Facebook Twitter

საქმე №ას-858-2020 10 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ს.ს–ძისა და გ.მ–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე – შპს „მ.რ.ე–ის“ სარჩელის გამო, ს.ს–ძისა და გ.მ–ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ს.ს–ძისა და გ.მ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

2020 წლის 21 სექტემბერს ს.ს–ძისა და გ.მ–ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, პალატას განცხადებით მომართეს კასატორებმა და იშუამდგომლეს საპროცესო ვადის გაგრძელებაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ ახერხებდნენ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

2020 წლის 15 ოქტომბერს საკასაციო პალატამ ს.ს–ძისა და გ.მ–ას გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაავალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 2 ნოემბერს. კასატორებმა 02.11.2020წ. ანუ ვადის დაცვით მომართეს სასამართლოს განცხადებით და იშუამდგომლეს კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გზავნილის აღებაში იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც საჭიორებდა გასწორებას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ აქვთ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რა ტექნიკური პრობლემა იყო გზავნილის ჩაბარებაში. აგრეთვე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება ძმიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცეწსო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განცხადებას არ ერთვის საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით გაგრძელების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და არც მასშია დამაჯერებლად ახსნილი, თუ რამ განაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განჩინებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის ქვითრის დედნის ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს.ს–ძისა და გ.მ–ას საკასაციო საჩვარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს–ძისა და გ.მ–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს–ძისა და გ.მ–ას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე