Facebook Twitter

საქმე №ას-1035-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში

შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდგომში: შემსყიდველი ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს ,,ე“-ის (შემდგომში: მიმწოდებელი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 16 757,85 ლარის გადახდის მოთხოვნით.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N99 ხელშეკრულება. აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ტყის ხანძრებისათვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაკომპლექტებლად განკუთვნილი სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის მიწოდება, რომლის ღირებულება შეადგენდა 237 000 ლარს. ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 18 ოქტომბერი.

3. მოპასუხემ შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა 47 დღის დაგვიანებით - 2018 წლის 04 დეკემბერს, მიმწოდებელმა დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.3. პუნქტი ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 16 757,85 ლარს.

4. მოპასუხემ 05.11.2018 წლის N07-11 წერილით აცნობა სამსახურს, რომ მის მიმწოდებელს უგვიანდებოდა დაკვეთილი პროდუქციის მიწოდება, მოითხოვა რომ დაგვიანების მიზეზი ჩათვლილიყო ფორს-მაჟორად და არ დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულის პასუხად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 13.11.2018 წლის N78043 წერილით მიმწოდებელს მოსთხოვა ფორს-მაჟორული გარემოების დადასტურება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, რაზეც მოპასუხემ განაცხადა უარი. 2018 წლის 13 ნოემბერს საგანგებო მართვის სამსახურსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება N99/1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 20 სექტემბრის N99 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით მხარეები შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების გადადებაზე 24 დეკემბრამდე იმ პირობით, რომ ვადის დარღვევის გამო, დაკისრებული პირგასამტეხლო დარჩებოდა უცვლელი. აღნიშნული შეთანხმებით მოპასუხემ აღიარა, რომ მას სამსახურის მიმართ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო, რომლის დინებაც შეჩერდებოდა საქონლის სრულად მიწოდების შემდგომ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარის მიერ სრულად შესრულდა 2018 წლის 04 დეკემბერს, რის გათვალისწინებითაც ვადის გადაცილებამ შეადგინა 47 დღე.

5. 2019 წლის 23 აპრილს მოსარჩელემ N01044863 წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო 16 757,85 ლარი, რაზეც მან განაცხადა უარი და მოითხოვა პირგასამტეხლოს პროცენტის შეცვლა.

6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარიმო სანქცია უნდა დაწესდეს მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულებიდან და გონივრული ოდენობით მაქსიმუმ 0,1% ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ აღიარებული ვალდებულება შეადგენს 3 552,6 ლარს, რაც გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის არაგონივრულად მაღალი. სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა, 0.15% უნდა შეამციროს მის გონივრულ ოდენობამდე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტყის ხანძრებისათვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაკომპლექტებლად განკუთვნილი სახანძრო სამაშველო აღჭურვილობის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 237 700 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

11. მხარეთა შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 13.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების ან ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.

12. მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, კერძოდ: ა) 90 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი F-25 მმ (ღირებულება 101500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 12 ოქტომბერს, ნაცვლად 04 ოქტომბრისა; ბ) 40 ცალი - გამაფრქვეველი ლულას ფ-25 მმ, 20 ცალი - ბარჯის (ბაგორი) და 40 ცალი - გადამყვანის ფ-52/25 (ღირებულება 49300 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 30 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა; გ) 20 ცალი - სამკაპის და 50 ცალი - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 34 400 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 31 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა; დ) 110 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 16500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 02 ნოემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა; ე) 18 ცალი - ელევატორის (ღირებულება 36 000 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 04 დეკემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა.

13. მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 16 757,85 ლარი.

14. მოპასუხის მიერ 2018 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხიდან - 16 757,85 ლარიდან, ანაზღაურდა 3552,60 ლარი, კერძოდ, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 2019 წლის 08 ივლისს ჩაირიცხა 3552,60 ლარი.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს (სსკ-ის 477-ე მუხლი).

16. გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 18 ოქტომბერი (სსკ-ის 487-ე მუხლი).

17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლო განისაზღვრა თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება.

19. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.

20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 12 ოქტომბერს) - 7 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 04 ოქტომბერი); მეორე მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 30 ოქტომბერს) - 11 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი); მესამე მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 31 ოქტომბერს) - 12 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი); მეოთხე მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 02 ნოემბერს) - 14 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი); ხოლო მეხუთე მიწოდება (2018 წლის 04 დეკემბერს) - 46 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი). მიწოდების ვადის დარღვევის გამო, კონტრაჰენტი მიიჩნევს, რომ წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რასაც, ასევე, დაეთანხმა ხელშეკრულების მეორე მხარე 2019 წლის 13 მაისის წერილით (ს.ფ.52), თუმცა, სადავო გახადა თავად გადასახდელი თანხის ოდენობა.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულების დარღვევა ვადის გადაცილებით, მაგრამ აღნიშნულ დარღვევასთან მიმართებაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი პირგასამტეხლოს გამოსაანგარიშებლად - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში 356,55 ლარის ტოლია.

23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოება, არის ის, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. ხოლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად ვადის გადაცილებისა მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერილური სახით სახეზე არ არის, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნიაშეუსაბამოდ მაღალი პროცენტის 0,1%-მდე დაყვანა და პირგასამტეხლოს სახით 3 552,60 ლარის დაკისრება, რაც განახორციელა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).

25. მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდა (იხ. სუსგ.-ები №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი; Nას-1819-2019, 19.02.2020).

26. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

27. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტის, ზიანის უმნიშვნელო ოდენობის, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია.

28. სააპელაციო პალატამ უარყო იმაზე მითითება, რომ მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდით მოწინააღმდეგე მხარე არ იქნება ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. შესაბამისად, აპელანტის ხსენებული მსჯელობა უარყოფილი იქნა.

29. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩაირიცხა 3552,60 ლარი, ანუ მოწინააღდეგე მხარის მიერ მოცემული ურთიერთობისას დამდგარი ვალდებულება შესრულებულად იქნა მიჩნეული.

30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

31. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. აღნიშნულს კასატორი ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების სტიმულირებას ემსახურება. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და ამიტომ დაექვემდებარა შემცირებას. კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 0.15% არ წარმოადგენს „შეუსაბამოდ მაღალ“ პროცენტს. კასატორს არარეალურ ოდენობად მიაჩნია 3552.60 ლარის პირგასამტეხლოს სახით გასაზღვრა, როდესაც ხელშეკრულების საერთო ღირებულება 237 700 ლარს წარმოადგენს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ არ იმსჯელა თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიმწოდებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება და საქონელი შემსყიდველს ვადის დარღვევით მიაწოდა. სასამართლო აქვე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანხა მაღალია და ექვემდებარება შემცირებას, რასაც კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას. კასატორს მიაჩნია, რომ სწორედ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერებაა პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებაში დარღვეული გასაჩივრებული განჩინებით. კასატორი აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო - 3552.60 ლარი, როდესაც ხელშეკრულების საერთო ღირებულება 237 700 ლარს წარმოადგენს, ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ და შესაბამის ოდენობად, რის გამოც, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

36. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება აპელანტის (კასატორი) ტვირთს წარმოადგენდა. კასატორმა (აპელანტი) სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. თავის მხრივ, მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარე), სასამართლოს შეუქმნა რწმენა (სსსკ-ის 105-ე მუხლი) სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობისა და მისი შემცირების აუცილებლობის შესახებ.

37. კასატორს განსახილველ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების პპ: 10-14-ში და სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სავალდებულო ძალა აქვთ.

38. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულობა (0.15%) და მისი გაანგარიშების ფარგლები (ხელშეკრულების ჯამური ღირებულება) წარმოადგენს.

39. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

40. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

41. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

42. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

44. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

46. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

48. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

49. ზემო აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, კანონიერად მიიჩნია (იხ., შესაგებელის პოზიცია ამ განჩინების პპ:6,7). კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის, დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

52. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმაზე, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. ხოლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად ვადის გადაცილებისა მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერილური სახით სახეზე არ არის, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის 0,1%-მდე დაყვანა და პირგასამტეხლოს სახით 3 552,60 ლარის შესაბამისობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხიდან - 16 757,85 ლარიდან, ანაზღაურდა 3552,60 ლარი, კერძოდ, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 2019 წლის 08 ივლისს ჩაირიცხა 3552,60 ლარი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი