Facebook Twitter

საქმე №ას-765-2020 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.რ.ა.პ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ს.რ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ფართით სარგებლობის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.რ–თა ახალ პროფესიულმა კავშირმა (შემდგომ – კავშირი ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ს.რ–ის (შემდგომ – მოპასუხე ან მოპასუხე საზოგადოება ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელისათვის ფართით, მდებარე, ქ.თბილსში, ......, ოთახების N30-31; 30-32 (შემდეგში - სადავო ფართი) სარგებლობის ხელშეშლა.

2. მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული წესით შექმნის გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს მოპასუხე საზოგადოების დასაქმებულებს. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კავშირს სარგებლობაში გადაეცა მოპასუხე საზოგადოების ადმინისტრაციული შენობის ცალკეული ფართი, როგორც თბილისში, ასევე, სხვა რეგიონებში (ხაშური, ბათუმი და ა.შ). მოპასუხემ იდენტური ხელშეკრულება გაუფორმა სხვა პროფკავშირსაც და მათაც გადასაცა ფართი საქმიანობის განხორცილებისათვის, რომლითაც დღემდე სარგებლობენ. მოგვიანებით, მოპასუხემ კავშირის წევრები არ დაუშვა საქმიანობის განსახორციელებლად, სამუშაო ადგილზე (დაუბლოკა საშვები და შეუზღუდა ფართით სარგებლობის უფლება). აღნიშნულით კი, პარალიზებულია პროფკავშირის საქმიანობა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

3. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში, სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა რომ მოსარჩელეს სადავო ფართი საქმიანობის განსახორციელებლად გადასცა ხელშეკრულების მოქმედების ვადით და არა უვადოდ. ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 1 იანვარს. შესაბამისად, მოსარჩელეს, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ფლობდეს სადავო ფართს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბერს, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი მოპასუხის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის და ფართით სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე (N2/27612-17) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარცელემ (საჩივრის ავტორი), რომელმაც მოითხოვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება. სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე, სააპელაციო საჩივრის განხილვა დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2020 წლის 28 თებერვალს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განჩინება.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 70-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე და 76-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კავშირის თავმჯდომარეს სასამართლო სხდომის დღისა და ზუსტი დროის შესახებ ეცნობა 2018 წლის 2 ოქტომბერს. აღნიშნულს არც მოსარჩელე (საჩივრის ავტორი) ხდიდა სადავოდ.

11. დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, 17:00სთ.-ზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, რომლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, საქმის მასალებით არ იქნა დადგენილი.

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებზე, ასევე, 241-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ თავად საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის 21 ოქტომბერს, მეორე დღეს კი, გაემგზავრა ქალაქგარეთ გადაუდებელი საქმის გამო. დადგენილია, რომ სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 26 ოქტომბერს, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გადაუდებელი შემთხვევიდან ოთხ დღეში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გონივრული დრო ჰქონდა სასამართლოსთან დასაკავშირებლად სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ შეტყობინების მიზნით.

13. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი, სააპელაციო საჩივარი და საპროცესო დოკუმენტების უმეტესობა წარმოდგენილი იყო თ.ს–ას მიერ, რომელიც აპელანტის წარმომადგენელია და საქმეში არსებული რწმუნებულებით, აქვს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისა და მონაწილების უფლებამოსილებაც, რომელსაც თავის მხრივ, შეეძლო 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადება და საჭიროების შემთხვევაში, სხდომის გადადების თაობაზე შუამდგოლობის დაყენება.

14. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრის ავტორმა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა ვერ დაადასტურა, რის გამოც, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.

15. უარყოფილი იქნა აპელანტის პოზიცია, რომ სასამართლო არ იმსჯელა ფაქტობრივ გარემოებებზე და არ გამოიკვლია მტკიცებულებები და ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასმართლომ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. მისი გამოტანისას არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ დამტკიცებულებად მიიჩნევა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული გარემოებები. განსახილეველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შესაგებელი და სასამართლო სხდომაზეც გააჟღერა თავისი დასაბუთებული პოზიცია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც სასამართლომ სარჩელის უარყოფის საფუძვლად მიიჩნია ვინაიდან მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა მხარეთა შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 3.1.11 მუხლზე, მხარეთა შორის გაფორმებული აღნიშნული ხელშეკრულება კი, მოქმდებდა 2016 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ (აპლანტი) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ან საქმის განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

17. კასატორი აღნიშნავს, რომ კავშირის თავმჯდომარე სასამართლო სხდომის დღის შესახებ შეტყობინების მიღების დროისათვის იმყოფებოდა შვებულებაში და მას მოუწია მივლინებით წასვლა სინგაპურში, საიდანაც დაბრუნდა 2018 წლის 21 ოქტომბერს. მეორე დღეს კი, მოხდა უბედური შემთხვევა ხარაგაულის რაიონის სოფ. ........, სადაც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ხორციელდება და დაიღუპა კავშირის ერთ-ერთი წევრი. მომხდარის გამო, იმავე დღეს, კავშირის თავმჯდომარე გაუმგზავრა ........ არსებული დაძაბული სიტუაციის დარეგულირების მიზნით.

18. 2018 წლის 26 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა უნდა მიეღო კავშირის თავმჯდომარეს, რომლისათვისაც კარგად არის ცნობილი სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. კავშირის თავმჯდომარემ კი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ შეძლო სასამართლოს ინფორმირება ქალაქში არ ყოფნის შესახებ, თუმცა აღნიშნული კარგად იცოდა მოწინააღმდეგე მხარემ.

19. რაც შეეხება თ.ს–ას მიერ მოსარჩელის ინტერესის წარმოდგენის შესახებ მითითებას, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი მოსარჩელის წარმომადგენლად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან იყო მივლენილი ადვოკატი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესების დასაცავად წარმომადგენლობა შესაძლებელი იყო გაეწია გაერთიანების სხვა ადვოკატს. სასამართლო შეტყობინება უშუალოდ ადვოკატს არ მიუღია.

20. ამასთან, კასატორი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმებასაც რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. კასატორი განმარტავს, რომ მოწმეები დაადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ ........ შექმნილი მძიმე სიტუაციიის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო სასამართლოს ინფორმირება.

21. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია არსებობდა თუ არა სარჩელის უარყოფის საფუძველი. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკაშირებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოწურული იყო. კასატორი აღნიშნვს, რომ სარჩელში დაყენებული ჰქონდათ შუამდგომლობა დამატებით მტკიცებულებების წარმოდგენისა და გამოთხოვის შესახებ, რის გამოც, მოითხოვდნენ საქმეზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამო, მოსარჩელეს აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერებას შეეხება.

25. პირველ რიგი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სასამართლო სხდომის დღის შესახებ მოსარჩელის ინფორმირების ვალდებულების, სასამართლოს მხრიდან დარღვევას, არამედ პრეტენზიას გამოთქვამს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე კავშირის თავმჯდომარეს, საპატიო გარემოებათა გამო (იხ., ამ განჩინების პპ: 17,18), არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და ინფორმირება.

26. საკასაციო პალატა სსსკ-ის 229-230-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს და წარმოადგენს მხარეთა ერთგვარ იძულებას, განახორციელონ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას იმ მხარისთვის, რომელიც არ ცხადდება სასამართლოში და არ გააჩნია ამის საპატიო მიზეზები. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხარეს არ გააჩნია სურვილი, მხარი დაუჭიროს სასარჩელო მოთხოვნას, ან უარყოს იგი.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში (სასარჩელო წარმოებაში) ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

28. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მაგალითად, მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

29. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რაუნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება სურვილზე. ამიტომ, საქმე უნდა იქნეს განხილული და გადაწყვეტილი გამოუცხადებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ერთ–ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იმ მხარის წინააღმდეგ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე. დაუსწრებელი წარმოება – ეს ისეთი წარმოებაა, რომლის დროს საქმის განხილვაში არ მონაწილეობს ერთ–ერთი მხარე – მოსარჩელე ან მოპასუხე, რომლებიც გაფრთხილებულები იყვნენ კანონით დადგენილი წესით. საქმის დაუსწრებელი წარმოების მნიშვნელობა მთლიანად განპირობებულია საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებისა და ამ საქმის განხილვის დამთავრების ინტერესებით.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე ( როგორც მოსამზადებლ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას, სასამართლო უარს განაცხადებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 10 თებერვალი, 2017 ; იხ.სუსგ №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016; № ას-589-564-2016, 16 ნოემბერი, 2016.).

33. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ადასტურებს, რომ მას ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა იმაზე, რომ კავშირის თავმჯდომარე სასამართლო სხდომის დღის შესახებ შეტყობინების მიღების დროისათვის იმყოფებოდა შვებულებაში და მას მოუწია მივლინებით წასვლა სინგაპურში, საიდანაც დაბრუნდა 2018 წლის 21 ოქტომბერს. მეორე დღეს კი, მოხდა უბედური შემთხვევა ხარაგაულის რაიონის სოფ. ........, სადაც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ხორციელდება და დაიღუპა კავშირის ერთ-ერთი წევრი. მომხდარის გამო, იმავე დღეს, კავშირის თავმჯდომარე გაუმგზავრა ........ არსებული დაძაბული სიტუაციის დარეგულირების მიზნით. 2018 წლის 26 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა უნდა მიეღო კავშირის თავმჯდომარეს, რომლისათვისაც კარგად არის ცნობილი სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. კავშირის თავმჯდომარემ კი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ შეძლო სასამართლოს ინფორმირება ქალაქში არ ყოფნის შესახებ.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მითითებული არგუმენტი უნდა შემოწმდეს სსსკ-ის 233-ე მუხლის “ბ“ პუნქტთან - სხვა მოვლენა, რომელმაც ხელი შეუშალა მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადებას - მიმართებით.

35. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 26 ოქტომბერს, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გადაუდებელი შემთხვევიდან ოთხ დღეში. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეს (აპელანტი) გონივრული დრო ჰქონდა სასამართლოსთან დასაკავშირებლად სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ შეტყობინების მიზნით. კასატორის მიერ მითითებული არგუმენტი ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, ვინაიდან ის არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს. ის გარემოება, რომ ........ იყო საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა, არ აბრკოლებდა კასატორს მითითებული დღეების განმავლობაში კომუნიკაცია განეხორციელებინა სასამართლოსთან - დადგენილი ფორმით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, თუმცა მას არც ამგვარი მოქმედებები არ განუხორციელებია. ამავე საფუძვლით უარსაყოფია, კასატორის მოითხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზეც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. კასატორის მითითებით, მოწმეები დაადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ ........ შექმნილი მძიმე სიტუაციიის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო სასამართლოს ინფორმირება (ამ განჩინების პ.20). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს არც ამ ნაწილში აქვს წარმოდგნილი დასაბუთებული საკასაციო შედავება.

36. რაც შეეხება თ.ს–ას მიერ მოსარჩელის ინტერესის წარმოდგენის შესახებ კასატორის მითითებას (ამ განჩინების პ.19), საკასაციო პალატა ეთანხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თ.ს–ას, რომელიც აპელანტის წარმომადგენელია და საქმეში არსებული რწმუნებულებით, აქვს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისა და მონაწილების უფლებამოსილებაც, უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარიც სწორედ მის მიერაა ხელმოწერილი (ს.ფ. 227-233), შეეძლო 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადება და საჭიროების შემთხვევაში, სხდომის გადადების თაობაზე შუამდგოლობის დაყენება. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა ვერ დაადასტურა.

37. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პ.21-ში, სადაც კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია არსებობდა თუ არა სარჩელის უარყოფის საფუძველი. კასატორი აღნიშნვს, რომ სარჩელში დაყენებული ჰქონდათ შუამდგომლობა დამატებით მტკიცებულებების წარმოდგენისა და გამოთხოვის შესახებ, რის გამოც, მოითხოვდნენ საქმეზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამო, მოსარჩელეს აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა.

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო საკითხის მოწესრიგებას გვთავაზობს არა მატერიალური, არამედ - საპროცესო სამართალი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობისას მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გადაწყვეტის წესს, კერძოდ, თუკი მოსარჩელე, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება, ამასთანავე, სასამართლოს არ გააჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის წინაპირობა (სსსკ-ის 233.1 მუხლი), სარჩელი უარყოფილ იქნება იმ შემთხვევაში, თუკი გამოცხადებული მოპასუხე მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას (შეადრ სუსგ №ას-1897-2019, 3 ივნისი, 2019 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. სასამრთლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ( მისი წარმომადგენელი); 2. მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოსარჩელემ არ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ; 4. მოსარჩელის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 5. მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. (ეს შუამდგომლობა უნდა აისახოს ოქმში ან დაერთოს საქმეს, თუ წერილობით იყო წარმოდგენილი), რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოუცხადებელი მოსარჩელის წინააღმდეგ ანუ არ დააკმაყოფილოს სარჩელი. (შდრ. სუსგ №ას-37-37-2018, 16 მარტი, 2018; №ას-1109-1029-2017, 18 ოქტომბერი, 2017; №ას- 156-152-2016, 08 აპრილი, 2016.).

39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, დაიშვება, თუ მხარე, რომელის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაამტკიცებს, რომ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ე) არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლოში და ამავდროულად, ვერ შეძლო სასამართლოს წინასწარ ინფორმირება. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

40. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, „მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას“. „ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები“. (შდრ .სუსგ №ას-914-876-2014, 19 თებერვალი, 2014; №-ას-1243-1166-2015, 09 მარტი, 2016.).

41. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018.).

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017).

43. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი საკითხების შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.რ.ა.პ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ს.რ–თა ახალ პროფესიულ კავშირს (ს.ნ: .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.გ–ძის მიერ 2020 წლის 21 სექტემბერს №9870589179 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი