Facebook Twitter

საქმე №ას-263-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ.ი.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.09.2019წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „რ.ი.კ–იმ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ქ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოიჯარე“) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2019წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სს „ს.ბ–ით“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) .

3. სარჩელის საფუძვლები:

3.1. მოსარჩელეს და მოიჯარეს შორის 01.12.2017წ. დაიდო იჯარის ხელშეკრულება, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და განისაზღვრა უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთები, რომლებიც მოიჯარეს გადაეცა უძრავ ნივთთან ერთად დროებით სარგებლობაში.

3.2. 30.10.2017წ. იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზებულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ .....). უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა შპს ,,ვ-ფ..’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შემძენი“). მოიჯარე განაგრძობდა უძრავი ნივთით სარგებლობას.

3.3. ამჟამად ქონების მესაკუთრე მოპასუხეა, რომელიც ფლობს სადავო ნივთებს, სარგებლობს ამ ნივთებით.

4. მოპასუხის პოზიცია:

4.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა მოსარჩელისათვის შემდეგი მოძრავი ნივთების დაბრუნებაზე: 1. ექვსი საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე; 2. ერთი საოფისე სამუშაო მაგიდა 2 უჯრით; 3. ერთი საკონფერენციო მაგიდა 4 სეგმენტით; 4. ერთი საოფისე-სამუშაო მაგიდა დიდი წითელი, უჯრის გარეშე; 5. ორი მოძრავი, ბორბლებიანი ტუმბო; 6. ხუთი ტუმბო ბორბლების გარეშე; 7. ოთხი საოფისე ნაჭრის სავარძელი; 8. ერთი საოფისე სკამი; 9. ერთი ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით LexMark – თავისი კაბელით; 10. ტანსაცმლის კარადა, თაროები საბუთებისათვის (ორი ცალი); 11. ერთი ტანსაცმლის კარადა ორკარიანი, კაბინეტის; 12. ღია კარადა, თაროები საბუთებისათვის (ორი ცალი); 13. კარებიანი კარადა საბუთებისათვის (ორი ცალი); 14. კაბინეტის ორი სავარძელი ოთხკუთხა ფეხით; 15. ერთი ტელევიზორის ტუმბო; 16. საპირფარეშოს აქსესუარი, ხელის საქაღალდე (სამი ცალი); 17. საპირფარეშოს აქსესუარი, ტუალეტის საქაღალდე (სამი ცალი); 18. საპირფარეშოს სამი სარკე; 19. ერთი შავი ტყავის ორადგილიანი დივანი (ტ.1, ს.ფ. 194,195).

4.2. მოპასუხემ 21.03.2019წ. სხდომაზე დამატებით ცნო მოთხოვნა სამკარიანი ტანსაცმლის კარადის (ერთი ცალი) გამოთხოვის ნაწილში.

4.3. დანარჩენი ნივთების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ნივთის შეძენით მათზეც მოიპოვა საკუთრების უფლება, რამეთუ ისინი წარმოადგენს საკუთვნებელს და მთავარი ნივთის ბედს იზიარებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.03.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა და მოსარჩელეს გადაეცა ქ. თბილისში, ........ N40-ში, მე-4 სართულზე მდებარე, მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ექვსი საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე, 2. ერთი საოფისე სამუშაო მაგიდა 2 უჯრით, 3. ერთი საკონფერენციო მაგიდა 4 სეგმენტით, 4. ერთი საოფისე-სამუშაო მაგიდა დიდი წითელი, უჯრის გარეშე, 5. ორი მოძრავი, ბორბლებიანი ტუმბო; 6. ხუთი ტუმბო ბორბლების გარეშე; 7. ოთხი საოფისე ნაჭრის სავარძელი; 8. ერთი საოფისე სკამი; 9. ერთი ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით LexMark – თავისი კაბელით; 10. ერთი სამკარიანი ტანსაცმლის კარადა, 11. ერთი ტანსაცმლის კარადა ორკარიანი, კაბინეტის, 12. ღია კარადა, თაროები საბუთებისათვის (ორი ცალი), 13. კარებიანი კარადა საბუთებისათვის (ორი ცალი), 14. კაბინეტის ორი სავარძელი ოთხკუთხა ფეხით, 15. ერთი ტელევიზორის ტუმბო, 16. ჰორიზონტალური ალუმინის ვერცხლისფერი ფარდა-ჟალუზი 2 ფანჯრისთვის, 17. ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი 3 ოთახისთვის, 18. ორი მოქმედი კონდიციონერი OMEDIA, 19. საპირფარეშოს აქსესუარი, ხელის საქაღალდე 3 ცალი, 20. საპირფარეშოს აქსესუარი, ტუალეტის საქაღალდე 3 ცალი, 21. საპირფარეშოს 3 სარკე დაუზიანებელი, 22. ერთი ორადგილიანი შავი ტყავის დივანი.

გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან

გათბობის ქვაბის (ფირმა BOSCH - 1 ცალი BW35, მუშა მდგომარეობაში) და სექციური რადიატორების (დაკომპლექტებული ოთახებში: 14 სექცია შესასვლელი, 6 სექცია შესასვლელი, 4 სექცია შესასვლელი, 8 სექცია შესასვლელი, 14 სექცია შესასვლელი, 6 სექცია სამზარეულო, 8 სექცია საკონფერენციო, 14 სექცია კაბინეტი, 10 სექცია სამუშაო ოთახი ვიტრაჟით, 6 სექცია სამუშაო ოთახი ფანჯრით, 12 სექცია სამუშაო ოთახი აივნით, სააბაზანოს რადიატორი - საშრობით 1 ცალი) გამოთხოვის თაობაზე.

5.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3 და 208-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

5.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთში განთავსებული ხუთი ნივთის კუთვნილების საკითხი. კერძოდ, მოპასუხე უარს აცხადებს მოსარჩელეს გადაეცეს: 1. ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა-ჟალუზი ორი ფანჯრისთვის, 2. ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი სამი ოთახისთვის, 3. კონდიციონერები (ორი ცალი), მუშა მდგომარეობაში 4. გათბობის ქვაბი, მუშა მდგომარეობაში, 5. სექციური რადიატორები, დაკომპლექტებული ოთახებში.

5.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 151-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებელია მოძრავი ნივთები, რომლებიც, მართალია, არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი, თუმცა განკუთვნილია მთავარი ნივთის სამეურნეო მიზნებისათვის და ამ დანიშნულებით სივრცობრივ კავშირშია მასთან. ამ მხრივ საკმარისია გარეგნულად შესამჩნევი სივრცობრივი კავშირი. საჭირო მიზნობრივი დანიშნულება, როგორც წესი, მიიღწევა კონკლუდენტური მოქმედებით, რომლისთვისაც ნივთით ფაქტობრივი სარგებლობა შეიძლება იყოს სხვა ნივთის ეკონომიკური მიზნის ნიშან-თვისება. საკუთვნებელსა და შემადგენელ ნაწილს შორის განსხვავების დადგენისას ხელმძღვანელობენ სამოქალაქო ბრუნვაში აღიარებული შეხედულებით ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

5.4. ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა-ჟალუზს, ვერტიკალურ ფარდა-ჟალუზს და კონდიციონერს სასამართლო ვერ განიხილავს სსკ-ს 151-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე უძრავი ნივთის საკუთვნელად და მათ ვერ დაუქვემდებარებს უძრავი ნივთის სამართლებრივ ბედს. აღნიშნული ნივთებისგან ქონების გამოთავისუფლება არ წარმოშობს იმგვარ მდგომარეობას, რაც უძრავი ნივთის სამეურნეო დანიშნულებიდან გამომდინარე გამოიწვევს მისი ღირებულების შემცირებას ან დანიშნულების მოსპობას.

5.5. რაც შეეხება გათბობის ქვაბსა და სექციურ რადიატორებს, სასამართლომ აღნიშნული ნივთები, მათი სივრცობრივი კავშირიდან გამომდინარე, მიიჩნია დაკავშირებულად უძრავ ნივთთან და ნივთის საკუთვნებლად, რადგანაც ისინი ერთიანობაში უზრუნველყოფენ შენობით უკეთ სარგებლობას. სასამართლომ განმარტა, რომ ამგვარი განსხვავებული მიდგომა კონკრეტულ ნივთებთან მიმართებით გამოწვეულია საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულებით. კერძოდ, კონდიციონერი, თავისი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ექვემდებარება სხვა ფართში მისი ფუნქციური დანიშნულებით გამოყენებას. მისგან განსხვავებით, სექციური რადიატორები კონკრეტულ ფართში დამონტაჟდა ფართის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, რამაც განსაზღვრა მათი რაოდენობა. ამავდროულად, ისინი უკავშირდება გათბობის ქვაბს და უძრავი ნივთის მათგან გამოთავისუფლება ვერ იქნება გამართლებული საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულებიდან გამომდინარე.

5.6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით და სარჩელის ცნობის საფუძვლით დაკმაყოფილებულ მოთხოვნასთან ერთად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა კონდიციონერების და ფარდა ჟალუზების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია გათბობის ქვაბის და სექციური რადიატორების გამოთხოვის თაობაზე სარჩელი.

6. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. მოპასუხემ აღძრა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხის მფლობელობიდან ფარდა-ჟალუზების და კონდიციონერების გამოთხოვის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.09.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.03.2019წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა: 1. ერთი მოქმედი გათბობის ქვაბი BW35) და 2. სექციური რადიატორები (დაკომპლექტებული ოთახებში: 14 სექცია - შესასვლელი, 6 სექცია - შესასვლელი, 4 სექცია - შესასვლელი, 8 სექცია - შესასვლელი, 14 სექცია - შესასვლელი, 6 სექცია - სამზარეულო, 8 სექცია - საკონფერენციო, 14 სექცია - კაბინეტი, 10 სექცია - სამუშაო ოთახი ვიტრაჟით, 6 სექცია - სამუშაო ოთახი ფანჯრით, 12 სექცია - სამუშაო ოთახი აივნით, სააბაზანოს რადიატორი საშრობით - 1 ცალი და აღნიშნული ნივთები გადაეცა მოსარჩელეს. მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ფარადა-ჟალუზების და კონდიციონერების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. თბილისში, ........ ქ. N40 (ს/კ N......) წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, რომლიც სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე არსებული მისი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს 09.11.2017წ. განკარგულებით გასხვისდა იძულებით საჯარო აუქციონზე (ტ.1, ს.ფ.28-30). ამის შემდგომ ქონება კვლავ იქნა გატანილი აუქციონზე უკვე შემძენის ვალდებულების დაფარვის მიზნით და 18.05.2018წ. განკარგულებით მისი საბოლოო მესაკუთრე გახდა მოპასუხე (ტ.1, ს.ფ.80,81; 183,184).

8.2 სასამართლომ განმარტა, რომ ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა-ჟალუზი, ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი, კონდიციონერი, გათბობის ქვაბი და სექციური რადიატორები ვერ განიხილება სსკ-ს 151-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე უძრავი ნივთის საკუთვნებლად და მათი მიკუთვნების საკითხი ვერ დაექვემდებარება უძრავი ნივთის სამართლებრივ ბედს. აღნიშნული ნივთებისგან ქონების გამოთავისუფლება არ წარმოშობს იმგვარ მდგომარეობას, რაც უშუალოდ უძრავი ნივთის სამეურნეო დანიშნულებიდან გამომდინარე გამოიწვევს მისი ღირებულების შემცირებას ან დანიშნულების მოსპობას. მოპასუხეს ვერ ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ უძრავ ქონებაში დახვდებოდა სადავო ნივთები.

8.3. სასამართლომ სადავო ნივთები არ მიიჩნია სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საკუთვნებლად და მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა გათბობის ქვაბის და სექციური რადიატორების გამოთხოვის ნაწილში. ამავე საფუძვლით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მოპასუხის მფლობელობიდან ფარდა-ჟალუზების და კონდიციონერების გამოთხოვის შესახებ.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. მიღებული გადაწყვეტილება არსებითად ეწინააღმდეგება საკუთვნებელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს განმარტებებს.

9.2. საკუთვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთი, რომელიც არ არის მთავარი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. საკუთვნებლის დანიშნულება მთავარი ნივთის მიმართ განისაზღვრება მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებით, მისი ფაქტობრივი სარგებლობითა და სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებით. მთავარი ნივთი უნდა ასრულებდეს განსაზღვრულ სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს საკუთვნებელი. მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულება არ ნიშნავს ამ ნივთის მხოლოდ სამეწარმეო, მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, არამედ იგი მოიცავს იმ მიზანს, რომლის გამოც არსებობს მთავარი ნივთი.

9.3. ყურადსაღებია უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმადაც საკუთვნებელი არ არის მხოლოდ მთავარი ნივთით სარგებლობის უკიდურესი აუცილებლობა, არამედ ნებისმიერი ნივთია, რომლებიც ხელს უწყობს მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას (სუსგ. Nას-586-561-2016, 26.07.2016წ.).

9.4. სსკ სამეურნეო მიზანს არ განიხილავს კლასიკური გაგებით, აღნიშნული შეიძლება განიმარტოს, როგორც საკუთვნებლის სარგებლიანობის მაჩვენებელი. სივრცობრივი კავშირი არსებობს იმ შემთხვევაშიც, თუ ნივთი მთავარი ნივთის სიახლოვეს მდებარეობს და ემსახურება მის საწარმოო პროცესს. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ გათბობის ქვაბი, სექციური რადიატორები და კონდიციონერი უზრუნველყოფენ უძრავი ნივთით სარგებლობის გაუმჯობესებას. სასამართლო ვალდებული იყო ყურადღება გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნივთები დამონტაჟდა კონკრეტული ფართის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, რამაც განსაზღვრა მათი რაოდენობა და დამახასიათებელი ნიშნები. ამ ნივთებისგან უძრავი ქონების გამოთავისუფლება ვერ იქნება გამართლებული საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულებიდან გამომდინარე.

9.5. მოპასუხემ გარკვეული ღირებულება გადაიხადა იმ მიზნით, რომ ქონებაში დამონტაჟებული იყო კონდიციონერი და გათბობის ქვაბი სექციური რადიატორებით. სადავო ნივთებისგან ქონების გამოთავისუფლება დააზიანებს მთავარ ნივთს (საოფისე ფართს), რაც კიდევ უფრო შეამცირებს მის ღირებულებას.

9.6. მოპასუხე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად, მისი საკუთრების უფლება უძრავ ნივთთან ერთად ავტომატურად ვრცელდება სადავო ნივთებზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.04.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 28.05.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

12. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-139-2020, 28.05.2020წ.; Nას-914-2019, 25.07.2019წ.; Nას-246-246-2018, 20.03.2018წ.). მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. მოცემულ შემთხვევაში აღძრულია სავინდიკაციო სარჩელი.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ: უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. თბილისში, ........ ქ. N40 (ს/კ N .....) წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც შემოსავლების სამსახურის წინაშე არსებული მისი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს 09.11.2017წ. განკარგულებით გასხვისდა იძულებით საჯარო აუქციონზე (ტ.1, ს.ფ.29,30); ამის შემდგომ ქონება კვლავ იქნა გატანილი აუქციონზე და 18.05.2018წ. განკარგულებით მისი საბოლოო მესაკუთრე გახდა მოპასუხე (ტ.1, ს.ფ.80,81); სადავო ნივთები ფიზიკურად არსებობს და განთავსებულია მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთში.

15. კასატორი პრეტენზიას აცხადებს იმ ნივთებზე, რა ნაწილშიც მან სარჩელი არ ცნო და რომელთა გამოთხოვის ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის მფლობელობიდან იქნა გამოთხოვილი: დამონტაჟებული მოქმედი გათბობის ქვაბი და სექციური რადიატორები, კონდიციონერები და ფარდა-ჟალუზები.

16. მოპასუხე განმარტავს, რომ უძრავი ნივთის შეძენისას მან მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ნივთებზეც და შესაბამისად, ის მართლზომიერი მფლობელია (მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ყველა ის ადამიანი, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან არის წარმოშობილი). ანუ კასატორი სადავოდ მიიჩნევს ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

17. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, წინამდებარე დავის გადაწყვეტისას აუცილებელია გაიმიჯნოს ისეთი ცნებები, როგორიცაა ნივთის შემადგენელი ნაწილი და საკუთვნებელი; უნდა განისაზღვროს, რა შემთხვევაში იძენს მათზე უფლებას ნივთის შემძენი.

18. შედგენილი ნივთი შედგება მისი შემადგენელი ნაწილებისაგან. ამ ნაწილებს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის შედგენილ ნივთს, ნივთის შემადგენელი ნაწილები ეწოდება. ერთმანეთისგან განსხვავდება არსებითი და არაარსებითი შემადგენელი ნაწილები (იხ.:თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.112).

19. სსკ-ის 150-ე მუხლი ადგენს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ზოგად დეფინიციას, ასევე განსაზღვრავს რა მიიჩნევა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად: ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. სსკ-ის 151-ე მუხლი კი აწესებს, რა მიიჩნევა საკუთვნებლად: საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

20. ნივთის შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, თვით ნივთის სამეურნეო დანიშნულება. ნივთის შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ასევე საჭიროა, რომ ამ კავშირის შედეგები განვიხილოთ, როგორც ერთიანი ნივთი. როცა ნივთების კავშირით იქმნება ერთიანი ნივთი, მაშინ არ შეიძლება ვილაპარაკოთ სხვადასხვა ნივთზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკუთრების უფლებით (სუსგ. N3კ-675-02, 22.11.2002წ.).

21. სსკ-ის 150-ე მუხლის მიზანია, შეინარჩუნოს ნივთების შეერთების შედეგად შექმნილი ერთიანი ნივთის ეკონომიკური ღირებულება და თავიდან აიცილოს ნივთის ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელი განცალკევება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ შესაძლებელი იყოს განცალკევებულ ნაწილებზე სხვადასხვა უფლების წარმოშობა (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 150, ველი 1).

22. შესაბამისად, არსებითი შემადგენელი ნაწილის დახასიათებისას შეიძლება გამოვყოთ ძირითადი ნიშნები. არსებითი შემადგენელი ნაწილები ნივთის ისეთი ნაწილებია, რომლებიც:

ა) შეუძლებელია ერთმანეთისაგან იმგვარად იქნეს დაშორებული, გამოცალკევებული, რომ ამით არ განადგურდეს ერთი ან მეორე ნაწილი (ნივთები, რომლებიც სხვა ნივთთან შეერთების შედეგად კარგავენ დამოუკიდებლობას და ერთი მთლიანი ნივთის ნაწილები ხდებიან);

ან

ბ) არ შეიცვალოს მათი ბუნება და დანიშნულება (გამოცალკევება შესაძლებელია, მაგრამ ეს უარყოფითად აისახება მათ ბუნებასა და დანიშნულებაზე, ასევე მათ ეკონომიკურ ღირებულებაზე).

შესაბამისად, ან ერთი, ან მეორე წინაპირობის არსებობის შემთხვევაში ნივთის შემადგენელი ნაწილი შეიძლება მივიჩნიოთ არსებითად. არსებითი შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას გადამწყვეტია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული შეხედულება ან ობიექტური დამკვირვებლის გონივრული განსჯა.

23. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (სუსგ. №ას-1163-1118-2016, 29.06.2017წ.).

24. ნივთსა და არსებით შემადგენელ ნაწილს შორის არსებობს მუდმივი კავშირი. სწორედ ეს განაპირობებს კანონის დანაწესს, რომლის მიხედვითაც მთავარ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება მის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც (სსკ-ის 171-ე მუხლი). ამდენად, თუ მოძრავი ნივთი გახდა უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, უძრავი ნივთის მესაკუთრე მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (იხ.: თამარ შოთაძე, სანივთო სამართალი. სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ.70). ის გარემოება, რომ ნივთი სხვა ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და იზიარებს სხვა ნივთის სამართლებრივ ბედს, უზრუნველყოფს ნივთების უსარგებლო დაზიანების თავიდან აცილებას (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 171, ველი 1). რაც შეეხება არაარსებით შემადგენელ ნაწილებს, შესაძლებელია ნივთისაგან მათი ზიანის გარეშე გამოცალკევება, ამით არ იცვლება მათი ბუნება და დანიშნულება, ეს უარყოფითად არ აისახება მათ ეკონომიკურ ღირებულებაზე. მაგალითად, სტანდარტული ასაწყობი სამზარეულო.

25. იმის დასადგენად, თუ რამდენად მოჰყვა/მოჰყვება ნივთის ნაწილების განცალკევებას განცალკევებული ნაწილის ან დარჩენილი ნაწილის განადგურება ან ბუნების/დანიშნულების მოსპობა თუ შეცვლა, საჭიროა შესაბამისი შეფასება. კერძოდ, უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა განცალკევების შემდეგ ნივთის ნაწილების ეკონომიკურად გამოყენება და განცალკევებული ნაწილების ღირებულება რამდენად ახლოს იქნება ნივთის განცალკევებამდე არსებულ ღირებულებასთან (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, მუხ. 150, ველი 6).

26. არსებითი შემადგენელი ნაწილი შესაძლებელია თავად შეიცავდეს არსებით შემადგენელ ნაწილებს. მაგალითად, შენობა-ნაგებობის, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, არსებით შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა ნივთები, რომლებიც საჭიროა შენობის ასაგებად და შედის მის შემადგენლობაში. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილებისგან განსხვავებით, მყარი კავშირი, როგორც წესი, აქ არაა აუცილებელი. საკმარისია, რომ ნივთი შედიოდეს შენობა-ნაგებობის შემადგენლობაში (იხ.: ბესარიონ ზოიძე, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „უფლება“, 1999წ., გვ.27,28). შენობის მოსაპირკეთებლად და დასრულებული იერის მისაცემად დართული ნივთები შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილებია. შენობა მოიაზრება თავის შემადგენელ ნაწილებთან ერთად, რომლითაც იგი აღჭურვილია: შიდა კედლები, ლიფტი, მოაჯირი, წყლის მილი, გათბობის და განათების სისტემა, შიდა ფანჯრები. საყურადღებოა, რომ კრიტერიუმს წარმოადგენს არა გამოცალკევების უნარი, არამედ იმ პირის განზრახვა, ვინც შენობა ააშენა (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.114).

27. შესაძლებელია შენობა-ნაგებობაში გათბობის გარკვეული დანადგარების განთავსება დროებითი მიზნითაც, რაც ვერ იქნება განხილული მის არსებით შემადგენელ ნაწილად. პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ დროებით მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ისეთი მიერთება, როდესაც შემდგომი გამოცალკევება თავიდანვე იყო განზრახული და ეს გარეგნულადაც აღქმადია (მაგ.: ელექტრო გამათბობელი, გაზის გამათბობელი). აღნიშნულის საპირისპიროდ, გონივრულია განსჯა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ ფართში ერთიანი გათბობის სისტემის მონტაჟი დროებითი მიზნით არ ხდება და შესაბამისად, იგი იქცევა უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად.

28. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას და უცხო ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციას თუ პრაქტიკას მოცემულ საქმეზე პირდაპირი მოქმედება ვერ ექნება, თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, ყურადსაღებია განსახილველ სადავო საკითხზე გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომა (იხ.: ბესარიონ ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, თბილისი, 2005, გვ. 242). გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB) § 94 ცალ-ცალკე იძლევა მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილების ცნებებს. § 94.2 თანახმად, შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილებს მიეკუთვნება შენობა-ნაგებობის აღმართვისათვის მასზე მიერთებული ნივთები. გერმანიაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გათბობის სისტემა წარმოადგენს ადამიანების სამყოფლად განკუთვნილი შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს. ეს განპირობებული იმით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებით და საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებით, ადამიანების სამყოფლად განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მაშინ ითვლება დასრულებულად, როცა იგი აღჭურვილია გათბობის სისტემით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განვმარტოთ რა მოიაზრება გათბობის სისტემაში.

29. გერმანიის ფედერალური სასამართლოს პრაქტიკით (იხ.: Urteil des Bundesgerichtshofs vom 19. Oktober 2012 - V ZR 263/11 - NJW-RR 2013, 11), შენობის არსებით შემადგენელ ნაწილს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB) § 94.2 საფუძველზე მიეკუთვნება ყველა ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მისი აშენებისას იქნა დამონტაჟებული და შენობას ანიჭებს შესაბამის ფუნქციას (Senat, Urteil vom 13. März 1970 - V ZR 71/67, BGHZ 53, 324, 325). აღნიშნულს ყველა შემთხვევაში მიეკუთვნება საცხოვრებელი სახლის გათბობის სისტემის შემადგენელი ნაწილი (Senat, Urteil vom 13. März 1970 - V ZR 71/67, BGHZ 53, 324, 325 f.; ebenso BGH, Beschluss vom 17. September 1987 - III ZR 222/86, BGHR BGB § 94 Abs. 2 Stallgebäude 1). ასეთად ითვლება არა მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც თავდაპირველად იქნა დამონტაჟებული, არამედ ისინიც, რომლების განახლების ან შეცვლის დროს იქნება გამოყენებული (Senat, Urteil vom 13. März 1970 - V ZR 71/67, BGHZ 53, 324, 326; RGZ 158, 362, 367 für Holz-täfelung in einem Schloss). არსებით შემადგენელ ნაწილად ითვლება გათბობის სისტემის შემადგენელი არა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც თავად შენობაშია დამონტაჟებული, არამედ ისიც, რომელიც შენობის გარეთაა განთავსებული, მაგალითად, ასეთად იქნა მიჩნეული შენობიდან 15 მეტრის დაშორებით განთავსებული დანადგარი (BGH, Urteil vom 15. November 1989 - IVa ZR 212/88, NJW-RR 1990, 158, 159). სისტემა მოიაზრს ყველაფერს, რაც გათბობის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო, მათ შორის მილები, რადიატორები და გათბობის ქვაბი. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ფაქტორი, რომ განსაკუთრებული სირთულის გარეშეა შესაძლებელი ქვაბის ან რადიატორის მოხსნა (დენონტაჟი) და სხვა ფართში განთავსება. გათბობის სისტემის, მისი შემადგენელი ნაწილების, არსებით შემადგენელ ნაწილად მიჩნევა დამოკიდებული არ არის მიერთებული ნივთების მყარ კავშირზე; ასევე არც ნივთებზე, რომლებიც შენობა-ნაგებობის აღმართვისათვისაა „აუცილებელი”. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მიერთებული ნივთების მაგალითებია გათბობის სისტემები, ისევე როგორც ჩაშენებული სამზარეულოები და ჩაშენებული კარადები (იხ.: MüKo-Holch, 26-ე და მომდევნო ველები) (შდრ.: იხ.: იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §94, ველი 3). ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მათი როლი შენობა-ნაგებობის დანიშნულებისამებრ ექსპლუატაციაში (ასევე იხ.: Ellenberger, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §93, Rn. 5, 6).

30. წინამდებარე საქმეზე საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

ა) მიუხედავად იმისა, რომ სსკ ცალკე არ გამოყოფს შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილის ცნებას, სსკ-ის 150-ე მუხლის შინაარსი მოიცავს მას. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ოფისში, ანუ ადამიანების სამყოფლად განკუთვნილ ფართში (რომელიც მოიცავს შესასვლელს, სამზარეულოს, საკონფერენციო ფართს, კაბინეტებს, სამუშაო ოთახებს, სველ წერტილს) დამონტაჟებული და მოქმედი გათბობის სისტემა.

ბ) ადამიანების სამყოფლად განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში/ფართში დამონტაჟებული გათბობის ქვაბი, სექციური რადიატორები და მათი დამაკავშირებელი მილები (ერთობლიობაში გათბობის სისტემა), რომლებიც შეირჩა და დამონტაჟდა კონკრეტული ფართის ინდივიდუალური მონაცემების, ფუნქციური საჭიროებების გათვალისწინებით და არა დროებითი მიზნით, იქცა უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად.

გ) დავის შედეგზე ვერ მოახდენს გავლენას ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ გათბობის ქვაბს, სექციური რადიატორებს და არ ითხოვს მათი დამაკავშირებელი მილების ვინდიცირებას. სისტემის შემადგენელი ნაწილების მიზნობრივი გამოყენება და საოფისე ფართში შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნება სისტემის ერთიანად ექსპლუატაციით მიიღწევა.

დ) შესაბამისად, რადგან აუქციონზე გასხვისდა და შემძენს გადაეცა გათბობის სისტემით აღჭურვილი უძრავი ნივთი, შემძენმა მოიპოვა საკუთრების უფლება მასზე და ყოფილი მესაკუთრე არაა უფლებამოსილი გასხვისების შემდეგ მოითხოვოს დამონტაჟებული სისტემის თუ მისი ცალკეული ნაწილების დემონტაჟი.

31. რაც შეეხება საკუთვნებელს, განსხვავებით არსებითი შემადგენელი ნაწილისაგან, სხვადასხვა ნივთის სამართლებრივი დამოუკიდებლობის მიუხედავად, მათ შორის შესაძლოა არსებობდეს ეკონომიკური ერთიანობა, რაც სამართლებრივად ერთობლივ განსჯას აუცილებელს ხდის. ამ მიზნის მისაღწევად სსკ იმ ნივთებს, რომლებიც მთავარი ნივთის სამსახურისთვის არის განკუთნილი, საკუთვნებელს უწოდებს (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ.151, ველი 1). საკუთვნებელი არ არის მხოლოდ მთავარი ნივთის სარგებლობის უკიდურესი აუცილებლობა, არამედ ნებისმიერი ნივთია, რომლებიც ხელს უწყობს მთავარი ნივთის დანიშნულებით გამოყენებას (სუსგ №ას-586-561-2016, 29.07.2016 წ.).

32. განსხვავება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილთან ის არის, რომ საკუთვნებლის გარეშე ნივთის ფუნქციური დანიშნულება არ დგება ეჭვქვეშ, ხოლო ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის გარეშე ნივთის გამოყენება დანიშნულებით შეუძლებელია (დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ.210-213). საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია ნივთის სამსახურისათვის (მაგ.: სასოფლო სამეურნეო საწარმოს ინვენტარის თითოეული ნივთი). ანუ საკუთვნებლის წინაპირობა არის ასევე მთავარი ნივთის არსებობა. საკუთვნებლის დანიშნულება მთავარი ნივთის მიმართ განისაზღვრება მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებიდან, მისი ფაქტობრივი სარგებლობისა და სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდან. რაც შეეხება მათ შორის სივრცობრივი კავშირის არსებობას, ამისთვის საკმარისია ნივთის სიახლოვეს მდებარეობა. ამასთან, თუ საკუთვნებლის ყველა წინაპირობა გამოკვეთილია, ნივთი შეიძლება არ ჩაითვალოს საკუთვნებლად, თუკი დამკვიდრებული შეხედულება მას ასეთად არ განიხილავს. მაგალითად, საკუთვნებელია სატრანსპორტო საწარმოს ავტომობილები, ორგანიზაციისა და რესტორნის ავეჯი და სხვა (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 151, ველი 3-7). ასევე, პირუტყვი ან სხვა საგნები, რომლებიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ ამ ნაკვეთზე განათავსა, მისი გამოყენებით მიწის უკეთ ექსპლუატაციის მიზნით, წარმოადგენს ამ მიწის ნაკვეთის საკუთვნებელს (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.120).

33. საკუთვნებელი დამოუკიდებელი ნივთია და მასზე ვრცელდება მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული დებულებები. ვინაიდან მთავარი ნივთის სამართლებრივი ბედი საკუთვნებელზე არ ვრცელდება, შესაძლებელია, იგი იყოს სანივთო უფლების ობიექტი. მაგალითად, როგორც განცალკევებული საგანი, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდეს სხვა პირს (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 151, ველი 8). წესი, რომ საკუთვნებელი იზიარებს მთავარი ნივთის სამართლებრივ ბედს, ასახულია სსკ-ის რამდენიმე მუხლში (იხ.: მუხ.511, 194, 324). სსკ-ის 324-ე მუხლით, თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი, ეს ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზედაც, თუკი ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საკუთვნებლის ჩართვა ძირითად ნივთზე დადებულ გარიგებებში ემსახურება იმ მიზანს, რომ შენარჩუნდეს ძირითად ნივთსა და საკუთვნებელს შორის არსებული ეკონომიკური კავშირი (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.119). ამასთან, სსკ-ის 324-ე მუხლი დიპოზიციურია, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, შეთანხმდნენ, რომ ნივთის გასხვისების ან დატვირთვის სამართლებრივი შედეგი არ გავრცელდება საკუთვნებელზე.

34. სსკ-ის 324-ე მუხლის დისპოზიციის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საკუთვნებელზე მთავარი ნივთის სამართლებრივი ბედის გავრცელება-გაუვრცელებლობის საკითხი დამოკიდებულია გამსხვისებლის ნებაზე, ანუ მისი გადასაწყვეტია, შეთანხმებით შეცვლის დისპოზიციურ რეგულაციას, თუ არა. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, რადგან უძრავი ნივთი გასხვისდა მესაკუთრის ნების გარეშე (არ გაფორმებულა გარიგება ნივთის გასხვისების თუ დატვირთვის შესახებ) და იგი მოსარჩელის საგადასახადო დავალიანების გამო გატანილ იქნა იძულებით საჯარო აუქციოზე, მესაკუთრის თანხმობა პრეზუმირებულად ვერ ჩაითვლება. აუქციონზე გასხვისდა საოფისე ფართი და არა იქ განთავსებული მოძრავი ნივთები. შესაბამისად, ყოფილი მესაკუთრე უფლებამოსილია გამოითხოვოს უძრავ ნივთში განთავსებული საკუთვნებლის კატეგორიის ნივთები. მოსარჩელე ითხოვს ჰორიზონტალური ალუმინის ვერცხლისფერი ფარდა-ჟალუზების, ვერტიკალური ფარდა-ჟალუზების და 2 კონდიციონერის გამოთხოვას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს ნივთები წარმოადგენს საკუთვნებელს და მოსარჩელე უფლებამოსილია მათ ვინდიცირებაზე.

35. კონდიციონერთან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა ერთიან კონდიცირების სისტემაზე, რომელიც გულისხმობს შენობა-ნაგებობაში დამონტაჟებულ ფართის ერთიანი გაგრილებისათვის საჭირო დანადგარების თუ ნაწილების კავშირს, არამედ 2 დამოუკიდებელ დანადგარზე, რომლის მოცილებაც მთავარი ნივთიდან შესაძლებელია ერთის ან მეორის განადგურების გარეშე, გამოცალკევება ასევე არ შეცვლის მათ ბუნებას და დანიშნულებას (დამატებით შეგიძლიათ იხ.: OLG Hamm, Urteil vom 18.04.2000 – 27 U 125/99).

36. პალატა აქვე განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებს, მოპასუხის მიერ ყველა სადავო ნივთის საკუთვნებლად მიჩნევა. სასამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად/მის უარსაყოფად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ სამართლებრივ ნორმებს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის შეძენისას მან მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ნივთებზეც. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე იმის განსაზღვრა, ნივთები წარმოადგენს არსებით შემადგენელ ნაწილს თუ საკუთვნებელს, არის სწორედ სამართლებრივი შეფასება და სასამართლოს მიხედულებით წყდება.

37. სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღურება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც საკასაციო საჩივარი იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, რადგან ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, რომელზეც სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იყო გადახდილი და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, არ არსებობს სააპელაციო ინსტანციის წარმოების დროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟების გადანაწილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.09.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „რ.ი.კ–ის“ სარჩელი სს „ს.ბ–ის“ მფლობელობიდან გათბობის ქვაბის და სექციური რადიატორების (14 (თოთხმეტი) სექცია - შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია - შესასვლელი, 4 (ოთხი) სექცია - შესასვლელი, 8 (რვა) სექცია - შესასვლელი, 14 (თოთხმეტი) სექცია - შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია - სამზარეულო, 8 (რვა) სექცია - საკონფერენციო, 14 (თოთხმეტი) სექცია - კაბინეტი, 10 (ათი) სექცია - სამუშაო ოთახი ვიტრაჟით, 6 (ექვსი) სექცია - სამუშაო ოთახი ფანჯრით, 12 (თორმეტი) სექცია - სამუშაო ოთახი აივნით, სააბაზანოს რადიატორი საშრობით - 1 (ერთი) ცალი) გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.09.2019წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

5. შპს „რ.ი.კ–ის“ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 75 ლარის ოდენობით.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე