Facebook Twitter

საქმე №ას-1231-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ქ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი იარაღის, მოდელი - ,,PARABELLUM-P08”, იარაღის ნომერი - 7198 (შემდეგში - სადავო იარაღი ან სადავო ნივთი ან სადავო მოძრავი ნივთი) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე არის იარაღების კოლექციონერი. მას სურვილი ჰქონდა, თავისი კოლექციისთვის სადავო გერმანული იარაღი (ფისტოლეტი) შეემატებინა. იარაღის ყიდვის მიზნით, მოსარჩელე თბილისიდან ქუთაისში ჩავიდა და სადავო იარაღის ყოფილი მესაკუთრის რჩევით, იარაღის გადასაფორმებლად, 2017 წლის 5 ოქტომბერს, სამინისტროს ქ. ზუგდიდის მომსახურების სააგენტოში გაემგზავრა. იმავე დღეს, მოსარჩელემ სადავო იარაღის ყოფილ მესაკუთრეს იარაღის საფასური გადაუხადა და მომსახურების სააგენტოში იარაღის მესაკუთრედ დარეგისტრირდა. 2018 წლის 23 აგვისტოს, მოსარჩელემ სამინისტროს ქ. თბილისის მომსახურების სააგენტოს მიმართა იარაღის ახალ მისამართზე რეგისტრაციის მიზნით, მაგრამ იარაღის დათვალიერებისას, მომსახურების სააგენტოში მიიჩნიეს, რომ იარაღს გადაკეთების კვალი ეტყობოდა. ამიტომ, მოსარჩელეს სადავო იარაღი ჩამოართვეს და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის სავარაუდო ფაქტის გამო, მოსარჩელის მიმართ გამოძიება დაიწყო. 2018 წლის 31 აგვისტოს, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, გამოძიება შეწყდა მოსარჩელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. პროკურორის დადგენილებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სადავო იარაღის სამინისტროსთვის გადაცემა. ამჟამად იარაღი სამინისტროს მფლობელობაშია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე არ არის უფლებამოსილი, ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს (სადავო იარაღს)

3. სამინისტრომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სადავო იარაღის დაბრუნებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას, რადგან იარაღი მოსარჩელემ გადააკეთა 2017 წლის 5 ოქტომბრიდან 2018 წლის 23 აგვისტომდე დროის შუალედში და, ამასთან, სამინისტროს სადავო იარაღის ფლობის უფლება სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე აქვს, რომელშიც მითითებულია, რომ იარაღის გადაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის მიზანშეწონილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და სამინისტროს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი სადავო იარაღი და გადაეცა მოსარჩელეს.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სამინისტროს მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ სადავო იარაღი იყიდა 2017 წლის 5 ოქტომბერს, მოძრავი ნივთის ნასყიდობისთვის კანონით დადგენილი წესების დაცვით და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღესვე, მოსარჩელემ სადავო იარაღი თავის სახელზე დაარეგისტრირა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

8. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 23 აგვისტოს მიმართა მომსახურების სააგენტოს, რათა მოეხდინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.

9. სააპელაციო სასამართლომ, სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით და მოსარჩელისა და სადავო იარაღის ყოფილი მესაკუთრის - ტ.ნ–ძის, ერთობლივი განცხადებით დადგენილად მიიჩნია, რომ სამინისტრო სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ სადავო იარაღი 2017 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს და სადავო იარაღი საკუთრების უფლებით სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. სადავო იარაღის რეკვიზიტებია: მოდელი- ,,PARABELLUM-P08”, კალიბრი - 9x19, იარაღისნომერი - .....

10. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იქნა, რომ სადავო იარაღს ამჟამად ფლობს მოპასუხე - სამინისტრო, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

11. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N007130818006, მოსარჩელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სანსპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად, ან არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე).

12. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის, მარიამ ბერძენიშვილის, 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით ირკვევა, რომ სადავო იარაღი სროლისთვის უვარგისია და მასზედ რაიმე სახის გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. გამოძიების შედეგად, არ გამოვლინდა სადავო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი და მოსარჩელის ქმედებაში არ გამოიკვეთა არც სხვა დანაშაულის ნიშნები. სისხლის სამართლის საქმეში N007130818006 არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. მითითებული გარემოების საფუძველზე, მოსარჩელის მიმართ დაწყებული გამოძიება შეწყდა. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამოღებული ნივთმტკიცების - იარაღის სამინისტროსთვის გადაცემა მიუხედავად იმისა, რომ სადავო იარაღი მოსარჩელის სახელზე იყო რეგისტრირებული.

13. მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინების საფუძველზე სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებიდან მიღებული, 2018 წლის 27 აგვისტოს N1877/ბ ბალისტიკური დასკვნით დადგენილია, რომ სადავო იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, კუგეროს კონსტრუქციის, 9მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში P08 (PARABELLUM), იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ის უვარგისია სროლისთვის. ამავე ბალისტიკური დასკვნით დადგენილია, რომ სადავო იარაღზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.

14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განხორციელებულად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 170-ე და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წანამძღვრები.

15. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, მოსარჩელემ კანონის ნორმათა დაცვით შეიძინა და დაირეგისტრირა საკუთრებაში სადავო იარაღი (ნივთი) და მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრეს.

16. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც ეს დადგენილია, აპელანტი (სამინისტრო) წარმოადგენს სადავო იარაღის ამჟამინდელ მფლობელს, რომელსაც იარაღი გადაეცა შესანახად სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის, მარიამ ბერძენიშვილის, 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას ნივთიერი მტკიცებულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხს და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. შესაბამისად, ნივთი ექვემდებარება დაბრუნებას.

19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება მოსარჩელეზე გადავიდა 2017 წლის 5 ოქტომბრის მოძრავი ნივთის ნასყიდობის საფუძველზე, სსკ-ის 186-ე და 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლისთვის დადგენილი წესების შესაბამისად და იარაღის სხვა მისამართზე რეგისტრაციისას ამ იარაღის დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის პირობებში ჩამორთმევით, ან პროკურორის დადგენილებით, რომელშიც სადავო ნივთის მოპასუხისთვის გადაცემის მიზანშეწონილობაზეა მითითებული, მისი საკუთრების უფლება არ გაუქმებულა.

20. სააპელაციო სასმართლომ დამატებით მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველ აბზაცზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

21. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

22. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ სამინისტრო წარმოადგენს სადავო იარაღის მართლზომიერ მფლობელს, რადგან აღნიშნული პოზიცია ვერ იქნა გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

23. ის გარემოება, რომ იარაღი სპეციალიზებულ სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ნივთია, არ იქნა მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულება მოსარჩელის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.

24. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ განაპირობებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით (კონვენცია) აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფას, როგორიცაა საკუთრების უფლება.

25. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებულად იქნა რა მიჩნეული სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, სარჩელი დაკმაყოფილდა მართებულად.

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, თუ რა გახდა მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაყების საფუძველი. იგი აღნიშნავს, რომ იარაღს აღენიშნებოდა კუსტარულად ნომრის მინიჭების კვალი და ა.შ. კასატორი მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილების შინაარსა და საფუძვლებზეც.

28. რაც შეეხება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით აღძრული განსახილველი დავის (უკანონო მფობლობიდან მოძრავი ნივთის - იარაღის გამოთხოვა) დაკმაყოფილების მიმართ კასატორის პრეტენზიას, ამ ნაწილში, კასატორი მიუთითებს სსკ-ის 172-ე მუხლის განმაპირობებელ წანამძრვრებზე და აღნშნავს, რომ ვინაიდან მესაკუთრემ შეიცვალა ის მისამართი, სადაც მას იარაღის შენახვის უფლება ფქონდა, იარაღი საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას. კასატორი ციტირებს იარაღის შენახვის შესახებ სპეციალურ კანონზე და მიუთითებს რომ მოსარჩელეს დარღვეული აქვს იარაღის შენახვის სპეციალური ლიცენზიით დადგენილი წესები. აღნიშნულის გამო, პროკურორმა კანონიერად გადასცა იარაღი სამინისტროს. კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების ბედს აწესრიგებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი და ამ მუხლის საფუძველზე სამინისტროს ნივთი კანონიერად აქვს გადაცემული. შესაბამისად, სამოქალაქო წესით პროკურორის დადგენილების რევიზია ვერ განხორციელდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

31. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე თუ, რა გახდა მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაყების საფუძველი. აგრეთვე, აღნიშნავს, რომ სადავო იარაღს აღენიშნებოდა კუსტარულად ნომრის მინიჭების კვალი და ა.შ. კასატორი მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილების შინაარსა და საფუძვლებზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები დადგენილია და მითითებულია ამ განჩინების პპ: 11,13-ში, ხოლო წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის - მოძრავი ნივთის (იარაღი) სამინისტროს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისი მოსარჩელისათვის (მესაკუთრე) დაბრუნება - დაკმაყოფილების მართლზომიერება.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში. თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (შეადრ: სუსგ-ები №ას-1163-2018, 08.02.2019წ.; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020 წელი, პ.10).

33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დავაზე (მოთხოვნა გათვალისწინებული სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით) ნივთის არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

34. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

35. ამდენად, სარჩელის წარმატებისთვის უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

36. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების განმაპირობებელ გარემოებებზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებებს, რომელიც დადგენილა მოცემულ საქმეზე და რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სადავო იარაღი იყიდა 2017 წლის 5 ოქტომბერს, მოძრავი ნივთის ნასყიდობისთვის კანონით დადგენილი წესების დაცვით და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღესვე, მოსარჩელემ სადავო იარაღი თავის სახელზე დაარეგისტრირა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

37. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 23 აგვისტოს მიმართა მომსახურების სააგენტოს, რათა მოეხდინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.

38. სადავო იარაღი საკუთრების უფლებით სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. სადავო იარაღის რეკვიზიტებია: მოდელი- ,,PARABELLUM-P08”, კალიბრი - 9x19, იარაღისნომერი - .....

39. სადავო იარაღს ამჟამად ფლობს მოპასუხე - სამინისტრო, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

40. კასატორის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორმა კანონიერად გადასცა იარაღი სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების ბედს აწესრიგებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სამინისტროს ნივთი კანონიერად აქვს გადაცემული. შესაბამისად, სამოქალაქო წესით პროკურორის დადგენილების რევიზია ვერ განხორციელდება, ვერ დააბრკოლებს მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ვინდიკაციუერი სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმაზე, რომ საკუთრების უფლება მოსარჩელეზე გადავიდა 2017 წლის 5 ოქტომბრის მოძრავი ნივთის ნასყიდობის საფუძველზე (სსკ-ის 186-ე და 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და იარაღის სხვა მისამართზე რეგისტრაციისას ამ იარაღის დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის პირობებში ჩამორთმევით, ან პროკურორის დადგენილებით, რომელშიც სადავო ნივთის მოპასუხისთვის გადაცემის მიზანშეწონილობაზეა მითითებული, მოსარჩელის (ნამდვილი მესაკუთრის) საკუთრების უფლება არ გაუქმებულა.

41. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის მოსაზრება ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის (მესაკუთრე) საკუთრების უფლების რეალიზებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას ნივთიერი მტკიცებულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხს და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ეროპული კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. საკუთრების უფლების დარღვევის სამტკიცებლად აუცილებელია, რომ განმცხადებელი იყოს მსხვერპლი. მაგ: იურიდიული პირი, თუ მისი უფლებები არის დარღვეული და მეწილე, ანუ ფიზიკური პირი, თუ ადგილი ჰქონდა კონკრეტულად მისი უფლებების შელახვას. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საკუთრების უფლების საკითხთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ ისაუბრა 1982 წელს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, საქმეზე: „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“, რომელიც პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თაობაზე სასამართლოს ერთ - ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ამ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის. ამასთან, პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას,

43. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელის წარმატების დაუდგომლობის შემთხვევაში, ხელყოფილი იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება. სსკ-ის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებულად იქნა რა მიჩნეული სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, სარჩელი დაკმაყოფილდა მართებულად.

44. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ.

45. გარდა ზემო აღნიშნულისა, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

46. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხადის №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

47. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. კასატორი გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი