Facebook Twitter

№ას-1646-2019 30 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ს.მ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.მ–ა“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, შემკვეთი) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, 7000 ლარის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე შპს "ბ–ის" (შემდეგში - მოსარჩელე, მენარდე) სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, მას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა. კასატორის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მენარდის მიერ სახურავის გადახურვის სამუშაოების შესრულების პროცესში, სახურავი ჩამოინგრა, მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი მხარეთა შორის სადავო გახდა. კასატორის განსჯით, მას მენარდისათვის თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადააწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რის შემდგომაც შემკვეთმა დაუყოვნებლივ აანაზღაურა სამუშაოს ღირებულება. აქედან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, მას მენარდისათვის სადავო თანხის დროულად გადახდის ვალდებულება არ დაურღვევია და მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ გამოკვეთილა.

2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა პირგასამტეხლოს გონივრულობა და შეემცირებინა მისი რაოდენობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2016 წლის 4 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა მოპასუხის კუთვნილი საამქროს სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 128 877 ლარით.

5.2.2. შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ჩამოინგრა შენობის სახურავი, რის გამოც ვერ გაგრძელდა სარემონტო სამუშაოები. მენარდემ სახურავის ჩამონგრევამდე შეასრულა სამუშაოების ნაწილი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 25 000 ლარი.

5.2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მენარდის სარჩელი და შემკვეთს დაეკისრა 25 000 ლარის ანაზღაურება მენარდის სასარგებლოდ.

5.2.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული 2016 წლის 4 იანვრის ხელშეკრულების 11.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო ამ ხელშეკრულების 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის დაეკისრებინა გადასარიცხი თანხის 0.1% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.

7. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს მოპასუხე ორგანიზაციის შენობაზე სარემონტო სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას.

8. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მენარდემ 25 000 ლარის სამუშაოები შეასრულა, თუმცა, ვინაიდან სამუშაოს შესრულების პროცესში სახურავი ჩამოინგრა, შემკვეთმა უარი განაცხადა მის ანაზღაურებაზე და კონტრაჰენტ მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხის მოწესრიგებამ სამართალწარმოების სივრცეში გადაინაცვლა. საქმეში დაცული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან სახურავის ჩამონგრევა შემკვეთის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. წინამდებარე დავის ფარგლებში მენარდე მოპასუხისგან მოითხოვს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ შემკვეთი წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიით გამორიცხავს პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობას და მიიჩნევს, რომ მან დროულად აანაზღაურა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება.კასატორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო იყო შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი, მას მენარდისათვის თანხის გადახდის ვალდებულება მხოლოდ ამ საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ წარმოეშვა. საკასაციო პალატა კასატორის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და კასატორის ყურადღებას მიაქცევს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივ ბუნებას. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მენარდე შემკვეთის მიერ განსაზღვრული პირობებით ასრულებს შეთანხმებულ სამუშაოებს, რის სანაცვლოდაც მას წარმოეშობა შემკვეთისაგან საპასუხო შესრულების - თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მართალია, სამუშაოს ნაკლიანი შესრულება შემკვეთს უფლებას აძლევს, არ მიიღოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგი (სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები), მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში დაცული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მენარდის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არათუ ნაკლიან შესრულებას, არამედ, უფრო მეტიც, შესრულების წუნი - სახურავის ჩამონგრევა გამოწვეული იყო შემკვეთის ბრალით. აქედან გამომდინარე, შემკვეთს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა არა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, არამედ ასანაზღაურებელი სამუშაოს შესრულების შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანგარიშსწორების (15 დღიან) ვადაში. რაც მას არ განუხორციელებია. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებით ადასტურებს ან გამორიცხავს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობას, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს და არ ცვლის თავად ამ ვალდებულების წარმოშობის დროს. მენარდისათვის თანხის გადახდის ვალდებულების დრო გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულების შინაარსიდან და არა სამართლებრივი დავის გადაწყვეტისას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან.

9. დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულების მხარეებმა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დაყოვნებისათვის დააწესეს პირგასამტეხლო.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

11. საკასაციო პალატის განსჯით, შემკვეთმა არ შეასრულა ვადამოსული სახელშეკრულებო ვალდებულება და მან მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, იძულებით სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აუნაზღაურა. გარემოებათა ამგვარი განვითარება კი, საკასაციო პალატის განსჯით, ქმნის მოპასუხისათვის სახელშეკრულებო ვალდებულების არადროული შესრულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. ძირითადი ვალდებულების (თანხის გადახდის) შესრულების სავალდებულოობა და კანონიერება, მისგან გამომდინარე და სწორედ ძირითადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული ბერკეტის - პირგასამტეხლოს მოთხოვნის მართლზომიერებასაც ადასტურებს. ამრიგად, პირგასამტეხლოს დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე კასატორის მსჯელობა და შედავება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამართლებრივ არგუმენტირებულობას მოკლებულია.

12. კასატორის ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრასა და მის შემცირებას შეეხება. საკასაციო პალატა კასატორის ვერც ამ საკასაციო პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან შემკვეთს არც შესაგებელში (რომელიც სარჩელისაგან მოპასუხის თავის დაცვის ძირითად ინტრუმენტს წარმოადგენს) და არც შემდგომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების პროცესში არ წამოუყენებია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე კი, ასეთი მოთხოვნის წამოყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების გათვალისწინებით, ვერ უზრუნვეყოფს, მხარისათვის ხელსაყრელი სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

13. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) მუხლით რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს მხარის მხოლოდ ის ახსნა-განმარტებანი, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს. საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს, რომ მას შესაგებელშივე უნდა მიეთითებინა, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ ცნობდა სარჩელს (სსსკ-ის 448.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ), მათ შორის წამოეყენებინა პრეტენზიაც პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისა და მისი შემცირების მოთხოვნითურთ. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ასეთი მოთხოვნის გაჟღერება, პროცესუალურად დაუშვებელია და ამ საკითხზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს. პალატა აქვე განმარტავს, მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას შეხედულებისამებრ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ეს უფლებამოსილება განახორციელოს მაშინაც, როდესაც მოპასუხეს პროცესუალური ნება არ გამოუვლენია პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით, სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს, ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთ შეპირისპირების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაშიც, შემკვეთს პირგასამტეხლოს შემცირებაზე უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ეს მოთხოვნა დაეყენებინა მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე, საპროცესო კანონმდებლობა მხარეებს აძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას, უფრო მოგვიანებითაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ან სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მიუთითონ მათ სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე (მათ შორის - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე), თუმცა ამ შემთხვევაში, პროცესის მონაწილე შესაბამისმა სუბიექტმა უნდა დაასაბუთოს ამ გარემოებაზე სარჩელში/შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. მოხმობილი საკანონმდებლო მოწესრიგება ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის სუბიექტებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში განუსაზღვრავს შესაძლებლობათა ფართო სპექტრს, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში კი, როგორც აღინიშნა, ახალ მოთხოვნებზე, გარემოებებსა და მტკიცებულებებზე აპელირება ყოველმხრივ დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში, მხარემ არ გამოიყენა შესაძლებლობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში განხილვის საგანი გამხდარიყო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში კი, ასეთი მოთხოვნის დაყენებას, სამართლებრივი რეაგირება ვერ მოჰყვება.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 350 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 350 ლარის (საგადახდო დავალება #776, გადახდის თარიღი - 01.11.2019) 70% – 245 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.მ–ას“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 350 ლარის (საგადახდო დავალება #776, გადახდის თარიღი - 01.11.2019) 70% – 245 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი