Facebook Twitter

საქმე №ას-1257-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ბ.ჯ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ბ.ჯ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „მ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

შპს „მ–მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ბ.ჯ–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ბ.ჯ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „მ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5299,7 ლარის გადახდა. შპს „ბ.ჯ–ის“ სარჩელი შპს „მ–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებიოს თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „მ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ბ.ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა და შპს „ბ.ჯ–ს“ შპს „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5444 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „ბ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (საკასაციო პალატის მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ადრე დადგენილ პრაქტიკასთან. იხ., 27.03.2014წ.-ის სუსგ №ას-169-159-2014 განჩინება, სუს 01.07.2014წ.-ის №ას-455-430-2014 განჩინება). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ბ.ჯ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „მ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5299,7 ლარის გადახდა. შპს „ბ.ჯ–ის“ სარჩელი შპს „მ–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებიოს თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „მ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ბ.ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა და შპს „ბ.ჯ–ს“ შპს „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5444 ლარის გადახდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „ბ.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, სსსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს „მ–ის“ მოთხოვნის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და შპს „მ–ს“ აღარ გააჩნია მისი გასაჩივრების უფლებამოსილება, ამასთანავე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს2020 წლის 19 ივნისის განჩინებით მას რაიმე დამატებითი ვალდებულება არ წარმოშობია, სსსკ-ის 391-ე მუხლის სუბიექტად ის ვერ იქნება განხილული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი