Facebook Twitter

საქმე №ას-374-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.ს–ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - შ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ტ–ვა, მ.ფ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, განჩინების განმარტების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.ს–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ტ–ვასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და მ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ შემდეგი მოთხოვნით:

1.1 პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. პირველი მოპასუხე ცნობილ იქნეს მეორე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...... N18, სართული 2, ბინა N8, ფართი: 46.76 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .... 1/2 ნაწილის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი სადავო უძრავი ნივთი“) მესაკუთრედ;

1.3. პირველი მოპასუხე ცნობილ იქნეს მეორე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ....., კორპუსი 1, ბინა N114, ფართი: 45.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ...... – 1/2 ნაწილის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე სადავო უძრავი ნივთი“) მესაკუთრედ;

1.4. პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული 25 000 აშშ დოლარის გადახდევინება მოხდეს მეუღლეების - პირველ და მეორე მოპასუხეთა საერთო ქონებიდან - პირველი და მეორე სადავო უძრავი ნივთებიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.09.2018წ. გადაწყვეტილებით: სარჩელი თანხის დაკისრების, გარიგების ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინების მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 10 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 24 711,33 აშშ დოლარის გადახდა; პირველი მოპასუხე ცნობილი იქნა მეორე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული პირველი სადავო უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; პირველი მოპასუხე ცნობილი იქნა მეორე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მეორე სადავო უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.04.2019წ. საოქმო განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

- პირველი მოპასუხე მოსარჩელეს 2020 წლის 10 იანვრამდე გადაუხდის 24 500 აშშ დოლარს.

- იმ შემთხვევაში, თუ პირველი მოპასუხე მოსარჩელეს 2020 წლის 10 იანვრამდე ვერ გადაუხდის 24 500 აშშ დოლარს, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი ამონაწერზე, ხოლო მეორე მოპასუხე თანახმაა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუქციონზე გაიყიდოს მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული პირველი სადავო უძრავი ნივთის ½ (ერთი-მეორედი) წილი და მეორე სადავო უძრავი ნივთის ½ (ერთი-მეორედი) წილი.

- ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ პირველ და მეორე სადავო უძრავი ნივთების ½ - ½ ნაწილებზე.

- გაუქმდა ნოტარიუს მ.ფ–ას მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N170374077;

- მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმეზე №2/7852-17 შეწყდა საქმის წარმოება.

- მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. მოსარჩელემ განცხადებით მოითხოვა მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების განმარტება იმგვარად, რომ აღსრულება განხორციელდეს არა მხოლოდ მორიგების აქტით სარეალიზაციოდ მიქცეული აქტივებიდან, არამედ პირველი მოპასუხის ნებისმიერი ქონებიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინებით განჩინების განმარტებაზე განმცხადებელს უარი ეთქვა. სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის არცერთი პუნქტი ბუნდოვანი არ არის, არ არსებობს მისი განმარტების კანონისმიერი ან ფაქტობრივი წინაპირობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ:

6.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინების განმარტებაზე უარის თქმის მოტივი, რომ მისი სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს. მხოლოდ მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ნივთებიდან აღსრულება ეწინააღმდეგება კანონს და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს.

6.2. თანხის გადახდაზე ვალდებული პირია პირველი მოპასუხე. ამ უკანასკნელის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო უზრუნველყოფილი და მორიგების აქტით ის უზრუნველყოფილ მოთხოვნად ვერ გადაიქცევა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს უკანონოდ ეზღუდება აღსრულების ფარგლები პირველი მოპასუხის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა განჩინების განმარტების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანი არ იყო.

9. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული პირის უფლების ზუსტ რეალიზაციას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამასთანავე, უმთავრესი პირობა ისაა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-684-638-2017, 07.07.2017წ.). შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების აღსრულებას დაბრკოლება ექმნება. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება ან განმარტება. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017).

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა განჩინების განმარტების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.04.2019წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან ან/და ორაზროვან დებულებებს, რის გამოც მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს. განმცხადებელი შუამდგომლობით ფაქტობრივად ითხოვს მხარეთა მიერ შეთანხმებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეცვლას. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგება წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. თუკი ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, სსსკ-ის 274-ე მუხლის შესაბამისად, მას უფლება აქვს, ერთჯერადად, კერძო საჩივრის წარდგენის გზით სადავო გახადოს ეს საკითხი ზემდგომ სასამართლოში (ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც კი განჩინების გასაჩივრების წინაპირობა, სწორედ ის ფაქტორებია, რაც მორიგების დამტკიცების დროს სასამართლოს შესამოწმებელი კატეგორიაა, კერძოდ, გამოვლენილი ნების თავისუფლება, ნამდვილობა, გაცნობიერებული თანხმობა, მორიგების პირობების კანონშესაბამისობა და ა.შ. და არა გამოვლენილი ნების გამოთხოვა, პოზიციის შეცვლა და ა.შ. - იხ.: ქ. მესხიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ.3, გვ.61). მოცემულ შემთხვევაში, მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე მხარეებმა უარი განაცხადეს (იხ.: ტ.III, ს.ფ.55) და განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა სსსკ-ის 264.2 მუხლის შესაბამისად. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო მორიგების პირობების კანონიერებას ხელახლა ვერ შეამოწმებს და კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას ვერ გადასინჯავს (შდრ. სუსგ №ას-454-436-2016, 18.07.2016წ., სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული და კანონიერ ძალაში შესული მორიგების შეცვლის კანონისმიერი მექანიზმი არ არსებობს, გარდა სსსკ-ის 421-432-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურისა).

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს განჩინების განმარტების საფუძველს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აღსრულების მექანიზმი მხარეთა დისპოზიციური ნებით განისაზღვრა და განჩინების განმარტების ფარგლებში ვერ მოხდება დავის ხელახლა განხილვა, დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა განჩინების განმარტების თაობაზე. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ს–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი