საქმე №ას-1706-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – რ.ჯ–ძე, ტ.მ–ი, შ.ხ–ი, კ.მ–ძე, მ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – შპს „ბ.დ.ს–ი“, ბ.ბ–ძე, ჯ.გ–ძე, დ.ბ–ძე, ე.ბ–ძე, ე.ბ–ძე, მ.რ–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.ჯ–ძემ, ტ.მ–მა, შ.ხ–მა, კ.მ–ძემ და მ.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი აღძრეს შპს „ბ.დ.ს–ის“, ბ.ბ–ძის, ჯ.გ–ძის, დ.ბ–ძის, ე.ბ–ძის, ე.ბ–ძისა და მ.რ–ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ. მათ ქ.ბათუმში, ......... ქ.#3-ში მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში - უძრავი ქონება) 1/18 წილის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
4.1. სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინების ასლი (რომლითაც აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მათ ეს ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით გაუგრძელდათ) 2019 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა აპელანტთა წარმომადგენელს. მითითებული ხარვეზი იმაში მდგომარეობდა, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში უნდა გადაეხადათ 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი და სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორებს მათთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებიათ - არც ხარვეზი არ შეუვსიათ და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის.
4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 368.5 მუხლის საფუძველზე, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლებით:
5.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სამჯერ ითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი შემცირება ან გადავადება, რაც სასამართლომ არც ერთხელ არ დააკმაყოფილა. აპელანტთა მიერ საქმეზე წარდგენილი წერილობითი კორესპონდენციებიდან სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ არც ერთ მოსარჩელეს არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლოს ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა ასე არ მოქცეულა;
5.2. არასწორია ის, რომ მოსამართლემ აცილების საკითხი ერთპიროვნულად განიხილა;
5.3. სასამართლომ კონკრეტულ საქმეზე საკუთრების უფლების ხელყოფა ვერ დაინახა, რაც არ არის მართებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელეთა მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
7. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, აპელანტები ითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, ან ბაჟის გადახდის გადავადებას, რაზეც სააპელაციო სასამართლომ კანონშეუსაბამოდ უთხრა უარი.
8. სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლების გავრცელების დასაშვებობა. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა, შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან გადავადების საფუძველი. ამგვარი შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
9. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ აპელანტებს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი შემცირების ან გადავადების მიზნით, რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. სააპელაციო საჩივარშიც და, შემდგომ წარდგენილ განცხადებებშიც, მათ მხოლოდ სიტყვიერად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენიათ (ტომი 2, ს.ფ. 243, 258, 282, 295). მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოსარჩელეებს არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში ეს ვადა 10 დღით, მეორედ 14 დღით, ხოლო მესამედ - კვლავ 14 დღით გაგრძელდა (იხ.: ტომი 2, ს.ფ. 261-263, 284-291, 297-300). ეს იმაზე მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს საკმარისი დრო ჰქონდათ თავიანთი გადახდისუუნარობა დაემტკიცებინათ - სასამართლოსათვის აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარედგინათ, თუმცა ასე არ უმოქმედიათ.
10. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368.5 მუხლის (თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დატოვა განუხილველად.
11. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-142-142-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება, # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
12. პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია მოსამართლის აცილების საკითხის ერთპიროვნულად განხილვის დაუშვებლობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მომხსენებელი მოსამართლის აცილების საკითხი სააპელაციო სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე დადგა დღის წესრიგში და, შესაბამისად, მისი განხილვაც ამ ეტაპზე მოხდა. სსსკ-ის 373.1 მუხლის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე). ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე განსახილველი ყველა საკითხი (მათ შორის, აცილების საკითხი) სწორედ მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა განიხილოს, ერთპიროვნულად.
13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიღო მხედველობაში მოცემულ საქმეზე საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ გახდება კერძო საჩივრის ფარგლებში მსჯელობის საგანი, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არსებითად კი არ განხილულა, არამედ იგი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო (შდრ. სუსგ # ას-1745-1726-2011, 2012 წლის 9 იანვრის განჩინება).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ჯ–ძის, ტ.მ–ის, შ.ხ–ის, კ.მ–ძისა და მ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი