Facebook Twitter

№ას-1635-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ს.ჯ.პ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საიჯარო ქონების დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 3 იანვარს შპს „ს.ჯ.პ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მეიჯარე) და შპს „ჯ-მ–ს“ (მოგვიანებით - სს „გ–ი“, შემდეგში მოხსენიებული, როგორც: მოპასუხე, მოიჯარე, კასატორი) შორის დაიდოს იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა ქარელის რაიონის სოფელ ....... მდებარე 38 012კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული 1 430კვ.მ N1 შენობა-ნაგებობა (შემდეგში - პირველი საიჯარო ქონება).

2. 2012 წლის 1 ივლისს იმავე მხარეებს შორის დაიდო იჯარის მეორე ხელშეკრულება, რომლითაც მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა ქ.ბათუმში, ....... გამზირზე მდებარე 6 556კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული 296კვ.მ კომერციული ფართი (შემდეგში - მეორე საიჯარო ქონება).

3. ზემოხსენებული ორივე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება 2 წლით. ხელშეკრულებების 13.2 პუნქტის მიხედვით, 13.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების დამატებითი 2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოიჯარეს აქვს უფლება ისარგებლოს იჯარის ხელშეკრულების დადების უპირატესი უფლებით. მეიჯარე ვალდებულია, ამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შესთავაზოს მოიჯარეს ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ან ახალი საიჯარო ხელშეკრულების დადება ახალი პირობებით. თუ შეთავაზებიდან 15 დღის ვადაში მეიჯარე მოიჯარისგან არ მიიღებს თანხმობას შეთავაზებულ წინადადებაზე, მაშინ მეიჯარეს უფლება აქვს, ხელშეკრულება გააფორმოს სხვა პირთან, ხოლო ხელშეკრულებების 13.3 პუნქტის თანახმად, მათი მოქმედება შეიძლება შეწყდეს: მხარეთა შეთანხმებით, რომელიმე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. 2016 წლის 31 დეკემბერს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის მოხდა შეთანხმება, კერძოდ, 2012 წლის 3 იანვრისა და 2012 წლის 1 ივლისის იჯარის ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 1 აპრილამდე, რომელსაც ხელს მხოლოდ მეიჯარე აწერდა.

5. 2019 წლის 28 იანვარს მეიჯარემ მოიჯარეს აცნობა, რომ ზემოაღნიშნულ იჯარის ხელშეკრულებებს წყვეტდა 2019 წლის 28 აპრილიდან და მოსთხოვა საიჯარო ქონებების გამოთავისუფლება, აგრეთვე, კომუნალური თუ სხვა დავალიანების დაფარვა. 2019 წლის 19 აპრილის წერილით კი, მოიჯარემ მეიჯარეს შეატყობინა, რომ მისი მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტაზე კანონშეუსაბამო იყო.

6. საიჯარო ქონებები მოპასუხის სარგებლობაშია.

7. პირველი საიჯარო ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა, რომელსაც აღნაგობის ხელშეკრულება აქვს დადებული მოსარჩელესთან 2010 წლის 15 ივლისიდან 40 წლის ვადით, 2059 წლის 12 ივლისამდე. მეორე უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება.

8. მეიჯარემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ და მოითხოვა:

8.1. იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტილად ცნობა;

8.2. საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურება;

8.3. საიჯარო ქონებების გამოთავისუფლება და მისთვის დაბრუნება.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

9.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

9.2. შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2012 წლის 3 იანვრისა და 2012 წლის 1 ივლისის იჯარის ხელშეკრულებები;

9.3. დადგინდა მოიჯარის უკანონო მფლობელობიდან საიჯარო ქონებების ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში (ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის, გათბობის, ვენტილაციის კონდიცირების კომუნიკაციების სრული აღჭურვილობით და შესაბამისი მრიცხველებით, სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ინვენტარით და დანადგარით, მათ შორის, სამზარეულო და საოფისე ინვენტარით, დანადგარებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, სამზარეულოს ჭურჭლით და აქსესუარებით, მოპასუხისათვის საიჯარო ქონების გადაცემის დროისათვის არსებული მდგომარეობით) გამოთხოვა;

9.4. ზიანის - 109 781.50 ლარისა და ყოველთვიურად 4 430 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

9.5. მოიჯარეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა ყოველთვიურად იჯარის თანხების გადახდა, საიჯარო ქონებების დაყოვნების სრულ პერიოდზე, 2019 წლის 28 აპრილიდან საიჯარო ქონებების დაბრუნებამდე.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (მოიჯარე), რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ (წინამდებარე განჩინების 9.2. და 9.3. პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

11.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმ–ა, რომ საიჯარო ურთიერთობა (ქირავნობის მსგავსად) შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი. ამ დასკვნის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 561-ე (ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 581.2 მუხლებსა (იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებების 15.5 პუნქტზე (მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, რის შესახებაც ერთი მხარე მეორეს აცნობებს 3 თვით ადრე, წერილობით).

11.2. სასამართლოს მოსაზრებით, იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა არც ხსენებული ხელშეკრულებების 13.3 პუნქტის და არც სსკ-ის 589-ე მუხლის შინაარსი, როგორც ამაზე მოპასუხემ მიუთითა. დასახელებული 13.3. პუნქტი ხელშეკრულების შეწყვეტის ზოგად საფუძვლებზე მიუთითებდა, სადაც ერთ-ერთ პირობად მხარეთა შეთანხმება განიხილებოდა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მხარეთა შეთანხმება, თავის მხრივ, 15.5 პუნქტში განისაზღვრა. რაც შეეხებოდა სსკ-ის 589-ე მუხლს, ამ მუხლის დანაწესი მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარას და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას შეეხებოდა, რაც მოცემული დავის გადასაწყვეტად ვერ გამოდგებოდა, რადგან იჯარის ხელშეკრულებების საგანი შენობა-ნაგებობები იყო და არა - მიწის ნაკვეთები.

11.3. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოიჯარის უკანონო მფლობელობიდან საიჯარო ქონებების დაბრუნების თაობაზე. უწინარესად სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად კუმულაციურად სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა გააჩნდეს (იხ. სუსგ, №ას-707-677-2016, 23.09.2016წ.). სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო სამივე წინაპირობა არსებობდა, კერძოდ: 1. პირველი საიჯარო ქონების მფლობელობის უფლება მოსარჩელეს აღნაგობის ხელშეკრულებით 2059 წლის 12 ივლისამდე ჰქონდა, ხოლო მეორე საიჯარო ქონებაზე მისი მესაკუთრეობა საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდებოდა; 2. მოპასუხე ამ საიჯარო ქონებებს არამართლზომიერად ფლობდა; 3. მოპასუხეს არ გააჩნდა მათი ფლობის სამართლებრივი საფუძველი. დასახელებული ბოლო წინაპირობის დადგენისას სასამართლომ აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულებების გარდა მხარეთა შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ამიტომ მოსარჩელის უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველი არ იკვეთებოდა. ამდენად, მოპასუხე საიჯარო ქონებებს არამართლზომიერად ფლობდა, რაც სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას წაუყენებს) და 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებით საიჯარო ქონებების მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი არგუმენტებით:

12.1. იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს ამ ხელშეკრულებების 15.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ხელშეკრულება. აღნიშნულ პოზიციას მოპასუხე უპირისპირებს ხსენებული ხელშეკრულებების 13.3 პუნქტს, რომლითაც დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედება შეიძლება შეწყდეს: მხარეთა შეთანხმებით, რომელიმე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევისას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, არ გამოვლენილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე სახის დარღვევა, რაც მათი ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მართლზომიერად ფლობს საიჯარო ქონებებს და მათი გამოთხოვის მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

12.2. იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულებები, პატივსადები მიზეზის გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელის ცალმხრივი გადაწყვეტილება ზიანს აყენებს მოპასუხეს და საფრთხეს უქმნის ამ უკანასკნელის რეაბილიტაციის პროცესს.

12.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის (სსკ-ის 589-ე მუხლი).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმ–ება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

17. საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საიჯარო ქონების დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელის ეს მოთხოვნა სსკ-ის 564-ე მუხლიდან (ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული) გამომდინარეობს, რადგან სსკ-ის 581.2 მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები სსკ-ის 564-ე მუხლისგან განსხვავებულ წესს არ განსაზღვრავენ). ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი (ქირავნობის საგნის გამქირავებლისათვის დაბრუნება) მიიღება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას.

18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსკ-ის 559.3-ე (თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით) და 561-ე (ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს) მუხლებში. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეიჯარემ მოიჯარეს კანონით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის დაცვით მოუშალა ხელშეკრულება, შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლა სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მეიჯარეს იჯარის ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება ჰქონდა მხოლოდ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას. საკასაციო პალატა ამ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებების 13.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედება შეიძლება შეწყდეს: მხარეთა შეთანხმებით, რომელიმე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევისას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. ამდენად, მხარეებმა იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტა დაუკავშირეს არა მ–ო ამ ხელშეკრულებებში მითითებულ, არამედ, კანონმდებლობით საამისოდ გათვალისწინებულ საფუძვლებსაც. კანონმდებლობით კი, როგორც მეიჯარე, ასევე, მოიჯარე უფლებამოსილია, მოშალოს განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება, 3-თვიანი ვადის დაცვით, ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.

19. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა სსკ-ის 589-ე (თუ მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია საიჯარო წლის ბოლოსათვის; იგი შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა) მუხლით უნდა მოწესრიგდეს. საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებმა იჯარის ხელშეკრულება კომერციულ ფართებზე გააფორმეს, ამიტომ მათ მიმართ სსკ-ის 589-ე მუხლით დადგენილი მიწის ან უფლების იჯარის წესები ვერ გავრცელდება. მიუხედავად ამისა, ასეც რომ არ იყოს, სადავო შემთხვევაში მოცემული ნორმით გათვალისწინებული მოშლის ვადაც დაცულია, ვინაიდან საიჯარო წელი 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა, ხოლო იჯარის ხელშეკრულებების მოშლის შესახებ მოსარჩელემ 2019 წლის იანვრის ბოლოს განაცხადა.

20. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ გრძელვადიანი ურთიერთობის არსებობისას ხელშეკრულება მხოლოდ პატივსადები მიზეზით შეიძლება მოიშალოს. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისათვის ასეთი მიზეზის საჭიროებაზე საუბარია სსკ-ის 399.1 მუხლის პირველ წინადადებაში (ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად), ოღონდ ეს ნორმა შეეხება არა განუსაზღვრელი ვადით დადებულ, არამედ გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ვადიანი ხელშეკრულებების მოქმედება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა სსკ-ის 399.1 მუხლის რეგულირების ქვეშ ვერ მოექცევა იმ მიზეზით, რომ იგი განუსაზღვრელი ვადითაა დადებული. გარდა ამისა, აქ საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი, დასახელებული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და იგი მაშინ გამოიყენება, თუკი სპეციალური ნორმა სხვა რამეს არ ადგენს. მოცემულ შემთხვევაში, ქირავნობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმით (ზემოთ განიმ–ა, რომ იგი იჯარის ხელშეკრულების მიმართაც გამოიყენება) სხვა რამეა დადგენილი, კერძოდ, ამ ნორმით კანონმდებელი განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესაძლებლობას ითვალისწინებს ისე, რომ, საამისოდ რაიმე პატივსადები მიზეზის არსებობას არ მოითხოვს.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მეიჯარემ იჯარის ხელშეკრულებები მართლზომიერად შეწყვიტა, რამაც კანონშესაბამისი გახადა საიჯარო ქონების დაბრუნების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-489-457-2017, 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება).

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „გ–ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1574951651, გადახდის თარიღი - 28/11/2019) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი