№ას-4-2019 16 სექტემბერი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს “გ.რ.ჯ–ი”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს.ქ–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ქ–ა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) 2015 წლის 3 მარტიდან მუშაობდა ბუღალტრად, შპს „კ.კ–აში“ (შემდეგში - საწარმო).
2. 2015 წლის 3 მარტს საწარმოს დირექტორმა და დასაქმებულმა დადეს შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლითაც ამ უკანასკნელის ხელფასი განისაზღვრა 800 ლარით (ხელზე ასაღები ხელფასი, 640 ლარი). ხსენებული კონტრაქტი დაიდო 2015 წლის 3 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე ვადით.
3. საწარმოს უფლებამონაცვლეა შპს „გ.რ.ჯ–ი“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი).
4. 2017 წლის 3 მაისს დამსაქმებელმა მიიღო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების ვალდებულებათა უხეში დარღვევის გამო) საფუძველზე.
5. 2015 წლის ივლისიდან მოსარჩელეს არ მიუღია ხელფასი, 11 520 ლარი.
6. დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ, რომლითაც სახელფასო დავალიანების - 20 800 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება მოითხოვა.
7. დამსაქმებელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასაქმებულს ხელფასი სრულად ჰქონდა აღებული, შესაბამისად, მოპასუხეს მის მიმართ არანაირი სახელფასო დავალიანება არ გააჩნდა.
8. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით:
8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
8.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2016 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, 2016 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების, ასევე, 2017 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით მიუღებელი სახელფასო დავალიანების, ჯამურად 11 520 ლარის ანაზღაურება.
8.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0.07%-ის, 6 958 ლარის გადახდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316.1 მუხლის თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილი იყო, დამსაქმებლისგან სადავო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, ამ განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
11.1. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულყოფილად შეისწავლა. არ არსებობს მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებულის მუშაობის ფაქტის დამადასტურებელი ობიექტური მტკიცებულებები. სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, ამ უკანასკნელის მიერ ხელით ნაწარმოებ აღრიცხვის ჟურნალსა და გასავლის ქვითრებზე დაყრდნობით მიიღო. ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილება არასწორია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
16. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. სსსკ-ის 404.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოპასუხეს ისე დააკისრა შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, რომ დასაქმებულის მუშაობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა. აღნიშნულ მსჯელობას პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: საქმეზე წარმოდგენილია მხარეებს შორის 2015 წლის 3 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე საწარმოში ბუღალტრად დაინიშნა და მისი შრომის ანაზღაურება 800 ლარით განისაზღვრა (ტომი 2, ს.ფ. 15). გარდა ამისა, წარმოდგენილია საწარმოს საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის #1 წიგნი და ე.წ. „სალაროს გასავლის ორდერი“, რომლის თანახმად, 2016 წლის 25 აპრილს მოსარჩელეს დაერიცხა 2015 წლის მარტისა და აპრილის თვეების ხელფასი, 1 280 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 93). ამდენად, ამ მტკიცებულებებით ნათლად დგინდება, რომ მხარეები ერთმანეთთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და დამსაქმებელს დასაქმებულისათვის რამდენიმე თვის ხელფასიც აქვს გადახდილი. ასეთ პირობებში პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდშიც (გათავისუფლებამდე) ასრულებდა თავის მოვალეობას. მოსარჩელის სასარგებლოდ პრეზუმირებული ზემოხსენებული ფაქტის გაქარწყლება მოპასუხეს ევალებოდა, რადგან შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სწორედ მას ხელეწიფებოდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება (შდრ. სუსგ: №ას-1552-2019, 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება). ზემოხსენებული პრეზუმირებული ფაქტის უარსაყოფად დამსაქმებელს არც საკასაციო და არც დაზუსტებული საჩივრებით არ წარმოუდგენია დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებაზე კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-182-171-2017, 22019 წლის 27 დეკემბრის განჩინება; №ას-1132-2019, 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებ;ა №ას-138-138-2018, 2018 წლის 17 აპრილის განჩინება).
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, კასატორს უნდა უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 646.1 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.რ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „გ.რ.ჯ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 923 ლარის (საგადახდო დავალება 15, გადახდის თარიღი 07.03.2019) 70% – 646.1 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი