Facebook Twitter

31 ივლისი, 2020 წელი

№ას-133-133-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ვ–ი“ (შპს „ლ–ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.ხ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ხ–ი (შემდეგში - დირექტორი, დასაქმებული, მოსარჩელე) 2015 წლის 1 მაისიდან დაინიშნა შპს ,,ლ–ის“ (შემდეგში - დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) დირექტორის პირველ მოადგილედ, იმავე წლის 1 აგვისტოდან კი - საზოგადოების გენერალურ დირექტორად. ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 10 000 ლარით განისაზღვრა.

2. 2017 წლის 3 იანვარს კომპანიისაგან მიიღო წერილი, რომ ის შპს-ს 2016 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმით გათავისუფლებული იყო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.

3. 2017 წლის 7 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

- 2015-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების თანხის - 20 000 ლარისა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის ამ თანხის 0,07%-ის ანაზღაურება;

- 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის სახელფასო დავალიანება და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის ამ თანხის 0,07%-ის ანაზღაურება;

- კომპენსაციის - 20 000 ლარისა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის ამ თანხის 0,07%-ის ანაზღაურება;

- 2016 წლის 28 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა;

- 2017 წლის 3 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

4. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 21 დეკემბერს ითხოვა 2015 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობა და მიმდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რის პასუხადაც ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. პარტნიორთა კრების შესახებ მისთვის არავის უცნობებია და არც კრების ოქმი, მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ ჩაჰბარებია. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების განმავლობაში არ დაჰკისრებია არცერთი დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოსარჩელისთვის უცნობია გათავისუფლების საფუძველი.

5. მოპასუხემ მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების, 2016 წლის 28 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფისა და 2017 წლის 3 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 73 750 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

10.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 20 მარტს დანიშნული სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელს ეცნობა 2017 წლის 7 მარტს. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ, რადგან წარმომადგენელს 2017 წლის 6 მარტს გაუუქმდა რწმუნებულება და ამავე დღეს გაიცა ახალი მინდობილობა, სასამართლო შეტყობინება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიმართ.

10.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხის წარმომადგენელად მითითებულია ერთადერთი პირი. შესაგებელზე თანდართულია კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც, წარმომადგენელს ენიჭებოდა უფლებამოსილება, წარმოედგინა კომპანიის ინტერესები სასამართლოში 2017 წლის 2 ოქტომბრამდე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ წარმომადგენელი დღემდე მუშაობს მოპასუხე კომპანიაში. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა გარემოება, რომ სატელეფონო უწყების ჩაბარებისას წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა, რომ იგი აღარ წარმოადგენდა კომპანიას. ამდენად, სასამართლო ვერ დაუშვებდა ამ ფაქტის არსებობას, თუკი თავად მოპასუხე მხარე არ მიაწვდიდა ამის თაობაზე ინფორმაციას.

10.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მუშაობდა დირექტორად, ჰქონდა ხელფასი 10 000 ლარი და კომპანიას მის მიმართ სახელფასო დავალიანება ერიცხებოდა, შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 34-ე, 38-ე მუხლების, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა 2015 და 2016 წლებში გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების თანხისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:

11.1. სატელეფონო შეტყობინებით უწყება ჩაჰბარდა მოპასუხის წარმომადგენელს, რომელიც იმ დროისათვის კომპანიას აღარ წარმოადგენდა. მას 2017 წლის 6 მარტს გაუუქმდა მინდობილობა და იმავე დღეს გაიცა მინდობილობა ახალ წარმომადგენელზე. შესაბამისად, უწყება ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს, ხოლო უფლებამოსილი წარმომადგენელი არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღთან დაკავშირებით, ასევე, არ იყო ინფორმირებული თავად მხარე, რომელსაც უწყება უნდა ჩაჰბარებოდა სსსკ-ის 103-ე მუხლით დადგენილი წესით, ორგანიზაციის კანცელარიაში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - უფლებამოსილ პირს.

11.2 სასამართლოს არ უმსჯელია მეორე წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას ადასტურებდა.

11.3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელეს არ ჰქონდა შვებულების მოთხოვნის უფლება. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნას შორის კავშირი, რაც არ გაუკეთებია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

15. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მითითებული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას უწყება გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს, ხოლო, ერთ-ერთი მათგანისათვის ჩაბარება მიიჩნიოს, როგორც მხარისათვის, ასევე წარმომადგენლისათვის ჩაბარებად.

16. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ვინაიდან მოპასუხე სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ იყო.

17. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

18. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

19. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაში და არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლო სხდომაზე მისი მოწვევისას კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

19.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 7 მარტს სატელეფონო შეტყობინებით მოპასუხის წარმომადგენელს ეცნობა 2017 წლის 20 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე და განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. აღნიშნულ გარემოებას კასატორი სადავოდ არ ხდის, მაგრამ მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენლისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მიიჩნევა მხარისათვის ჩაბარებად, რადგან სატელეფონო შეტყობის მომენტისათვის იგი აღარ წარმოადგენდა კომპანიას. ამ უკანასკნელს შეტყობინებამდე ერთი დღით ადრე - 2017 წლის 6 მარტს გაუუქმდა მინდობილობა და იმავე დღეს გაიცა მინდობილობა ახალ წარმომადგენელზე, რომელიც არ იყო ინფორმირებული სხდომის თაობაზე.

19.2. კასატორის აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო ფაქტი დასტურდება, კერძოდ, შესაგებელი წარადგინა მოსარჩელის პირველმა წარმომადგენელმა, რომელსაც დაურთო მინდობილობა. მინდობილობა ძალაშია 2017 წლის 2 ოქტომბრამდე. დადგენილია, რომ სატელეფონო შეტყობინების ჩაბარებამდე და არც მას შემდეგ სასამართლო სხდომამდე მოპასუხეს წარმომადგენლობის გაუქმებისა და ახალი წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე არ უცნობებია, რისი ვალდებულებაც მას სსსკ-ის 99-ე (მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას) მუხლიდან გამომდინარე ჰქონდა. ამასთან, რწმუნებულების გაუქმების თაობაზე არც შეტყობინების მიმღებს უცნობებია სატელეფონო შეტყობინების მიღებისას. ამდენად, ის ფაქტი, რომ კომპანიის დირექტორმა 2017 წლის 6 მარტის ბრძანებით, პირველ წარმომადგენელს უფლებამოსილება შეუწყვიტა, მოცემულ საქმეზე სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, უტყუარადაა დადგენილი, რომ მოპასუხეს, რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობით არ უცნობებია სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესით და ამის თაობაზე ბრძანება მხოლოდ საჩივართან ერთად წარადგინა (შდრ. სუსგ №ას-738-2019,19.12.2019წ. პუნქტი 22).

19.3. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რომ უწყება აუცილებლად მოპასუხესაც უნდა ჩაჰბარებოდა, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარება სსსკ-ის 70.1 მუხლის საფუძველზე, უწყების მხარისათვის ჩაბარებასაც ნიშნავს. ამასთან, ნორმა ავალდებულებს წარმომადგენელს, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. წარმომადგენლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ან შესრულების შეუძლებლობა, გავლენას ვერ მოახდენს მხარისათვის უწყების ჩაბარებულად მიჩნევაზე.

20. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მეორე წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას ადასტურებდა, კერძოდ, იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 21 მარტს დანიშნულ სასამართლო პროცესში იღებდა მონაწილეობას მხარის წარმომადგენლის სტატუსით.

20.1. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლი (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, თუმცა ამავე კოდექსის 241-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არა მხოლოდ მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობაზე, არამედ ამ მიზეზის სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობის შეუძლებლობაზე მიუთითებს. შესაბამისად, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე მხარეს სასამართლოსათვის წინასწარ უნდა ეცნობებინა. კასატორის განმარტებით, სასამართლოსათვის წინასწარ შეუტყობინებლობა განაპირობა ფაქტმა, რომ იგი არ იყო ინფორმირებული თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომის შესახებ. როგორც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა სასამართლო უწყება დანიშნული სხდომის თაობაზე (იხ. პ. 19), შესაბამისად, თავად მხარეს უნდა უზრუნველყო თავისივე წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის დროის თაობაზე შეტყობა.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, მას უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არ არსებობს ამ საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.

22. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელის იურიდიული გამართულობის, ანუ იმის შემოწმება, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს ვალდებულებაა, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს. ამ ნორმის თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ ამოწმებს და არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მაგრამ არკვევს, გააჩნია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალურსამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას.

23. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს დამსაქმებლის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მისთვის არაწორად დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ვლინდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შვებულების უფლებასაც. შესაბამისად, როდესაც სადავოა დირექტორის უფლება შვებულებაზე, სასამართლო ხელმძღვანელობს შრომის კანონმდებლობით (შდრ. სუსგ №ას-1154-1074-2017, 23.02.2018 წელი; №ას-319-302-2017, 28.07.2017 წელი).

25. შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია (სშკ-ის 21.4 მუხლი), თუმცა, ამ მოთხოვნის რეალიზაციისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დასაქმებულის მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვება; ბ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების გზით განხორციელდა; გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე კუთვნილი შვებულების გამოუყენებლობა/არასრული გამოყენება (შდრ. სუსგ №ას-131-127-2016, 23.09.2016; №ას-549-517-2010, 19.10.2010წ). ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვებისათვის კი, სშკ-ის 22.1 მუხლი (დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც) მუშაობის თერთმეტთვიან ვადას აწესებს.

26. მოსარჩელე მოითხოვს 2015 წლისა და 2016 წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციას. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობაზე 2015 წლის პირველი მაისიდან დაინიშნა. შესაბამისად, რაკი მოსარჩელეს მისი დასაქმების კალენდარულ წელს (2015 წელს) 11 თვე არ უმუშავია, და არც მხარეები შეთანხმებულან შვებულების საკითხის შრომის კოდექსისგან განსხვავებულად მოწესრიგების შესახებ, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება 2015 წლისათვის არ ჰქონდა. მას ეს უფლება წარმოეშვა 2016 წლის პირველი აპრილიდან. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის თაობაზე უსაფუძვლო, ხოლო 2016 წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის თაობაზე საფუძვლიანია.

27. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება „ყოველწლიანი ფასიანი შვებულების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 52-ე კონვენციას, რომლის მე-6 მუხლი (კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი, ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს) ითვალისწინებს მხოლოდ კუთვნილი შვებულების კომპენსირებას, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წინაპირობა დასაქმებულის მიერ შვებულების უფლების მოპოვებაა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს მოპასუხე დაწესებულებაში შვებულების მოთხოვნის უფლება 2015 წლისათვის არ წარმოშობია. ამდენად, მოპასუხეს არ აქვს მოსარჩელისათვის 2015 წლის შვებულების კომპენსაციის - 10 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის - 936.3 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 264.3-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ვ–ის“ (შპს „ლ–ის“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შპს „ვ–ისათვის“ 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ.ხ–ის სარჩელი შპს „ვ–ისათვის“ 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის - 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შპს „ვ–ისათვის“, ზ.ხ–ის სასარგებლოდ, 63 750 ლარის დაკისრების ნაწილში;

5. ზ.ხ–ს, შპს „ვ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 936.3 ლარის გადახდა შპს „ვ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი