საქმე №ას-1314-2020 16 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - მ.ჭ–ძე, ვ.ჭ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2019წ. საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“) სარჩელი აღძრა მ.ჭ–ძისა და ვ.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:
- მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ....... ქ. #44, სადარბაზო 1, სართული 7, ბინა 11, ს/კ-ით ......) დადებული ჩუქების ხელშეკრულების 2/3 ნაწილში ბათილად ცნობა და ამავე ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა;
- ავტომანქანის, მარკა, მოდელი NISSAN MARCH სახ. ნომერი ...., 2/3 წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა;
- პირველ მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ა/მანქანა MERCEDES BENZ-ის ღირებულების 2/3-ის ანაზღაურების დაკისრება 6700 აშშ დოლარის ოდენობით;
- ზესტაფონის რაიონის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .....) გასხვისების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის მოპასუხეების მიერ ანაზღურება 1066 ლარის ოდენობით.
2. პირველმა მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა 18 487 ლარისა და 11 650 აშშ დოლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- ბათილად იქნა ცნობილი ს/კ ..... უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულება ½ ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა მის მესაკუთრედ;
- მოსარჩელე ცნობილ იქნა ავტომანქანის (მარკა, მოდელი NISSAN MARCH) ½ ნაწილის მესაკუთრედ;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანის MERCEDES BENZ-ის გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 2600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის 800 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ასევე შეგებებული სარჩელი. შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისრა 4038.5 ლარის ანაზღაურება. ანუ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა 11 650 აშშ დოლარის და 14,448.5 ლარის დაკისრების ნაწილში.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. მეორე მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2019წ. საოქმო განჩინებით ავტომანქანა NISSAN MARCH-ის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2020წ. განჩინებით მოსარჩელის და პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრები, ასევე მეორე მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა. მოპასუხეები საკასაციო საჩივრით ითხოვენ:
- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2020წ. განჩინება მათი სააპელაციო საჩივრის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე და სრულად დაკმაყოფილდეს პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი.
- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრები განჩინებები.
8. მოპასუხეები თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრები განჩინებების ჩამონათვალში უთითებენ როგორც იმ განჩინებებს, რომლებიც ცალკე კერძო საჩივრით არ საჩივრდება და შესაბამისად, სსსკ-ის 404.2 მუხლის საფუძველზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან/განჩინებასთან ერთად, ისე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.10.2019წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც შეწყდა წარმოება საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ავტომანქანის (მარკა, მოდელი NISSAN MARCH სახ. ნომერი ....) 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობას (ტ.6, ს.ფ.438).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 274-ე მუხლი ადგენს შემდეგი ქცევის წესს: სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად წარმოადგენს კერძო საჩივარს საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2019წ. საოქმო განჩინებაზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
10. მოსარჩელის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იყო პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების (NISSAN MARCH, სახ. ნომერი ....., გამოშვების წელი 2004) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, რაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.10.2019წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ავტომანქანა "NISSAN MARCH"-ის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო. გაუქმდა ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. განემარტათ მხარეებს, რომ განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო 12 დღის განმავლობაში დასაბუთებული განჩინების გამოცხადების მომენტიდან კერძო საჩივრის წარდგენის გზით (ტ.6, ს.ფ.249,250).
12. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განჩინება გამოცხადდა სხდომაზე, რის შემდგომაც მხარეები დაეთანხმდნენ მას და უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე (ხელწერილი დაერთო ოქმს) (ტ.6, ს.ფ.138,142). ხელწერილს ხელი მოაწერეს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა - ბ.ო–მა (ტ.6, ს.ფ.142, ტ.1, ს.ფ.258,259), ისე პირველმა მოპასუხემ, ასევე მისმა და მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა კ.გ–მა (ტ.5, ს.ფ.219; ტ.4, ს.ფ.25).
13. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები უფლებამოსილნი არიან უარი თქვან განჩინების გასაჩივრებაზე.
14. სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით, პირის უფლებაა ასევე უარი თქვას განჩინების გასაჩივრებაზე, რაც მისი მხრიდან გასაჩივრების უფლების განკარგვას წარმოადგენს.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმით განიკარგა განჩინების გასაჩივრების უფლება. სსსკ-ის 264.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ გასაჩივრებაზე მხარეთა მიერ წერილობით უარის თქმა მისი კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველია. გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, პირი, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება თუ განჩინება. დაუშვებელია განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი, თუ მის გასაჩივრებაზე მხარეს წერილობით აქვს უარი გაცხადებული (სუსგ საქმეზე №ას-1484-1400-2012, 22 ნოემბერი, 2012წ.). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2019წ. საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 416-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2019წ. საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე