Facebook Twitter

საქმე№ას-620-2020 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ქ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ო–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ო–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა გ.ქ–ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის - 27 854 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

2. სარჩელი ემყარება იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელემ, რომელსაც არ გააჩნდა საცხოვრებელი სადგომი, ქ. თბილისში სხვა დაინტერესებულ უბინაო პირებთან ერთად, 2001-2002 წელს ......, 2 მ/რ-ში მშენებლობა შეჩერებულ N20 კორპუსის მშენებლობა და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა გადაწყვიტა. საერთო ძალისხმევით ზემოთმითითებულმა მოქალაქეთა ჯგუფმა დაასრულეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, გაწმინდეს ეზო სამშენებლო ნაგავისაგან, გადახურეს საცხოვრებელი კორპუსი, დაამონტაჟეს და გაიყვანეს ცენტრალური კანალიზაცია, გაიყვანეს ცენტრალური ელექტროსადენები, გაიყვანეს გაზი, ტელეფონი, გააკეთეს კიბის უჯრედის სახელურები, გაწმინდეს შემოსასვლელი გზა და დაყარეს ქვა-ღორღი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების ხარჯმა ერთ ოჯახზე შეადგინა 2054 ლარი. მოსარჩელემ ზემოთმითითებულ N20 კორპუსში თავის ოჯახთან ერთად დაიკავა N11 სამოთახიანი იზოლირებული ბინა ფართით 89.34 კვ.მ., რომელსაც გააჩნდა მხოლოდ გარე პერიმეტრის შიშველი კედლები. მოსარჩელემ აღნიშნულ ბინაში ააშენა შიდა ტიხრები, ჩაატარა სამშენებლო სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, აღჭურვა ბინა კარ-ფანჯრებით როგორც გარე პერიმეტრზე ასევე ბინის შიგნით. ბინის სარემონტო სამუშაოებზე გაწეულმა დანახარჯმა აუდიტის დასკვნის შესაბამისად შეადგინა - 25800 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, N11 ბინის მესაკუთრე აღმოჩნდა მოპასუხე, რომელმაც შს ორგანოს მეშვეობით მოითხოვა მოსარჩელის ოჯახის გამოსახლება მითითებული ბინიდან. ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მოთხოვნით მოსარჩელე იძულებული გახდა 2014 წლის 24 ნოემბერს დაეცალა ბინა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაებარებინა მოპასუხისათვის, რომელიც უარს აცხადებს მოსარჩელის მიერ ბინაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

3. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული კორპუსის რაიმე სამშენებლო სამუშაოებში. 2001-2002 წლებში მოსარჩელეს საერთოდ არ უცხოვრია ამ საცხოვრებელ კორპუსში და არც შემდგომ წლებში. მოპასუხის განმარტებით, თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის 1990 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით მის 8 სულიან ოჯახს გადაეცა ორი სამ და ოთხ ოთახიანი ბინა, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ....... მე-2 მ/რ, კორპ. 20, ბინა N10 და ბინა N11, რომლებშიც შეიჭრნენ აფხაზეთიდან დევნილები. ჯერ კიდევ, 2006 წელს თბილისის მერიამ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე შეიტანა სასარჩელო განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში N20 კორპუსში შეჭრილ დევნილთა გამოსახლების შესახებ, რომლებიც ამ დროისათვის ცხოვრობდნენ ამ კორპუსში. მოსარჩელე და მისი ოჯახი არ ფიგურირებს სარჩელზე დართულ ოფიციალურ სიებში და არც დევნილები არ არიან. N11 ბინაში შეჭრილი იყო ლ.ფ–ა, ხოლო N10-ში ა.მ–ა. მხარეებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავები. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლები შეუსაბამოა აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით. მოპასუხე მოსარჩელის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით კი, არ გამდიდრდა, პირიქით წლების განმავლობაში დაზარალდა როგორც მორალურად ისე მატერიალურად. მოპასუხეს რომელსაც ჰყავს 8 სულიანი ოჯახი, მათ შორის, 6 არასრულწლოვანი ბავშვი არ გააჩნდა არანაირი საბინაო პირობები, მათ ბინებში წლების განმავლობაში შეჭრილი იყვნენ უცხო პირები, რის გამოც, მათ თავად ადგებოდათ ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის (აპელანტი) სასარგებლოდ 14560.7 ლარის გადახდა. სარჩელი 13293.33 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი იურიდიული ფაქტები:

7. ქ. თბილისის ყოფილი საქარხნო რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 4 სექტემბრის N23.594/1 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს და მის 8 სულიან ოჯახს გამოეყო 7 ოთახიანი იზოლირებული ბინა ფართით - 99.3 კვ.მ., მდებარე ...... მე-2 მ/რ-ში მე-20 კორპუსი, მე-3 სართულზე.

8. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რ/ნის გამგეობის 2008 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ა.ქ–ის თხოვნა და მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ ბინებს მიენიჭა ნუმერაცია N10 და სამოთახიანს N11.

9. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 2014 წლის 28 მარტის N42 განკარგულებით დაკმაყოფილდა მოქალაქეების: დ.ქ–ისა და გ.ქ–ის განცხადება და მათ მიერ წარმოდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი იზოლირებული ბინა N10 საერთო ფართი - 11.53 კვ.მ. და სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი იზოლირებული ბინა N11 საერთო ფართი - 89.34 კვ.მ., მდებარე: თბილისი, ......, მეორე მ/რ, კორპუსი 20, მე-3 სართულზე.

10. 2014 წლის 28 მარტს გ.ქ–ს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი ბინის იზოლირებული ფართი, რომელიც მდებარეობს: ......., მე-2 მკრ. კორპ. N20, მესამე სართული, ბინა N11, საერთო ფართით - 89.34 კვ.მ.

11. ვარკეთილის ....N20 დაუმთავრებელი კორპუსი ირიცხება ქ. თბილისის მერიის ბალანსზე.

12. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული რომ კორპუსი იყო დაუმთავრებელი, არ გააჩნდა შესაბამისი კომუნიკაციები (წყალგაყვანილობა კანალიზაცია ელ. მომარაგება, გაზმომარაგება); მოპასუხის კუთვნილი ბინა იმყოფებოდა ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაში, არ გააჩნდა შიდა ტიხრები, კარ-ფანჯარა, მოჭიმული იატაკი, გალესილი კედლები და სხვ.

13. ლ.სამხარაულის სახ.სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.04.2017წ.-ის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინაში შესრულებულია შიდა კედლების და ტიხრების სამშენებლო, იატაკების, კედლების და ჭერების მოწყობისა და მოპირკეთების, აივნების მოპირკეთების, კარ-ფანჯრების მოწყობის, შიდა საინჟინრო ქსელების (წყალი, კანალიზაცია, ელექტროობა) მოწყობისა და სხვა სამუშაოები, რომელთა ღირებულება შეადგენს 14 498.13 ლარს.

14. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.02.2017წ-ის დასკვნით კი, დადგენილი იქნა, რომ „შავი კარკასის“ მდგომარეობაში არსებულ საცხოვრებელ ბინებს და საკვლევი ობიექტის მსგავს მდგომარეობაში არსებულ ბინების ფასებს შორის სხვაობა 1კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 70 აშშ დოლარს.

15. ამდენად, სადავო ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაობის შედეგად, ბინის ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით, 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით გაიზარდა 70 აშშ დოლარით 1 კვ.მ-ზე.

16. კორპუსის ელექტრომომარაგება განხორციელდა 2004 წელს, შეძენილი იქნა 36 ერთფაზა მრიცხველი - ერთეულის ფასი 35.70 ლარი, ასევე, სს „თ–თვის“ გადახდილი იქნა 98.75 ლარი.

17. კორპუსის გაზიფიკაცია განხორციელდა 2005 წელს, რისთვისაც გადახდილია 1189.37 ლარი.

18. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ კორპუსის კომუნიკაციებით უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ გაღებულმა ხარჯმა შეადგინა 2054 ლარი.

19. სადავო ბინის სარემონტო სამუშაოები შესრულებულია მოსარჩელის მიერ, ასევე მის მიერ გაღებულია კორპუსის ელექტროფიკაციის, გაზიფიკაციის და ასევე, სხვა აუცილებელი კომუნიკაციების მოწყობის ხარჯები.

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 102 და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ იმ გარემოების დასადასტურებლად რომ ბინის სარემონტო სამუშაოები შესრულებულია მის მიერ 2001-2005 წლებში წარმოადგინა მოწმეები.

21. მოწმე მ.ნ–ძის განმარტებით, რომელიც ქ.თბილსში, ვარკეთილის .....კორპ.20-ში ცხოვრობს 2004 წლიდან, მისი მეუღლე კი ცხოვრობს 2002 წლიდან, მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2002 წლამდე, ხოლო თავად აპელნტის ოჯახს იცნობს 2005 წლიდან. მოწმე ლ.უ–ის განმარტებით, მოსარჩელე სადავო ბინაში ცხოვრობდა 2002 წლიდან. თავად კი, გაიცნო 2003 წლიდან. მოწმე ვ.მ–ის განმარტებით, აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებლად მივიდა 2005 წელს, სადაც მოსარჩელე უკვე ცხოვრობდა. მოწმე რ.ხ–ას განმარტებით, ზემოაღნიშნულ კორპუსში საცხოვრებლად შევიდა 2001 წელს, სადაც იმავე წელს გადავიდა საცხოვრებლად მოსარჩელის ოჯახი. აღნიშნულმა მოწმეებმა ასევე დაადასტურეს გაწეულ ხარჯებში მოსარჩელის მონაწილეობა და უძრავ ქონებაზე სარმონტო სამუშაოების გაწევა.

22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები დაობდნენ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში 2007 წლამდე ცხოვრების, შესაბამისად, 2001-2005 წლების სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტზე.

23. მოპასუხე, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე სადავო ბინას არ ფლობდა მიუთითებდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შედგენილ კორპუსში შეჭრილ პირთ სიებზე. ამ სიების თანახმად 2004 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით, ვარკეთილის ......, ბინა N9 დაკავებული ჰქონდა ლ.ფ–ას, N10-ში ა.მ–ას, ხოლო სადავო ბინა N11 კ.ე–ას. მოგვიანებით, 2005 წლის მარტის მდგომარეობით შედგენილ სიებში მითითებულია, რომ ლ.ფ–ას და ა.მ–ას მინიჭებული აქვთ ერთი საოჯახო ნომერი და მათ დაკავებული აქვთ ერთი ბინა, ხოლო კ.ე–ა, ამ სიაში მითითებული არ არის. ასევე, არ არის მითითებული სიაში აღნიშნული პირების მიერ დაკავებული ბინების ნომრები.

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სიები არ ასახავას რეალურ მდგომარეონბას სრულად ვერ აქარწლებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს. სადავო ფაქტს ვერ ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ქ–ის სარჩელი ლ.ფ–ას და ა.მ–ას წინააღმდეგ და მოპასუხეებს აეკრძალათ ვარკეთილის ..... კორპ N20-ში მდებარე ა.ქ–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული N10 და N11 ბინებით სარგებლობაში, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელებაში ხელშეშლა.

25. დღეის მდგომარეობით ელე.ენერგიის და გაზის მომხმარებლად დაფიქსირებულია მოსარჩელე (ელე.ენერგიის და გაზის გადასახდის ქვითრები).

26. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აზომვითი სამუშაოების შესრულება საკადასტრო ნახაზის შედგენისთვის განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწორედ მოსარჩელემ და არა ლ.ფ–ამ და ა.მ–ამ, დაუშვა შესაბამისი პირები საკადასტრო ნახაზის შესადგენად.

27. ამდენად, უარყოფილი იქნა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ რომ მოსარჩელე სარემონტო სამუშაოების ჩატარების პერიოდში არ ფლობდა სადავო ბინას.

28. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვერ აქარწყლებს ვერც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებიც, კერძოდ, მოწმეებმა მ.ლ–მა, დ.გ–მა, ჯ.უ–მა და რ.მ–მა, განმარტეს, რომ თბ., ვარკეთილის ..... კორპ 20, ბ.N11-ში მისვლისას საცხოვრებელი ბინა დაკეტილი დახვდათ და მათ მოსარჩელე არ უნახავთ.

29. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქაო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 164-ე მუხლზე (არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება). ურთიერთობის მსგავს, მაგრამ უფრო დაზუსტებულ რეგულაციას ადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიერ შეგნებულად ან შეცდომით საკუთარ ინტერესებში, მაგრამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამასთან ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი.

30. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მისი დაუფლების მომენტისათვის უვარგისი იყო საცხოვრებელი მიზნებისათვის, საცხოვრებელი ბინის კეთილმოსაწყობად მოსარჩელემ გასწია ხარჯი, რასაც ქონების გაუმჯობესება და მესაკუთრის გამდიდრება მოჰყვა. ხარჯების გაწევის (შესაბამისი გარე და შიდა სამუშაოების ჩატარების გარეშე) ბინაში ცხოვრება შეუძლებელი იყო, ხოლო ჩატარებული სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა ამ ბინის ვარგის მდგომარეობაში მოყვანა და ბინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობებულია. ბინის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ გამოიწვია მოპასუხის გამდიდრება, რის საფუძველზეც მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხდა მოსარჩელისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. დადგენილი იქნა, რომ ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 14 498.13 ლარს, რაც ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას.

31. ხოლო კორპუსში კომუნიკაციების მოწყობისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებული. კერძოდ, სადავო მისამართზე კორპ 20-ის გაზმომარაგებისათვის გაწეული ხარჯი შეადეგნდა 1189.37 ლარს, ელექტროენერგიის მრიცხველის ღირებულება ერთეულის ფასი -35.70 ლარს, კორპუსის ელექტრომომარაგება -98.75 ლარს. სადავო მისამართზე, სულ 48 ბინა იყო განლაგებული. ხარჯის ნაწილი ჯამში 1288.12 (1189.37+98.75) ლარის ოდენობით, უნდა გაყოფილიყო კორპუსში მდებარე ბინების რაოდენობაზე, რადგან დასახელებული თანხით შესრულებული სამუშაოთი გაუმჯობესდა არამხოლოდ მოპასუხის კუთვნილი ბინის, არამედ მთლიანად ამ კორპუსში განთავსებული ყველა ბინის ე.ი - 48 ბინის მდგომარეობა და ამ შენობაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრეთათვის ნივთით გამართული სარგებლობის ინტერესს ემსახურებოდა.

32. რავ შეეხება ერთფაზა მრიცხველების შეძენისათვის გადახდილ თანხას, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება გააჩნდა მხოლოდ ერთი ერთეულის ღირებულებაზე - 35.70 ლარი.

33. შესაბამისად, მოთხოვნა 2054 ლარის (გაწეული ხარჯი) ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაკისრებოდა მხოლოდ იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც უშუალოდ შეეხო მოპასუხის კუთვნილი ბინის გაუმჯობესებას, რაც შეადგენდა 62.53 ლარს.

34. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა

35. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს დაეყრდნო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელსაც ქონების მიმართებაში შეფასებები გაკეთებული აქვს 2015 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, იმ დროს, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხის ბინა გაათავისუფლა 2014 წლის 24 ნოემბერს და მას შემდეგ მოპასუხემ ბინაში ჩაატარა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები.

36. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებდა მის მიერ რაიმე სახის ხარჯების გაწევას საცხოვრებელი ფართის გაუმჯობესებებთან დაკავშირებით.

37. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ახსნა-განმარტებებზე, რომელთა ახსნა-განმარტებები ურთიერთგამომრიცხავია და დამაჯერებლობას მოკლებული. მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება მათი განმარტებები.

38. მოსარჩელე თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითემდა, რომ სარემონტო სამუშაოები ბინაში დასრულდა 2007 წლამდე, კერძოდ იმ პერიოდამდე, ვიდრე ის ბინაში ცხოვრებას არ დაიწყებდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2007 წლიდან მოსარჩელე ფლობდა ბინას და მას შემდეგ მოხდა მის მიერ სარემონტო სამუშაოების წარმოება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

39. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები იმაზე, რომ მოსარჩელე ბინაში არ ცხოვრობდა. ვინაიდან აღნიშნული დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რომლებიც უდაოდ ადასტურებდნენ ბინაში ლ.ფ–ასა და ა.მ–ას ცხოვრების ფაქტებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში. თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (შეადრ: სუსგ-ები №ას-1163-2018, 08.02.2019წ.; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020 წელი, პ.10).

43. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯის ანაზღაურება (იხ., ამ განჩინების პ. 1). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მისი დაუფლების მომენტისათვის უვარგისი იყო საცხოვრებელი მიზნებისათვის, საცხოვრებელი ბინის კეთილმოსაწყობად მოსარჩელემ გასწია ხარჯი, რასაც ქონების გაუმჯობესება და მესაკუთრის გამდიდრება მოჰყვა. ხარჯების გაწევის (შესაბამისი გარე და შიდა სამუშაოების ჩატარების გარეშე) ბინაში ცხოვრება შეუძლებელი იყო, ხოლო ჩატარებული სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა ამ ბინის ვარგის მდგომარეობაში მოყვანა და ბინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობებულია, კერძოდ, დადგენილი იქნა, რომ ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 14 498.13 ლარს.

44. ხოლო კორპუსში კომუნიკაციების მოწყობის ნაწილში, დადგენილი იქნა, რომ სადავო მისამართზე, კორპ. 20-ის გაზმომარაგებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენდა 1189.37 ლარს, ელექტროენერგიის მრიცხველის ღირებულება ერთეულის ფასი -35.70 ლარს, კორპუსის ელექტრომომარაგება -98.75 ლარს. სადავო მისამართზე, სულ 48 ბინა იყო განლაგებული. ხარჯის ნაწილი ჯამში 1288.12 (1189.37+98.75) ლარის ოდენობით, უნდა გაყოფილიყო კორპუსში მდებარე ბინების რაოდენობაზე, რადგან დასახელებული თანხით შესრულებული სამუშაოთი გაუმჯობესდა არამხოლოდ მოპასუხის კუთვნილი ბინის, არამედ მთლიანად ამ კორპუსში განთავსებული ყველა ბინის ე.ი - 48 ბინის მდგომარეობა და ამ შენობაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრეთათვის ნივთით გამართული სარგებლობის ინტერესს ემსახურებოდა. რავ შეეხება ერთფაზა მრიცხველების შეძენისათვის გადახდილ თანხას, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება გააჩნდა მხოლოდ ერთი ერთეულის ღირებულებაზე - 35.70 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს მხოლოდ იმ ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნდა, რომელიც უშუალოდ შეეხო მოპასუხის კუთვნილი ბინის გაუმჯობესებას, რაც შეადგენდა 62.53 ლარს.

45. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს დაეყრდნო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელსაც ქონების მიმართებაში შეფასებები გაკეთებული აქვს 2015 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, იმ დროს, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხის ბინა გაათავისუფლა 2014 წლის 24 ნოემბერს და მას შემდეგ მოპასუხემ ბინაში ჩაატარა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები, რაც არ მიეკუთვნება მოსარჩელის მიერ განხორციელებულ გაუმჯობესებას.

46. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა სადავო ფაქტობრივი გარემოებები (იხ., ამ განჩინების პპ: 12- 21).

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (შეადრ: სუსგ-ები №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, პ.14.2.; სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015).

48. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას (იხ., წინამდებარე განჩინების პ.35), რომ ბინაში მოპასუხემ (მესაკუთრემ) ჩაატარა რემონტი ვიდრე ექსპერტიზა დაათვალიერებდა და დადებდა დასკვნას, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება იმაზე მითითებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ახსნა-განმარტებები ურთიერთგამომრიცხავია და დამაჯერებლობას მოკლებული. მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება მათი განმარტებები (იხ., ამ განჩინების პპ: 35-37). საკასაციო პალატა არც აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება მტკიცების ერთ-ერთი დამოუკიდებელი საპროცესო საშუალებაა (სსსკ-ის 140-ე მუხლი). მოწმის ჩვენების უტყუარობასა და სანდოობას ამოწმებს სასამართლო სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის არგუმენტი ზოგადი და დაუსაბუთებელია, არ შეიცავს რაიმე კონკრეტული სახის საპროცესო შედავებას მოწმეთა ჩვენების შეფასების ნაწილში.

49. რაც შეეხება კასატორის მითითებას, მოსარჩელე ბინაში არ ცხოვრობდა. ვინაიდან აღნიშნული დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც უდაოდ ადასტურებდნენ ბინაში ლ.ფ–ასა და ა.მ–ას ცხოვრების ფაქტებს (ამ განჩინების პ. 39). აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამაართლოს დასკვნას იმასთან მიმართებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვერ აქარწყლებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ მოწმეებმა მ.ლ–მა, დ.გ–მა, ჯ.უ–მა და რ.მ–მა, განმარტეს, რომ თბ., ვარკეთილის...... კორპ 20, ბ.N11-ში მისვლისას საცხოვრებელი ბინა დაკეტილი დახვდათ და მათ მოსარჩელე არ უნახავთ. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტს ვერ ადასტურებს ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაც, რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ქ–ის სარჩელი ლ.ფ–ას და ა.მ–ას წინააღმდეგ და მოპასუხეებს აეკრძალათ ვარკეთილის .....კორპ N20-ში მდებარე ა.ქ–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული N10 და N11 ბინებით სარგებლობაში, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელებაში ხელშეშლა. დღეის მდგომარეობით ელე.ენერგიის და გაზის მომხმარებლად დაფიქსირებულია მოსარჩელე (ელე.ენერგიის და გაზის გადასახდის ქვითრები). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აზომვითი სამუშაოების შესრულება საკადასტრო ნახაზის შედგენისთვის განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწორედ მოსარჩელემ და არა ლ.ფ–ამ და ა.მ–ამ, დაუშვა შესაბამისი პირები საკადასტრო ნახაზის შესადგენად.

50. ამდენად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სარემონტო სამუშაოების ჩატარების პერიოდში არ ფლობდა სადავო ბინას.

51. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ ნაწილში, კაასტორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს ერთ-ერთ საქმეში (ას-1245-1265-2011, 31 იანვარი, 2012 წელი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: მოთხოვნა სხვის ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, მოტივირებულია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებით. ამდენად, ვიღებთ უსაფუძვლოდ გაწეულ ხარჯებზე მოსარჩელეთა მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების ორ სამართლებრივ საფუძველს (მოთხოვნათა კონკურენცია): სანივთო-სამართლებრივი (სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი) და კონდიქციურ-ვალდებულებითი (სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი). უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.

53. სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება. მითითებული ნორმით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ამ ნორმით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, 1. უფლებამოსილი პირის გამდიდრების ფაქტის არსებობა, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარად უნდა დადგინდეს; 2. უფლებამოსილი პირის გამდიდრება უშუალოდ უნდა მოყვეს არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთზე გაწეულ ხარჯებსა და გაუმჯობესებას; 3. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესება მიმართული უნდა იყოს არსებულიდან უკეთესისაკენ და იგი უნდა ზრდიდეს ნივთის ღირებულებას. მხოლოდ ამ გარემოებათა დადასტურებისას შეიძლება არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ურთიერთობის მსგავს, მაგრამ უფრო დაზუსტებულ რეგულაციას ადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიერ შეგნებულად ან შეცდომით საკუთარ ინტერესებში, მაგრამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამასთან ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სხვის ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

57. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ.ქ–ს (პ/ნ №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ც–ის მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 728 ლარის 70% – 509.6 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი