№ას-493-2019 24 სექტემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები) – მ.მ–ი, ლ. შ–ძე, ლ. შ–ძე, ნ. შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ე.ა–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), დ.ბ–ძე, გ.უ–ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2007 წლის სექტემბრის თვიდან ლ. შ–ძე, ლ. შ–ძე, მ.მ–ი და ნ.ი შ–ძე (შემდეგში მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები, კასატორები) ცხოვრობდნენ ქ. ოზურგეთში, ........ ქუჩა N38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ.ა–ძესთან (შემდეგში მამკვიდრებელი) შეთანხმებით. კერძოდ, იმ პირობით, რომ ისინი არ გადაიხდიდნენ საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის საფასურს, სანაცვლოდ კი, მოუვლიდნენ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს;
2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2015 წლის 21 ნოემბერს. 2016 წლის 15 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, დ.ბ–ძემ (შემდეგში შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხე, მამკვიდრებლის შვილი, პირველი აპელანტი), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო დედის სამკვიდრო ქონების 1⁄2 ნაწილი სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით;
3. 2016 წლის 7 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ს.ბ–ძემ (შემდეგში მამკვიდრებლის მეუღლე, შეგებებული სარჩელის მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო მეუღლის სამკვიდრო ქონების 1⁄2 ნაწილი სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
4. 2016 წლის 31 აგვისტოს მამკვიდრებლის შვილსა და გ.უ–ს (შემდეგში შეგებებული სარჩელის მეორე მოპასუხე, ქონების შემძენი, მეორე აპელანტი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უძრავი (მდებარე: ქ.ოზურგეთი ........ ქუჩა N38) ქონების 1⁄2 წილი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქონების შემძენის სახელზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1000 აშშ დოლარით.
5. 2016 წლის 10 ოქტომბერს მამკვიდრებლის მეუღლესა და ე.ა–ძეს (შემდეგში მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესაკუთრე) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონების 1⁄2 წილი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 2000 აშშ დოლარით.
6. 2016 წლის 4 ნოემბერს, შეგებებული სარჩელის მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის დაიდო უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შეგებებული სარჩელის მესამე მოპასუხის საკუთრებაში დარეგისტრირდა სადავო უძრავი ქონება, ხოლო შეგებებული სარჩელის მეორე მომოპასუხის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება - მდებარე მცხეთა სოფელი კოტორაანთკარი.
7. მოპასუხეებმა გაიღეს მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის გათხრის და ქელეხის სარიტუალო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
8. სადავო ქონების მესაკუთრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვა.
9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი ქონების მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ. ქონების ფლობის უფლება მათ მინიჭებული ჰქონდათ მამკვიდრებლის მიერ.
10. ამავდროულად, მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც ნასყიდობისა და გაცვლის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეთათვის მამკვიდრებლის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხისა და სესხის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის დაკისრება მოითხოვეს.
10.1. შეგებებული სარჩელის მოსარჩელეთა განმარტებით, მამკვიდრებლის შვილი მათ შეპირდა სადავო ქონების 10 000 აშშ დოლარად მიყიდვას, რის გამოც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 16 000 ლარის სესხი აიღეს. აღნიშნული თანხის გამყიდველისთვის გადაცემითა და უძრავი ქონების მყიდველზე გადაფორმების შემდგომ, უძრავი ქონება უნდა დატვირთულიყო იპოთეკით, რის შემდეგაც გადაიხდიდნენ თანხის დანარჩენ ნაწილს. გამყიდველმა დათქმული პირობის დაარღვია და მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდო. ამ ქმედებით შეგებებულ მოსარჩელეებს, მათი განმარტებით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ, რადგან მათ აღებული სესხის პროცენტის სახით სოლიდური თანხა გადაიხადეს.
11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით გაუქმდა შეგებებული სარჩელის მეორე და მესამე მოპასუხეებთან დადებული ნასყიდობისა და გაცვლის ხელშეკრულებები. სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა სადავო გარიგებათა დადებამდე არსებული მდგომარეობა და სადავო ქონებათა მესაკუთრეებად კვლავ მამკვიდრებლის შვილი და მეუღლე განისაზღვრა.შეგეგებული სარჩელის მოთხოვნა მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯის 2000 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ, 500 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სესხის სარგებლის - 8723 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
12. აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ერთის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, მეორეს მხრივ, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მეოთხე აპელანტის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გაჩინებით მეოთხე აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პირველი აპელანტი და განახლდა საქმის წამოება. სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2018 წლის 6 სექტემბერს 11:00 საათზე. მითითებული განჩინება სასამართლო უწყებასთან ერთად გადაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელს.
15. მოწინააღმდეგე მხარეები, ასევე მათი ადვოკატი 2018 წლის 6 სექტემბრის სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა (სხდომის დაწყების წინ, რამდენიმე წუთით ადრე) ტელეფონის მეშვეობით, სიტყვიერად აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ და განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესში მონაწილეობის გამო ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა/აპელნტთა წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეთათვის 500 ლარის (მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯის) დაკისრების ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
17. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ითხოვა.
17.1. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს სხდომის დღის და დროის თაობაზე მხოლოდ მას ეცნობა, ხოლო მის მარწმუნებლებს უწყება არ ჩაჰბარებიათ. ამასთან, საჩივრის ავტორის მტკიცებით, აპელანტის წარმომადგენლის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული, ხოლო აპელანტები სხდომაზე არ გამოცხადებულან.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
18.1. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები არ იყვნენ ინფორმირებული სასამართლო სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით. პალატის განმარტებით, მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ განჩინებასთან ერთად მიღებული სასამართლო უწყება, ერთობლიობაში ქმნიდა ნათელ სურათს მხარის წარმომადგენლისთვის, თუ რომელ საქმეზე იმართებოდა სასამართლოს მთავარი სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 6 სექტემბერს 11:00 საათზე; შესაბამისად, მხარეს/წარმომადგენელს, წარმოეშვა სხდომაზე გამოცხადების ვალდებულება. პალატამ ასევე დასძინა, რომ მესამე აპელანტი პირადად გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე, პირველი და მეორე აპელანტების ინტერესებს კი, სხდომაზე წარმოადგენდა მათი რწმუნებული, რომელიც მისთვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადასა და ფარგლებში მოქმედებდა.
19. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეთა წარმომადგენელმა.
20. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
20.1. კასატორის მტკიცებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მას ჩაჰბარდა საფოსტო გზავნილი, რომელშიც მოთავსებული იყო 2018 წლის 8 ივნისის განჩინება ერთ-ერთი აპელანტის - მამკვიდრებლის მეუღლის უფლებამონაცვლის დადგენისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. კასატორი სადავოდ ხდის პირველი აპელანტის გარდაცვლილი მამის უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხს, კასატორის მტკიცებით, პირველი და მეოთხე აპელანტების ერთ მისამართზე ცხოვრება სასამართლოს არ უნდა მიეჩნია საკმარის მტკიცებულებად პირველი აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის.
20.2. კასატორი განმარტავს, რომ უფლებამონაცვლის დადგენისა და საქმის წარმოების განახლების განჩინებასთან ერთად, მას სასამართლო უწყებაც ჩაჰბარდა, რომლის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, 2018 წლის 06 სექტემბერს 11:00 საათისათვის განიხილავდა სამოქალაქო საქმეს, უწყების თანახმად აპელანტ მხარეს წარმოადგენდა მესამე აპელანტი და სხვები, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - პირველი აპელანტი და სხვები; საჩივრის ავტორის მითითებით ის არ იყო უწყებაში დასახელებული არც ერთი პირის წარმომადგენელი, რის გამოც მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეები კანონის მოთხოვნათა დაცვით არ გაფრთხილებულან სასამართლო სხდომის თაობაზე. კასატორმა ასევე დასძინა, რომ სასამართლო უწყება მის მარწმუნებლებს არ ჩაჰბარებიათ.
20.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რომელზედაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აპელანტთა წარმომადგენლის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული, ხოლო თავად მხარეები კი, არ იყვნენ გამოცხადებულნი, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება კი - დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
23. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა (გონივრულ ვადაში) სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
24. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით განსახილველ დავაზე დადგინდა მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლე, განახლდა საქმის წარმოება და საქმის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 6 სექტემბერს 11 საათზე. აღნიშნული განჩინება და სასამართლო უწყება (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები) გაეგზავნა და 2018 წლის 18 ივნისს (ამ ფაქტს კასატორი არ ხდის სადავოდ) პირადად ჩაჰბარდა მოწინააღმეგე მხარეთა წარმომადგენელს, თუმცა კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესატყვისად) ინფორმირებული მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხომაზე არ გამოცხადებულა. აპელანტთა წარმომადგენელმა სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
25. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
26. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
27. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უსაფუძვლობის სამტკიცებლად მიუთითებს რამდენიმე გარემოებაზე, რაზეც საკასაციო პალატა ამ განჩინების ფარგლებში თანმიმდევრულად იმსჯელებს და შეაფასებს:
27.1. კასატორის მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 6 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, კერძოდ, მიმდინარე დავაზე სააპელაციო სასამართლოს სხდომის დროს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხვა სამართალწარმოების პროცესში იღებდა მონაწილეობას. ცხადია, წარმომადგენლის სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, თუმცა ასეთ დროს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს წარმომადგენილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. ამასთანავე, დასაბუთებელი უნდა იყოს გარემოება, თუ რატომ არ შეეძლო წარმომადგენელს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე წინასწარ/გონივრულ ვადაში ეცნობებინა სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სხდომაში 2018 წლის 6 სექტემბერს მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, მან ამ გარემოების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა, მაშინ როდესაც ადრესატი თითქმის 2 თვით ადრე იყო ინფორმირებული სხდომის თარიღისა და დროის შესახებ (იხ. უკუგზავნილი, ს.ფ. 86, ტ.3) და მას თავისუფლად შეეძლო სასამართლოს წინაშე, მითითებული გარემოების (სხვა სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის) დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენით, ეშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე. საქმეზე გამორკვეულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ იკვეთება.
27.2. კასატორის შემდეგი პრეტენზია ისაა, რომ 2018 წლის 6 სექტემბრის სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა მის მარწმუნებლებს, ვინაიდან უწყება მხოლოდ მას ჩაჰბარდა. საკასაციო პალატა კასატორის ამ მსჯელობას ვერ გაიზიარებს. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70.1. მუხლის პირველი წინადადება, რომლის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი საკმარისად მიიჩნევს სასამართლო უწყების მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებას, და არ განსაზღვრავს სასამართლო უწყების როგორც მხარის წარმომადგენლის, ასევე მისი მარწმუნებლისათვის ჩაბარების სავალდებულოობას. საპროცესო წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებისას, სასამართლო შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მისი მარწმუნებლისთვისაც. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო უწყება ჩაჰბარდა რა მოწინააღმდეგე მხარეთა საპროცესო წარმომადგენელს, სწორედ მას ევალებოდა მისი მარწმუნებლის ინფორმირება სასამართლო სხდომის თაობაზეც. პროცესუალური სამართლებრივი ურთიერთობებისთვის კი, მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლისთვის უწყების ჩაბარება, ამავდროულად მისი მარწმუნებლების ინფორმირებასაც ადასტურებს. აქედან გამომდინარე, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ დაედება საფუძვლად.
27.3. დაუსაბუთებელია, კასატორის აპელირება უწყების შინაარსში დაშვებული ტექნიკური შეცდომის თაობაზეც. მართალია, უწყებაში მოწინააღმდეგე მხარეთა გრაფაში ნაცვლად მოპასუხეებისა, შეცდომით მითითებული არიან შეგებებული სარჩელის მოპასუხეები, თუმცა ამ უზუსტობას, პალატის განსჯით, არ შეეძლო გავლენა მოეხდინა მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლის მიერ უწყების შინაარსის აღქმაზე, კერძოდ, რომელ დავაზე და როდის იყო ვალდებული, გამოცხადებულიყო საქმის განხილვის ზეპირ სხდომაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელს უწყებასთან ერთად გაეგზავნა სასამართლოს განჩინებაც სხდომის დანიშვნის თაობაზე და, მეორეც, თავისთავად ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომამდე 5 წუთით ადრე აცნობა გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, ცხადყოფს, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო, თუ რომელი საქმის განხილვაში უნდა მიეღო მას მონაწილეობა 2018 წლის 6 სექტემბრს.
27.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას აპელანტთა წარმომადგენლის უფლებამოსილების ხარვეზის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, კასატორს განუმარტავს, რომ სასამართლო სხდომას პირდად ესწრებოდა მესამე აპელანტი, ხოლო რაც შეეხება პირველი და მეორე აპელანტების წარმომადგენლის უფლებამოსილებას, საქმეში დაცული მინდობილობები ცხადყოფს, რომ აპელანტთა წარმომადგენელმა სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. საქმეში დაცულია პირველი და მეორე აპელანტების მიერ სხდომაზე გამოცხადებული საერთო წარმომადგენლის მიმართ გაცემული 2017 წლის 20 ნოემბრისა და 6 დეკემბრის მინდობილობები (მოქმედების ვადა ერთი წელი), რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზიას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
27.5. კასატორი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში სადავოდ ხდის გარდაცვლილი აპელანტის (შეგებებული სარჩელის მეოთხე მოპასუხის) უფლებამონაცვლედ პირველი აპელანტის ცნობის საკითხსაც. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ კასატორს დასაბუთებული და გასაზიარებელი შედავება არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლომ კი, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 92.1 მუხლითა (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე) და სამემკვიდრეო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებით, სწორად განსაზღვრა მეოთხე აპელანტის უფლებამონაცვლე.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით. ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1-6 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები კი, ამართლებენ ვინდიკაციურ სარჩელს (172.1 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები)), რის გამოც პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
29. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის, ლ. შ–ძის ლ. შ–ძისა და ნ. შ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი