Facebook Twitter

№ას-660-2019 29 მაისი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი (მოპასუხე) - სს „ს.რ–ა“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – გ.გ–ძე, თ.ჭ–ა

მეორე კასატორი (მოსარჩელე) - გ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ს.რ–ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს “ს.რ–ა“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი, პირველი კასატორი) და გ.გ–ძე (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, პირველი დასაქმებული, მეორე კასატორი) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე დავაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამუშაოზე აღადგინა მხოლოდ თ.ჭ–ა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, მეორე დასაქმებული), ხოლო პირველი მოსარჩელის ნაწილში ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც დამსაქმებელს 15 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა დასაქმებულის სასარგებლოდ.

2. პირველი კასატორის სამართლებრივი პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის განმარტებით, დამსაქმებელ დაწესებულებაში კომპანიის სამეწარმეო მიზნების შესატყვისად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები და სამი საშტატო ერთეული შემცირდა. შესაბამისად, კასატორის განსჯით, ვინაიდან მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ შემცირებას დაქვემდებარებულ საშტატო ერთეულებზე, მათთან მართლზომიერად შეწყდა შრომის ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 37.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კასატორი, საქართველოს კონსტიტუციის 30.3. მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საწარმოს უფლება აქვს, უარი თქვას ისეთი ადამიანური რესურსის შენარჩუნებაზე, რომლის შენარჩუნების აუცილებლობა არ გამომდინარეობს საწარმოს ეფექტური საქმიანობის მიზნებიდან.

2.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მეორე მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმდა და არც დღეის მდგომარეობით არსებობს.

2.3. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ისე აღადგინა მეორე მოსარჩელე ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე, რომ არ გაითვალისწინა ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული მაღალი თანამდებობრივი სარგო (500 ლარის ნაცვლად, 750 - ლარიანი ანაზღაურებით), რაც მიუთითებდა ამ საშტატო ერთეულსა და მეორე მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ საშტატო ერთეულებს შორის ფუნქციურ განსხვავებაზე. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ის გარემოება, რომ მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტში, ის თანამდებობა, რაზეც სასამართლომ აღადგინა მეორე მოსარჩელე, დაკავებული იყო სხვა დასაქმებულის მიერ და არ იყო ვაკანტური.

2.4. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად არ აღადგინა პირველი მოსარჩელე ადმინისტრატორის ტოლფას თანამდებობაზე. კასატორის მტკიცებით, მართალია, პირველი მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის (მთავარი სახაზო ადმინისტრატორის) მსგავსი თანამდებობა - ადმინისტრატორის პოზიცია საწარმოში არსებობს, თუმცა იგი ფუნქციურად კასატორის მიერ დაკავებული თანამდებობის ეკვივალენტური არ არის. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი მოსარჩელის სამსახურებრივ მოვალეობებში უპირატესად შედიოდა მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი. ადმინისტრატორის თანამდებობა კი, რომელსაც პირველი მოსარჩელე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასად მოიაზრებს, ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, შესაბამისად, ეს ორი სამუშაო ადგილი ერთმანეთის ტოლფასად არ შეიძლება შეფასდეს.

3. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

3.1. კასატორის მტკიცებით, ის სახაზო ადმინისტრატორის თანამდებობაზე ყოფნისას, სხვა არაერთ ფუნქციასთან ერთად კომპიუტერული და ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობასაც ითავსებდა, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, იგი სრულად აკმაყოფილებს ადმინისტრატორის თანამდებობისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3.2. კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრებას, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაცია უნდა შეესატყვისებოდეს დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისისა და იმავე წლის 24 მაისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

6.2.1. პირველი მოსარჩელე 2005 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე საზოგადოებაში/მის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე. დამსაქმებლის 18.11.2014 ბრძანებით, დასაქმებული გათავისუფლდა ოპერაციათა დეპარტამენტის, ინციდენტების აღრიცხვისა და ადმინისტრირების სამსახურის მთავარი სახაზო ადმინისტრატორის თანამდებობიდან. აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი მოსარჩელის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 800 ლარს შეადგენდა.

6.2.2. მეორე მოსარჩელე 1987 წლიდან 18.11.2014 წლამდე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში/მის ფილიალში, სხვადასხვა თანამდებობაზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 18.11.2014 ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა ოპერაციათა დეპარტამენტის, ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობიდან. მითითებულ თანამდებობაზე მეორე დასაქმებულის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 400 ლარს შეადგენდა.

6.2.3. დასაქმებულთა მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

6.2.4. დამსაქმებლის 2014 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული ბრძანებით, დასაქმებულები დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტისა და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

7. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

8. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) დაედო.

9. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (შდრ. სუსგ №ას-1444-1364-2017, 9.03.2018).

10. განსახილველ დავაზე, დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სამი საშტატო ერთეული, რომელთაგან ორ გაუქმებულ საშტატო ერთეულზე მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებული. მოპასუხე კომპანიამ დავის პროცესში მიუთითა საწარმოში სამუშაო ძალების შემცირების აუცილებლობაზე და საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად საკასაციო საჩივრის ფარგლებში კონსტიტუციის მოხმობით, განმარტა, რომ საწარმო ვალდებული არ იყო, შეენარჩუნებინა საწარმოს საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის არააუცილებელი ადამიანური რესურსი. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის ამ პოზიციას და აღნიშნავს, რომ მეწარმე სუბიექტის კონსტიტუციური უფლებაა, საკუთარი შეხედულებისამებრ, საწარმოს საუკეთესო ინტერესების შესატყვისად განსაზღვროს საკუთარი ბიზნესსაქმიანობის ეფექტურად წარსამართი ღონისძიებები, მათ შორის - გამოსაყენებელი ადამიანური რესურსის მოცულობა და ამა თუ იმ საშტატო ერთეულის არსებობა, დამსაქმებელი არაა შებოჭილი, ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური და რეორგანიზაციული ცვლილებებისას შეამციროს სამუშაო ძალა, რისი გამოხატულებაცაა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი, თუმცა, როდესაც კონკრეტულ საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირი რეორგანიზაციის საფუძვლით თავისუფლდება და დასაქმებული სადავოდ ხდის დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას/რეორგანიზაციის მართლზომიერებას, სასამართლოს შეფასების საგანი ხდება კანონშესაბამისი იყო თუ არა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. ამ მოცემულობის ფარგლებში სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იკვლევს საწარმოში განხორციელებული ტექნოლოგიურ და ორგანიზაციული ცვლილებების საფუძვლებს, იმ ეკონომიკური გარემოებების არსებობას, რაც ობიექტურად შესაძლოა, ამართლებდეს სამუშაო ძალის შემცირებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოში რეორგანიზაციის პროცესის თაობაზე მხოლოდ ცალკე აღებული ფაქტი, არ წარმოშობს დამსაქმებლის მართლზომიერად ქცევის პრეზუმფციას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების მსგავსად, დასაბუთებული და განსაზღვრადი უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების უპირობო აუცილებლობა.

11. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაპყრობს შრომით დავებში დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობაზე, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ №ას-483-457-2015, 7.10.2015). დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ორგანიზაციული ცვლილებების გამო, დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების, მათ შორის, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობა. განსახილველ დავაზე დამსაქმებელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც თვალსაჩინოს გახდიდა, თუ რა გარემოებებმა უბიძგა დამსაქმებელს საშტატო ერთეულების გაუქმებისკენ, საქმეში არაა წარმოდგენილი დამსაქმებელი საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ის ფინანსური ეფექტი, რაც რეოგანიზაციულმა ცვლილებებმა მოუტანა დამსაქმებელს, კასატორს არ აქვს წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაციაც, რა გარეშე ფაქტორებმა იქონია გავლენა საწარმოს შრომის პოლიტიკაზე იმგვარად, რომ 2014 წლის შესაბამისი პერიოდიდან საწარმოსთვის ფუნქციურად გამოუსადეგარი გახდა შესაბამისი საშტატო ერთეულები და აღარ საჭიროებდა ამ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა რესურსს. საკასაციო პალატის განსჯით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეორგანიზაციული ცვლილებები ნაკარნახებია არა ეკონომიკური პირობების, არამედ დამსაქმებელი საწარმოს განსავითარებლად სტრუქტურული ცვლილებებით, რისი თანამდევი პროცესიც, როგორც წესი, არის არაერთი საშტატო ერთეულის გაუქმება, ფუნქციური ცვლილება ან ახლის შემოღება, დასაქმებულის მიერ რეორგანიზაციის პროცესის კანონიერების შედავებისას, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ორგანიზაციაში საშტატო ერთეულის შემცირება საწარმოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სამართალწარმოების პროცესში საქმეში დაცული მტკიცებულებებით განსაზღვრადი უნდა იყოს, რომ საშტატო ერთეულის გაუქმება საწარმოს განსავითარებლად მიღებული გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგია. რეორგანიზაციული ცვლილებებზე გადაწყვეტილებების მიღებას წინ უნდა უსწრებდეს დამსაქმებელი ორგანიზაციის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება და სტრატეგიის განსაზღვრა, სადაც ფუნდამენტურად გაიწერება ორგანიზაციული ცვლილებების მიზანშეწონილება, გადაიხდება საკადრო პოლიტიკა ადამიანური რესურსების სწორად მართვის კუთხით და ა.შ. სასამართლოს წინაშე მხოლოდ განახლებული საშტატო ნუსხის წარმოდგენა არ წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მართლზომიერად გათავისუფლების ვარაუდისთვის საკმარის მტკიცებულებას. დამსაქმებელმა, როგორც სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაციით, ისე - დოკუმენტურად, წონადი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაასაბუთოს შტატების შემცირების გარდაუვალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებლის ქმედება აღქმული იქნება რეორგანიზაციული ცვლებების მოტივის გამოყენებით დასაქმებულის სამუშაოდან მიზანმიმართულად გათავისუფლების არამართლზომიერ შემთხვევად. განსახილველ დავაზე, დამსაქმებელს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ის სარწმუნო მტკიცებულებები, რომელიც რეოგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა, ამასთანავე, ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელეთა დასაქმების ისტორიას, რაც ცხადყოფს, რომ მოსარჩელეები დასაქმების დღიდან საწარმოში სხვადასხვა სამსახურში იკავებდნენ თანამდებობებს. საგულისხმოა, რომ დამსაქმებელს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია დასაქმებულთა კვალიფიკაცია, მათი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება დასაქმების პერიოდში, დასაქმებულთა მიმართ არ გამოყენებულა არც დისციპლინური სახდელები. საკასაციო პალატის განსჯით, რეორგანიზაციის პროცესში, თუკი დამსაქმებელი საწარმოს წინაშე დასმული ამოცანებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკადრო ცვლილებებს, ამა თუ იმ საშტატო ერთეულის გაუქმებას, დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს იმ დასაქმებულთა შენარჩუნებაზე, რომლებიც დასაქმების პერიოდში კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებდნენ დაკისრებულ სამსახურებრივ ამოცანებს და დასაქმებულთა პროფესიული შესაძლებლობების ფარგლებში მათ შესთავაზოს საწარმოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე გადაყვანა, მით უფრო, თუკი დასაქმების ისტორია ცხადყოფს, რომ დამსაქმებელს წარსულშიც მიუმართავს მსგავსი ღონისძიებებისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში, არც სამუშაო ძალის შენარჩუნების შეუძლებლობის თაობაზე არ წარმოუდგენია დამსაქმებელს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

12. საბოლოოდ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ, მან ვერ დაამტკიცა, რომ ორგანიზაციული ცვლილებები მას აყენებდა დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობის წინაშე. აღნიშნული კი, გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, მეორე მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, ასევე მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობაზე სხვა პირის დასაქმების თაობაზე კასატორის მტკიცებასაც. მითითებულ საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ საწამოში რეორგანიზაციამდე ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის ორი საშტატო ერთეული იყო განსაზღვრული სხვადასხვა, 500 და 750 - ლარიანი თანამდებობრივი სარგოებით, დამსაქმებელმა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს წინაშე ვერ დაასაბუთა ერთსა და იმავე დასახელების თანამდებობისათვის განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა თუ ფუნქცია/ამოცანათა დაკისრება, კასატორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაოს აღწერილობა, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შეედარებინა ერთი და იმავე სახელწოდების თანამდებობებისთვის განსაზღვრული ფუნქცია/ამოცანებისა და შესაბამისი ადგილისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მსგავსება-განსხვავებულობა. საკასაციო პალატა განმარატავს, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი, რეორგანიზაციის შემდგომი საშტატო ნუსხა ითვალისწინებს ტექნიკური სპეციალისტის შტატს, რომლის მეორე მოსარჩელის მიერ რეოგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად განსაზღვრის საწინააღმდეგო მტკიცებულება დამსაქმებელს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობა მეორე მოსარჩელის მიერ სამსახურიდან დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, იმის თაობაზე, რომ ტოლფას თანამდებობად მიჩნეულ საშტატო ერთეულზე სხვა პირი იყო დასაქმებული, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დამსაქმებელს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია საშტატო განრიგში მითითებულ შესაძლო ტოლფას თანამდებობაზე სხვა პირის დასაქმების თაობაზე. უფრო მეტიც, მუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, აქტიურად განიხილებოდა ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობის მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასად მიჩნევა-არმიჩნევის საკითხი, დამსაქმებელს იმთავითვე არ მიუთითებია ამ თანამდებობის დაკავების თაობაზე, რისი უტყუარად დადასტურებაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე მოსარჩელის ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველი ფაქტი, რომელსაც ასაბუთებს კასატორი, გამყარებული უნდა იყოს სარწმუნო მტკიცებულებებით. მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება მის წილ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ დამსაქმებლის მსჯელობის გაზიარების საფუძველს.

14. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, მეორე კასატორის სამართლებრივი პრეტენზიაც. მეორე კასატორი სადავოდ ხდის როგორც ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაცვლად მისთვის კომპენსაციის დაკისრებას, ისე - უშუალოდ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობასაც.

15. საკასაციო პალატა, საქმის გარემოებებისა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ვითარება და დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა.

16. საკასაციო პალატის განმარტებით, სამუშაოზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნა, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება დამსაქმელის არამართლზომიერი ქმედება, უპირველესად, უნდა შეფასდეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტით. მითითებული ნორმის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). ამდენად, შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის საშტატო ერთეული, რომელზეც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) უკავშირებს.

17. კონკრეტულ შემთვევაში, რეორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, დამსაქმებელ კომპანიაში აღარ არსებობს დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებული საშტატო ერთეული - მთავარი სახაზო ადმინისტრატორის თანამდებობა, შესაბამისად, სამართალწარმოების დღის წესრიგში დადგა დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საკითხის გამორკვევა. დასაქმებული მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად ადმინისტრატორის თანამდებობას მიიჩნევს. დამსაქმებელს საქმეზე წარმოდგენილი აქვს როგორც მთავარი სახაზო ადმინისტრატორის, ისე - ადმინისტრატორის სამუშაო აღწერილობა. საკასაციო პალატის განსჯით, მითითებულ დოკუმენტაციათა შესწავლა ადმინისტრატორისა და მთავარი სახაზო ადმინისტრატორის თანამდებობების ფუნქციური განსხვავებულობის თაობაზე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ქმნის.

18. მთავარი სახაზო ადმინისტრატორის სამუშაო აღწერილობიდან ირკვევა, რომ მთავარი სახაზო ადმინისტრატორის თანამდებობა ადმინისტრატორთან შედარებით უფრო მრავალფუნქციურ თანამდებობას წარმოადგენდა. ამ საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის ფუნქცია/მოვალეობებში შედიოდა, როგორც კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (რაც ადმინისტრატორის თანამდებობაზე დასაქმებული პირის ძირითადი ამოცანაა), ისე კომპიუტერული და ქსელური სისტემების გამართულად მუშაობაზე მონიტორინგი, მისდამი დაქვემდებარებული საშტატო ერთეულების მუშაობის კოორდინირება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კოტროლი. საკასაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრატორის თანამდებობა, დასაქმებულის მიერ დაკავებულის არა ტოლფას, არამედ როგორც ფუნქციურად, ისე - თანამდებობრივი სარგოს თვალსაზრისით (მთავარი სახაზო ადმინისტრატორის ხელფასს 1000 ლარი, ხოლო ადმინისტრატორის ხელფასს 750 ლარი შეადგენდა), უფრო დაბალ თანამდებობას წარმოადგენდა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა კი, ითვალისწინებს დასაქმებულის აღდგენას, არა ნებისმიერ მსგავს ვაკანტურ თანამდებობაზე (თუნდაც წარსულში დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალ თანამდებობაზე), არამედ მხოლოდ ტოლფას თანამდებობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელ საწარმოში რეორგანიზაციის შემდგომ აღარ არსებობს, მეორე კასატორის მიერ დაკავებული თანამდებობის ანალოგი, რაც არამართლზომიერად გათავისუფლებული დასაქმებულისათვის შრომითი კომპენსაციის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველია.

19. პირველი მოსარჩელე სადავოდ ხდის მისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობასაც და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაცია უნდა შეესატყვისებოდეს დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდს.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს, მისი განსაზღვრის დისკრეცია სრულად სასამართლოს აქვს მინდობილი, რა დროსაც სასამართლომ სხვადასხვა ფაქტორის (შესაძლო მატერიალური და მორალური ზიანი, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ.) გათვალისწინებით, უნდა მიაკუთვნოს სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურება.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამსაქმებელს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტის შეფასებისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს ზემოთ მითითებულ ფაქტორებს. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პირველი მოსარჩელის პროფესიულ კვალიფიკაციას, და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელ დასაქმების პერსპექტივას. დასაქმებულის სასარჩელო განცხადებიდანვე ირკვევა, რომ ის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კადრია, დასაქმებული „ბიზნესის ადმინისტრირება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“ ფლობს მაგისტრის ხარისხს. საკასაციო პალატა გაეცნო რა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ყოველწლიური შრომის ბაზრის კვლევის შედეგებს (იხ. http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Default.aspx), მიიჩნევს, რომ შრომის ბაზარზე დასაქმების მაჩვენებლები, მათ შორის - ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, დასაქმებულის ასაკი, სქესი და თითქმის 10 - წლიანი სამუშაო გამოცდილება, ერთობლიობაში ცხადყოფს კასატორის გონივრულ ვადაში დასაქმების პერსპექტივას, რისი გათვალისწინებითაც, 15 000 ლარის კომპენსაცია, უნდა ჩაითვალოს დასაქმებულისათვის დამსაქმებლის უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის კომპენსირებისათვის თანაზომიერ ოდენობად.

21. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე N ას-395-2019, 27 ივნისი 2019 წელი, საქმე N ას-1611-2018, 26 თებერვალი, 2019 წელი).

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - პირველ კასატორს - 1730 ლარი, ხოლო მეორე კასატორს 300 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1730 ლარის (საგადახდო დავალება 21816, გადახდის თარიღი 05.03.2019) 70% – 1211 ლარი და 300 ლარის (საგადახდო დავალება 32, გადახდის თარიღი 15.05.2019) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.რ–ას“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1730 ლარის (საგადახდო დავალება 21816, გადახდის თარიღი 05.03.2019) 70% – 1211 ლარი;

3. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. გ.გ–ძეს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 32, გადახდის თარიღი 15.05.2019) 70% – 210 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი