საქმე №ას-860-2020
26 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ინდივიდუალური მეწარმე გ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ე–ომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე გ.თ–ძის მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 16 სექტემბრის საწვავის ნასყიდობის ხელშე–რულების საფუძველზე მოპასუხისათვის მის მიერ გადაუხდელი საწვავისა და პირგასამტეხლოს – 79 644,54 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დე–ემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაე–ისრა 34 236,08 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის განჩინებით გ.თ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი განჩინებით ხარვეზის შესვების საპროცესო ვადის აღდგენილად ჩათვლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეხი კერძო საჩივარზე და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში დაეზუსტებინა კერძო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კერძო/საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო/საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო/საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო/საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში დაეზუსტებინა კერძო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად კერძო საჩივრის ავტორს გ.თ–ძეს 2020 წლის 6 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 7 ოქტომბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 11 ოქტომბერს, მაგრამ ვინაიდან 11 ოქტომბერი დაემთხვა კვირა - არასამუშაო დღეს, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ანუ 2020 წლის 12 ოქტომბერს, ორშაბათს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2020 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ინდივიდუალურ მეწარმე გ.თ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე