№ას-1529-2019 30 სექტემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის N1 საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ხ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის N1 საჯარო სკოლა (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, სკოლა) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც თელავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მ.ხ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული, მასწავლებელი) სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო დამსაქმებლის ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და დამსაქმებელს დასაქმებულისათვის 5040 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, 2017 წლის 29 სექტემბრის სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით, იკვეთება, რომ დასაქმებული სკოლას, მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებს და ზოგადად სასწავლო პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას უქმნიდა საფრთხეს და კრების მოწვევის მიზეზიც მისი ქმედებები გახდა. კასატორის მოსაზრებით, დასაქმებულის არაეთიკური ქცევა, არაკოლეგიური ურთიერთობები თანამშრომლებთან და მშობლების და მოსწავლეების დამოკიდებულება, რომ დასაქმებულს არ ესწავლებინა კონკრეტული მოსწავლეებისა და კლასებისათვის, სწორედ შრომის შინაგანაწესის დარღვევაზე მიუთითებს და სასამართლომ ეს საკითხი არასწორად შეაფასა.
2.2. კასატორის განმარტებით, დასაქმებულის მიერ დარღვეული შრომითი ვალდებულები, მის მიმართ უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდების შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისმა კანონსაწინააღმდეგო ქმდებებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო, სამსახურიდან გათავისუფლება დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენდა. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია დასაქმებულისათვის დაკისრებული წინმსწრები სახდელების უშედეგობაც.
2.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ კომპენსაციის ოდენობა არაგონივრულად განსაზღვრა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. მოსარჩელე 2017 წლის 2 ოქტომბრამდე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად მუშაობდა. მისი შრომის ანაზღაურება თვეში 240 ლარს შეადგენდა.
5.2.2. დამსაქმებლის 2017 წლის 1 მაისის ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინრული სახდელი - წერილობითი გაფრთხილება, "საქართველოს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული წესის დარღვევის გამო, რასაც საფუძვლად დაედო სკოლის დიციპლინური კომიტეტის 2017 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმი.
5.2.3. დასაქმებულს 2017 წლის 23 მაისს შედგენილი N4 სხდომის ოქმისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, სკოლის დირექტორის 2017 წლის 25 მაისის N1-16 ბრძანებით დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ,,სასტიკი საყვედური“, რასაც საფუძვლლად დაედო ამავე სკოლის მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლის მშობელთა განცხადებები, რომელთა განმარტებითაც, მოსარჩელე მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა. კომიტეტმა გამოკითხა განმცხადებლები, რომელთაც დაადასტურეს მითითებული ფაქტები.
5.2.4. 2017 წლის ივნისის თვეში სკოლის დირექციას მიმართა ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, რომელმაც მიუთითა ამავე სკოლის პედაგოგის მ.ხ–ის მხრიდან შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი, გამოკითხა მოსწავლეები. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 28 ივნისის N9 სხდომის ოქმის შესაბამისად, სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 ივლისის N1-19 ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ხელფასის დაკავება 8 სამუშაო დღის ოდენობით.
5.2.5. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 29 სექტემბრის N10 სხდომის ოქმის საფუძველზე, დამსაქმებელმა 2017 წლის 2 ოქტომბრის N1-34 ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომის ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
6. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) და შრომის შინაგანაწესი დაედო.
8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
9. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამორკვეულია, რომ დასაქმებულთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 2 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე. სადავო ბრძანების თანახმად, დასაქმებული სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მითითებული ნორმის წინაპირობების არსებობის შემოწმება და ამ ნორმის დანაწესის სამართლებრივად სწორი ინტერპრეტაციის შედეგად, სადავო საკითხის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია წარმოადგენს.
10. საკასაციო პალატის წინაშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში დასმული საკვანძო საკითხის გამორკვევის მიზნით, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ დასაქმებულს 2017 წლის განმავლობაში არაერთხელ (პირველ მაისს, 25 მაისს, 3 ივლისს) დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, თითოეულ შემთხვევაში საქმეში დაცული დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმებიდან ირკვევა, რომ იდენტიფიცირებული იყო შრომითი ვალდებულების დარღვევა და სანქციაც მასწავლებელს კონკრეტული ვალდებულების დარღვევისათვის დაეკისრა. მაგალითად, 2017 წლის 1 მაისს მასწავლებელს მიეცა გაფრთხილება ჟურნალის წარმოების წესის დარღვევისა და საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის გამო. 2017 წლის 25 მაისს კი, მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის დამსაქმებელმა სასტიკი საყვედური გამოუცხადა დასაქმებულს. გათავისუფლებამდე ბოლო დისციპლინური სახდელი დასაქმებულს 2017 წლის 3 ივლისს შეეფარდა, შესაბამისად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შესაძლებელია გამხდარიყო უკანასკნელი დისციპლინური გადაცდომისათვის სახდელის შეფარდების შემდგომ პერიოდში ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
11. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). ამდენად, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში პალატის განმარტებით, სწორედ სადავო სამართალურთიერთობის ძლიერი მხარე - დამსაქმებელი იყო ვალდებული სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა მასწავლებლის მხრიდან შრომითი ვალდებულების ხელახალი დარღვევა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, კერძოდ, 2017 წლის 3 ივლისის შემდგომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდში. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებით სადავო ფაქტი არ დადასტურდა, დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი კი, მისი ზოგადი ხასიათის გამო არ შეიცავს ზუსტ აღწერილობას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის თაობაზე და არ ქმნის საკმარის საფუძველს დასაქმებულის წინააღმდეგ უკიდურესი ღონისძიების - სამსახურიდან გათავისუფლების გამოსაყენებლად. უფრო მეტიც, კასატორი საკასაციო საჩივარში თავადვე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა ზოგადად დასაქმებულის ქმედებები და მისი არაეთიკური ქცევა, არაკოლეგიური ურთიერთობები თანამშრომლებთან და მშობლების და მოსწავლეების უარყოფითი დამოკიდებულება (დასაქმებულს არ ესწავლებინა კონკრეტული მოსწავლეებისა და კლასებისათვის), შრომის შინაგანაწესის დარღვევად შეაფასა. საკასაციო პალატის განსჯით, მართალია, შრომის შინაგანაწესის შესაბამისად, მითითებული გარემოებები (მათი უცილობლად დამტკიცების შემთხვევაში) წარმოადგენს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, თუმცა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქცეპუნქტის ფარგლებში პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, განმსაზღვრელია 2017 წლის 3 ივლისის შემდგომ პერიოდში მითითებული ქმედებების ჩადენის დამტკიცება, რაც დამსაქმებელმა განსახილველ შემთხვევაში ვერ დაადასტურა. დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის განმსაზღვრელია ისიც, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სადავო ბრძანება არ შეიცავს მითითებას, თუ შინაგანაწესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა დასაქმებულმა, რაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას.
12. დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების სამართლებრივი საფუძვლიანობის გაქარწყლების პარალელურად საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულის შრომით უფლებებში რესტიტუციის სამართლებრივი საკითხის გადაჭრა.
12.1. საკასაციო პალატის განმარტებით, სამუშაოზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთება დამსაქმელის არამართლზომიერი ქმედება, უპირველესად, უნდა შეფასდეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტით. მითითებული ნორმის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). ამდენად, შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) უკავშირებს.
12.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიცია ვაკანტური არ არის და არც ტოლფასი თანამდებობა არსებობს. მითითებული გარემოება გამორიცხავს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას და მისთვის კომპენსაციის მიკუთვნების სამართლებრივ წინაპირობას ქმნის.
12.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. კასატორი სადავოდ ხდის დასაქმებულისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობას, თუმცა კასატორს კომპენსაციასთან დაკავშირებით დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია და მხოლოდ კომპენსაციის არაგონივრულობაზე მითითებით შემოიფარგლა, დაუსაბუთებელი საკასაციო პრეტენზია კი, ვერ უზრუნველყოფს კასატორის იურიდიული ინტერესის შესატყვის სამართლებრივ შედეგს. კომპენსაციის განმსაზღვრელი ზემოხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გონივრულად განსაზღვრა დამსაქმებლისათვის დასაკისრებელი კომპენსაციის მოცულობა და მისი გადახედვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #5463, გადახდის თარიღი - 12.11.2019) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის N1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის N1 საჯარო სკოლას (231169650) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #5463, გადახდის თარიღი - 12.11.2019) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი