2 დეკემბერი 2020 წელი
საქმე№ა-3016-შ-64-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
ბესარიონ ალავიძე;
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – მ.ქ–ძე, დ.ქ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება (ბრძანება) (საქმე #ZE18C00154)
დავის საგანი – მეურვედ დანიშვნა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) სასამართლომ გასცა ნებართვა, რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ.) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ.) იურისდიქციიდან პერმანენტულად ამოღების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საბოლოო ბრძანება, რომლითაც, დ.ქ–ძე და მ.ქ–ძე დაინიშნენ რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ; პასპორტის ნომერი: ....) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ; პასპორტის ნომერი: ....) სპეციალურ მეურვეებად.
2020 წლის 17 აგვისტოს მ.ქ–ძის წარმომადგენელმა თ.ხ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის სპეციალური მეურვეობის შესახებ ბრძანებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2020 წლის 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მშობლებს არ გაუსაჩივრებიათ 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და ბრძანება. შესაბამისად, სპეციალური მეურვეობის შესახებ ბრძანება #ZE18C00154 კანონიერ ძალაში შევიდა ინგლისის სასამართლოში, როგორც საბოლოო ბრძანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ.ქ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ამავე წლის 17 სექტემბერს თ.ხ–მა წარმოადგინა დაზუსტებული შუამდგომლობა, რომლითაც მან აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების (ბრძანება) (საქმე #ZE18C00154) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დ.ქ–ძის ნაწილშიც მოითხოვა, ამასთან, მან განმარტა, რომ ე.ხ–ი წარმოადგენს მარტოხელა დედას, და რომ ბავშვების დაბადების მოწმობაში მამა საერთოდ არ არის დაფიქსირებული. მან შუამდგომლობას ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები დაურთო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით დ.ქ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მ.ქ–ძისა და დ.ქ–ძის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) სასამართლომ გასცა ნებართვა, რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ.) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ.) იურისდიქციიდან პერმანენტულად ამოღების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საბოლოო ბრძანება, რომლითაც, დ.ქ–ძე და მ.ქ–ძე დაინიშნენ რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ; პასპორტის ნომერი: .....) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ; პასპორტის ნომერი: ....) სპეციალურ მეურვეებად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.ქ–ძისა და დ.ქ–ძის წარმომადგენელმა, რომელმაც აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის სპეციალური მეურვეობის შესახებ ბრძანებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი:
ადგილობრივმა ორგანომ, ბავშვების დედამ და ბავშვების მეურვეებმა მხარი დაუჭირეს დ. და მ.ქ–ძეების სასარგებლოდ მეურვეობის შესახებ სპეციალური ბრძანების მიღებას. ბავშვების მამა არ იღებდა მონაწილეობას სასამართლო პროცესებში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ადგილსამყოფელის დადგენის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა;
2019 წლის 24 სექტემბერს სასამართლომ გასცა ნებართვა, რ.ხ–ისა და დ.ხ–ის იურისდიქციიდან პერმანენტულად ამოღების თაობაზე;
2019 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა საბოლოო ბრძანება, რომლის მიხედვით დ. და მ.ქ–ძეები დანიშნულ იქნენ ბავშვების სპეციალურ მეურვეებად;
სპეციალურ მეურვეებს სასამართლოს მიერ მიენიჭათ უფლება წაიყვანონ ბავშვები საქართველოში მათი არასრულწლოვანების განმავლობაში ან სასამართლოს შემდგომ ბრძანებამდე;
მშობლებს არ გაუსაჩივრებიათ 2019 წლის 24 სექტემბრის საბოლოო ბრძანება და სპეციალური მეურვეობის შესახებ ბრძანება საქმეზე #ZE18C00154;
საბოლოო ბრძანება და სპეციალური მეურვეობის შესახებ ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა ინგლისის სასამართლოში, როგორც საბოლოო ბრძანება;
ბავშვების - რ.ხ–ისა და დ.ხ–ის დაბადების მოწმობებში მხოლოდ დედის მონაცემები ფიქსირდება, მამის გრაფა საერთოდ არ არის შევსებული.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სპეციალური მეურვეები - დიმიტრი და მ.ქ–ძეები საქართველოს მოქალაქეები არიან. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამდენად, ზემოაღნიშნული კანონის წინაპირობების არსებობა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ შუამდგომლობის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვან ბავშვებზე მეურვეობის დადგენა. მსგავსი საკითხის გადაწყვეტის წინაპირობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა, მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
ამდენად, საკასაციო პალატა, არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს და და თვლის, რომ არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ხელისშემშლელი რომელიმე საკანონმდებლო წინაპირობა. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით საკითხის გადაწყვეტისათვის განსაზღვრულ წინაპირობებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება (ბრძანება), რომლითაც სასამართლომ გასცა ნებართვა, რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ.) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ.) იურისდიქციიდან პერმანენტულად ამოღების თაობაზე და ამავე გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საბოლოო ბრძანება, რომლითაც, დ.ქ–ძე და მ.ქ–ძე დაინიშნენ რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ; პასპორტის ნომერი: ......) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ; პასპორტის ნომერი: .....) სპეციალურ მეურვეებად, უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ძისა და დ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აღმოსავლეთ ლონდონის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება (ბრძანება) (საქმე #ZE18C00154), რომლითაც სასამართლომ გასცა ნებართვა, რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ.) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ.) იურისდიქციიდან პერმანენტულად ამოღების თაობაზე და დ.ქ–ძე და მ.ქ–ძე დაინიშნენ რ.ხ–ისა (დაბადების თარიღი: 20.12.2015წ; პასპორტის ნომერი: ......) და დ.ხ–ის (დაბადების თარიღი: 25.07.2017წ; პასპორტის ნომერი: ......) სპეციალურ მეურვეებად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე