Facebook Twitter

№ას-751-751-2018 15 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) – მ.შ–ძე

წარმომადგენელი - ნ.კ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ–ი, ა.გ–ძე

წარმომადგენელი - გ.ძ–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისში, ....... ქუჩა №22-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ......) მ.მ–ისა და ა.გ–ძის (შემდეგში - მოსარჩელეები, აპელანტები) თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მომიჯნავედ - ....... ქუჩა №24-ში, მ.შ–ძემ (შემდეგში - მშენებელი, მოპასუხე, კასატორი) ძველი შენობა დაანგრია და 5-სართულიანი შენობა ააშენა.

2. მშენებლობისას (2015 წლიდან) მოსარჩელეთა შენობა მნიშვნელოვნად დეფორმირდა, წარმოიქმნა ახალი ბზარები და სახლის ნგრევა დღემდე გრძელდება.

3. 2016 წლის 3 თებერვალს მოსარჩეელებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედებიდან გამომდინარე თავიანთ საკუთრებაში რიცხული ქონებისათვის მიყენებული ზიანის - 61198.63 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.

4. მოსარჩელეთა მტკიცებით, მშენებლობის დაწყებამდე მათ ჰქონდათ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაგეგმილი მშენებლობა (მათ შორის, ქვაბულის მოწყობა) შენობაზე ბზარების გაზრდასა და შენობის დეფორმაციას გამოიწვევდა. აღნიშნულის გამო, მშენებლობის დაწყებამდე მოპასუხეს კონკრეტული გამაგრებითი სამუშაოები უნდა შეესრულებინა, მშენებლობისას კი, მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე მუდმივი დაკვირვება უნდა უზრუნველეყო და უსაფრთხო მშენებლობისათვის სავალდებულო რეკომენდაციები დაეცვა, ხოლო დეფორმაციის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ უგულებელყო მშენებლობის ნორმები, რის შედეგადაც მოსარჩელეთა შენობა დეფორმირდა, მოიმატა ბზარებმა. ექსპერტის შეფასებით, ზიანის ოდენობა 61198.63 ლარია.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: მოსარჩელეთა უძრავი ქონება მოპასუხის მიერ მშენებლობის დაწყებამდე იყო დაზიანებული ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, რასაც მომიჯნავე მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. ძველი სახლის დემონტაჟი განხორციელდა ხელით, მექანიზმების გამოყენების გარეშე, ქვაბულიც, ძირითადად, ხელით ამოიღეს. მოპასუხემ წინასამშენებლო და სამშენებლო სამუშაო შეასრულა სამშენებლო წესების იმდაგვარი დაცვით, რომ ზეგავლენა არ მოეხდინა მოსარჩელეების კუთვნილ ქონებაზე. ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, მოთხოვნილი ზიანი ბევრად მეტია, ვიდრე შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის რეალურად საჭირო თანხა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა უძრავი ქონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცევლი იყო მოპასუხის მხრიდან სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე. სასამართლოს განსჯით, საქმეზე არ გამოიკვეთა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. საქმეში არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დაწყების მართლზომიერებას. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბოლო დასკვნით, მოსარჩელის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება დაზიანების ხარისხის მატებით დადასტურდა, მაგრამ უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებისა და მშენებლობის შედეგი იყო, მტკიცებულებათა ერთობლიობიდან არ გამომდინარეობდა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 61198.63 ლარის გადახდა.

8.1. სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის შეფასებისას შპს „ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს“ N214 დასკვნით იხელმძღვანელა და დასძინა, რომ მითითებული დასკვნა საქმეში მანამდე არსებული ექსპერტიზის დასკვნების შეფასებას წარმოადგენდა. ამ დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ....... ქ.N22-ში მდებარე ორი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა 2015 წლის ბოლოსთვის, შენობების ხანდაზმულობისა და გარკვეული კონსტრუქციული პრობლემების მიუხედავად, დამაკმაყოფილებელი იყო. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ, შეუსრულებლობამ და მშენებლობის გაგრძელებამ გამოიწვია საცხოვრებელი სახლების დაზიანება. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ცალსახად იკვეთებოდა მიზეზობრივი კავშირი მშენებლობის პროცესსა და ზიანს შორის.

8.2. საბოლოოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატამ დაასკვნა, რომ ვლინდებოდა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა: ზიანი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

8.3. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, რომლითაც ირკვეოდა, რომ საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებზე გასაწევი ხარჯი საორიენტაციოდ 61198.63 ლარი იყო. პალატის მითითებით, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ იყო.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

9.1. სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება, რომ მოსარჩელეს საქმეზე წარდგენილი არ ჰქონდა სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არგუმენტაცია. მოპასუხეს რაიმე მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება არ ჩაუდენია. არც სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, მოპასუხის რომელი ქმედება მიიჩნია მართლსაწინააღმდეგოდ და რომელი სამართლებრივი დანაწესი დაარღვია მან. ამასთან, არ დგინდება არც მიზეზობრიობა მოპასუხის ქმედებასა და ზიანს შორის, კერძოდ, სსკ-ის 412-ე მუხლი განამტკიცებს ადეკვატური მიზეზობრიობის თეორიას, ანუ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი და პირდაპირი შედეგია. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი მიზეზობრიობა არ არსებობს.

9.2. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეში დაცული არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უთითებდა მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხული ქონების დაზიანების ფაქტს, ჯერ კიდევ მოპასუხის მიერ მშენებლობის დაწყებამდე.

9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო და საქმეს დაურთო ახალი მტკიცებულება, ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდგომ არის მომზადებული და წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ის დაუშვებლად უნდა ეცნო, პალატამ კი, მასზე დაყრდნობით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

9.4. საქმეში წარდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ მძიმე ტექნიკის გამოყენება იწვევდა რხევებს, რამაც დააზიანა მოსარჩელეთა უძრავი ქონება. კასატორის მითითებით, მოსარჩელეთა კუთვნილ შენობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, მან მშენებლობის ადგილზე ძველი სახლი მექანიზმების გამოყენების გარეშე დაანგრია და ქვაბულიც ამოიღო ძირითადად ხელით. შენობის დაშლისას მოსაზღვრე ნაკვეთებთან შენარჩუნდა შენობის გრძივი კედლები, რათა მშენებლობის პროცესს უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა მოსაზღვრე შენობებზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოსარჩელეთა მოთხოვნა მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაა. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

13. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი).

14. კასატორის პირველი პრეტენზია ისაა, რომ მას მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, კერძოდ, არცერთი სამართლებრივი დანაწესი არ დაურღვევია და არც სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია ასეთზე.

14.1. პალატა განმარტავს, რომ „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (იხ. სუსგ №ას-332-317-2016; 09.12.2016). ამდენად, მართლზომიერი ქმედება გულისხმობს არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას, როგორც ამას კასატორი მოიაზრებს, არამედ ზოგად მოვალეობათა დაცვასაც, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ივარაუდება (იხ. სუსგ ას-40-37-2015 24.12.2015), ამასთან, შედეგის მართლწინააღმდეგობისაგან განსხვავებით, როდესაც მართლწინააღმდეგობას განაპირობებს აბსოლუტური უფლების უშუალო დარღვევა, გულისხმიერების სტანდარტის დარღვევის საფუძველზე ქმედების მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის განმსაზღვრელია ზიანის მიმყენებლის ვალდებულების ფარგლები - სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებების გათვალისწინებით, შეესრულებინა ან თავი შეეკავებინა გარკვეული მოქმედებისაგან, რათა თავიდან აეცილებინა ზიანი (იხ. სუსგ №ას-1037-995-2014, 19.06.2015).

14.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოიხატა, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საკუთრების უფლების ხელყოფად კვალიფიცირდება, რამდენადაც ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (მაგ. დაზიანება, განადგურება) საკუთრების უფლების დარღვევად მიიჩნევა სსკ-ის 992-ე მუხლის გაგებით. სხვისი საკუთრების დაზიანება, როგორც აბსოლუტურად დაცული სიკეთის ხელყოფა, შედეგის მართლწინააღმდეგობიდან გამომდინარე, როგორც აღინიშნა, თავისთავად მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების ჩამდენმა პირმა უნდა ამტკიცოს თავისი მოქმედების მართლზომიერება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ქმედების მართწინააღმდეგობას მოსარჩელის მხრიდან ცალკე მტკიცება არ სჭირდება.

14.3. ასეც რომ არ იყოს, და თავად ქმედება (და არა შედეგი) შევაფასოთ მართლწინააღმდეგობის თვალსაზრისით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის ქმედება მაინც მართლსაწინააღმდეგოა, რამდენადაც მან დაარღვია ვალდებულება, რომელიც ეკისრებოდა სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით (2009 წლის 24 მარტი) (შემდეგში - დადგენილება), კერძოდ, მოპასუხეს ევალებოდა უზრუნველეყო ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოერიცხა მოსაზღვრე შენობის კონსტრუქციის დეფორმაცია და დაზიანება. მას უნდა გაეტარებინა სპეციალური ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა მომიჯნავე შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას (დადგენილების 35-ე მუხლი). ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა კი, პირდაპირ მიუთითებს მართლწინააღმდეგობაზე და, სხვა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, იწვევს დამრღვევის დელიქტურ პასუხისმგებლობას.

14.4. ამასთან, ამგვარი ვალდებულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რომც არ ყოფილიყო გათვალისწინებული, ზოგადი წინდახედულობის ვალდებულების დარღვევის გამო (გაუფრთხილებლობა) მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაინც იარსებებდა (იხ. პუნქტი 14.1). გაუფრთხილებლად იქცევა ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ გულისხმიერებას. გაუფრთხილებლობა, როგორც დელიქტი, არის სამართლით დაკისრებული გულისხმიერების ვალდებულების დარღვევა, რომლის შედეგად დაზარალებულს წარმოეშვა ზიანი. გულისხმიერების ვალდებულების სტანდარტი კი შემდეგია - რისკი უნდა მართოს მან, ვისი კონტროლის სფეროშიც არის რისკის წარმოშობის წყარო და, შესაბამისად, ყველაზე მეტად ხელეწიფება ამ რისკის მართვა. ამდენად, ასეთ ვითარებაში შესაფასებელია, მოპასუხე მოქმედებდა თუ არა სათანადო გულისხმიერებით და შეეძლო თუ არა, თავიდან აეცილებინა მოსაზღვრე შენობის დაზიანება.

14.5. მოცემულ შემთხვევაში, მშენებლობა რომ საფრთხის შემცველი იყო მოპასუხემ წინმსწრებად იცოდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.10.2015 წლის დასკვნის (შემდეგში - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, „სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოწვეულმა ვიბრაციებმა, ქვაბულის მოწყობამ, შესაძლოა, საკვლევ შენობაზე არსებული დეფორმაციების გაზრდა გამოიწვიოს“, რაც, სამხარაულის ექსპერტიზის შემდგომი (14.01.2016 წლის) დასკვნის თანახმად, რეალიზდა კიდეც. ამასთან, ამ უკანასკნელ დასკვნაში კვლავ არის მითითებული სამომავლო ზიანის საფრთხეზე - „მომიჯნავედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლებელია საკვლევ შენობაზე დეფორმაციების გაზრდა გამოიწვიოს“.

14.6. მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებითვეა განსაზღვრული ის საჭირო ქმედებები, რომელთა გატარებაც მოპასუხეს მოსაზღვრე შენობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად შეეძლო და ევალებოდა კიდეც:

თავად მშენებლის დაკვეთით 2015 წლის ივლისში ჩატარებული კონსტრუქციული დასკვნის (შემსრულებელი შპს „გ–ი“) თანახმად, ამ უკანასკნელს საპროექტო შენობის კარკასის ღერძების არსებული ორი მომიჯნავე შენობიდან ერთი მეტრით შეწევის რეკომენდაცია მიეცა, რათა თავიდან აცილებულიყო რაიმე სახის შეხება მათ საძირკველთან და დაფუძნების გრუნტთან (იხ. ტ.I, ს.ფ. 23). ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით კი დგინდება, რომ ექსპერტის ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა (ტ.I, ს.ფ. 359). ამავე წლის უკვე ნოემბერში მშენებლის დაკვეთით ჩატარებული დასკვნის (შემსრულებელი შპს „მ–ი“, ტ. I, ს.ფ. 94) მიხედვით, „თუ შენობათა საძირკვლები განლაგებული ერთმანეთის სიახლოვეს ეწყობა განსხვავებული ჩაღრმავებით, მაშინ აუცილებელია მეზობელი საძირკვლების ძირის უახლოესი წერტილების შემაერთებელი წრფის დახრა არ აღემატებოდეს გრუნტის შიდა ხახუნის კუთხის მნიშვნელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს გაძლიერებითი ხასიათის ღონისძიებები: შპუნტური კედელი, ხიმინჯები და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირობა არ კმაყოფილდება“. ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით კი დგინდება, რომ მშენებლობის დროს 3.6 მეტრი სიგრძეზე შენობას საძირკველი ისე გამოაცალეს, რომ მშენებელს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები არ შეუსრულებია. სამხარაულის ექსპერტიზის 9.12.2015 წლის დასკვნით, „ამჟამად აუცილებელია კედლის მთლიანი შელესვა არმირებული ქვიშა-ცემენტის ხსნარით“, მშენებელმა არც ეს რეკომენდაცია არ შეასრულა (იხ. I, ს.ფ. 360).

14.7. სამხარაულის ექსპერტიზის 30.10.2015 წლის დასკვნის მიხედვით, „მოწყობილ უნდა იყოს გამყოფი შპუნტური კედელი“, ხოლო „დემონტაჟისა და ქვაბულის ამოღების დროს გამოყენებული უნდა იყოს მცირე სიმძლავრის მექანიზმები, რომელთა მუშაობით გამოწვეული ვიბრაციები მინიმალურია“. კასატორის მტკიცებით, ძველი სახლი მექანიზმების გამოყენების გარეშე დაანგრია და ქვაბულიც ამოიღო, ძირითადად, ხელით. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სწორედ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით იყო შესაძლებელი ზიანის თავიდან აცილება. მოცემულ შემთხვევაში, რაკი დადგენილია, რომ მოსარჩელეთა შენობის დაზიანება მშენებლობის პროცესშიც გრძელდებოდა, სწორედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ მან ზედმიწევნით დაიცვა ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაცია. სადავო გარემოებათა დამტკიცების ტვირთის მოპასუხეზე დაკისრება ეფუძნება ასევე იმ დაშვებას, რომ, როგორც წესი, შენობის დასანგრევად და მის ადგილზე მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოსაღებად სპეციალური ტექნიკა გამოიყენება. შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ ნავარაუდევი ეს ფაქტი მოპასუხეს უნდა გაექარწყლებინა. მას კი, მითითებული გარემოების დასადასტურებლად, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია (შდრ. სუსგ. №ას-201-201-2018, 8.10. 2018 წელი, პუნქტი 28, სადაც საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნისას, რომელიც საკუთრების უფლების მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფას ეფუძნებოდა, ქმედების მართლზომიერად წარმართვის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა).

14.8. ამდენად, დგინდება, რომ ყველა ზემოაღნიშნული დასკვნით მოთხოვნილია მინიმუმ გამაგრებითი სამუშაოების შესრულება, რაც არ შესრულდა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მშენებელს ზიანის თავიდან აცილება შეეძლო. მას ევალებოდა ზიანის პრევენცია საფრთხის სიმძიმისა და მისი რეალიზების ალბათობის გათვალისწინებით. მოპასუხემ სათანადოდ არ მართა ის რისკი, რაც შენობის დემონტაჟიდან და ახალი შენობის აშენებიდან მომდინარეობდა. შესაბამისად, მან დაარღვია მოსარჩელეთა უფლებებისა და ინტერესებისადმი ზრუნვის სტანდარტიც.

15. მეორე გარემოება, რომელზედაც კასატორი აპელირებს ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობაა, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

15.1. ის, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი მოპასუხის მიერ მეზობელი შენობის დემონტაჟამდე და ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებამდეც დაზიანებული იყო, სადავო არ არის. სადავოა შენობის ამჟამინდელი მწვავე ავარიული მდგომარეობა და შენობის ჩამონგრევის საფრთხე გამოიწვია თუ არა მოპასუხის ქმედებებმა. ამდენად, დასადგენია, რეალურად რამ განაპირობა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის მე-4 ხარისხის სიმძიმე და საცხოვრებლად გამოუსადეგარობა.

15.2. სამხარაულის ექსპერტიზის 14.01.2016 წლის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 იანვრამდე გასულ პერიოდში შენობის ფასადიდან მარჯვნივ მდებარე ორ ოთახში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებოდა უკან მიმდებარე მშენებლობას, დეფორმაციებმა ვიზუალურად მოიმატა. წარმოიქმნა ახალი ბზარები. უფრო მეტიც, სამხარაულის ექსპერტიზის 03.02.2017 წლის დასკვნის თანახმად, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები შეესაბამება მე-3, მე-4 ხარისხს და ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე გასულ პერიოდში შენობის ფასადიდან მარჯვნივ მდებარე ორ ოთახში და მიმდებარე წინა ოთახის ცალკეულ მონაკვეთებზე დეფორმაციებმა ვიზუალურად მნიშვნელოვნად მოიმატა. წარმოიქმნა ახალი ბზარები. დეფორმაციების განვითარება გამოწვეულია შენობის უკანა მხრიდან მდებარე მომიჯნავე ნაკვეთში ჩატარებული სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროა უახლოეს დროში განხორციელდეს აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია აღნიშნუილ მონაკვეთის ჩამონგრევა.

15.3. სსკ-ის 412-ე მუხლის (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) თანახმად, ზიანი ანაზღაურდება, თუ ის ქმედების ეკვივალენტური, ადეკვატური და უშუალო შედეგია.

15.4. ზიანი წინასწარ სავარაუდო (ანუ ადეკვატური) რომ იყო ერთმნიშვნელოვნად დასტურდება როგორც საქმეზე წარმოდგენილი მშენებლობის დაწყებამდე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით (30.10.2015 წლის), ისე შემდგომ ჩატარებული ყველა დასკვნით (იხ. პუნქტი 14.5). რაც შეეხება „უშუალო შედეგს“, მასში მოიაზრება არა მარტო ფაქტობრივი კაუზალობა (ეკვივალენტურობა), რომელიც ექსპერტთა დასკვნებით დადგინდა, არამედ ნორმის დაცვითი მიზანი. დელიქტურ სამართალში ზიანის მიზეზშედეგობრიობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია დარღვეული ბრუნვის უსაფრთხოების ვალდებულების მიზანი, ან დაზიანებული სიკეთის დაცული სფერო.

15.5. სწორედ ამგვარი ზიანისაგან რომ იყო დაცული მოსარჩელე, დადგენილების შესაბამისი ნორმებიდან პირდაპირ გამომდინარეობს (35.5 მუხლის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე). მნიშვნელოვანია, თუ რაში გამოიხატა ნორმის დარღვევა - ნორმის თანახმად, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება“. კონკრეტული საჭირო ღონისძიებები კი, ექსპერტების რეკომენდაციებით იყო გათვალისწინებული (იხ. პუნქტებიი 14.6-14.7). ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 14.07.2017 წლის დასკვნის თანახმად, „მშენებლობის პერიოდში დაირღვა სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნორმები, კერძოდ, ქვაბულის ამოღებისას არ მოხდა არსებული მომიჯნავე შენობების საძირკვლისა და დაფუძნების გრუნტის გამაგრება-გაძლიერება. ამ სამუშაოების შესრულების მოთხოვნა ყველა საექსპერტო დასკვნით იყო მოთხოვნილი“.

15.6. კასატორი აპელირებს, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მომიჯნავე შენობის დემონტაჟამდე და ახალი მშენებლობის დაწყებამდეც დაზიანებული იყო.

კასატორის მიერ მითითებული გარემოება მოთხოვნის წარმოშობის შემაფერხებელი შესაგებელი არ არის, რამდენადაც ნორმა იცავს არა მხოლოდ ახალაშენებულ, ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ და დაუზიანებელ სახლებს, არამედ „ხანდაზმულობისა და გარკვეული კონსტრუქციული პრობლემების მქონე“ შენობებსაც. დადგენილებით მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობის კვლევა გათვალისწინებულია არა იმიტომ, რომ თუ შენობა არამდგრადია, მშენებელი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს, არამედ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა გაითვალისწინოს სპეციალური ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას (დადგენილების 35-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები). ცხადია, მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის არსებული მდგომარეობა (თუნდაც არამდგრადი) რომ შენარჩუნებულიყო, მოპასუხეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ურთიერთკავშირი ვალდებულების დარღვევასა და უფლების მართლსაწინააღმდეგო შელახვას (შედეგს) შორის იმდენად ცალსახაა, რომ მოპასუხის ქმედება ზიანის კაუზალურია.

15.7. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს მინიმუმ ის უნდა დაემტკიცებინა, რომ შენობის კედლის ჩამონგრევა გარდაუვალი იყო. კასატორი გარკვეულწილად აღნიშნულზე აპელირებდა (იხ. საკასაციო სასამართლოს 05.10.2020 წლის ოქმი, 17:41 საათი), თუმცა ექსპერტთა დასკვნებით არ დგინდება და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა იმგვარ მტკიცებულებაზე, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო ამ ზიანის მომავალში გარდაუვლად დადგომას დაასკვნიდა.

16. რაც შეეხება მოსარჩელის თანაბრალეულობას ზიანის მიღებაში, სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული) მოიაზრებს თანაბრალეულობას უშუალოდ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის მომენტში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი (ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) ამ სიკეთის ხელყოფიდან წარმოშობილი ზიანის პრევენციის ვალდებულების დარღვევას ეხება. კასატორი ვერ უთითებს მოსარჩელეებმა რომელი ქმედებით თუ უმოქმედობით შეუწყვეს ხელი ზიანის წარმოშობას შენობის დემონტაჟისა და ახალი შენობის აშენების მომენტში, ანდა რა შეეძლოთ გაეკეთებინათ უკვე ხელყოფის შემდგომ ზიანის შესამცირებლად. მით უფრო, რომ რისკის წარმოშობის წყარო - დემონტაჟიცა და მშენებლობაც სრულად მოპასუხის კონტროლის ქვეშ იყო. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ზიანი სრულად ექცევა კასატორის პასუხისმგებლობის სფეროში.

17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტ-აუდიტის დასკვნა (დამოუკიდებელი ექსპერტი და აუდიტორი დავით რობაქიძე, ტ. I, ს.ფ. 302) მათი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებზე გასაწევი ხარჯის თაობაზე, რამდენადაც ამ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. პალატამ, მითითებული დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანი 61 198.63 ლარს შეადგენდა. კასატორი ზიანის ოდენობას საკასაციო საჩივრით არ შედავებია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ზიანის ოდენობა სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

18. პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 14.07.2017 წლის დასკვნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საპროცესო ნორმების დარღვევით დართვასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაშვებია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობა არ არის აბსოლუტური და ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

18.1. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახალი ფაქტების/მტკიცებულებების საქმეზე დაშვება შეფასების გონივრულ სტანდარტზეა დამოკიდებული და სასამართლო ამ საკითხს წყვეტს იმ გარემოების გამორიცხვით, რომ მხარეს მათი ქვემდგომ სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივი შესაძლებლობა ჰქონდა. თავის მხრივ, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა ის კრიტერიუმები, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საპროცესო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის საპატიო მიზეზად. ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18.2. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მშენებლობა დასრულებული არ იყო და მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო სამუშაოები. ვინაიდან მოცემულ საქმეზე სადავო სწორედ მშენებლობის გამო მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის დაზიანებაა, დავის მიმდინარეობისას ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც მომიჯნავე შენობაზე მშენებლობის ზეგავლენას იკვლევს, დასაშვები და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია.

18.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ ზიანს ასახავს, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შემდეგაა შექმნილი, რამდენადაც მშენებლობა სწორედ პირველი ინსტანციაში საქმის დასრულების შემდეგ დამთავრდა. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, რადგან დასკვნა მშენებლობის დასრულების შემდგომ არის მომზადებული, ის წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო. პალატა კი მიუთითებს, რომ სწორედ ეს გარემოებაა ის განსაკუთრებული ობიექტური მიზეზი, რის გამოც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასკვნა, მშენებლობის პერიოდში მიმდინარე და მისი დასრულების შემდგომ დაზიანებებზე, რომელიც ასევე სასამართლოში საქმისწარმოებას ემთხვევა, ვერ იქნებოდა წარდგენილი საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.

18.4. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში თავადაც წარადგინა შუამდგომლობა მტკიცებულების დართვის თაობაზე, სადაც მან პირველ ინსტანციაში მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითა, რომ ექსპერტთა დასკვნები პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნებოდა წარდგენილი მათი არარსებობის გამო. მოპასუხის მიერ სახლის მშენებლობა არ იყო დასრულებული, ხოლო წარდგენილი მტკიცებულება მშენებლობის დასრულებულ მდგომარეობას ასახავდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 39). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის პირველი თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხის აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა იმიტომაც, რომ, თუკი სააპელაციო სასამართლო აპელანტის იმავე სახისა და იმავე საფუძვლით წარდგენილი მტკიცებულების დართვას უარყოფდა, დაარღვევდა პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებს და მოსარჩელეს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა მოპასუხესთან შედარებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 380-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განიკარგა მართლზომიერად, რომლის შედეგადაც ხელი შეეწყო ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამდენად, მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18.5. გასათვალისწინებელია, რომ ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მოსარჩელეებს რომც არ წარედგინათ სააპელაციო სასამართლოში, სარჩელი მაინც წარმატებული იქნებოდა, ვინაიდან საქმეში წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტთა დასკვნებით, დასტურდება მოსარჩელეთათვის როგორც ზიანის მიყენების, ისე ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.შ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი