Facebook Twitter

საქმე №ას-1026-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე ან სამინისტრო ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „გ.კ–ას“ (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, პირგასამტეხლოს - 5 643 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ სამინისტროსა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 05 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N90 ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება სამინისტროსათვის მიეწოდებინა საქონლის ხორცის კონსერვი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

3. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადა, კერძოდ, საქონლის ხორცის კონსერვი, ნაცვლად 2018 წლის 21 ივნისისა - მიწოდებულ იქნა 2018 წლის 25 ივნისს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.

4. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 940 500 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც გადაცილებული პერიოდის გათვალისწინებით, შეადგენს - 5 643 ლარს. მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.

5. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ პროდუქცია სამინისტროს მოეწოდა 2018 წლის 21 ივნისს, საღამოს. თუმცა, 22 ივნისს მოსარჩელის მიზეზების გამო, ვერ მოხდა საქონლის დაცლა. შემდეგ კი, დაემთხვა შაბათ-კვირა და არ მუშაობდნენ. აღნიშნული მიზეზების გამო, პროდუქციის მიწოდება მოხდა ორშაბათს - 25 ივნისს. მოპასუხემ მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილება მათი მიზეზით მოხდა 1 დღით და არა 4 დღით, პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 564.3 ლარის გადახდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამინისტროსა და მიმწოდებელს შორის 2018 წლის 05 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N90 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიეწოდებინა საქონლის ხორცის კონსერვი.

10. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 940 500 ლარით.

11. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).

12. ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულია მიწოდების გრაფიკი და მიწოდების ვადები, რომლის თანახმად, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.

13. 2018 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, დადასტურებულია 6000 კგ. საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდების ფაქტი. 2018 წლის 22 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4224კგ. საქონლის მიწოდების ფაქტი და 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4776 კგ. საქონლის მიწოდება.

14. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

15. მოპასუხემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადები და პროდუქციის მიწოდება მოხდა 4 დღის დაგვიანებით.

16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 05.02.2018 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვების N90 ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს (სსკ-ის 477-ე მუხლი). გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 20 დეკემბერი (სსკ-ის 487-ე მუხლი). ხოლო, ხელშეკრულების დანართი №1-ით განისაზღვრა, რომ მიწოდება მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.

17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 05.02.2018 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვების N90 ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 477-ე მუხლი).

18. გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 20 დეკემბერი (სსკ-ის 487-ე მუხლი). ხოლო, ხელშეკრულების დანართი №1-ით განისაზღვრა, რომ მიწოდება მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.

19. საქმეში წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 1 ივნისის წერილი, რომლითაც დადასტურდა, რომ სამინისტრო ითხოვს 15000 კილოგრამი საქონლის მიწოდებას ამავე წლის 22 ივნისამდე ეტაპობრივად.

20. ასევე, საქმეში წარმოდგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დადასტურდა, რომ მოთხოვნილი პროდუქციის ნაწილის, კერძოდ, 4776კგ. საქონლის მიწოდება ნაცვლად 22.06.2018წ.-სა განხორციელდა 25.06.2018წ.-ს (ს.ფ.61).

21. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლო განისაზღვრა თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ.20, ხელშეკრულების 9.3 პუნქტი).

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

23. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება.

24. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.

25. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

26. მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდა (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

27. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ვალდებულების დარღვევა ვადის გადაცილებით, მაგრამ აღნიშნულ დარღვევასთან მიმართებაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი პირგასამტეხლოს გამოსაანგარიშებლად - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში 1410,75 ლარის ტოლია, 4 დღიანი ვადაგადაცილების პირობებში კი, 5643 ლარის. რაიმე ფორმულა თუ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ გამოითვალოს სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა დადგენილი არ არის. ფაქტობრივი გარემოება, არის ის, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. ხოლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად ვადის გადაცილებისა მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერილური სახით სახეზე არ არის, ასევე, შესრულების ვადის გადაცილება არის მხოლოდ 4 დღე, სასამართლოს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება 10-ჯერ, რაც განახორციელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მოპასუხეს დააკისრა 564,3 ლარის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად არ გამოდგება აპელირება იმაზე, რომ მხარემ ხელშეკრულების ფარგლებში თავად იკისრა ვალდებულება მითითებული პროცენტით პირგსამტეხლოს გადახდაზე.

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

29. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და ამიტომ დაექვემდებარა 10-ჯერ შემცირებას.

30. კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 0.15% არ წარმოადგენს „შეუსაბამოდ მაღალ“ პროცენტს. კასატორს უმართებულოდ მიაჩნია 564.3 ლარამდე პირგასამტეხლოს შემცირება და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, უნდა მოხდეს სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური გარემოებების შეფასება. სუბიექტურ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.

31. რაც შეეხება ობიექტურ გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში, ობიექტურ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ მოპასუხე თავისი ქმედების გამო, სამინისტროს ვერ აწვდიდა საკვებ პროდუქტს - აღნიშნული ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს შემცირება 554.3 ლარამდე არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ 420-ე მუხლის მოთხოვნას, რომ შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, სხვადასხვა საქმისათვის მნიშვნელოვანი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის 10-ჯერ შემცირების მართლზომიერებას. იგი აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულეობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ობიექტური და სუბიექტური გარემოებები: ობიექტურ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ მოპასუხე თავისი ქმედების გამო, სამინისტროს ვერ აწვდიდა საკვებ პროდუქტს - აღნიშნული ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს შემცირება 554.3 ლარამდე არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ 420-ე მუხლის მოთხოვნას, რომ შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, სხვადასხვა საქმისათვის მნიშვნელოვანი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობამდე.

35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

36. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება აპელანტის (კასატორი) ტვირთს წარმოადგენდა. კასატორმა (აპელანტი) სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. თავის მხრივ, მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარე), სასამართლოს შეუქმნა რწმენა (სსსკ-ის 105-ე მუხლი) სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობისა და მისი შემცირების აუცილებლობის შესახებ.

37. კასატორს განსახილველ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების პპ: 9-21-ში და სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სავალდებულო ძალა აქვთ.

38. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულობა (0.15%) წარმოადგენს.

39. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

40. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

41. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

42. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

44. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

46. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

48. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

49. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სავსებით სწორად გამოიყენეს ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, კანონიერად მიიჩნიეს (იხ., შესაგებელის პოზიცია ამ განჩინების პ-5).

52. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის, დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

53. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად არ გამოდგება აპელირება იმაზე, რომ მხარემ ხელშეკრულების ფარგლებში თავად იკისრა ვალდებულება მითითებული პროცენტით პირგსამტეხლოს გადახდაზე.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

57. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი