Facebook Twitter

№ას-481-2019 15 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - შპს „ნ–ი“, კ. ნ–ფი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ.ე.ს.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 23 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიტანა შპს „ბ.ე.ს.გ–ამ“ (შემდეგში - განმცხადებელი) მოპასუხეების - შპს „ნ–ისა“ (შემდეგში - მოვალე, საწარმო) და კ. ნ–ფის (შემდეგში - თავდები) წინააღმდეგ. განმცხადებელმა ითხოვა თავდებისათვის თავის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში - უძრავი ნივთი) გასხვისების, იპოთეკითა და სხვა სანივთო უფლებებით დატვირთვის აკრძალვა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, თავდებს აეკრძალა უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. ზემოხსენებული განჩინება თავდებმა საჩივრით გაასაჩივრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საკასაციო სასამართლოში გადაიგზავნა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დარჩა.

6. 2018 წლის 5 დეკემბერს თავდებმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის სხვა საგნით, კერძოდ, ფერთა შემრევითა და საღებავის ავტომატური მიქსერით (შემდეგში - მოძრავი ნივთები) შეცვლა ითხოვა. განცხადება იმითაა დასაბუთებული, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით თავდებს აეკრძალა მოთხოვნილ თანხაზე მინიმუმ 36-ჯერ მეტი ღირებულების მქონე ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის (ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს) დანაწესს ეწინააღმდეგება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდების მიერ შეთავაზებული მოძრავი ქონებით შესაძლოა საფრთხე შექმნოდა გადაწყვეტილების აღსრულებას და განმცხადებელი უარყოფითი შედეგებისგან დაცული ვერ ყოფილიყო.

8. დასახელებული განჩინება თავდებმა საჩივრით გაასაჩივრა. მან განმარტა, რომ განსახილველი საარბიტრაჟო სარჩელის ფასი მის მიერ შეთავაზებული მოძრავი ნივთის ღირებულების 60%-ია. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილება თავდებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, რის ანაზღაურებასაც მხარე ვერ შეძლებს. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად უძრავი ნივთის გასხვისების აკრძალვის დადგენა თავისთავად ასაბუთებს თავდებისათვის ზიანის მიყენებას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლაზე.

12. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს განსაზღვრავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.

13. სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მსგავსად, მოპასუხესაც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადებით, მაგრამ მოპასუხის მიერ შეთავაზებული უზრუნველყოფის სხვა (მეორე) ღონისძიება უნდა უზრუნველყოფდეს გადაწყვეტილების აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ-ები: საქმე #ას-1165-1095-2015, 25.11.2015წ.; საქმე #ას-454-438-2016, 19.07.2016წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის (რომლის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლასაც მოპასუხე მოითხოვს) მოთხოვნებია: დავალიანების ძირი თანხის - 6 938.02 ლარის, პირგასამტეხლოს - 943 ლარის (აგრეთვე, სამომავლოდ დასარიცხი 1 წლის პირგასამტეხლოს), იურიდიული მომსახურების ხარჯის - 400 ლარის, საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 300 ლარისა და ყველა იმ ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება, რომელიც არბიტრაჟსა თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის საჭირო გახდება. ამდენად, განმცხადებლის ინტერესი მისი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაა. თავდებმა სასამართლოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებისათვის თავის საკუთრებაში არსებული ორი მოძრავი ნივთი, კერძოდ, ფერთა შემრევი და საღებავის ავტომატური მიქსერი შესთავაზა და სანაცვლოდ თავისავე საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ზემოხსენებული ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა) და არა ის საპროცესო ღონისძიება, რომელსაც მოპასუხე სთავაზობს სასამართლოს. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ დასაყადაღებლად შემოთავაზებული ნივთები, მათი სპეციფიკური დანიშნულებიდან გამომდინარე, ბაზარზე ლიკვიდურობის თვალსაზრისით ვერ მიიჩნევა სარჩელის უზრუნველყოფის ადეკვატურ ღონისძიებად. სარჩელის უზრუნველსაყოფის საგანი იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ მან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მყარი გარანტია შექმნას და ამით მოსარჩელის კანონიერი ინტერესი მაქსიმალურად იქნეს დაცული. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსიც სწორედ ამაშია. მოპასუხის მიერ შემოთავაზებული მოძრავი ნივთები ასეთ მყარ გარანტიას ვერ ქმნის. გარდა იმისა, რომ სპეციფიკურობიდან გამომდინარე ისინი ბაზარზე ლიკვიდურად ვერ ჩაითვლება, საქმეზე წარმოდგენილი ერთჯერადი შესყიდვის ხელშეკრულებით მათი ღირებულება 9 000 ლარია (ს.ფ. 94). ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ფულადი მოთხოვნის არსებობისას ქონების ღირებულება ფულად მოთხოვნას უნდა აღემატებოდეს. როგორც წესი, ქონება აუქციონზე დაბალი ფასით (განახევრებული, გამეოთხედებული ან ნულოვანი) შეთავაზების პირობებში გადის. აქედან გამომდინარე, თუკი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის საკითხი დღის წესრიგში დადგება, შესაძლოა, მოსარჩელის კანონიერი უფლებების დაცულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამდენად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნა უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლომ იგი სწორად არ დააკმაყოფილა.

16. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ–ისა“ და კ. ნ–ფის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ე.გასიტაშვილი