Facebook Twitter

საქმე№ას-1147-2020 25 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.ვ–ი, რ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ.დ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკის უფლების გაუქმება და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ.დ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ.ვ–ისა და რ.მ–ის მიმართ ნასყიდობის ელშეკრულების ბათილად ცნობის, იპოთეკის უფლების გაუქმებისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით რ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ.დ–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების, ს.კ. №......., მესაკუთრედ. გაუქმდა რ.მ–ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება და იპოთეკისაგან გათავისუფლდა ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების, ს.კ. №.......

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ვ–მა, რ.მ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ვ–ისა და რ.მ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. რ.დ–ის სარჩელი ქ.თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონების, ს.კ. №......, რ.მ–ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს გ.ვ–მა, რ.მ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1750 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2020 წლის 26 ოქტომბერს გ.ვ–ისა და რ.მ–ის წარმომადგენელმა ა.გ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ.ვ–ისა და რ.მ–ის წარმომადგენელ ა.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ ა.გ–ძეს და ჩაბარდა 2020 წლის 6 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ვ–ისა და რ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორების წარმომადგენელ ა.გ–ძეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინების ასლი გაეგზავანა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2020 წლის 6 ნოემბერს. (იხ. ტ.2, ს.ფ.122). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 7 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ვ–ისა და რ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი