Facebook Twitter

საქმე №ას-849-2020 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ფ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – საიჯარო ქირის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.მ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ფ.ბ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5000 ლარის ანაზღაურება; 1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის - 1328 ლარის ანაზღაურება;1.3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან თანხის სრულად დაფარვამდე, სავარაუდოდ 12 თვემდე პერიოდში, ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის - 1680 ლარის ანაზღაურება.

2. სარჩელი იმ გარემოებებს დაეფუძნა, რომ 2018 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ დაიქირავა ზესტაფონში, ...... მდებარე ს/კ ..... ფართით 48 კვ.მ. და ს/კ ...... ფართით 96 კვ.მ. (შემდეგში - ხელშეკრულების საგანი ან უძრავი ქონება), ავტო-ტექმომსახურების განსახორციელებლად. ქირის თანხა განისაზღვრა თითოეულ ფართზე 250 ლარი, ჯამში 500 ლარი ყოველთვიურად. მოპასუხემ გადაიხადა ერთი თვის ქირა და 2018 წლის მეორე ნახევარში გაუჩინარდა. მოპასუხეს ფართის ქირა არ გადაუხდია. მოპასუხის ოჯახის წევრების განმარტებით, იგი იყო ავად, გადასული იყო თურქეთში სამკურნალოდ. სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეს ქირის დავალიანება შეადგენს 10 თვის ქირას 5000 ლარს. ქირის გადაუხდელობით მოსარჩელეს მიადგა ზარალი - თანხის 2,8%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქირავნობის ხელშეკრულება შედგა მოსარჩელის ოჯახის წევრთან. ამასთან, ქირის თანხა შეადგენდა არა 500 ლარს, არამედ 1500 ლარს. იგი სამი თვე იხდიდა ქირას, შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თურქეთში წავიდა სამკურნალოდ. აღნიშნულის თაობაზე აცნობა მოსარჩელის მამას და მოითხოვა ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, რაზედაც იგი დაეთანხმა, თუმცა, ხელშეკრულების შეწყვეტა, წერილობით არ გაუფორმებიათ.

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5000 ლარი; მოთხოვნა ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელმაც სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. ვინაიდან სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო სამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5. 2018 წლის 30 იანვარს, მოსარჩელის წარმომადგენლის მეშვეობით, მოპასუხესთან დაიდო უძრავი ნივთის ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ზესტაფონში, ....მდებარე, ს/კ ..... კვ.მ. ფართი და ს/კ ..... კვ.მ. ფართი. ქირავნობის საფასური, თითოეულ ფართზე 250 ლარით განისაზღვრა.

6. ქირავნობის ვადა დაიწყო 2018 წლის 20 თებერვალს და სრულდებოდა 2020 წლის 20 თებერვალს.

7. ქირავნობის ხელშეკრულებები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ტ.ჭ–მა განმარტა, რომ სადავო ფართის ნაწილში გახსნილი ჰქონდა ავტოსახელოსნო. ქირას - 150 ლარს უხდიდა მოსარჩელეს. ფართის მოპასუხის მიერ დაქირავების შემდეგ, მოწმემ, სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხესთან გააგრძელა და სწორედ მას უხდიდა ქირას, ყოველთვიურად - 200 ლარს. მოწმემ, სამი თვის განმავლობაში ქირა მოპასუხეს გადაუხადა. მოგვიანებით კი, ვინაიდან მოწმემ მოპასუხეს ასესხა 1000 აშშ დოლარი, მოპასუხე ქირას აღარ ახდევინებდა, მოწმე ისე ფლობდა ფართს. მას შემდე, რაც მოპასუხემ მოწმეს თანხა დაუბრუნა, მოწმე შემოდგომიდან ქირას კვლავ მოსარჩელეს უხდიდა.

9. ამასთან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ.ჭ–მა განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - ფართს ყურადღებას აქცევდა მოსარჩელის მეუღლე. მოწმე ხან მას აძლევს თანხას და ხან მამამისს (იხ. 21.11.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

10. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი.კ–მა განმარტა, რომ არის მოპასუხის ნათესავი, რომელმაც თ–ს გადასცა 1300 ლარი, როგორც ერთი თვის ქირა და 450 ლარი წყლის გაკეთებისთვის. მოპასუხის თურქეთში წასვლის შემდეგ, საიჯარო ქირა გადახდილი იქნა თუ არა, მისთვის უცნობია.

11. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილად მიიჩნია იჯარის ხელშეკრულება, ხოლო სასამართლოში დავის საგნად - საიჯარო ქირის დაკისრების მართლზომიერება.

12. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია მოპასუხის მიერ სარგებლობაში გადაცემული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების 2018 წლის მაისიდან ქვეიჯარით გაცემის ფაქტიც.

13. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო იჯარის ქირის ოდენობა და 2018 წლის მაისიდან - 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, 10 თვის საიჯარო ქირის - 5000 ლარის გადახდის ფაქტი.

14. სადავო ფაქტის დასადასტურებლად, მოპასუხე მიუთითებდა მოწმეთა ჩვენებებზე.

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხემ იმ ფაქტის დასადასტურებლად რომ სადავო პერიოში (2018 წლის მაისიდან-2019 წლის თებერვლამდე) მოსარჩელეს უხდიდა იჯარის ქირას, რაც მისი მითითებით თვეში 1300 ლარს შეადგენდა, მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, სადავო ფაქტის დასადასტურებლად ვარგის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა. კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა წერილობით და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რომლის მიხედვით იჯარის ქირის ოდენობა თითოეული ფართისათვის განისაზღვრა 250 ლარი. ვინაიდან, მოსარჩელე არ ეთანხმებოდა როგორც 1300 ლარის ოდენობით ქირაზე შეთანხმებას, ასევე სადავო პერიოდში წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ყოველთვიური საიჯარო ქირის-500 ლარის გადახდას, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ამ თანხის გადახდის დასადასტურებლად და თანაც ისეთი პირებისათვის (თ.ბ–ძე), რომელთა უფლებამოსილება მოსარჩელის თანხების მიღებაზე არ დასტურდება, ვალდებულების შესრულებად ვერ მიიჩნეოდა.

16. უარყოფილი იქნა მოპასუხის (აპელანტი) მითითება იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა 2018 წლის მაისის თვიდან და ამ დროიდან მოპასუხეს არ წარმოეშობოდა იჯარის ქირის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან, ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

17. სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 559.1-ე 588-ე მუხლების თანახმად, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.

18. უარყოფილი იქნა მოპასუხის (აპელანტი) მითითება იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა 2018 წლის მაისის თვიდან, ვინაიდან, ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ წარმოეშობა მოსარჩელის მიმართ საიჯარო დროის განმავლობაში, საიჯარო ქირის სრულად გადახდის მოვალეობა, რადგან 2018 წლის მაისის თვიდან მოსარჩელემ ფართი გააქირავა სხვა პირებზე და იღებდა ქირას.

21. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ თანხის გადახდის დასადატურებლად მხოლოდ მოწმის ჩვენება საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია, მაშინ როდესაც გადაწყვეტილების სხვა ნაწილში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სწორედ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით იქნა დადგენილი და რომლის მიხედვით საიჯარო ურთიერთობებზე შეთანხმება ხდებოდა თ.ბ–ძესთან და ამავე ჩვენებებზე დაყრდნობით ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხის მიერ თანხის გადახდის შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა, რომ პირველად თანხის მიღება მოხდა წყლის გასაკეთებლად თ.ბ–ძის მიერ, რომელიც, მოგვიანებით, მოსარჩელემ გაქვითა ქირის თანხაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს არ წარმოეშობა მოსარჩელის მიმართ საიჯარო დროის განმავლობაში, საიჯარო ქირის სრულად გადახდის მოვალეობა, რადგან 2018 წლის მაისის თვიდან მოსარჩელემ ფართი გააქირავა სხვა პირებზე და იღებდა ქირას.

25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, საიჯარო ურთიერთობის თავისებურებაზე და განმარტავს, რომ სსკ-ის 531-ე და 581- ე მუხლების სამართლებრივი კონსტრუქციების („ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“; „იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და სუზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“) ურთიერთშედარება, წარმოაჩენს, რომ ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში, გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს [სსკ-ის 147-ე მუხლი], ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“) (იხ., სუსგ №ას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი). განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილად იქნა მიჩნეული საიჯარო ურთიერთობა და ამ სამართლებრივი შეფასების საწინააღმდეგოდ, კასტორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.

26. დადგენილია, რომ იჯარის ქირის საფასური მთლიანობაში შეადგენდა თვეში 500 ლარს (250-250 ლარი, იჯარით გაცემულ თითოეულ უძრავ ქონებაზე). ვადა დაიწყო 2018 წლის 20 თებერვალს და სრულდებოდა 2020 წლის 20 თებერვალს.

27. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის მაისის თვიდან და ამ დროიდან მოპასუხეს, აღარ ეკისრება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

29. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს 2018 წლის მაისიდან აღარ ეკისრება იჯარი ქირის გადახდის ვალდებულება, მოპასუხის მხარეზეა. მოპასუხემ 2018 წლის მაისის თვეში იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოიჯარის (მოპასუხე) სანაცვლოდ ახალი გადახდისუნარიანი და მეიჯარისათვის (მოსარჩელე) მისაღები მოიჯარის შეთავაზების შესახებ გარემოების დამტკიცება, ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის ვალდებული საიჯარო დროის განმავლობაში გადასახელი ქირის გადახდაზე, საფუძველსაა მოკლებული.

30. დაუსაბუთებელია, მოპასუხის არგუმენტი იმასთან დაკავშირებითაც, რომ სადავო პერიოში (2018 წლის მაისიდან-2019 წლის თებერვლამდე), მოპასუხე მოსარჩელეს უხდიდა იჯარის ქირას, რაც მისი მითითებით თვეში 1300 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, სადავო ფაქტის დასადასტურებლად ვარგის მტკიცებულებად არ იქნა მიჩნეული. აღნიშნულს საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს, რომ იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა წერილობით და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რომლის მიხედვით იჯარის ქირის ოდენობა თითოეული ფართისათვის განისაზღვრა 250 ლარი. ვინაიდან, მოსარჩელე არ ეთანხმებოდა როგორც 1300 ლარის ოდენობით ქირაზე შეთანხმებას, ასევე სადავო პერიოდში წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ყოველთვიური საიჯარო ქირის-500 ლარის გადახდას, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, სადავო თანხის გადახდის დასადასტურებლად, მით უმეტეს, იმ პირის მიმართ (თ.ბ–ძე) ვალდებულების შესრულებაზე მოპასუხის მითითება, რომელთა უფლებამოსილება იჯარის ქირის მიღებაზე არ დასტურდება, ვალდებულების შესრულებად ვერ იქნება მიჩნეული.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. the Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და the Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ.

33. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით და განმარტავს, რომ ა) მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; ბ) მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა, ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; გ) მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; დ) მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

34. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევას ვხვდებით სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის – დასტურის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა – მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მათი შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულებით ურთიერთობათა უმეტესობა მხარეთა შორის ზეპირად მიმდინარეობს, შესაძლოა მოვალე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუ მას არ ექნება რაიმე წერილობითი მტკიცებულება ვალდებულების შესრულების თაობაზე. აღნიშნულ საჭიროებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და მოვალეს ანიჭებს უფლებას, კრედიტორისაგან მოითხოვის შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ დოკუმენტი. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. ( შდრ. გ, სვანაძე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 429, ველი 1., www.gccc.ge).

35. საკასაციო პალატა განმარტავს იმასაც, რომ არაუფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით არსებობს დადგენილი პრაქტიკა შეადრ: სუსგ №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015წ.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. საიჯარო ქირის დაკისრების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს ფ.ბ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ქ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 28.09.2020-ში №9900724135 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი