№ას-1951-2018 21 მაისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ.ფ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 26 ნოემბერს გაცემული N2/5441-12 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, რ.ფ–ს (შემდეგში - მოვალე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2 603 ლარის გადახდა.
2. ზემოხსენებული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 12 თებერვალს ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ..... კორპუსში მდებარე N87 ბინაში (შემდეგში - უძრავი ქონება) არსებულ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების №88473 აქტში მითითებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. ტელევიზორი „DLED-PRIME-KG32AS620”; 2. მაცივარი ,,HITACHI’’-R_T380EUC1KSLS”; 3. სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG’’ (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოძრავი ნივთები).
3. უძრავი ქონება რეგისტირებულია ვ.ფ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სახელზე.
4. მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, ისინი იმ უძრავ ქონებაშია განთავსებული, რომლის არც მესაკუთრე და არც ფაქტობრივი მფლობელი მოვალე არაა.
5. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოვალის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ და ზემომითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მოძრავი ნივთები ყადაღისგან გათავისუფლდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი ძმა, ე.ფ–ი (შემდეგში - უფლებამონაცვლე).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.1. სასამართლომ საქმეზე დადენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთების მოვალის ადრინდელ საცხოვრებელ მისამართზე დაყადაღების ფაქტი არ შეიძლებოდა საფუძველი გამხდარიყო დასკვნისათვის, რომ ისინი მოვალის საკუთრება იყო. აქ მხედველობაში იყო მისაღები ის ფაქტი, რომ ეს ნივთები მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა და წარმოადგენდა მის საკუთვნებელს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 151.1 და 151.2 მუხლების თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად; ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად). სასამართლოს განმარტებით, საკუთვნებლის თვისება ისაა, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთები განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ამდენად, აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის, საკუთვნებელს.
9.2. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 158.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სსკ-ის 158.2 მუხლი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება, შესაბამისად, სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.
9.3. სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.1, 32.2, 181.2 მუხლები (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ); სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს’’; თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზეც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული). აქედან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენდა ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებდა აღსრულება და/ან რომლის მიმართვის საფუძველზეც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ სააღსრულებო ფურცლით კრედიტორს სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენდა (რომლის სასარგებლოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება და თანხა სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო), შესაბამისად, კასატორი განსახილველ დავაში სათანადო მოპასუხედ იქნა მიჩნეული.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. კასატორი მოცემულ საქმეზე არასათანადო მოპასუხეა, გამომდინარე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტიდან (თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზეც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული). საქმის მასალებით დგინდება, რომ აღსრულება არ იწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აქვს სასამართლოს გამოტანილი აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ანალოგიურ საქმეზე (№ას-168-162-2011) საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 და 32.2 მუხლებიდან (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს).
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლით, სსკ-ის 158.1 მუხლითა (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ, მისი მფლობელობის პერიოდში) და სსსკ-ის 105-ე მუხლით (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) და მართებულად დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ნივთებზე. ამავდროულად, სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სსკ-ის 158.1 მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
17. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ არგუმენტზე მიუთითებს, რომ მოცემულ დავაში იგი არასათანადო მოპასუხეა. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ პოზიციას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ მესამე პირის სარჩელის სასამართლოში აღძვრისას, სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 26 ნოემბერს გაცემული N2/5441-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომლითაც მოვალეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2 603 ლარის გადახდა. ამდენად, კრედიტორი სახელმწიფოა, თუმცა არსებითი იმის განსაზღვრაა, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას, ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. სახელმწიფო ბაჟი ირიცხება სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშებზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქციაა სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება. ხსენებული დებულების მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს ((შდრ. სუსგ: №ას-722-675-2017, 2017 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-779-994-08, 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება). რაც შეეხება კასატორის მიერ თავისი მსჯელობის სისწორის დასასაბუთებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე აპელირებას (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.), აქ პალატა აღნიშნავს, რომ ჯერ ერთი, ხსენებულ განჩინებაში საკასაციო პალატას არ დაუდგენია ფინანსთა სამინისტროს არასათანადოობა (განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა) და მეორეც, დასახელებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოცემული საქმის ფაქტობრივი მოცემულობის იდენტური არ არის.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ამ განჩინების პუნქტი 17).
19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი