№ას-1482-2019 29 მაისი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი (მოსარჩელე) - ჯ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) – შპს „ს–ი“
მეორე კასატორი (მოპასუხე) - შპს „ს–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ჯ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჯ.მ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი კასატორი) და შპს „ს–ი“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი, მეორე კასატორი) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებას (მეორე კასატორი ამავდროულად ასაჩივრებს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებას), რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე დავაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბათილად ცნო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება და დამსაქმებელს 29 358 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა დასაქმებულის სასარგებლოდ.
2. პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის 18 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციის მიკუთვნებას შეეხება. კასატორი სამართლიან და გონივრულ კომპენსაციად 24 თვის ხელფასის შესატყვის თანხას მიიჩნევს. მისი განმარტებით, კომპენსაციამ უნდა მოიცვას როგორც განაცდური ხელფასი, ასევე -კომპენსაციის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დასაქმებული სუბიექტის მოწყვლადობა, განთავისუფლების საფუძვლის სიმძიმე, კმაყოფაზე მყოფი პირები, შრომის ხელშეკრულების ხანგრძლივობის პერიოდი. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას ორი მძიმე ავადმყოფი შვილი ჰყავს, რომლებიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებენ.
3. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
3.1. კასატორის განმარტებით, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლება განპირობებულია რეორგანიზაციული ცვლილებებით, რომლის მიმდინარეობის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა მოსარჩელეს. რეორგანიზაციას თან ახლდა საშტატო შემცირება, რის შედეგადაც გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული. კასატორის მოსაზრებით, ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი, რომ რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება არ გაუსაჩივრებია და მისი კანონიერება საცილოდ არ გაუხდია დასაქმებულს. შესაბამისად, კასატორის განსჯით, რეორგანიზაციული ცვლილებები არ წარმოადგენს განსახილველი საქმის დავის საგანს, რაც თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ რეორგანიზაციული ცვლილებების კანონიერება ეჭვგარეშეა და დასაქმებული კანონის შესატყვისად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3.2. კასატორის მტკიცებით, დამსაქმებელი წლების განმავლობაში იდგა რეორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობის წინაშე. დაწესებულებას სასამართლო დავის ფარგლებში სხვა კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა სოლიდური თანხის გადახდა. გარდა ამისა, დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა დავალიანება 200 000 ლარი, ასევე, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულება იძულებული გახდა, დაემონტაჟებინა 40 000 ლარად ღირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. კასატორის მტკიცებით, ყოველივე ზემოაღნიშნული აუცილებელს ხდიდა რეორგანიზაციის გზით შტატების ოპტიმიზაციას და ფინანსების დაზოგვის წინაპირობას.
3.3. კასატორი ტექნიკური ზედამხედველის სამუშაო ადგილის გაუქმების საფუძვლად ტექნიკური ზედამხედველის ვალდებულებების (დაზიანებული ინვენტარის შეკეთება, ელენერგიის, წყლისა და გაზის გაყვანილობის, გათბობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა) შეუსრულებლობას ასახელებს. კასატორის განმარტებით, შეუძლებელი იყო, ერთ ადამიანს შეესრულებინა მრავალფუნქციური დატვირთვა, რადგან დასაქმებულის ვალდებულებები გულისხმობდა სხვადასხვა სპეციალობის (ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი და ა.შ) ადამიანთა ჩართულობას. შტატის არსებობა ფაქტობრივად გაუმართლებელი იყო, სკოლა იძულებული ხდებოდა დამატებითი ხარჯები გაეწია და პრობლემის გადასაჭრელად დაექირავებინა შესაბამისი სპეციალიზაციის მოხელეები.
3.4. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობასაც და კომპენსაციის განსაზღვრის მიმართ სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების არქონის გათვალისწინებით, დასაქმებულის დასაქმების შანსები ნაკლებია, შესაბამისად, ასეთი კადრისთვის სასამართლოს მიერ 18 თვის კომპენსაციის მიკუთვნება სცილდება დასაქმებულისთვის კომპენსაციის გადახდის გონივრულ სტანდარტს.
3.5. კასატორმა სასამართლოს წინაშე ასევე იშუამდგომლა დამსაქმებლის ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი მტკიცებულებების დართვის თაობაზეც.
4.. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრისა და იმავე წლის 14 ნოემბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
6.2.1. მოსარჩელე 2007 წლიდან იმყოფებოდა დამსაქმებელთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. დასაქმებულს განუსაზღვრელი ვადით ჰქონდა დაკავებული ტექნიკური ზედამხედველის თანამდებობა. დასაქმებულის ფუნქციურ მოვალეობებს შეადგენდა: სკოლის შენობისა და ტერიტორიის ზედამხედველობა; სკოლის მატერიალური ფასეულობისათვის ყურადღების მიქცევა და, ხარვეზის შემთხვევაში, გამოსწორებაზე ზრუნვა; სკოლის დაზიანებული ინვენტარის შეკეთებისათვის ზომების მიღება; ყოველ პარასკევს სკოლის დათვალიერება და შედეგებზე გენერალური დირექტორის ინფორმირება; გათბობის სისტემის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა და გათბობის ყოველდღიურად შემოწმება; სასწავლო პროცესის უწყვეტი დენის წყაროთი უზრუნველყოფა; ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გაყვანილობის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა; სკოლის ინვენტარის, სამშენებლო მასალების დასაწყობება და დაცვა. დასაქმებულის ხელფასი ყოველთვიურად 1631 ლარს შეადგენდა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. პროფესიული განათლება, სპეციალობა და შესაბამისი კვალიფიკაცია, მათ შორის ტექნიკურ სფეროში, მოსარჩელეს არ გააჩნია.
6.2.2. 2018 წლის 19 ივნისს, სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და ორგანიზაციის მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება მოპასუხე დაწესებულებაში რეორგანიზაციის განხორციელებისა და აღნიშნულის გამო სამუშაო ძალის შესაძლო შემცირებისა და/ან გადაადგილების შესახებ, რაზედაც ეცნობა დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის - მოსარჩელეს.
6.2.3. დამსაქმებლის 10/08/2018წ. N1-63 ბრძანებით, საწარმოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა არაერთი სამუშაო ადგილი, მათ შორის, ტექნიკური ზედამხედველის შტატიც.
6.2.4. საწარმოს საშტატო სტრუქტურა ჩამოყალიბდა განახლებული სახით, რომელიც არ შეიცავს მოსარჩელის მიერ დაკავებულ სამუშაო ან მის ტოლფას სამუშაო ადგილს.
6.2.5. 2018 წლის 17 სექტემბრის N1-100 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამსაქმებელმა დასაქმებულთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, რის თაობაზეც 2018 წლის 14 აგვისტოს დასაქმებულს წერილობითი შეტყობინებით ეცნობა.
7. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურთ, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
8. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) დაედო.
9. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (შდრ. სუსგ №ას-1444-1364-2017, 9.03.2018).
10. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება, დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის -რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (შდრ. სუსგ. საქმე Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი).
11. მეორე კასატორი საკასაციო პრეტენზიაში მიუთითებს, რომ რეორგანიზაციული ცვლილებები განპირობებული იყო ფინანსური რესურსის გამოთავისუფლებისათვის. დამსაქმებელ დაწესებულებას ჰქონდა სოლიდური ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიების მიმართ, რაც აუცილებელს ხდიდა რეორგანიზაციულ ცვლილებებს, შტატების შემცირების თანამდევი შედეგით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ დამსაქმებელმა რეორგანიზაციის ფარგლებში გააუქმა არაერთი საშტატო ერთეული, მათ შორის - ტექნიკური ზედამხედველის თანამდებობაც, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე. კასატორი ასაბუთებს დასახელებული თანამდებობის გაუქმების მიზანშეწონილობას და მიუთითებს, რომ შესაბამისი თანამდებობის სამუშაო აღწერილობაში მითითებული ფუნქციების ერთი პირის მიერ შესრულება შეუძლებელი იყო, დასაქმებულზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განსხვავებულობა/მრავალფეროვნების გათვალისწინებით დამსაქმებელს რეალურად უწევდა შესაბამისი პროფილის სამუშაო ძალის დამატებით დაქირავება. საკასაციო პალატა კასატორის ამ მსჯელობას დასაქმებულის თანამდებობიდან მართლზომიერად გათავისუფლების შესაფასებლად ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საშტატო ნუსხაში არსებული ადმინისტრატორის სამუშაო აღწერილობაში მითითებული ფუნქცია-მოვალეობები უმეტესწილად მოიცავს დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობას დაქვემდებარებულ ფუნქცია-მოვალეობებს (მათ შორის, დაზიანებული ინვენტარის შეკეთებას, ელენერგიის, წყლისა და გაზის გაყვანილობის, გათბობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას), რაც იმაზე მეტყველებს, რომ დამსაქმებელ ორგანიზაციაში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულის დუბლირებას. რეორგანიზაციის ფარგლებში დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრატორისა და ტექნიკური ზედამხედველის საშტატო ერთეულთაგან გაეუქმებინა ტექნიკური ზედამხედველის საშტატო ერთეული, თუმცა დამსაქმებელს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სამართლებრივად ვარგისი და სარწმუნო არგუმენტაცია თუ მტკიცებულებები, თუ რა გარემოებებმა უბიძგა დამსაქმებელს კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმებისკენ, დამსაქმებლის მტკიცება, რომ ტექნიკური ზედამხედველის თანამდებობაზე დანიშნული პირი ვერ ასრულებდა სამუშაო აღწერილობაში მითითებულ ვალდებულებებს მისი მრავალფუნქციურობის გამო, დაუსაბუთებელია. ტექნიკური ზედამხედველის სამუშაო აღწერილობიდან ირკვევა, რომ ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირის ძირითად სამუშაო საქმიანობას დაწესებულების ტერიტორიისა და მატერიალური რესუსრის ზედამხედველობა, ასევე, წყლის, ელენერგიისა და გაზგაყვანილობის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რეალურად დასაქმებულს ევალებოდა ამ მიზნით მონიტორინგის განხორციელება, პრობლემის აღმოჩენა და პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება, რასაც სავსებით შესაძლებელია მოჰყოლოდა საჭიროების შემთხვევაში როგორც ელექტრიკოსის, ისე - სხვა პროფილის დარგის სპეციალისტის გამოძახება. სამუშაო აღწერილობა არ მოიაზრებდა, რომ ტექნიკურ ზედამხედველს თავად აღმოეფხვრა შემოწმება/ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ დაწესებულებაში შენარჩუნებულია ადმინისტრატორის თანამდებობა, რომელიც მოიცავს ტექნიკური ზედამხედველის ფუნქციებს, შესაბამისად, დამსაქმებლის აპელირება ამ ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულის გაუქმების აუცილებლობის თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტირებულობას. ამასთან, საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ დაწესებულება შეზღუდული არ არის ორი საშტატო ერთეული გარდაქმნას ერთ ახალ საშტატო ერთეულად, საშტატო ერთეულთა გამსხვილებით უზრუნველყოს შტატების ოპტიმიზაცია, თუმცა ამ შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს დასაქმებულთაგან შენარჩუნებული სამუშაო ძალის ობიექტური პრიორიტეტულობა გათავისუფლებულ სამუშაო ძალასთან მიმართებით. ცხადი და აღქმადი უნდა იყოს, კონკურენციაში მყოფი დასაქმებულების თანამდებობაზე დატოვებისა და გათავისუფლების სამართლებრივი მოტივების მართლზომიერება.
12. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს მეორე კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ დასაქმებულს სადავოდ არ გაუხდია რეორგანიზაციის კანონიერება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლდა სწორედ რეორგანიზაციით გამოწვეული შტატების შემცირების შედეგად. შესაბამისად, გათავისუფლების საფუძვლის კანონიერების კვლევის პროცესში სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს რეორგანიზაციის მართლზომიერების საკითხი და ამისთვის რეორგანიზაციის აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა საჭირო არაა, რადგანაც ეს არა დამოუკიდებელი მოთხოვნა, არამედ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შრომის სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის შესატყვისად, დაწესებულებაში რეორგანიზაციის მართლზომიერად განხორციელების მტკიცება დამსაქმებელს ეკისრება, რასაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თავი წარმატებით ვერ გაართვა.
13. მეორე კასატორი არაგონივრულად მაღალ ოდენობად მიიჩნევს დასაქმებულისთვის მიკუთვნებული კომპენსაციას, დასაქმებულის მიერ უმაღლესი განათლების არქონისა და მისი შემდგომი დასაქმების მცირე პერსპექტივების გათვალისწინებით. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორი არასწორ, მცდარ ინტერპრეტაციას აძლევს კომპენსაციის განსაზღვრის კრიტერიუმებს. კომპენსაციის განსაზღვრის წესთან დაკავშირებით, პალატა მეორე კასატორს განუმარტავს, რომ არამართლზომიერად გათავისუფლებული დასაქმებულის კომპენსაციის განსაზღვრისას შრომის ბაზარზე დასაქმებულის შემდგომი დასაქმების ნეგატიური პერსპექტივები კომპენსაციის განსაზღვრისას არა დამსაქმებლის, არამედ დასაქმებულის სასარგებლოდ გაითვალისწინება.
14. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მეორე კასატორის შუამდგომლობას მისი ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების საქმისთვის დართვის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პლატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს სსსკ-ის 407.1 მუხლი( საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.). მითითებული ნორმის დანაწესის გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს ახალი მტკიცებულებების კვლევის პროცესუალური შესაძლებლობა, რაც ამავე კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატის განმარტებით, კასატორთა მიერ შესაბამის გარემოებებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მითითებაც ვერ შეცვლიდა სამართლებრივ სურათს მოპასუხის სასარგებლოდ, ვინაიდან კასატორმა ამ დავის ფარგლებში ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის საფუძვლით ტექნიკური ზედამხედველის შტატის გაუქმების გარდაუვალი აუცილებლობა.
15. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია პირველი კასატორის სამართლებრივი პრეტენზიაც, რომელიც კომპენსაციის გონივრულ ოდენობად 2 წლის ხელფასს მიიჩნევს.
15.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.
15.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის განსაზღვრის კრიტერიუმების გათვალისწინებით, მართებულად განსაზღვრა დამსაქმებლისათვის დასაკისრებელი კომპენსაციის ოდენობა და მისი გადახედვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. პალატა კასატორს განუმარტავს, რომ კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლოს ვალდებულებაა კომპენსაციის განმსაზღველი კრიტერიუმის საფუძველზე უზრუნველყოს დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებრივ მდგომარეობას შორის სამართლებრივი ბალანსი, კომპენსაცია, როგორც იმ დამსაქმებლის დასჯის მექანიზმი, რომელმაც არამართლზომიერად გაათავისუფლა მუშაკი თანამდებობიდან, განისაზღვრება არამხოლოდ უფლებახელყოფილი დასაქმებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ გასათვალისწინებელი ფაქტორია თავად კომპანიის გადახდისუნარიანობაც. კომპენსაცია განუზომელ ტვირთად არ უნდა დააწვეს დამსაქმებელს, სხვაგვარად ის დაკარგავს თავის სამართლებრივ ფუნქციას. კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელი კომპანია არ წარმოადგენს ისეთ მძლავრ ბიზნეს სუბიექტს, რომლის მიმართ კომპენსაციის უფრო მეტი ოდენობით დაკისრება საკითხის გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტა იქნებოდა.
16. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე N ას-395-2019, 27 ივნისი 2019 წელი, საქმე N ას-1611-2018, 26 თებერვალი, 2019 წელი).
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო მეორე კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, პირველ კასატორს - 1468 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1468 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის 26.08.2019), 70% – 1027.60 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს „ს–ის“ (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1468 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის 26.08.2019) 70% – 1027.60 ლარი;
4. შპს „ს–ის“ შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და საქმეზე დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ს–ის“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გაცემული ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შპს „ს–ის“ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი 37 ფურცლად.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი