საქმე №ას-879-2020 3 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ი ...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, საშვებულებო ანაზღაურების გადახდა, კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.დ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,გ–ი ....-ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების - 7500 ლარის, საშვებულებო ანაზღაურების - 1500 ლარის, კომპენსაციის - ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით 3000 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით დაყოვნებული თანხის, ჯამში 12000 ლარის 0.07%-ის დაკისრება ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 2017 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 20265 ლარისა და 60 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), საიდანაც სახელფასო დავალიანებაა 7500 ლარი, საშვებულებო ანაზღაურება - 1500 ლარი, კომპენსაცია - ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით - 3000 ლარი და პირგასამტეხლო - 8265 ლარი და 60 თეთრი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა შემდეგი: დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მონაწილეცაა საქმეში. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის 810,6 ლარის, გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. თბილისი, .......); აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა - 10 (ათი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან; განემარტა აპელანტს, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
5. საქმეში არსებული უკუგზავნილით დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს - რ.რ–ძეს 2020 წლის 27 თებერვალს. რ.რ–ძის სახელზე გაგზავნილი განჩინება ჩაიბარა ა.გ–ძემ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა (ტ. 2, ს.ფ 13).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დასაბუთება სააპელაციო სასამართლომ დააყრდნო შემდეგ გარემოებებსა და მოსაზრებებს:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღიანი ვადა, საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით (ტ.2, ს.ფ 13) დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა აპელანტს 2020 წლის 27 თებერვალს კანონით დადგენილი წესით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. განჩინება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
10. აპელანტს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 28 თებერვლიდან და ამოიწურა 2010 წლის 10 მარტს.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა, შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა სხვა პირმა - ალ.გ–ძემ, რომელთანაც რ. რ–ძე დაკავშირებული არ არის არც ორგანიზაციულად და არც სტრუქტურულად. იგი არ არის არც მისი ნათესავი ან ოჯახის წევრი. ის გარემოება, რომ ისინი ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან, არ ნიშნავს იმას, რომ ასოციაცია რ. რ–ძის სამუშაო მისამართზე მდებარეობს. ადვოკატთა ასოციაცია ფუნქციონირებს თბ., ზუბალაშვილების ქ.N8-ში, ხოლო რ. რ–ძე - თბ., ...... N5-ში. ამასთან, რ. რ–ძე, როგორც ადვოკატი საქმიანობს, როგორ ფიზიკური პირი, არ ყავს დასაქმებული. გზავნილის ჩამბარებელი ადვოკატი ა. გ–ძე მხოლოდ მისი კოლეგაა. ის არ მუშაობს და არ საქმიანობს მის სამუშაო სივრცეში - ოფისში. გასულია დიდი დრო და ალ. გ–ძე ვერ იხსენებს, თუ სად, რა ვითარებაში, ან საერთოდ ჩაბარდა თუ არა მას რაიმე გზავნილი რ. რ–ძეზე გადასაცემად. ამასთან, მას ახასიათებს პათოლოგიური ნიშნები გაფანტული სკლეროზის სიმპტომები. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, რომ მოწმის სახით დაიკითხოს ალ.გ–ძე, რომელიც განმარტავს, ნამდვილად ჩაიბარა თუ არა გზავნილი რ. რ–ძეზე გადასაცემად და რა მიზეზმა განაპირობა მისი გადაუცემლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღიანი ვადა.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
19. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
20. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.
21. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინება ხარვეზის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს რ.რ–ძეს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: თბ., ...... N5 (კაბინეტი 343) - ტ.1. ს.ფ. 12. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის მიხედვით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება ამავე მისამართზე ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ა.გ–ძეს, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატს 2020 წლის 27 თებერვალს (იხ., ტ.2. ს.ფ. 13).
22. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის ინფორმირებას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზისა და ამისათვის განსაზღვრული ვადის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ ა.გ–ძისთვის გზავნილის ჩაბარება არ უნდა იქნეს მიჩნეული რომ ადრესატს ჩაბარდა გზავნილი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირი, არ არის მისი თანამშრომელი და არც კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული. მეტიც, ისინი არც ერთ ორგანიზაციაში არ მუშაობენ. მისთვის გზავნილის შინაარსი არავის გადაუცია.
23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ აპელანტი არ იყო ინფორმირებული სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და ამის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის თაობაზე აპელანტს (მის წარმომადგენელს) ეკისრებოდა.
24. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
25. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რა დროსაც, საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ 31.01.2017წ. №ას-1007-968-2016, სუსგ 9.02.2018წ. ას-17-17-2018; Nას-1709-2018, 13.12.2018). მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტება არ არის გამყარებული რელევანტური მტკიცებულებით, რომელიც დაარწმუნებდა საკასაციო სასამართლოს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებაზე ალ.გ–ძე არაუფლებამოსილი პირი იყო.
27. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ალ. გ–ძის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ და განმარტავს, რომ სსსკ-ით გათვალისწინებული თავისებურების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოში არ ხდება ფაქტობრივი გარემოებების (მოწმის დაკითხვა და ა.შ) დადგენა. ასევე, გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის ის არგუმენტი, რომ გზავნილი ჩაბარების დროისათვის ალ. გ–ძე გადიოდა ინტენსიურ სამედიცინო მკურნალობას და დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა რ.რ–ძისთვის ინფორმაციის მიწოდება.
28. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლითაც საქმეში არსებული უკუგზავნილით დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს - რ.რ–ძეს 2020 წლის 27 თებერვალს. შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის დადგენისა და მის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებულად ეთვლება.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მის წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
30. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებლად მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით უნდა შეევსო, რაც მას არ განუხორციელებია და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, რაც სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
32. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. შესაბამისად, საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ–ი ...“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე