Facebook Twitter

საქმე №ას-998-2020 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

კასატორი – ნ.კ–ძე (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.კ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი ან აპელანტი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან კონსერვატორია) მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის N48/1 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; 2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

2. მოსარჩელის განმარტებით, კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, იგი მუშაობდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესის ჩაშლის მცდელობას და თითქოს მოწვეულ პროფესორს მოსარჩელემ შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც გამოიწვია კონსერვატორიის იმიჯის შელახვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასაქმებულმა დაარღვია კონსერვატორიის ეთიკის კოდექსი, კერძოდ, მე-3 მუხლის ,,ეთიკის კოდექსის პრინციპები და სტანდარტები“ 3.1.4. ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი. მოპასუხე მიუთითებს, რომ მისი ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული და კანონიერია, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთი ეთიკის ნორმის დარღვევას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6. მოსარჩელე მუშაობს კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე და იღებს შესაბამის ანაზღაურებას. პარალელურად, მოსარჩელე, კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იკავებდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას და აღნიშნული თანამდებობა იყო არაანაზღაურებადი.

7. მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლეს საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა მოსარჩელის მიერ, მოპასუხის ეთიკის კოდექსით დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა.

8. ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის შრომითი ანაზღაურების გადახდას მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, მოცემული ხელშეკრულება, არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და იგი მისი სამართლებრივი ბუნებით არის დავალების ხელშეკრულება.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეეძლო შეეწყვიტა მოსარჩელესთან დადებული დავალების ხელშეკრულება მოსარჩელის თანხმობისა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, არ არსებობდა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მუშაობდა კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. პარალელურად, მოსარჩელე, კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იკავებდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას და აღნიშნული თანამდებობა იყო არაანაზღაურებადი.

13. მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლეს საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. მხარეთა შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება. შესაბამისად, მოცემული დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა ყოფილიყო დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში- სსკ-ის) 709-ე, 710-ე 720-ე მუხლები).

15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ და სხვაგვარი შეთანხმება, ამ უფლებაზე უარის შესახებ, ბათილია.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

17. კასატორს მიაჩნია, რომ, მხარეთა შორის არსებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ უნდა მოწესრიგებულიყო დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კონტიტუციით დადგენილი შრომის უფლების დაცვის სტანდარტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული მოცემულ საქმეზე სარჩელის უარყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

21. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს, მხარეთა შორის არსებული დავა უნდა გადაეწყვიტა შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით. ნაცვლად ამისა, სასამართლომ მოცემული დავა მოაწესრიგა დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმათა დანაწესით. აღსანიშნავია, რომ კასატორს, ამავე საფუძვლით წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარი, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი გასაჩივრებულ განჩინებაში.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის წინააღმდეგ, კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407- ე მუხლის მე-2 ნაწილი):

23. მოსარჩელე მუშაობს კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე და იღებს შესაბამის ანაზღაურებას. პარალელურად, მოსარჩელე, კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იკავებდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას და აღნიშნული თანამდებობა იყო არაანაზღაურებადი.

24. მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლეს საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება, იმ ფაქტობრივი გარემოების ნაწილში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე, კონსერვატორიაში მუშაობის პარალელურად, ამავე კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იკავებდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას და აღნიშნული თანამდებობა არ იყო ანაზღაურებადი.

26. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც შრომითი ურთიერთობის დეფინიციას წარმოადგენს და ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს გამოკვეთავს, ადგენს დაქვემდებარებულ შრომას, კერძოდ, სამუშაოს შესრულება ხდება დამსაქმებლის მითითების შესაბამისად ხელფასის ანაზღაურების სანაცვლოდ (შდრ. სუსგ-ები №ას-609-2020, 29.09.2020; №ას-650-606-2017, 3 ნოემბერი, 2017, პ.1.3.1.; №ას-921-871-2015, 26.11.2015). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის, გასაჩივრებულ ნაწილში, წარმოშობილი ურთიერთობა, არ წარმოადგენს შრომით სამართლებრივ ურთიერთობას.

27. დამსაქმებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), მასთან, მოსარჩელეს (ფიზიკურ პირს) შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ანაზღურების გარეშე, არ წარმოეშობა. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კასატორი (მოსარჩელე) კონსერვატორიაში მუშაობის პარალელურად, ამავე კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იკავებდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას, რაშიც ანაზღაურება არ ეძლეოდა, ემსგავსება არა შრომის, არამედ სსკ-ის გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულებას.

28. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

29. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მოპასუხეს, შეეძლო, ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება.

30. შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის (მოქმედი რედაქცია - საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.) კონკრეტული საფუძვლის გამოყენება და მისი გამოყენების მართლზომიერების შესწავლა, მსგავსი ტიპის დავებში არარელევანტურია.

31. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომითი ურთიერთობის, ასევე, დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.კ–ძეს (პ.ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მ.შ–ის მიერ 05.06.2020-ში საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე