Facebook Twitter

№ას-1735-2018 15 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.კ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კონკურსის შედეგების გაუქმება, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.კ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი და სასამართლომ ბათილად ცნო დამსაქმებლის მიერ 2013 წლის 5 ნოემბერს არქივარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი და მისი შედეგი (შედეგი დამტკიცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის N37 ოქმით); სასამართლომ ბათილად ცნო დამსაქმებლის ბრძანებაც დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დასაქმებული არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღადგინა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის მტკიცებით, კონკურსი გამოცხადდა და ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. კონკურსი გაიმართა საჯაროდ, გამჭვირვალედ და ობიექტურად, ყველა კონკურსანტი იყო თანასწორი და მათ მიმართ არ გამოხატულა დისკირმინაციის რომელიმე ფორმა. საკონკურსო სხდომის ოქმები და კონკურსთან დაკავშირებული მასალები ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი კონკურსანტისთვის. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა კონკურსის კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების ფაქტი.

2.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სადავო გახადა მხოლოდ კონკურსის მესამე ეტაპის შედეგები, ხოლო სასამართლომ ბათილად ცნო კონკურსის არა გასაუბრების კომპონენტის შედეგი, არამედ მთლიანად კონკურსი მისი სხვა ეტაპების (დოკუმენტაციის გადარჩევისა და ტესტირების) ჩათვლით, რითაც გასცდა დავის საგანს. კასატორის მოსაზრებით, საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელეს გასაუბრების შედეგები ეცნობა 2013 წლის 20 დეკემბერს, თუმცა მას რაიმე პრეტენზია დამსაქმებლის წინაშე კონკურსის შედეგებთან და პროცედურებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. კასატორის განსჯით, დაუსაბუთებელია შედავება საპრეტენზიაო კომისიის არარსებობის თაობაზეც, ვინაიდან კანონმდებლობა კონკურსის ორგანიზატორ სუბიექტს არ ავალდებულებდა კონკურსის ჩატარების წინმსწრებად საპრეტენზიო კომისიის შექმნას, დამსაქმებელს შეეძლო საპრეტენზიო კომისია შეექმნა კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე პირის მიერ პრეტენზიის წარმოდგენის შემთხვევაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში დასაქმებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

2.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღადგინა დასაქმებული თანამდებობაზე. კასატორის განმარტებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები დამსაქმებელს ავალდებულებდა, თანამდებობაზე რომლებზეც დასაქმებული იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები, 2014 წლის პირველ იანვრამდე გამოეცხადებინა კონკურსი. მოსარჩელე სწორედ არქივარიუსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული და შესაბამისად, კასატორი კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს დასაქმებულის აღდგენას არქივარიუსის თანამდებობაზე. ამასთან, კასატორის განმარტებით, მას რომც არ გაეთავისუფლებინა დასაქმებული თანამდებობიდან, ის კანონის საფუძველზე 2014 წლის 1 იანვრიდან ავტომატურად მიიჩნეოდა სამსახურიდან გათავისუფლებულ პირად. სასამართლო არც კი დაინტერესებულა მესამე პირის უფლებებითა და იურიდიული ინტერესით, რომელიც 2015 წელს კონკურსის წესით დაინიშნა არქივარიუსის თანამდებობაზე. შესაბამისმა პირმა გადალახა კონკურსის ყველა ეტაპი და კანონის შესატყვისად დაინიშნა ვაკანტურ თანამდებობაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. მოსარჩელე 2013 წლის 1 თებერვლიდან არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მოპასუხე დაწესებულებაში.

5.2.2. მოსარჩელის, როგორც არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობებში შედიოდა: ცენტრის საარქივო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია; ცენტრის თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გადაცემა; მოსარჩელე დაინტერესებულ პირებს საარქივო დოკუმენტაციის ასლებს გადასცემდა შესაბამისი ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.

5.2.3. 2013 წლის 3 აპრილს მოპასუხემ გამოსცა ბრძანება (N102) ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით (№455) მასში ცვლილება შევიდა და საკონკურსო - საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, ნაცვლად 5 წევრისა, 8 წევრით (მათ შორის - 4 მოწვეული) განისაზღვრა.

5.2.4. 2013 წლის 5 ნოემბერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამოაცხადა კონკურსი ცენტრის არქივარიუსის თანამდებობაზე, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, სამუშაოს აღწერისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნათა მითითებით. კონკურსის ჩატარება სამ ეტაპად განისაზღვრა: ა. განცხადებების შერჩევა; ბ. ტესტირება; გ. გასაუბრება.

5.2.5. არქივარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 19 განაცხადი შევიდა. საკონკურსო კომისიამ, რეზიუმეების მიხედვით, კონკურსის შემდეგ ეტაპზე 4 კანდიდატი გადაიყვანა. ტესტირების შედეგების მიხედვით კი, მათგან სამი შემდეგ ეტაპზე - გასაუბრებაზე დაუშვა. ტესტირებაზე მოსარჩელემ 21 ქულა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი - 22 და 17 ქულა მიიღეს.

5.2.6. 2013 წლის 16 დეკემბრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის N37 სხდომის ოქმის (შემდეგში: სადავო ოქმი) მიხედვით, კონკურსის მესამე ეტაპს - გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის 4 წევრი; კონკურსზე სამივე კანდიდატი გამოცხადდა, რომელთაგან ერთ-ერთი ვაკანტური თანამდებობისთვის შეირჩა (რომელთანაც შრომითი ხელშეკრულება დაიდო 3.01.2014 წლიდან 31.12.2014 წლის ჩათვლით, აქედან, 01.01.2014 წლიდან 3.04.2014 წლის ჩათვლით - გამოსაცდელი ვადით), ხოლო მოსარჩელეს კომისიამ შრომითი ურთიერთობა 2013 წლის 31 დეკემბრიდან შეუწყვიტა.

5.2.7. 2013 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად აცნობეს, ხოლო 2013 წლის 20 დეკემბერს წერილობით შეატყობინეს კონკურსის შედეგი.

5.2.8. 2013 წლის 25 დეკემბერს ცენტრის დირექტორმა გამოსცა (№43/კ) ბრძანება ცენტრის არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ (შემდეგში: სადავო ბრძანება), რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არქივარიუსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის (და სხვა აქტების) საფუძველზე, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 31 დეკემბრიდან. ამასთან, მოსარჩელეს კომპენსაციის სახით 2 თვის ხელფასი მიეცა და 2013 წელს გამოუყენებელი ფასიანი შვებულების დღეებიც აუნაზღაურდა.

6. მოცემული დავის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა დავის სასამართლო განსჯადობის გამორკვევა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, დავა განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა სამოქალაქო საქმეთა პალატას. მოხმობილი განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე საკითხის გადაწყვეტის დროს არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, მასთან ხელშეკრულება დაიდო და შეწყდა შრომის კანონმდებლობის საფუძველზე და აქედან გამომდინარე, სადავო სამართალურთიერთობა არსობრივად საქართველოს შრომის კოდექსის რეგულირების ფარგლებში უნდა გადაწყვეტილიყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ერთი მხრივ, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას, ხოლო მეორე მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, სწორედ შრომის კოდექსთან კანონშესაბამისობაში შეამოწმებს.

7. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) , ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

8. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის არადამაკმაყოფილებელი შეფასება გახდა, რის საფუძველზეც მოპასუხემ გამოსცა ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №43/კ ბრძანებით მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არქივარიუსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის გათვალისწინებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი #37), საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან), 38-ე მუხლის, 21.4 მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის #89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ 5.1 მუხლის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

9. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ გაიარა არქივარიუსის საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსი, რის გამოც პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის საფუძვლით გამოიკვეთა მისი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი წანამძღვრები.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯის საგანია, გამოირკვეს ნამდვილად არსებობდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობები.

13. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მოთხოვნის ძირითად სამართლებრივ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრება) პროცესი არ იყო გამჭვირვალე და იგი ობიექტურად არ შეუფასებია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. აღნიშნულის საპირწონედ დამსაქმებელი მხოლოდ ზეპირსიტვიერი განმარტებით აპელირებს, რომ სადავო კონკურსის გასაუბრების ეტაპი იყო კანონშესაბამისი, გამჭვირვალე და შედეგების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობდა.

14. კონკურსის ჩატარებისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი უნდა იყოს კონკურსის ყველა ეტაპზე. ამასთან, ვინაიდან ტესტირებისაგან (წერილობითი გამოცდისაგან) განსხვავებით, გასაუბრება ზეპირად ტარდება, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გასაუბრების ეტაპის შემაჯამებელი ოქმი სრულად, ნათლად და გასაგებად უნდა ასახავდეს, როგორც სხდომის მიმდინარეობას, ასევე - კომისიის წევრთა მიერ შეჯერებულ მოტივებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, თუ რატომ მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა სხვასთან შედარებით. თუ ზემოხსენებული კრიტერიუმები არ არსებობს ან, მათი არსებობის მიუხედავად, გასაუბრების ეტაპის ოქმი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას კონკურსის შედეგების ობიექტური შეფასებისათვის, ჩატარებული კონკურსის მართლზომიერად მიჩნევა შეუძლებელი იქნება.

15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, დამსაქმებელს დეტალურად არ მიუთითებია გასაუბრების შინაარსობრივ მხარეზე, დამსაქმებელმა სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ გასაუბრების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმი, რომელიც არ შეიცავს ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის, კონკურსანტების შეფასებისას გამოყენებული შეფასების სისტემის, გასაუბრებაზე კონკურსანტების მიერ გამოვლენილი უნარჩვევების შედარების თაობაზე. საქმეში დაცული საკონკურსო საატესტაციო ოქმის შინაარსიდან არ ირკვევა, თუ რა შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა კომისიამ შერჩეულ კონკურსანტს უპირატესობა, ხოლო დანარჩენი კონკრუსანტების პროფესიული კვალიფიკაცია დასაკავებელი თანამდებობისათვის შეუსაბამოდ ცნო. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველ დავაზე შეფასებას დაქვემდებარებული პირის შეფასების პროცესი გამჭირვალობის სულ მცირე სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაუბრების პროცესი გამჭვირვალე და კანდიდატის გასაუბრების შედეგი დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის დამადასტურებელი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ დამსაქმებელი სამართალწარმოების პროცესში მიუთითებდა არა ზოგადად, ტექნიკურად და თეორიულად გასაუბრების გამჭირვალობისა და ობიექტურობის პროცესზე, არამედ დაასაბუთებდა კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად იყო დაცული ეს კრიტერიუმები კონკურსანტთა შეფასების პროცესში, რისი გამორკვევაც მხოლოდ იმ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა გასაუბრების ოქმის აუდიოჩანაწერი ან თავად საქმეში დაცულ სადავო ოქმში საკონკურსო კომისიის წევრების მიერ სრული სიზუსტით იქნებოდა აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობა, კერძოდ, რა შეკითხვებით მიმართეს დასაქმებულს, რომელ მათგანზე ვერ უპასუხა დასაქმებულმა, რასაც უნდა მოჰყოლოდა დამსაქმებლის დასაბუთება, დასაქმებულის მიერ გაუცემელ პასუხებს, რამდენად შეეძლო, დაედასტურებინა დასაქმებულის კვალიფიკაციის უკმარისობა დაკავებულ თანამდებობასთან მიმართებით, რაც დამსაქმებელმა მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეძლო. გასაუბრების შინაარსობრივი მხარის გამორკვევას კი, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოსთვის საკონკურსო საატესტაციო კომისიის სადავო ოქმის კანონიერების შესაფასებლად.

16. ამასთანავე, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). განსახილველ დავაზეც, სარჩელით კონკურსის კანონიერების შედავების პირობებში, კასატორი (მოპასუხე) იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მოსარჩელემ საკონკურსო-საატესტაციო შეფასების მესამე ეტაპი ვერ დაძლია და ამასთან, მისი კვალიფიკაცია იმდენად შეუსაბამო იყო დაკავებული თანამდებობისთვის, რომ გამართლებული იყო შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში უკიდურესად მკაცრი სანქციის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. პალატის მოსაზრებით, კასატორის მარტოოდენ აპელირება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერებაზე, სამართლებრივად წონადი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე არ ქმნის მითითებული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის შრომის კანონმდებლობის შესატყვის იურიდიულ საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის და მისი თანამდევი შედეგის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონზომიერება. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს კი, ქმნის საქმეზე თანმიმდევრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებების უკმარისობა. პალატის განსჯით, სასამართლომ სწორად არ გაიზიარა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებაც, ვინაიდან მოწმედ გამოკითხული პირები მათივე სტატუსიდან გამომდინარე, წარმოადგენდნენ რა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს, თავადვე იყვნენ დაინტერესებული განემტკიცებინათ საკუთარი გადაწყვეტილების მართლზომიერება, რაც მათ მიერ პროცესის ობიექტურად აღწერისა და შეფასებაუნარიანობას გამორიცხავდა. საგულისხმოა ისიც, რომ სადავო კონკურსის ფარგლებში საერთოდ არ შექმნილა საპრეტენზიო კომისია. გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა უპირობოდ ცხადყოფს, კონკურსის კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებას, რისი გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარმოდგენაც კასატორმა ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო.

17. დაუსაბუთებელია კასატორის შედავებაც კონკურსის მხოლოდ გასაუბრების კომპონენტის შედეგების გაუქმების შესაძლო საფუძვლიანობის თაობაზეც. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონკურსი წარმოადგენს ერთ მთლიან პროცესს და კონკურისის თუნდაც რომელიმე ერთი ეტაპის კანონშეუსაბამოდ ჩატარება, ლეგიტიმაციას უკარგავს კონკურსის დანარჩენ კომპონენტებსაც, ასეთ დროს პრეზუმირებულია კონკურსის დანარჩენი ეტაპების კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სამუშაოზე აღდგენა, რაც მისი გათავისუფლების საფუძვლის უკანონოდ ცნობით მიიღწევა, ასეთს კი განსახილველ შემთხვევაში კონკურსის (მთლიანად) მართლზომიერების შეფასება წარმოადგენდა. შესაბამისად, სასამართლომ სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმსჯელა და შეაფასა კონკურსის კანონიერება და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებითაც და მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება, ადამიანის შრომის კონსტიტუციური უფლების იმგვარი უხეში ხელყოფაა, რომ სასამართლო მიზანშეწონილად თვლის ყველა შესაძლო სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით უზრუნველყოს დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესს და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). ამდენად, შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელი გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებული ახალი თანამშრომლის კანონიერ ინტერესებს განიხილავს.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის გამომრიცხველი გარემოების სახით სასამართლოს მიუთითა 2015 წელს კონკურსის წესით დანიშნული დასაქმებული მესამე პირის ინტერესებზე. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ იმსჯელოს და შეაფასოს ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარდგენილია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალ გარემოებებზე მითითების შესაძლებლობას. როგორც მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, კასატორს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს წინაშე არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე 2015 წელს სხვა პირის დანიშვნის თაობაზე, ხოლო 2014 წელს დანიშნული პირს არ გააჩნია ამ დავის ფარგლებში გასაზიარებელი დაცვის ღირსი ინტერესი, მისი თანამდებობაზე გამწესების საფუძვლის კონკურსის უკანონოდ ცნობისა და მისი შედეგებების გაბათილების გამო.

20. დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის მიზნებისათვის განმსაზღვრელია ზუსტად შეფასდეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის რაობა, მისი შინაარსობრივი მხარე და ფარგლები. კონკრეტულ შემხვევაში დასაქმებული არქივარიუსის თანამდებობაზე დასაქმდა არქივარიუსის ფუნქცია-მოვალეობათა განსახორციელებლად, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, რა დროსაც შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა უკავშირდება არა კონკრეტულ პერიოდს, არამედ განსაზღვრულ მოვლენას, დამსაქმებლისათვის კანონით დავალდებულებული ქმედების, კონკურსის წესით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე (რომელზეც დანიშნული ჰყავს მოვალეობის შემსრულებელი) კონკურსის ჩატარებისა და სამართლიანი და ობიექტური კონკურსის შედეგად ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლის ან სხვა პირის გამწესებას. სწორედ ამ გარემოების დადგომა იწვევს დროებით მოვალეობის შემსრულებელთან შრომითი ურთიერთობის დასრულებას ან მის სახეცვლილებას, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის მიერ კონკურსის წესით თანამდებობის დაკავებას. კონკურსის, კანონის ნორმათა უგულებელყოფით ჩატარებულად მიჩნევისა და მისი შედეგების ანულირების პირობებში მოსარჩელე ინარჩუნებს მის სამუშაო უფლებებში აღდგენის უფლებას. კონკურსის ბათილად ცნობის სამართლებრივი ეფექტი თავისთავად ცხადია იმაში მდგომარეობას, რომ ის უზრუნველყოფს არქივარიუსის თანამდებობის გამოთავისუფლებას და მის ვაკანტურობას, რომელზეც დამსაქმებელმა ხელახალი კონკურსის გამოცხადების გზით და გამჭვირვალე, სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი, ამასთან კონკურსანტების შეფასების დეტალური დასაბუთების კრიტერიუმების დაცვით ჩატარებული კონკურსის ფარგლებში უნდა შეავსოს ვაკანტური თანამდებობა, იქამდე კი, არქივარიუსის უფლება-მოვალეობებს განახორციელებს შრომით საქმიანობას უკანონოდ ჩამოშორებული დასაქმებული.

21. საკასაციო პალატა უთითებს, რომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციით (1997 წლის), რომელიც კონკურსის მიმდინარეობისა და დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს მოქმედებდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშაკი არ იყო საჯარო მოსამსახურე, თუმცა კანონმდებლობამ ჩარჩოში მოაქცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მომუშავე პირთა (არასაჯარო მოსამსახურეთა) დასაქმების საკითხი (წესი, ფორმა (ხელშეკრულებით თუ საკონკურსო წესით, ვადა) და იგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-32-ე მუხლებით განსაზღვრულ მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ეს საკანონმდებლო მოწესრიგება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში პირთა კონკურენტუნარიანი დასაქმების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა, სწორედ ამ მიზნით, კანონმდებელი დამსაქმებელს ზღუდავდა 3 თვეზე მეტი ვადით არ გაემწესებინა კონკურსით შესავსებ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი (ხოლო ამ კანონის ამოქმედების შემდგომ დამსაქმებლებს ავალდებულებდა 2014 წლის 1 იანვრამდე კონკურსის წესით დაენიშნათ თანამშრომლები). თავის მხრივ ეს შეზღუდვა სწორედ დამსაქმებლის (და არა დასაქმებულის) მბოჭავ ნორმას წარმოადგენდა, რათა დამსაქმებელს ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურსის ჩატარებით დროულად უზრუნველეყო შესაბამისი სამუშაო ამოცანათა შემსრულებელი პირის დასაქმება და დროებითი მოვალეობის სტატუსს ამოფარებით, თვითნებურად არ დაესაქმებინა ამა თუ იმ სამუშაო ამოცანათა შემსრულებელი პირები. საკასაციო პალატა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების ფარგლებში აფასებს რა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობათა განსახორციელებლად, დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის სამართლებრივ მდგომარეობას, განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადიანი შრომის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა დასაქმებულისათვის დაკისრებული ფუნქცია-ამოცანების მქონე საშტატო ერთეულზე კონკურსის წესით შერჩეული სამუშაოს მაძიებლის გამწესებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელი ვერ ადასტურებს კანონით განსაზღვრულ ვადაში ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურსის ჩატარებას და კონკურსის შედეგები ბათილდება, ამასთან, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის კონტექსტში დამსაქმებელი ვერ ასაბუთებს დასაქმებულის სამუშაო უნარჩვევებისა და კვალიფიკაციის შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, რა თქმა უნდა იკვეთება დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი მოცემულობა.

22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად კონკურსის შედეგებისა, დასაქმებული კანონის ძალით 2014 წლის 1 იანვრიდან მაინც გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან და წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით დასაქმებულის შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა უკავშირდებოდა არა კონკრეტულ თარიღს - 2014 წლის 1 იანვარს, არამედ ამ ვადაში დამსაქმებლის მიერ კონკურსის წესით არქივარიუსის ფუნქცია-მოვალეობების მქონე პირის დანიშვნას, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის პირობებში, კი არქივარიუსის თანამდებობაზე დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად მიიჩნევა, ახალი კონკურსის წესით ვაკანსიის შევსებამდე. ამავდროულად, სამუშაოზე აღდგენის შრომის კოდექსით გათვალისწინებული მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის არსებობა-არარსებობაზე მითითებას, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის შრომის ბაზრიდან გაქრობა არის მხოლოდ წმინდა ფორმალურ სამართლებრივი საკითხი, თავისი არსით, როგორც უკვე აღინიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებელთან არასაკონკურსო პირობებში ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას და „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონით მისი გაუქმება არ სპობს დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას, ვინაიდან, აღდგენის მიზნებისათვის არსებითია არა ფორმალური, არამედ სამუშაოს შინაარსობრივი მხარე, შესაბამის ორგანიზაციაში არსებობს თუ არა იგივე ფუნქცია-მოვალეობების მქონე სამუშაო ადგილი. როგორც აღინიშნა დასაქმებული ასრულებდა არქივარიუსის ფუნქცია-მოვალეობებს, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში და მისი აღდგენაც ხორციელდება სწორედ არქივარიუსის ფუნქცია-ამოცანების განსახორციელებლად. სამუშაოზე აღდგენა გამოირიცხებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელ დაწესებულებაში აღარ იარსებებდა არქივარიუსის სამუშაო აღწერილობის შესატყვისი სამუშაო ადგილი. კონკურსის შედეგების ბათილობის პირობებში კვლავ ვაკანტურია არქივარიუსის კონკურსით შესავსები საშტატო ერთეული, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენლი წესითა და პროცედურების შესატყვისად მის შევსებამდე შესაძლებელს ხდის დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას. ამასთან, დასაქმებულის აღდგენა ხორციელდება არქივარიუსის უფლება-მოვალეობებში შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო დროებით მოვალეობის შემსრულებელი კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითებს მხოლოდ დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების დროებით სამართლებრივ ბუნებაზე/ვადიანობაზე და არა თავად იმ სამუშაოს სპეციფიკაზე, რომელზეც უნდა აღდგეს სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი პირი. საკასაციო პალატის განსჯით, სამუშაოზე აღდგენის სამათლებრივი შედეგის შესატყვისად, შემდგომში სწორედ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს არქივარიუსის შრომით უფლებებში აღდგენილი პირის ფორმალურ სამართლებრივი მხარის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და არქივარიუსის საშტატო ერთეულზე ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების ფარგლებში სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე კონკურსის ჩატარებით სამუშაოს მაძიებლის საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნა.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე№ას-941-906-2016, 31 იანვარი, 2017 წელი).

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #11381, გადახდის თარიღი - 13.11.2018) 70% – 210 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #11381, გადახდის თარიღი - 13.11.2018) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი