „წამიყვანოს სახლში“ და არა „სახლში მომიპაროს“. დედასთან წასვლა მისთვის ასოცირდება „მოპარვასთან“. დედაზე საუბარი თ–ს არ უნდა იმ გარემოების გამო, რომ მას აყენებენ არჩევანის წინაშე, ხოლო მის არჩევანს მისი თავისუფალი ნება კი არ განაპირობებს, არამედ შიში, რომ თუ დედასთან წავა დაკარგავს მამას;
ფსიქოლოგის დასკვნით, დ. კ–ი შვილთან ურთიერთობისას იყენებს სიტყვებს, ფრაზებს, რომლის შინაარსიც უკავშირდება მის შესაძლო გარდაცვალებას, იმ შემთხვევაში თუ თ–ი საცხოვრებლად დედასთან გადავა. ფსიქოლოგი ხაზს უსვამს თ–ის ფრაზას „მამამ თქვა, მოვკვდები, თუ ჩემთან არ იცხოვრებო“. ასეთი ფრაზები განაპირობებს თ–ის ღრმა და ქვეცნობიერ შიშს, რომ დაკარგავს მამას, თუ საცხოვრებლად გადავა დედასთან. ამ შიშმა შეიძლება გამოიწვიოს შორსმიმავალი უარყოფითი შედეგები. ესაა მძიმე კომპლექსების ჩამოყალიბების წინაპირობები მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკში. დედასთან ურთიერთობით გამოწვეული მამის შესაძლო დაკარგვის შიშის გამო თ–ი ვერ გამოხატავს გრძნობებს დედის მიმართ. ცდილობს დამალოს ეს გრძნობები და ურჩევნია მასზე არ ისაუბროს. მან არ იცის რა არის სწორი და რა არა. იგი პასუხობს არა საკუთარ აზრს, არამედ იმას რაც ესმის ხშირად უფროსებისგან.
ფსიქოლოგმა განმარტა, რომ თ–ი ძალიან თავისუფლებისმოყვარე ბავშვია. მამასთან მან იპოვა უსაზღვრო თავისუფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. შეუძლია თავისუფლად, უფროსების ჩარევის გარეშე მართოს საკუთარი დღის განრიგი, ითამაშოს, ისეირნოს გვიანობამდე, მამა ხელს არ უშლის და ყველანაირად ახალისებს მის ამ მდგომარეობას. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ თ–ი ხშირად მარტოა, იძინებს გვიან, შესაბამისად იღვიძებს გვიან. მისი რეჟიმი ძირითადად მამის რეჟიმს ემთხვევა. მამასთან ცხოვრებისას თ–ი არ დადის ბაღში. თ–ის ცნობიერებაში მისთვის მიუღებელი შეზღუდვები დედასთან ცხოვრებასთან ასოცირდება. ფსიქოლოგის განმარტებით, მშობელი, რომელიც ბავშვს რეჟიმის ჩარჩოებს უწესებს, შეიძლება მიუღებელი იყო მისთვის, თუ ამის საწინააღმდეგოდ მეორე მშობელი მსგავსი შეზღუდვებისგან ათავისუფლებს.
ფსიქოლოგი მხარეებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციას:
თ–ის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ მათ შორის არსებული კონფლიქტის უარყოფითი გავლენის შედეგები, რაც აისახება ბავშვის არამარტო ამჟამინდელ, არამედ _ სამომავლო ემოციურ მდგომარეობაზე. მხარებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთის აუგად მოხსენიებისაგან ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ითანამშრომლონ ერთმანეთთან და უზრუნველყონ იგი ემოციურად სტაბილური გარემოთი;
თავდაპირველად, ბავშვისა და დედის შეხვედრამდე, ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ძალით არავინ არ წაიყვანს მას, რომ არ მოიპარავენ. რეკომენდებულია დედასთან მარტო შეხვედრები, რა დროსაც დედა მთელ ყურადღებას შვილს დაუთმობს. სასურველია ერთობლივად ჩართვა თამაშებში და ისეთ აქტივობებში, რომელიც უყვარს ბავშვს; შეწყდეს მამის მხრიდან ზემოქმედება ბავშვზე. საყვედურები დედასთან ურთიერთობაზე და ბავშვის შეშინება მისი სიკვდილით;
მშობლები შეთანხმებულად ესაუბრონ შვილს, იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მათ ოჯახში. ესაუბრონ იმაზე, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე, რომ დედ-მამა ერთად აღარ ცხოვრობს, აუხსნან, რომ ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად ორივეს უყვარს ის. არასდროს მიატოვებენ მას და იზრუნებენ მასზე, ეს ორივემ ხშირად უნდა გაუმეოროს, რომ დადაბლდეს არსებული კონფლიქტური სიტუაციით გამოწვეული შფოთვის დონე;
1.2.7. დედასთან ცხოვრებისას თ–ი გარკვეულ რეჟიმს ექვემდებარებოდა. მოწესრიგებული იყო მისი თამაშის, კვების, ძილის რეჟიმი, დადიოდა ბაღში. მოპასუხე ვერ ასახელებს ვერცერთ დამაჯერებელ არგუმენტს ნ.ქ–ას მხრიდან მშობლის ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შესახებ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო თ–ის ჩვეული საცხოვრებელი გარემოდან მოწყვეტის საფუძველი;
1.2.8. ბავშვის ფსიქიკაზე ღრმა კვალი დაატყო მშობელთა შორის არსებულმა უთანხმოებამ. ეს მდგომარეობა ვითარდებოდა ბავშვის თვალწინ. ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყების შემდეგ თ–მა ცხოვრება განაგრძო დედასთან, თუმცა, იმის გამო, რომ მოსარჩელე მუშაობდა, ბავშვი ხშირად რჩებოდა ძიძასთან. ამდენად, მისი მოგონებები იმ პერიოდზე სწორედ ძიძასთან გატარებულ დროს უკავშირდება. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული იქნა ორი დროებითი განკარგულება:
2018 წლის 15 ივნისის დროებითი განკარგულების თანახმად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დროებით განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. ამ განჩინების მიღების საფუძველი გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მკვეთრად გამოხატული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დ. კ–მა შვილის საცხოვრებელი ადგილი პრაქტიკულად ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, თვითნებურად განსაზღვრა, რაც სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებით, სრულიად მიუღებელი იყო. მიღებული დროებითი განკარგულება ვერ აღსრულდა. აღმასრულებელი ორგანოს განმარტებით ეს განპირობებული იყო თ–ის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობით;
2018 წლის 4 სექტემბერს სასამართლომ მიიღო ახალი დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად, ნ.ქ–ას განესაზღვრა შვილის ნახვის კონკრეტული დღეები. აღნიშნული განჩინების მიღების შემდეგ შედგა 6 შეხვედრა დედა-შვილს შორის. სასამართლოში წარმოდგენილი ერთად გატარებული დროის ამსახველი ფოტოსურათებითა და ვიდეოებით აშკარად ჩანს თ–ის თბილი და ძალდაუტანებელი დამოკიდებულება დედის მიმართ, აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მან საკუთარი ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა მსგავსი შეხვედრების აუცილებლობა და ის, რომ მისთვის მისაღებია ამ რეჟიმში ნ.ქ–ას ურთიერთობის გაგრძელება შვილთან;
1.2.9. 2019 წლის 19 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკითხული იქნა თ. კ–ი. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ: მან მხოლოდ 10-ის ფარგლებში იცის თვლა, დაავიწყდა ყველა ლექსი, სიმღერა რაც ადრე იცოდა. ბავშვის განმარტებით, დედას ის დაჰყავდა ბაღში, რაც მას არ უნდოდა, ხოლო მამას არ დაჰყავს ბაღში იმიტომ, რომ ეს მას არ სურს. მამა მას ყველა სურვილს უსრულებს. ბავშვს ყველა ნერვებს უშლის. მის დებს მოიხსენებს მატყუარებად, ხშირად მათ არ ხვდება, რადგან ისინიც ნერვებს უშლიან. მთელი დღე არის სახლში და თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს. გამოკითხვის დროს ბავშვი ყველა სიტყვის ბოლოს აღნიშნავდა, რომ ,,ეს ყველაფერი მისთვის მამას არ უთქვამს“, ხოლო დედის ხსენებაზე ბავშვს თვალები ცრემლებით ევსებოდა, მაგრამ ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. როგორც უკვე ითქვა, წინამდებარე განჩინების კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. დასახული მიზნის მისაღწევად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
1.3.2. მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე _ ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.
1.3.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
1.3.4. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ დედის საცხოვრებელი გარემო წარმოადგენს კეთილსაიმედოს არასრულწლოვნისათვის და მოცემული დავის ფარგლებში, განქორწინებული მშობლებისა და არასრულწლოვნის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით უნდა გამოინახოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის საშუალება, არამედ, უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშის მიმართ, თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ მოსამართლის, როგორც ინდივიდის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედ _ ზედმიწევნით უნდა განიკარგოს სპეციალისტების _ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შესაძლებლობანი. საკასაციო პალატამ საქმის ზეპირ განხილვაზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მოიწვია მხარეები, მათ შორის, მესამე პირი და შეეცადა გამოეკვეთა არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესები, თუმცა უშედეგოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არ გაუტარებია რეალური ზომები და არც დამაჯერებელი ახსნა წარუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის, თუ რატომ ვერ შეძლო საკუთარი მოვალეობების შესრულება მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის დავების გადაწყვეტისას სწორედ არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული სამსახურის _ მეურვეობის ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, გამონახოს საკითხის გადაწყვეტის გონივრული საშუალება და დაეხმაროს სასამართლოს არასრულწლოვნის ინტერესების დაცვაში. ამ მხრივ მართალია, ფსიქოლოგიური კვლევა ჩატარებულია მოცემული დავის ფარგლებში, თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ საქმის განხილვა, ობიექტურ მიზეზთა გამო, გაჭიანურდა, ამასთანავე, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, მხოლოდ მოსამართლის ინდივიდუალური დაკვირვება არ შეიძლება კვალიფიციური სპეციალისტის ჩარევის გარეშე დაედოს საფუძვლად ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.
1.3.5. საკასაციო პალატა მიუბრუნდება იმ გარემოებას, რომ დედა-შვილს შორის წარმოშობილი გაუცხოების აღმოფხვრის მიზნით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულებები, რომელთაგან პირველი ვერ აღსრულდა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, განხორციელდა დედა-შვილის 6 შეხვედრა, რაც საფუძვლად დაედო დავის გადაწყვეტას. პალატის დასკვნით, მხოლოდ ამგვარი მიდგომა საკითხის არაეფექტური გადაწყვეტაა, რამდენადაც გართულებული ურთიერთობის ფონზე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის შედეგად რეალური დასკვნის გამოტანა არასრულწლოვნის ემოციური დამოკიდებულების თაობაზე არასაკმარისია. პალატის ამგვარი შეფასების საფუძველს სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანთან წარმოებული გასაუბრება წარმოადგენს, სადაც არ შეინიშნება დედის მიმართ გაუცხოებისა და იმ შიშის აღმოფხვრის ფაქტი, რაც აშორებს არასრუწლოვანს დედასთან. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დროებითი განკარგულების მიზნიდან გამომდინარე, იგი სადავო საკითხის თაობაზე რეალური სურათის წარმოჩენის საუკეთესო და ეფექტიან საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, საოჯახო დავაში საკითხის გამოკვლევის ქმედითი საშუალება უნდა იყოს და არ გააჩნდეს ფორმალიზმის ელემენტები. საქმეზე „Cengiz Kinic v. Turkey“ (საჩივრის #16192/06, 6 დეკემბერი, 2011 წელი), სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. მოცემული დავა შეეხებოდა განქორწინებული მშობლის საჩივარს, სადაც მომჩივანს სასამართლომ დააკისრა ქორწინებაში დაბადებულ შვილზე მეურვეობა, თუმცა, ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა მშობელს შეძლებოდა შვილთან ურთიერთობა. ევროსასამართლოს შეფასებით, კონვენციის მე-8 მუხლი, მართალია, პირველ რიგში, მიზნად ისახავს პირთა დაცვას ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან, თუმცა ოჯახური ცხოვრების „დაცულობის“ უფლება აგრეთვე მოიცავს პოზიტიურ ვალდებულებებსაც. ამ დებულების მიხედვით ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის განსხვავება არ არის მოცემული ზუსტი დეფინიციით. ორივე შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების თავისუფალი ფარგლებით (იხ. Keegan v. Ireland, 26 მაისი, 1994, § 49, Series A n 290). რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას - გადადგას გარკვეული ნაბიჯები, სასამართლო იმეორებს, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას, გაატაროს ღონისძიებები მის შვილთან გაერთიანების მიზნით და ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელოს მსგავსი ღონისძიებები (მაგალითისთვის, იხ. Neulinger and Shuruk v. Switzerland [GC], n 41615/07 , § 140, ECHR 2010 -.., Ignaccolo-Zenide v. Romania , n 31679/96 , §94, ECHR 2000-I, da Nuutinen v. Finland , n 32842/96 , § 127, ECHR 2000-VIII). კონვენციის მიზანია დაიცვას არა თეორიული და ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტიანი უფლებები (იხ. mutatis mutandis , Artico v. Italy , 13 May 1980, § 33, series A no 37). ოჯახური ცხოვრების დაცულობა მოითხოვს, მშობელსა და შვილს შორის სამომავლო ურთიერთობები მოწესრიგდეს ყველა რელევანტური ფაქტორის გათვალისწინებით. მე-8 მუხლის მიხედვით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობა (W. v. United Kingdom, 8 ივლისი, 1987, § 65, Series A no 121,McMichael v. United Kingdom, 24 თებერვალი, 1995, §§ 87 და 92, Series A no o 307-B, da Dore v. Portugal , n o 775/08, § 45, 1-ლი თებერვალი, 2011). ამ კონტექსტში სასამართლომ აღნიშნა, რომ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა ფასდება მისი განხორციელების სიჩქარით. ნამდვილად, მშობლის უფლებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის გადაწყვეტილებების აღსრულება, საჭიროებს დაუყოვნებლივ მიდგომას, ვინაიდან დროის გასვლას შეიძლება ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები შვილებსა და იმ მშობლებს შორის, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობენ (Ignaccolo-Zenide , cited above, § 102; see also Pini and Others v. Romania , nos . 78028/01 and 78030/01 , § 175, ECHR 2004-V). მოცემულ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი იყო, მიიღო თუ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ ყველა ზომა, რომელიც მათ გონივრულად მოეთხოვებოდათ იმ სამართალწარმოების კონტექსტში, რომელიც ეხებოდა მშობლისა და შვილის ურთიერთობის აღდგენას. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მშობლებისა და ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ იქნა მოთხოვნილი 2008 წლის სექტემბრამდე, შესაბამისი დასკვნები კი წარდგენილ იქნა 2008 წლის დეკემბერში, წყვილის დაშორებიდან და მომჩივნის მიერ განქორწინების მოთხოვნის წარდგენიდან დიდი ხნის შემდეგ. ექსპერტთა დასკვნების მიხედვით, მომჩივანსა და შვილს შორის ადეკვატური ურთიერთობის გარეშე დროის გასვლამ იქონია გადამწყვეტი როლი ამ უკანასკნელის მხრიდან მამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მართალია, სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის ნახვისა და მეურვეობის უფლების ჭრილში მხარეთა მიერ შეუსრულებლობა განსაკუთრებით რთულად მოსაწესრიგებელია სასამართლოების მეშვეობით, თუმცა სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალები არ აჩვენებდა, რომ საოჯახო საქმეების განმხილველმა მოსამართლემ გამოავლინა ძალისხმევა, მხარეების შერიგების მიზნით ან რომ მან გადადგა ნაბიჯები, რათა ხელი შეეწყო სასამართლო გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის. რაც შეეხება ღონისძიებებს, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლებელს გახდიდა მომჩივანსა და მის შვილს შორის ოჯახური კავშირის აღდგენას, სასამართლომ გაიმეორა, რომ ამ სენსიტიურ სფეროში ბავშვებთან მიმართებით იძულებითი ღონისძიებების გამოყენება მართალია არ არის სასურველი, თუმცა, სანქციების გამოყენება არ უნდა გამოირიცხოს იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელი, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, ცალსახად უკანონოდ იქცევა (Maire v. Portugal , n o 48206/99 , § 76, ECHR 2003-VII). სახელმწიფოს ვალდებულება, გაატაროს პოზიტიური ღონისძიებები, რომლებიც მშობლის შვილთან ურთიერთობის აღდგენის შესაბამისია არ არის აბსოლუტური. მიუხედავად ამისა, ამ პროცესში ჩართული ყველა პირის თანამშრომლობა და შეხედულებები მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია (Maumousseau and Washington v. France , n o 39388/05 , § 83, 6 December 2007).
1.3.6. ზემოხსენებული განმარტებების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებადობის საკითხს. საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, როგორც ითქვა, გამოიკვეთა მეურვეობის ორგანოს ზედაპირული დამოკიდებულება ბავშვის ოჯახთან გაერთიანების საკითხის მიმართ, ხოლო, მამა, რომელიც ფორმალურად აცხადებს, რომ არ არის დედა-შვილის ურთიერთობის წინააღმდეგი, კვლავ დედასთან შვილის ურთიერთობის სურვილის არარსებობაზე მიუთითებს, თუმცა, გაურკვეველია ამგვარი სურვილი შეესაბამება თუ არა სინამდვილეს: პირველი ინსტანციის წესით განხილვისას დადგინდა, რომ ბავშვს რეალური დამოკიდებულება არ გამოუთქვამს, არამედ, ის შეიძლება ითქვას, იყო გარკვეული მსხვერპლის როლში, ხოლო, სააპელაციო განხილვის ეტაპზე რაიმე საფუძვლიანი ფსიქოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, მით უფრო როდესაც დროებითი განკარგულებების აღსრულებაზე დაკვირვებით სასამართლო ადგენს დედა-შვილის ურთიერთობის გაუმჯობესების ფაქტს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათი (სსსკ-ის 266-ე მუხლი) ვლინდება არა მხოლოდ სასამართლო პროცედურების დასრულებაში, არამედ, მიღებული გადაწყვეტილება დარღვეული/სადავო უფლების ეფექტიანი დაცვის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, რათა გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღმოიფხვრას სამართლებრივი ურთიერთობის ხარვეზი და მიღებული სიკეთე ეფექტური და ხელმისაწვდომი იყოს მისი სუბიექტებისათვის. სხვაგვარად სამართალწარმოების მიზანი ვერ იქნება განხორციელებული, ხოლო დარღვეული უფლება _ აღდგენილი. მოცემული დავის აღსრულებადობის საკითხზე მხჯელობისას საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ბავშვის ობიექტურ სურვილზე და ამ გზით გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობაზე (დამატებით იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასრულწლოვანთა მიმართ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია მათი მამისათვის გადაცემა იმ პირობებში, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ დეიდასთან და მათ, მტრული დამოკიდებულების გამო, არ ჰქონდათ სურვილი მამასთან საცხოვრებლად გადასვლის, რომელმაც მოიხადა სასჯელი (პირობითი მსჯავრი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა), ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისაგან თავის დასაღწევად ჩართული იყო ე.წ „მეტადონის პროგრამაში“, ასევე აღარ აღენიშნებოდა პიროვნული აშლილობის ნიშნები).
1.3.7. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე განჩინებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა იქნას გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლოს მხედველობაში აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კონვენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი). კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს. ამ კონტექსტში, მე-8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების ეფექტურ „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედებები. ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, სადაც ბავშვებთან კონტაქტთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დავები წარმოიშობა მშობლებსა და/ან ბავშვების ოჯახის სხვა წევრებს შორის. თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლუტური ხასიათის. მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
1.3.8. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უნდა გააცნობიეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ დაკისრებული მოვალეობანი. მან ეფექტური გზით უნდა გაწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის. ამგვარად კი, ვერ იქნება განხილული წინამდებარე საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები.
1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი