საქმე №ას-1019-2020 10 დეკემბერი 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ მ.ნ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი/მ მ.ნ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი ან მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 10 874,26 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2. სარჩელი იმ გარემოებებს დაეფუძნა, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება). მოპასუხემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დადგენილი ვადის დაცვით მოსარჩელისგან ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები, რის შემდეგაც, დაინიშნა პირველადი ექსპერტიზა. პირველადმა ექსპერტიზამ სამუშაოებზე დაადგინა ხარვეზი, რაც მოსარჩელემ გამოასწორა. აღნიშნული დასტურდება განმეორებითი ექსპერტიზით. მოპასუხემ პირველადი ექსპერტიზის ჩატარების ვადა არასწორად ჩათვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო 90 დღეზე. პირგასამტეხლომ მთლიანობაში 10 874,26 ლარი შეადგინა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ექსპერტიზის ჩატარების დრო პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდად მიიჩნეოდა. მოპასუხემ კი ექსპერტიზის ჩატარების პერიოდად მიიჩნია დრო, როდესაც მან ჩააბარა მოპასუხეს ობიექტი, 2019 წლის 3 თებერვალს, რის შემდეგაც, 2019 წლის 7 მარტს დანიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტი ობიექტზე მივიდა 2019 წლის 20 აპრილს, დასკვნა კი გამოქვეყნდა 2 დღეში ანუ, 22 აპრილს. ექსპერტიზით დადგენილი ხარვეზები გამოსწორდა 2 დღეში. განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნაც დაიდო 2 დღეში ანუ 2 მაისს. საერთო ჯამში კი მოპასუხემ პირგასამტეხლო იანგარიშა 90 დღეზე.
3. მოსარჩელის მოსაზრებით, ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს 2019 წლის 20 აპრილიდან 2 მაისამდე, რაც შეადგენს ვადას ექსპერტიზის ფაქტობრივი ჩატარებიდან, მის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისა და განმეორებით ექსპერტიზის დასკვნის პერიოდს, რაც მთლიანობაში შეადგენს 12 დღეს.
4. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო შეადგენს 105 548,71 ლარს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 94 674,45 ლარი (90%). მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებიდან და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, დარჩენილი ღირებულების - 10 874,26 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, რასაც მოპასუხე არ უხდის და უსაფუძვლოდ უთვლის პირგასამტეხლოს ანგარიშში.
5. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხით გაიქვითა მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო. გაქვითვის შესაძლებლობა ხელშეკრულების 7.2 პუნქტიდან გამომდინარეობს.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6125 ლარი.
8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. 2018 წლის 3 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება 112 111.97 ლარად შეესრულებინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საბადრაგო მიშენებისა და შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები (შემდეგში - ხელშეკრულება).
10. ხელშეკრულების 6.1, 6.2. და 6.3. პუნქტებით განისაზღვრა, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ: სამუშაოების მიღება-ჩაბარება წარმოებს ეტაპობრივად, არანაკლებ 30 000 ლარის ღირებულების შესრულების შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ფორმა №2-ის და მათზე ექსპერტიზ(ებ)ის დადებითი დასკვნის გათვალისწინებით. ფორმა №2 წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ასახავს სამუშაოების შესრულებას და რომელიც შემსყიდველის მხრიდან ხელმოწერილია უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ; სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნის/ების გათვალისწინებით მხარეთა შორის დგება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი; იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზისთვის წარდგენილი ფორმა №2(ებზე) შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა გულისხმობს ფორმა №2 (ების) კორექტირებას, ანგარიშსწორების საფუძველს წარმოადგენს კორექტირებული ფორმა №2.
11. ხელშეკრულების 7.1. მუხლის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე.
12. 2019 წლის 28 იანვარს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ, მაგრამ ფორმა №2 წარადგინა დაგვიანებით - 2019 წლის 12 თებერვალს. ამასთან, ფორმა №2 შეიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, რის თაობაზეც, მოპასუხემ 2019 წლის 13 თებერვალს წერილობით აცნობა მოსარჩელეს.
13. 2019 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ წარადგინა სხვა შესწორებული ფორმა №2. აღნიშნული ფორმა №2-იც შეიცავდა ხარვეზებს, რის შესახებაც, 2019 წლის 26 თებერვალს მოსარჩელეს კვლავ ეცნობა წერილობით.
14. 2019 წლის 1 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და წარადგინა კორექტირებული ფორმა №2, რომელიც შესაბამისობაში იყო 2018 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებასთან და ფაქტიურად შესრულებულ მოცულობებთან.
15. 2019 წლის 7 მარტს მოპასუხემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, 2018 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან მიმართებაში.
16. 2019 წლის 22 აპრილის დასკვნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები, შეიცავდა რიგ ხარვეზებს, რომლებიც საჭიროებდა გამოსწორებას. აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 24 აპრილს მოსარჩელეს წერილობით მიმართა მოპასუხემ და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოითხოვა ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გამოასწორა მოსარჩელემ და აღნიშნული დადასტურდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 მაისის დასკვნით.
17. 2019 წლის 8 მაისს მხარეთა შორის შედგა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობის დასრულება.
18. ხელშეკრულების მე-13 მუხლით განისაზღვარა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომლის 13.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებდა 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით.
19. 2019 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება №245/2, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ-შევიდა ცვლილება ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1. პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „13.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა შორის მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით“.
20. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. მუხლით შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 112 111,97 ლარით.
21. 2019 წლის 10 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება №3, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002694019 და №5002698319 დასკვნების გათვალისწინებით, დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა და შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება 6 563,26 ლარით, რის შემდეგაც, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 105 548,71 ლარით.
22. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების პირობები და გარანტია, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დრო რომელიც ესაჭიროებოდა შემსყიდველს ექსპერტიზის განსახორცილებლად არ ჩაითვლებოდა სამუშაოების შესრულების სავალდებულო ვადებში. ამასთან, ექსპერტიზის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლებოდა ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და მთელ პერიოდზე დაირიცხებოდა პირგასამტეხლო ჯამური ღირებულების 0.1% ოდენობით თითოეულ დღეზე. ექსპერტიზის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გამოსწორებულ ხარვეზზე უნდა ჩატარებულიყო განმეორებითი ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს გაიღებდა მიმწოდებელი. სამუშაო გამოსწორებული უნდა ყოფილიყო სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
23. 2019 წლის 10 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ამ წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების ხარვეზების შესწორების გამო, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 8 მაისს, მოსარჩელეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მათ შორის, ექსპერტიზის დროის და ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ჩათვლით, მთლიანობაში 90 დღე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1.%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 10 874,26 ლარს. აღნიშნული წერილის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ იმ დროისათვის დარჩენილი ვალდებულება, მოსარჩელის მიმართ, შეადგენდა 13 548.71 ლარს, ვინაიდან მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო 10 874,26 ლარის ოდენობით, მოპასუხემ გამოიყენა ხელშეკრულების მე-8 მუხლი და განუმარტა, რომ თუკი, 2019 წლის 1 აგვისტომდე მოსარჩელე არ გადაიხდიდა პირგასამტეხლოს, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დარჩენილი ვალდებულებიდან ჩაირიცხებოდა ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, ხოლო მათ მიერ გადასახდელად დარჩენილი თანხა ჩაერიცხებოდა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
24. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, შესყიდული სამუშაოსათვის მოპასუხემ მოსარჩელეს ნაცვლად 105 548,71 ლარისა, 94 674,45 ლარი გადაუხადა, სხვაობამ შეადგინა 10874.26 ლარი, რომელიც მოპასუხის მიერ გაქვითული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
25. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადაოდ არ ხდიდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტს, სადაოდ ხდიდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ვადებს/ოდენობას და განმარტავდა, რომ ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დარიცხოდა 2019 წლის 20 აპრილიდან 2 მაისამდე, რაც შეადგენდა ვადას ექსპერტიზის ფაქტობრივი ჩატარებიდან, მის მიერ დადგენილი ხარვეზისა და განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის პერიოდს, რაც მთლიანობაში შეადგენდა 12 დღეს.
26. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, სასამართლოს შეკითხვაზე, თუ სარემონტო სამუშაოების ღირებულებიდან, რა ოდენობის სამუშაოები იქნა ვადის დარღვევით (90 დღის ვადის) შესრულებული - აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს იყო შესასრულებული სამუშაოს დაახლოებით ნახევარი - 50%. თვით აპელანტის წარმომადგენელის განმარტებით სამუშაო, რომელიც ვადის დარღვევით შესრულდა დაახლოებით 200-300 ლარის ღირებულების იყო.
27. დადგენილი იქნა, რომ ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები 90 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რაც მოიცავს შემდეგ პერიოდს: 2019 წლის 28 იანვარს მოსარჩელემ დაასრულა სამუშაოები და აღნიშნულის თაობაზე მიმართა მოპასუხეს, რომ ჩაებარებინა სამუშაოები. დადგენილია, რომ სამუშაოების ჩაბარება მოხდა მას შემდეგ, რაც ექსპერტმა დაასკვნა, რომ სამუშაოები უხარვეზოდ იყო შესრულებული. დადგენილია, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას დოკუმენტი, ფორმა №2 შესრულებული სამუშაოს შესახებ, ექპერტიზისათვის მოსარჩელეს უნდა წარედგინა. დადგენილია, რომ პირველად ფორმა №2 მოსარჩელემ წარადგინა 12 თებერვალს, დოკუმენტები ხარვეზიანი იყო, რის თაობაზეც მოპასუხემ 13 თებერვალს აცნობა მოსარჩელეს. დადგენილია, რომ 19 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ წარუდგინა დამკვეთს ფორმა №2, რომლებიც ასევე ხარვეზიანი იყო. დადგენილია, რომ საბოლოოდ უხარვეზო კორექტირებული ფორმა №2 მოსარჩელემ 1 მარტს წარუდგინა მოპასუხეს, რის შემდეგადაც, გონივრულ ვადაში - 7 მარტს მოპასუხემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად. დადგენილია, რომ ფორმა №2-ბის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს პრეტენზიები არ გამოუთქვამს მოპასუხის მიმართ, პირიქით, თავისი მოქმედებით (რაც პრეტენზიის არგამოთქმით დგინდება) მას ყოველ მომდევნო ჯერზე ფორმა №2-ბის კორექტირებული ვარიანტი მიჰქონდა მოპასუხესთან, რაც საბოლოოდ 1 მარტს იქნა უხარვეზოდ მიჩნეული და მიღებული მოპასუხის მიერ. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხემ 7 მარტს მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად, დადგენილია, რომ ექსპერტმა მხოლოდ 22 აპრილს ჩაატარა ექსპერტიზა (ანუ 1 თვისა და 14 დღის შემდგომ), რა დროსაც, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანი იყო და საჭიროებდა აღმოფხვრას. აქედან 2 დღეში 24 აპრილს მოპასუხემ აღნიშნული აცნობა მოსარჩელს და სთხოვა სამუშაოების გამოსწორება, რაც გამოსწორებული იქნა მოსარჩელის მიერ და ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადასტურებული იქნა 2 მაისის დასკვნით. 8 მაისს კი, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგა და დადასტურდა სამუშოების მიღება.
28. სააპელაციო სასამართლომ, ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით მიიჩნია, რომ ექსპერტიზა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები გაჭიანურდა და საბოლოოდ 90 დღე მოიცვა, თუმცა, უარყო აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს გაჭიანურება იყო მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვეული. მოცემულ საქმეზე დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება უხარვეზოდ. ვადის გაჭიანურება კი, მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგი არ იყო. აღნიშნული გარემოების გამო, ექსპერტიზა დაახლოებით 1 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.
29. ამასთან, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 90 დღიდან დაახლოებით თვე ნახევარი ექსპერტიზის ჩატარება დააყოვნა თავად ექსპერტიზის ბიურომ, რაშიც ჩარევის სამართლებრივი მექანიზმი მოპასუხეს არ გააჩნდა. დადგენილიად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე ახდენდა რეაგირებას ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელი ქმედების განხორციელებისათვის, თუმცა, დროის გაჭიანურება (ექსპერტიზის ჩატარება) ვერ იქნა თავიდან აცილებული.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შეთანხმება მოიცავდა პირობას, რომ ,,ექსპერტიზის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში (რაც კონკრეტულ შემთხვევაში ასეც მოხდა) ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლებოდა ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და პირგასამტეხლოს“, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ ვადაგადაცილების პერიოდად 90 დღის მიჩნევა, მართებული იყო.
31. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე, 639-ე, 642-ე, 417-ე და 418-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა სამუშაოების ხარვეზებით და ვადაგადაცილებით ჩაბარებაში. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელეზე მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
32. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 22 აპრილის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №002694019 დასკვნაზე, რომლის თანახმად, წარმოდგენილ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ მიშენებულ ნაწილში, საკნების ფართებში კედლებზე რამდენიმე ადგილზე (უბანზე) შეინიშნებოდა ხარვეზები - ბზარები, რაც საჭიროებდა შესაბამისი ზომების მიღებას, მათ აღმოსაფხვრელად. უფრო ზუსტი მტკიცებულება, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო მოპასუხის განმარტებით ხარვეზიან სამუშაოთა ოდენობა სამუშაოთა დაახლოებით ნახევარს შეესაბამებოდა. არც ამ განმარტებაზე განუხორციელებია კვალიფიციური შედავება მოსარჩელეს. მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და 2019 წლის 22 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებული იყო დაახლოებით სანახევროდ. შესაბამისად, ვინაიდან, ნარდობის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეტანილი ცვლილების შედეგად ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 105 548 ლარით, შეუსრულებელი სამუშაო პირგასამტეხლოს დარიცხვის დროისათვის წარმოადგენდა 52 774 (105548/2=52774) ლარს, საიდანაც უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო.
33. ვინაიდან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შეუსრულებელი სამუშაო იყო 52 774 ლარი, ხოლო ვადაგადაცილების პერიოდი - 90 დღე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (0,1%) ოდენობა 4 749 ლარს შეადგენდა (52774-ის 0,1% x 90=4749).
34. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების 8.8. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს მხოლოდ 4 749 ლარი უნდა ჩაეთვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში მოსარჩელისათვის და არა 10 874 ლარი, რომელიც მან დათვალა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.
35. ამდენად, არსებობდა დარჩენილი, უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის - შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 6125 ლარის (10874-4749=6125) მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
36. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი საფუძვლებით:
37. კასატორმა მიუთითა რომ მოსარჩელის (აპელანტი) მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 10874.26 ლარის დაკისრება და არა პირგასამტეხლოს შემცირება. სააპელაციო სასამართლომ, შეამცირა რა პირგასამტეხლო, გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში- სსსკ-ის) 248-ე მუხლი.
38. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ საფუძვლად, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის განმარტებას, როდესაც მიიჩნია რომ პირგასამტეხლო მხოლოდ თანხის გარკვეულ ნაწილზე უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს. კასატორი აღნიშნავს, რომ სამუშაოები ხარვეზით შესრულდა და ალოგიკურია, როდესაც პირგასამტეხლო მხოლოდ თანხის ნახევარზე დაანგარიშდა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულება შესრულდა. შეუსრულებელი ვალდებულება, არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ შესრულების ხარვეზი. კასატორი მიუთითებს, რომ ვადაგადაცილება 90 დღეს შეადგენდა და ამ ვადაზე არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
41. საკასაციო საჩივრის პრეტენზია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძვლების არარსებობას შეეხება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის განმარტებას, როდესაც მიიჩნია რომ პირგასამტეხლო მხოლოდ თანხის გარკვეულ ნაწილზე უნდა დაჰკისრებოდა მოსარჩელეს. კასატორი აღნიშნავს, რომ სამუშაოები ხარვეზით შესრულდა და ალოგიკურია, როდესაც პირგასამტეხლო მხოლოდ თანხის ნახევარზე დაანგარიშდა. კასატორი მიუთითებს, რომ ვადაგადაცილება 90 დღეს შეადგენდა და ამ ვადაზე არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაზე.
42. ამასთან, კასატორი მიუთითებს საპროცესო სამართლებრივ დარღვევაზეც და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, პირაგასამტეხლოს შემცირებით დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა თანხის დაკისრებას და არა მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებას.
43. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
44. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაანგარიშების მართლზომიერების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოთხოვნა წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, მოსარჩელეს სრულად არ აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური, რადგან მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დააკისრა პირგასამტელო, კერძოდ, პირგასამტეხლო გაუქვითა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თანხაში. ამდენად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ თანხის გაქვითვა (გასაქვითი ოდენობა) განხორციელდა მართლზომიერად, ეკისრებოდა მოპასუხეს. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხით გაიქვითა მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო. გაქვითვის შესაძლებლობა ხელშეკრულების 7.2 პუნქტიდან გამომდინარეობს. თუმცა, საგულისხმოა, გასაქვითი თანხის (პირგასამტეხლოს ოდენობა) მოცულობა.
45. დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ამ წერილით, მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების ხარვეზების შესწორების გამო, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 8 მაისს, მოსარჩელეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მათ შორის, ექსპერტიზის დროის და ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ჩათვლით, მთლიანობაში 90 დღე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1.%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 10 874,26 ლარს. აღნიშნული წერილის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ იმ დროისათვის დარჩენილი ვალდებულება, მოსარჩელის მიმართ, შეადგენდა 13 548.71 ლარს, ვინაიდან მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო 10 874,26 ლარის ოდენობით, მოპასუხემ გამოიყენა ხელშეკრულების მე-8 მუხლი და განუმარტა, რომ თუკი, 2019 წლის 1 აგვისტომდე მოსარჩელე არ გადაიხდიდა პირგასამტეხლოს, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დარჩენილი ვალდებულებიდან ჩაირიცხებოდა ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, ხოლო მათ მიერ გადასახდელად დარჩენილი თანხა ჩაერიცხებოდა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
46. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე არ შედავებია ფაქტს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. იგი სადავოდ ხდიდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდს და ოდენობას. მოსარჩელე განმარტავდა, რომ ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლო უნდა დარიცხვოდა 2019 წლის 20 აპრილიდან 2 მაისამდე. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდთან დაკავშირებული მითითება უარყოფილია. პირიქით, დადგენილია, რომ ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები 90 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რაც მოიცავს შემდეგ პერიოდს: 2019 წლის 28 იანვარს მოსარჩელემ დაასრულა სამუშაოები და აღნიშნულის თაობაზე მიმართა მოპასუხეს, რომ ჩაებარებინა სამუშაოები. დადგენილია, რომ სამუშაოების ჩაბარება მოხდა მას შემდეგ, რაც ექსპერტმა დაასკვნა, რომ სამუშაოები უხარვეზოდ იყო შესრულებული. დადგენილია, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას დოკუმენტი, ფორმა №2-ბი შესრულებული სამუშაოს შესახებ, ექპერტიზისათვის მოსარჩელეს უნდა წარედგინა. დადგენილია, რომ პირველად ფორმა №2-ბი მოსარჩელემ წარადგინა 12 თებერვალს, დოკუმენტები ხარვეზიანი იყო, რის თაობაზეც, მოპასუხემ 13 თებერვალს აცნობა მოსარჩელეს. დადგენილია, რომ 19 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ წარუდგინა დამკვეთს ფორმა №2-ბი, რომლებიც ასევე ხარვეზიანი იყო. დადგენილია, რომ საბოლოოდ უხარვეზო კორექტირებული ფორმა №2-ბი მოსარჩელემ 1 მარტს წარუდგინა მოპასუხეს, რის შემდეგადაც, გონივრულ ვადაში - 7 მარტს მოპასუხემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად. დადგენილია, რომ ფორმა №2-ბის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს პრეტენზიები არ გამოუთქვამს მოპასუხის მიმართ. პირიქით, თავისი მოქმედებით (რაც პრეტენზიის არგამოთქმით დგინდება) მას ყოველ მომდევნო ჯერზე ფორმა №2-ბის კორექტირებული ვარიანტი მიჰქონდა მოპასუხესთან, რაც საბოლოოდ 1 მარტს იქნა უხარვეზოდ მიჩნეული და მიღებული მოპასუხის მიერ. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხემ 7 მარტს მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად, დადგენილია, რომ ექსპერტმა მხოლოდ 22 აპრილს ჩაატარა ექსპერტიზა (ანუ 1 თვისა და 14 დღის შემდგომ), რა დროსაც, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანი იყო და საჭიროებდა აღმოფხვრას. აქედან 2 დღეში, 24 აპრილს მოპასუხემ აღნიშნული აცნობა მოსარჩელეს და სთხოვა სამუშაოების გამოსწორება, რაც გამოსწორებული იქნა მოსარჩელის მიერ და ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადასტურებული იქნა 2 მაისის დასკვნით. 8 მაისს კი, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგა და დადასტურდა სამუშოების მიღება. ამდენად, დადგენილია, რომ ექსპერტიზა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები გაჭიანურდა და საბოლოოდ 90 დღე მოიცვა, რაშიც მოპასუხის ბრალეულობა არ დადასტურდა. ამასთან, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 90 დღიდან დაახლოებით თვე ნახევარი ექსპერტიზის ჩატარება დააყოვნა თავად ექსპერტიზის ბიურომ, რაშიც ჩარევის სამართლებრივი მექანიზმი მოპასუხეს არ გააჩნდა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე ახდენდა რეაგირებას ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელი ქმედების განხორციელებისათვის, თუმცა, დროის გაჭიანურება (ექსპერტიზის ჩატარება) ვერ იქნა თავიდან აცილებული.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შეთანხმება მოიცავდა პირობას, რომ ,,ექსპერტიზის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში (რაც კონკრეტულ შემთხვევაში ასეც მოხდა) ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლებოდა ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და პირგასამტეხლოს“, ვადაგადაცილების პერიოდად 90 დღე იქნა მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სწორედ აღნიშნულზე უთითებს, როდესაც მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 90 დღეზე უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს (საკასაციო საჩივრის 1-ლი ფაქტობრივი გარემოება). თუმცა, კასატორი არ ეთანხმება პირგასამტეხლოს შემცირებას.
48. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის 22 აპრილის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №002694019 დასკვნის თანახმად, ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ მიშენებულ ნაწილში, საკნების ფართებში კედლებზე რამდენიმე ადგილზე (უბანზე) შეინიშნებოდა ხარვეზები - ბზარები, რაც საჭიროებდა შესაბამისი ზომების მიღებას, მათ აღმოსაფხვრელად. უფრო ზუსტი მტკიცებულება, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო მოპასუხის განმარტებით, ხარვეზიან სამუშაოთა ოდენობა სამუშაოთა დაახლოებით ნახევარს შეესაბამებოდა. არც ამ განმარტებაზე განუხორციელებია კვალიფიციური შედავება მოსარჩელეს. მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და 2019 წლის 22 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებული იყო დაახლოებით სანახევროდ (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ს.ფ. 101, ტ.2). შესაბამისად, ვინაიდან, ნარდობის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეტანილი ცვლილების შედეგად ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 105 548 ლარით, შეუსრულებელი სამუშაო პირგასამტეხლოს დარიცხვის დროისათვის წარმოადგენდა 52 774 (105548/2=52774) ლარს, საიდანაც უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო.
49. ამ გარემოების საპირისპიროდ, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. კასატორი პრეტენზიას აცხადებს აღნიშნულზე, თუმცა, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფქტობრივი გარემოების საპირწონე მტკიცების ტვირთი მოპასუხემ ვერ უზრუნველყო. ხოლო, რაც შეეხება კასატორის მსჯელობას სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევასა და იმ საკითხზე, რომ სასამართლომ შეამცირა რა პირგასამტეხლოს ოდენობა, ამით დაარღვია სარჩელის მოთხოვნის ფარგლები, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. დადგენილია, რომ სწორედ პირგასამტეხლოს ანგარიშში დაექვითა მოსარჩელეს მოპასუხის მიერ სადავო თანხა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერებაზე მსჯელობა მოთხოვნის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებას წარმოადგენდა. უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ნამსჯელი პირგასამტეხლოს ფუნქციასა და მისი გამოყენების ფარგლებზე: პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთისა და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს და ამ კუთხით, მისი კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სსკ-ის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (სუსგ-ები №ას - 1199 - 1127 - 2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას- 222 - 209 - 2015, 06 მაისი, 2015 წელი).
პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვა. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში. ერთ-ერთ საქმეზე ვალდებულების შესრულების მიუხედავად, ისიც დასტურდებოდა, რომ ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში არ შესრულდა, რაც კრედიტორს აძლევდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რომლის ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ამით გამოწვეული ზიანი, მისი თანაფარდობა, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები (იხ., სუსგ სუსგ №ას- 853 - 817 - 2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. პირგასამტეხლოს შემცირების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
53. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (ს/კ: №203860642) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 03.08.2020-ში (ტრანზაქციის განხორციელების თარიღი) №07637 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 306.25 ლარის 70% – 214.37 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი