Facebook Twitter

№ას-675-675-2018 8 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) – ა.ტ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.კ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა.ტ–ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან კასატორი) ცოლ-შვილთან ერთად (ხუთი სული), ქ. თბილისში, ….., რ.ტ–ის სახელზე საკუთრებით აღრიცხული ბინიდან სარგებლობის უფლებით გამოეყო საცხოვრებელი ფართი (მეორე სართულზე N5 საცხოვრებელი 25.00 კვ.მ ოთახი, N6 25.00 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, N4 27.5 კვ.მ შემინული აივანი, პირველ სართულზე N2 ოთახი საცხოვრებელი ფართით 25.00 კვ.მ, პირველ სართულზე ამ ოთახის პირდაპირ მდებარე შემინული აივნიდან ოთახის სიგრძის ფართი ტიხრის მოწყობით (50*250), რომელსაც დღემდე ფლობს.

2. 05.01.2007 წლიდან ქ. თბილისში, ..... ქუჩის პირველი შესახვევის N2-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1700 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საცხოვრებელი სახლი N2, N3, საცხოვრებელი ფართი -155.10 კვ.მ, დამხმარე ფართი - 84.34 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 231.89 კვ.მ) რეგისტრირებული იყო რ.ტ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) საკუთრების უფლებით (უფლების დამდგენი დოკუმენტი - ....ის საკრებულოს მიერ 2006 წლის 27 დეკემბერს გაცემული ცნობა N418), რომელსაც იგი დღემდე ფლობს.

3. 2015 წლის 23 იანვრიდან კი, მითითებული უძრავი ქონება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, ი.კ–ძის (შემდეგში -მოსარჩელე, აპელანტი) საკუთრებაა. ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყდა აღსრულების პოლიციის 2016 წლის 17 მარტის განკარგულებით.

4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, 2016 წლის 21 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მისთვის გადაცემის მოთხოვნით.

5. მოპასუხეებმა წარდგენილ შესაგებელში აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა სადავო მისამართზე მდებარე ქონების მხოლოდ ნაწილი, შესაბამისად, ისინი თანახმა არიან, გამოათავისუფლონ მხოლოდ ეს ნაწილი. რაც შეეხება დანარჩენ ფართს, მასზე სარგებლობის უფლება პირველ მოპასუხეს მოპოვებული აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ის და მისი ოჯახი ამ ფართის მართლზომიერი მფლობელები არიან.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა;

- ქ. თბილისში, ...... ქუჩის პირველი შესახვევის N2-ში (ს/კ №......) მდებარე უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს;

- სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ....... ქუჩის პირველი შესახვევის N2-ში მდებარე უძრავი ქონება, გარდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაცემული ფართებისა.

6.1. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის)160-ე, 162-ე, 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა; სადავო ქონების ნაწილზე კი, მოსარჩელის უფლება შეზღუდული იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით. პირველი მოპასუხე მართლზომიერად ფლობდა სადავო ფართს. შესაბამისად, სარჩელი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოყოფილი ფართიდან პირველი მოპასუხის გამოსახლების თაობაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა;

- უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

8.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი მოპასუხე ამჟამად ცხოვრობდა მოსარჩელის რეგისტრირებულ საკუთრებაში და მიიჩნევდა, რომ სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი იყო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ ვითარებაში კი, მოსარჩელეს, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, ედავა საკუთრების უფლების თავისუფლად რეალიზაციაზე და არ დაეშვა მისი უსაფუძვლოდ შეზღუდვა. პალატის დასკვნით, სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ქონებაზე მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობას არ ადასტურებდა, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სადავო ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე, რომლის მესაკუთრეობის პერიოდში უძრავ ქონებაზე შეზღუდული უფლება პირველი მოპასუხის სასარგებლოდ არ დარეგისტრირებულა და დღემდე ასეთი არ არსებობდა. პალატის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილებით მოწესრიგებულია პირველ მოპასუხესა და მის მშობელს შორის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის განაწილების შესახებ საკითხი, რომელი უფლებაც ქონების განკარგვით, ახალ მესაკუთრეზე არ გადასულა. ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილება ვერ მიიჩნეოდა სადავო ქონების პირველი მოპასუხის სასარგებლოდ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ, თითქოს, მეორე მოპასუხის მიერ დაკავებული ფართის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რაც არასწორია. აღნიშნული უტყუარად დასტურდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირველი მოპასუხისათვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილი ფართი განსახილველი საქმის დავის საგანი არ იყო და მას და მის ოჯახს სხვა საცხოვრებელი აქვთ. საქმეში წარდგენილია საინფორმაციო ბარათი, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ პირველი მოპასუხის საცხოვრებელი მისამართი დღემდე არასოდეს არ შეცვლილა და მისი ოჯახი 1989 წლის გადაწყვეტილებით გამოყოფილ ფართს დღემდე უწყვეტად ფლობს. მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხულია მხოლოდ 155 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 84 კვ.მ დამხმარე ფართი და 231 კვ.მ სამეურნეო ფართი. საქმეში წარდგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად კი, რეალურად არსებული ფართი მნიშვნელოვნად აღემატება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტების არასწორად შეფასებისა და მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად განმარტების თაობაზე კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

12. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), რომლის თანახმადაც, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მფლობელობის ფაქტს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს სარგებლობის უფლება მიენიჭა და რომელ ქონებასაც დღემდე ფლობს, მოსარჩელის მიერ აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების ნაწილია. არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის პრეტენზია, რომ მოპასუხისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარგებლობაში გადაცემულ ფართსა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მითითებულ ქონებათა იდენტურობა დასტურდება თვით გადაწყვეტილებით,მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათითა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, კერძოდ, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოპასუხე 18.12.1980 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. თბილისი, ...... შესახვევი, N2. აღსანიშნავია, რომ სადავო უძრავი ქონების მისამართი რეგისტრაციის მომენტში იყო ს. ..... 1989 წლის გადაწყვეტილებაშიც აღნიშნული მისამართია მითითებული. მოგვიანებით, როგორც საინფორმაციო ბარათით ირკვევა, ეს მისამართი დაზუსტდა. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელე გადაწყვეტილების მიღების დროს ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო სწორედ იმ მისამართზე, სადაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარეობს, რაც გამორიცხავს მოსარჩელის პრეტენზიას სადავო ქონების გადაწყვეტილებაში მითითებული ქონების იდენტიფიკაციის შეუძლებლობის თაობაზე.

14. რაც შეეხება მფლობელობის მართლზომიერებას, პირველი მოპასუხის განმარტებით, იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს სადავო ქონებას, ამიტომ მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს.

15. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს პირველი მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის არამართლზომიერად ფლობის შესახებ და განმარტავს, რომ მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში (იხ. სუსგ №ას-1574-2019, 28.04. 2020 წელი).

16. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს მიენიჭა სადავო ფართის მფლობელობის უფლება. სადავო ქონების მესაკუთრე შეიცვალა და ამჟამად ქონება მოსარჩელის საკუთრებაა. შესაბამისად, გასარკვევია ახალ მესაკუთრის უფლებამოსილება, სადავო გახადოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხისათვის მინიჭებული მფლობელობის უფლება.

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ყოფილი მესაკუთრის უფლებამონაცვლეა, შესაბამისად, სადავო ქონებაზე პირველი მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობას სასამართლო ხელახლა ვერ შეამოწმებს და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ვერ გადასინჯავს სსსკ-ის 266-ე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი) მუხლიდან გამომდინარე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი როგორც საქმეში მონაწილე პირებს, ასევე სასამართლოს ეხება.

18. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილებით მოწესრიგებულია პირველ მოპასუხესა და მის მშობელს შორის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის განაწილების შესახებ საკითხი, რომელი უფლებაც ქონების განკარგვით, ახალ მესაკუთრეზე არ გადასულა.

პალატა განმარტავს, რომ ნივთის ფლობის სანივთო უფლება, აბსოლუტური უფლებაა (ნივთზე ბატონობის სანივთო უფლება აბსოლუტურ უფლებებს განეკუთვნება (იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ.100) და, შესაბამისად, მოქმედებს ყველას მიმართ, განსხვავებით ფარდობითი უფლებებისაგან, რომელიც არსებობს ორ ან რამდენიმე პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, მიმართულია მხოლოდ კონკრეტული პირის/პირთა წინააღმდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მფლობელის ფარდობითი (ვალდებულებითი) უფლებაც კი, კანონმდებელმა სანივთო უფლების მფლობელის უფლებას გაუტოლა - დამქირავებელი და მოიჯარე დაცულია მიწის მესაკუთრის უფლებამონაცვლეთა მოთხოვნებისგან (სსკ-ის 572-ე და 581.2 მუხლები) (შდრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 172, http://www.gccc.ge).

19. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სანივთო ფლობის უფლებაა დადგენილი (აბსოლუტური უფლება, ძირითადად, მყარდება, სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, რელატიური კი, ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე). ამასთან, მფლობელობა განსაზღვრული ვადით არ დადგენილა. შესაბამისად, ნივთის განკარგვის შედეგად, მფლობელს (პირველ მოპასუხეს) შეუძლია, მესამე პირს (მოსარჩელეს) წაუყენოს ნივთის ფლობის შესაგებელი.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უძრავი ქონების შეძენით დაიკავა ყოფილი მესაკუთრის ადგილი, შესაბამისად, ამ ქონების ახალი მესაკუთრე მოცემულ დავაში ძველი მესაკუთრის უფლებამონაცვლედ მიიჩნევა სსსკ-ის 266-ე მუხლის მიზნებისათვის. ამდენად, მოსარჩელე გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალის კანონით განსაზღვრულ სუბიექტურ ფარგლებში ექცევა და არ შეუძლია სადავო გახადოს პირველი მოპასუხის უფლება ისარგებლოს შესაბამისი უძრავი ქონებით.

21. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ უძრავ ქონებაზე მფლობელობის უფლება პირველი მოპასუხის სასარგებლოდ არ დარეგისტრირებულა, პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დადგენილი უფლება რეგისტრაციასავალდებულო არ იყო. ამასთან, ასეც რომც ყოფილიყო, მისი დაურეგისტრირებლობა სამართლებრივ სურათს არ ცვლის, ვინაიდან როგორც აღინიშნა, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ნამდვილობა გამორიცხავს მომავალში მისი გაქარწყლების შესაძლებლობას სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე.

22. ამდენად, მართალია, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა საკუთრების თავისუფლად ფლობისა და სარგებლობის უფლება მოცემულია კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში. პირველი მოპასუხე ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას მართლზომიერად ახორციელებს, სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად კი, დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის წარუმატებლობას სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობის - არამართლზომიერი მფლობელობის არარსებობა განაპირობებს.

23. საკასაციო სასამართლო კასატორის მფლობელობის მართლზომიერების თვალსაზრისით ყურადღებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაზეც გაამახვილებს. ევროსასამართლოს განმარტებით, „მფლობელობის“ ცნებას N1 დამატებითი ოქმის პირველი პუნქტის პირველი ნაწილის კონტექსტში ავტონომიური მნიშვნელობა აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მართლზომიერი მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის N1 დამატებითი ოქმის N1 მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნევს (იხ. საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, /განაცხადი №18768/05/).

24. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 55.1-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა.ტ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი.კ–ძის სარჩელი ა.ტ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ა.ტ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ქ. თბილისი, ..... ქუჩის პირველი შესახვევი, N2-ში მდებარე უძრავი ქონება, გარდა გარდაბნის რაიონის სახალხო სასამართლოს 31/07/1989 წლის გადაწყვეტილებით ა.ტ–ისათვის სარგებლობაში გადაცემული შემდეგი ფართისა: მე-2 სართულზე მდებარე N5 საცხოვრებელი ოთახი 25.00 კვ.მ., N6 საცხოვრებელი ოთახი 25.00 კვ.მ., N4 შემინული აივანი 27.5 კვ.მ., პირველ სართულზე N2 საცხოვრებელი ოთახი 25.00 კვ.მ., პირველ სართულზე გამოყოფილი ოთახის პირდაპირ მდებარე შემინულ აივანში მოწყობილი დამხმარე ფართი(5,0X2,50);

5. ი.კ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200133900, სახაზინო კოდი 300773150.

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი