Facebook Twitter

№ას-630-2019 30 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ბ.მ.ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.კ.უ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვალი განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩჲნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს “ბ.მ.ი“ (შემდეგში მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, მფლობელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში, მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 45 470.66 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო, გაგა ყაფლანიშვილისთვის (შემდეგში სამართალდამრღვევი მძღოლი, მოსარგებლე, დასაქმებული) თანხის დაკისრების თაობაზე სასაჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა კასატორის მიერ მართვის მოწმობის არმქონე პირისთვის ავტომანქანის სამართავად გადაცემა კასატორის უხეშ გაუფრთხილებლობად. კასატორის მტკიცებით, სპეცტექნიკის სამართავად დანიშნულ პირს ევალებოდა სპეცტექნიკასთან მუშაობა, რაც არ გულისხმობდა, რომ კომპანიამ ის დანიშნა ტრანსპორტის სრულფასოვან მძღოლად.

2.2. კასატორის მითითებით, სამართალდამრღვევ მძღოლს მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ეკრძალებოდა კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამშენებლო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. კასატორის მტკიცებით, ტრანსპორტით მოსარგებლე მოქმედებდა თვითნებურად, ვინაიდან სპეცტექნიკა არ გადაადგილდებოდა საავტომობილო გზებზე და მისი გადაზიდვა ხდებოდა სხვა ტექნიკის საშუალებით. კასატორის მოსაზრებით, მძღოლის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე სამუშაოს დასრულების შემდეგ ის ტელეფონით ვერ დაუკავშირდა ხელმძღვანელ პირს, ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით მითითების მისაღებად, დასაქმებულს არ ანიჭებდა ტექნიკის გადაადგილების უფლებას, სასამართლომ კი კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარში აღწერილ ამ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2016 წლის 9 აგვისტოს, მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (სპეცტექნიკა „გრეიდერი“ სახელმწიფო ნომრით ….), რომელსაც მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული პირი მართავდა, შეეჯახა ტოიოტას მარკის სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით ……

5.2.2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.

5.2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილი დაზღვეული იყო მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში.

5.2.4. შეჯახებამ, რომელიც სამართალდარღვევად შეფასდა, ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია და იგი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ავტომობილის საბაზრო ღირებულება 32 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მზღვეველმა მიყენებული ზარალი დამზღვევს სრულად აუნაზღაურა. შპს "ს.კ. …-ის" მიერ დაზიანებული ავტომობილის ღირებულება 19 500 ლარით განისაზღვრა. დაზიანებული ავტომობილი სადაზღვევო კომპანიამ მესამე პირზე 31 582.14 ლარად გაასხვისა.

6. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 832.1 მუხლი (თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო, მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით), ასევე სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი) ზიანი), ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება (თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი(იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

7. სსკ-ის 832-ე მუხლის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია, თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (შდრ. სუსგ №ას-581-549-2011, 05.09.2012). თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის შესაბამისი სამართლებრივი ინტერესის რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობაზე.

8. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის მიმართ, დელიქტური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში დავაზე სწორი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, შემოწმდეს მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი სამართლის ნორმის წინაპირობების არსებობა.

9. განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომანქანა, შესაბამისად, სუბროგაციის საფუძველზე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მზღვეველზე გადავიდა. მოცემული დავის ფარგლებში სადავო არაა, რომ ზიანი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია, რომელსაც შემთხვევის დადგომის დროს მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული პირი მართავდა. გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა ცხადყოფს კასატორის იურიდიული პასუხისმგებლობის საფუძვლიანობას, სსკ-ის 999-ე მუხლის საფუძველზე.

10. სსკ-ის 999.1 მუხლი, ბრალეულობის მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობას აკისრებს მომეტებული საფრთხის წყაროს (სატრანსპორტო საშუალების) ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანისათვის. კონკრეტულ საქმეზე სადავო არაა, რომ ზიანი სწორედ კასატორის იურიდიულ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის ექსპლუატაციას მოჰყვა. სამოქალაქო კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელთა მიმართ, პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამინის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.) გამომდინარეობს. ნორმის მიზანია ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ შედეგებს. შესაბამისად, კასატორი, მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევის მიმართ მისი არაბრალეული ქმედებისა, პასუხისმგებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის.

11. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აქვე მოიხმოს სსკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. სსკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება, იურიდიულ მფლობელს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევისათვის, როცა მოსარგებლე მისი ნებისგან დამოუკიდებლად დაეუფლა სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა კანონმდებელი აქვე შემდგომი წინადადებების სახით პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას უპირისპირებს შემთხვევას, როდესაც იურიდიული მფლობელის ბრალით მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუფლება მოსარგებლის მხრიდან ან მოსარგებლე თავად იურიდიული მფლობელის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატატორი. შესაბამისად, მუხლის ამგვარი სტრუქტურირება იმაზე მეტყველებს, რომ იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ გამოირიცხება, თუ არ იქნება რეალიზებული ამავე ნორმის მეორე ან მესამე წინადადება. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ სწორედ სსკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადებაში დეკლარირებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან კასატორის საკუთრებაში რიცხული სპეცტექნიკით მოსარგებლე კასატორისგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაადგილდებოდა. აქედან გამომდინარე, იურიდიული მფლობელი სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის მესამე წინადადების შესაბამისად აგებს პასუხს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არაარსებითია მოპასუხის შესაგებელი იმის თაობაზე, რომ სამართალდამღვევ მძღოლს მასთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების თანახმად ეკრძალებოდა სპეცტექნიკით სამუშაო ადგილის (სამშენებლო ტერიტორიის) გარეთ გადაადგილება. აღნიშნული სახელშეკრულებო დათქმა შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ტრანსპორტის იურიდიული მფლობელისა და მძღოლის შიდა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში აღმოცენებული სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საქმეზე იკვეთება ტრანსპორტის იურიდიული მფლობელის მიერ სამართალდამღღვევი მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების ნამდვილი ნების საფუძველზე გადაცემა, ამ გადაცემის ფარგლებში წარმოშობილი ზიანის სამართლებრივ შედეგზე მესამე პირთა წინაშე, სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტრანსპორტის იურიდიულ მფლობელს, მისი ბრალეულობის მიუხედავად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ტრანსპორტის სხვა, მოსარგებლე პირისათვის გადაცემისას, ნივთის იურიდიული მფლობელია პასუხისმგებელი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანზე, ანუ მისი რისკის ქვეშაა მოსარგებლის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. ამასთან, მესამე პირების წინაშე იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელია ტრანსპორტის სამართალდამრღვევი მძღოლისათვის სარგებლობაში გადაცემა, მაშინაც კი, როდესაც მოსარგებლის შემდგომი ქმედებები ეწინააღმდეგება იურიდიული მფლობელის ნებას. განსახილველი დავის ფარგლებში სადავო არ ყოფილა სამართალდამრღვევი მძღოლისათვის ტრანსპორტის გადაცემის საკვანძო საკითხი, კასატორს კი, ამ დავის ფარგლებში არ მიუთითებია იმ დასაშვებ მტკიცებულებებსა და სამართლებრივად ვარგის გარემოებებზე, რაც მოპასუხის იურიდიულ პასუხისმგებლობას გააქარწყლებდა.

13. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე 1353-1273-2017, 30 მარტი, 2018 წელი).

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2274 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.ყ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2274 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 27.05.2019) 70% – 1591.80 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.მ.ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ბ.მ.ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.ყ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2274 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 27.05.2019) 70% – 1591.80 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი