№ას-410-2019 31 მარტი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – თ.კ–ძე, თ.ს–ი, ი.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ზ.ე–ი, ლ.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისში, ......... ქუჩის მე-2 ჩიხის N12-ში მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: უძრავი ქონება, სახლი) 2016 წლის 10 ოქტომბრამდე (იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისებამდე) იყო ლ.კ–ისა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და მ.კ–ის (შემდეგში: თანამესაკუთრე, მსესხებელი, მოვალე) საკუთრება, იდეალურ წილში.
2. 2013 წელს თანამესაკუთრემ ხელშეკრულებები დადო თ.კ–ძესთან, თ.ს–თან, ი.ბ–თან (შემდეგში მოხსენიებული, როგორც: მოპასუხეები, კრედიტორები, კასატორები, ხოლო ი.ბ–ის შემთხვევაში - დამატებით, როგორც: მესამე მოპასუხე), კ.ბ–თან და თ.ბ–თან („სესხისა და გირაოს ხელშეკრულებები ფართში ცხოვრების უფლებით“). მოპასუხეები ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ფლობდნენ უძრავ ქონებას. ისინი სახლს ამჟამადაც ფლობენ.
3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 10 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, უძრავი ქონებიდან თანამესაკუთრის კუთვნილი წილი (1/2 წილი) იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისდა და მისი მესაკუთრე გახდა ზ.ე–ი (შემდეგში: მეორე მოსარჩელე).
4. დღეისათვის უძრავი ქონება რეგისტრირებულია პირველი და მეორე მოსარჩელის საკუთრებად.
5. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპაუხეების წინააღმდეგ და მათი უკანონი მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მოპასუხეებისათვის ზიანის, 5 250 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
6. მოპასუხეებმა სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი არ უარყვეს, თუმცა მიიჩნიეს, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერი იყო, რადგანაც მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით სესხის დაბრუნებამდე უძრავ ქონებაში ცხოვრების ნებართვა გააჩნდათ.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და იგი მოსარჩელეებს გადაეცათ; ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 168-ე, 170.1 და 172.1 მუხლებზე და მიიჩნია, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. ეს დასკვნა სასამართლომ იმაზე დააფუძნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებით უძრავი ნივთის მესაკუთრეებს მოსარჩელეები წარმოადგენდნენ, ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარადგინეს ამ ქონების მათ მიერ კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, მხარეებს შორის არც რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რითაც მოსარჩელე შეიძლებოდა შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
10.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები უძრავ ნივთს არამართლზომიერად ფლობენ. საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორებს ამ ქონების ფლობის უფლება მსესხებელთან დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების საფუძველზე აქვთ მოპოვებული.
10.2. საქმის მასალებით არ დასტურდება მესამე მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი. უფრო მეტიც, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი სხვა მისამართზე ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, მითითებული გარემოება სასამართლოს არ დაუდგენია, რაც არასწორია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
17. მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
18. კასატორების მოსაზრებით, მათ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვეს სადავო ფართში ცხოვრების უფლება. საკასაციო პალატა კასატორების ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილია, რომ მოპასუხეები მოსარჩელეებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან (მოსარჩელეები არ არიან ზემოხსენებული ხელშეკრულების მხარეები), ამასთან, საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ნივთზე რაიმე სახის უფლებრივი დატვირთვა არ დარეგისტრირებულა და არც აუქციონზე ამ ნივთის გასხვისებისას არ ყოფილა მითითებული მოპასუხეთა მფლობელობის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეთა ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კასატორთა მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მესამე მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი. საქმეში არსებული მტკიცებულებები საწინააღმდეგოზე მიუთითებს, მაგალითად, საქმეზე წარმოდგენილი უკუგზავნილით დგინდება, რომ მესამე მოპასუხეს სასამართლო გზავნილი სწორედ იმ მისამართზე გაეგზავნა, სადაც სადავო უძრავი ქონება მდებარეობს და იგი მისი ოჯახის წევრმა (ძმა) ჩაიბარა. გარდა ამისა, მოპასუხეების, მათ შორის, თავად მესამე მოპასუხის მიერ სასამართლოში შეტანილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში, ისევე როგორც საკასაციო და დაზუსტებულ საკასაციო საჩივრებში ამ უკანასკნელის მისამართად სადავო მისამართია დასახელებული. ამდენად, საკასაციო საჩივარში გაცხადებული მოცემული პრეტენზიაც უსაფუძვლოა.
20. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.კ–ძის, თ.ს–ისა და ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: თ.კ–ძეს (.....), თ.ს–სა (......) და ი.ბ–ს (.....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე.თ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 08.05.2019) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი