Facebook Twitter

30 სექტემბერი, 2020 წელი, №ას-1688-2019 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლა, სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლის დირექტორის 14.03.2018 წლის ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 23.04.2018 წლის სხდომის ოქმი №39-ის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. Mნ.ჭ–ძე (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი, დასაქმებული, მასწავლებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლის (შემდეგში - დამსაქმებელი, სკოლა, მოპასუხე) დირექტორის 2018 წლის 14 მარტის ბრძანებისა და სკოლის სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №39 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია ემყარება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. აღნიშნული გარემოების გამოკვლევისას სასამართლო დაეყრდნო ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე განმცხადებელი მოსწავლის ჩვენებას და არ გაიზიარა სხვა ნეიტრალური მოსწავლეების მიერ მითითებული გარემოებები. კასატორის განმარტებით, დისციპლინური კომიტეტის ოქმში მითითებულია, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დასტურდება მოსწავლის, მისი მშობლის, თანაკლასელების, დამრიგებლისა და ექიმის ახსნა-განმარტებით, თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. კასატორის განმარტებით, მასწავლებელს მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ამასთან, დაუსაბუთებელია დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება. კასატორის მითითებით, სამართალწარმოების პროცესში დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა როგორც მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დადასტურება, ისე შედარებით მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზანშეუწონლობა, რისი მტკიცების ტვირთიც დამსაქმებელმა ვერ გაწია.

2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას მის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოეყენებინა ექიმის ახსნა-განმარტებაც, რომელმაც მიუთითა მოსწავლისათვის ყელზე არსებული სიწითლის გამო გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე. კასატორის განსჯით, ექიმი არ ესწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და, ამდენად, მას არ შეეძლო დაედასტურებინა მოსწავლის ყელის არეში სიწითლე გამოწვეული იყო თუ არა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ზემოქმედების (ყელში წაჭერის) შედეგად. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლეს, სკოლა ვალდებული იყო საქმეში ჩაერთო შესაბამისი ძალოვანი სტუქტურები, რომლებიც, კასატორის მოსაზრებით, გამოძახებულ უნდა იქნენ არამარტო სისხლისსამართლებრივ დარღვევებზე, არამედ ადმინისტრაციული გადაცდომების დროსაც.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. მოსარჩელემ, დამსაქმებელ დაწესებულებაში 1983 წელს მუშაობა დაიწყო გეოგრაფიის მასწავლებლად. 1989 წლის 5 სექტემბერს დასაქმებულმა დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, აღმზრდელობით დარგში საათების შენარჩუნებით, 2005 წლიდან დასაქმებული მუშაობდა მასობრივი მუშაობის ორგანიზატორად საათების შენარჩუნებითვე, ხოლო 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 მარტამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.დასაქმებულის სკოლაში მუშაობის ხანგრძლივობა 34 წელს შეადგენდა. მოსარჩელე უვადო შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან.

5.2.2. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 9 მარტის №4 სხდომის ოქმით სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის IX/ა პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გაეთავისუფლებინა სამსახურიდან.

5.2.3. დამსაქმებლის 2018 წლის 14 მარტის №1/კ-35 ბრძანებით, მასწავლებელს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, დაეკისრა შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელი: სამსახურიდან გათავისუფლება.

6. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

7. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43.2. მუხლი და სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის “პ“ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დაედო.

8. სკოლის შინაგანაწესის 22.2 მუხლის „პ“ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომათა კატეგორიას განეკუთვნება მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა. შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული პირდაპირ თავისუფლდება სამსახურიდან მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის. სკოლის შინაგანაწესის თანახმად, იგი სკოლაში დასაქმებულ პირთან დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, ამასთან, მასწავლებელთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების 3.3.1. მუხლის შესატყვისად, პედაგოგისათვის სავალდებულოა სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და გაეცნო საქმის გარემოებებს, მიიჩნევს, რომ მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის არარსებობის თაობაზე კასატორის შედავება უსაფუძვლოა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს საპირისპირო გარემოება.

10. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). ამდენად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სწორედ სადავო სამართალურთიერთობის ძლიერი მხარე - დამსაქმებელია ვალდებული, სასამართლოს წინაშე დაამტკიცოს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებით სადავო ფაქტი დადასტურებულია. თავად მოსარჩელის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა პირებმაც დაადასტურეს მოსწავლის მიმართ დიციპლინური კომიტეტის სხდომაზე აღწერილი ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი, კერძოდ კი, ის გარემოება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგის გაკვეთილის დასრულების შემდგომ საკლასო ოთახიდან გამოსულ მოსწავლეს ყელის არეში აღენიშნებოდა სიწითლე. ეს ფაქტი დაადასტურა არა მხოლოდ შეურაცხყოფილმა მოსწავლემ, არამედ არაერთმა მასწავლებელმა და სკოლის ექიმმა. მართალია, საკასაციო საჩივარში დასაქმებული მიუთითებს, რომ მის მიერ მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი გამორიცხეს გაკვეთილზე დამსწრე მოსწავლეებმა, რომელთა ახსნა-განმარტებისათვის, როგორც პირდაპირი მტკიცებულებისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭებინა სასამართლოს, თუმცა ნიშანდობლივია, რომ, მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოსწავლეთა მოწმედ დასახელებისა, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა არცერთი მოსწავლე. რაც შეეხება დასაქმებულის მიერ წარდგენილ მოსწავლეთა ახსნა-განმარტებით წერილებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული დოკუმენტაციას მისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიენიჭოს ის სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც გადაწონის საქმეზე მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის დამდგენ მტკიცებულებათა ერთობლიობის (მოწმეთა ჩვენებისა და დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმის) ძალას.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა სახეებს მიეკუთვნება: თვით მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებებში მოიაზრება აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მოსწავლეთა ახნა-განმრტებითი წერილის ასლები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებას არ განეკუთვნება და შესაბამის პირთა მიერ წერილობით განმარტებაში აღწერილი ფაქტები დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივ მნიშვნელობას იძენს მოწმის პროცესუალური სტატუსით დადასტურებისას. სადავო გარემოებათა შემსწრე პირებმა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ცრუ ჩვენების მიცემისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გაცნობიერების ფარგლებში უნდა აღუწერონ სასამართლოს წერილობით ახნსა-განმარტებაში დაფიქსირებული, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ესა თუ ის გარემოება, რომელთა შემსწრეც მოწმედ დასახელებული პირები გახდნენ. განსახილველ დავაზე, იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულმა სასამართლო სხდომის არაერთგზის გადადების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო მოწმის სტატუსით, მოსწავლეთა სასამართლოს სხდომაზე ნებაყოფლობით გამოცხადება და შემდგომ თავადვე იშუამდგომლა მათი მოწმედ დაკითხვის მოხსნის თაობაზე, კასატორის მხრიდან მოსწავლეთა წერილობით ახსნა-განმარტებაზე აპელირება, ვერ უზრუნევლყოფს კასატორის იურიული ინტერესში არსებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. პალატის განსჯით, კასატორმა სასამართლოსთვის სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვერ გააქარწყლა მის მიერ მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. საგულისხმოა ისიც, რომ დავის პროცესში სადავო არ ყოფილა მოსწავლეზე ფიზიკური შეხების ფაქტი (დასაქმებულის თქმით, მან მოსწავლეს კისერში ხელის მოკიდებით თავი ააწევინა), დასაქმებული აპელირებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ იმგვარად არ შეხებია მოსწავლეს, ეს ქმედება ფიზიკურ შეურაცხყოფად განხილულიყო. ამა თუ იმ პირისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადგენა სასამართლოს შეფასების საკითხია. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა სრული სპექტრის საფუძველზე ირკვევა, რომ მასწავლების ფიზიკურ შეხებას მოსწავლის მიმართ მოჰყვა მოსწავლის ძლიერი სულიერი აღელვება და ვიზუალირებადი სიწითლის ნიშნები ფიზიკური ზემოქმედების არეში. აღწერილ გარემოებათა ჯაჭვი და ურთიერთმიმართება, სასამართლოს განსჯით, ქმნის მასწავლებლის ქმედების მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფად განსაზღვრის სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, სამართალდამცავი ორგანოების გამოუძახებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ ამ ფაქტზე მითითება, მასწავლებლის ქმედების ფიზიკურ შეყრაცხყოფად სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ჭრილში შეფასებისთვის რაიმე სამართლებრივ გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება ფაქტზე რეაგირების მიზნით, ხორციელდება არა ყველა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, არამედ მხოლოდ მათ მიმართ, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება კეთილსინდისიერად გამოიყენა, სახელდობრ: მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო სეგმენტში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი ეთიკური სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პალატა დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულმა საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის სტანდარტების ისეთი დარღვევა ჩაიდინა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აბსოლუტური საფუძველია.

13. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე Nას-1558-2018, 25 იანვარი, 2019 წელი).

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ღ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #0, გადახდის თარიღი 07.11.2019), 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ჭ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ღ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #0, გადახდის თარიღი 07.11.2019), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი