საქმე №ას-416-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.შ–ი, ქ.შ–ი, ნ.შ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ი, მ.ს-გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.01.2020წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილებით ი.გ–ისა და მ.ს-გ.ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.შ–ს, ქ.შ–სა და ვ.შ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 365 000 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.01.2020წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2019წ. განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
2.2. 25.07.2019წ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხეების წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინებით შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს 15.07.2019წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 10 დღით.
2.3. 13.08.2019წ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხეების წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.09.2019წ. განჩინებით შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს 15.07.2019წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 10 დღით.
2.4. 07.10.2019წ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხეების წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2019წ. განჩინებით შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს 15.07.2019წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 10 დღით.
2.5. 14.11.2019წ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხეების წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2019წ. განჩინებით შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს 15.07.2019წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 15 დღით.
2.6. 19.11.2019წ. განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს საქმეში მითითებულ მისამართზე. უკუგზავნილით დასტურდება, რომ 19.11.2019წ. განჩინების ასლი ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა 05.12.2019წ. (ს.ფ. 342).
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-74-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხეებს სააპელაციო სასამართლოს 19.11.2019წ. განჩინების ასლი ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით 05.12.2019წ. და შეეძლოთ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება. მოპასუხეებს ხარვეზი არ შეუსვიათ და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ, რაც სსსკ-ის 63-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.01.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, შემდეგი საფუძვლებით:
3.1. კერძო საჩივრის ავტორების მიერ არაერთხელ იყო დაყენებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ვადის გახანგრძლივებას. სსსკ-ის 48-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
3.2. სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოპასუხეთა მძიმე ფინანსური მდგომარეობის თაობაზე და არ უნდა მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
7. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2019წ. განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და აპელანტებს კანონით დადგენილი წესით განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე სასამართლოს 26.07.2019წ., 10.09.2019წ., 08.10.2019წ., 19.11.2019წ. განჩინებებით თავად აპელანტების (მათი წარმომადგენლის) შუამდგომლობების შესაბამისად მათ არაერთხელ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. თითოეულ შემთხვევაში აპელანტები მოითხოვდნენ კონკრეტული ვადით ხარვეზის ვადის გაგრძელებას (იხ.: განცხადებები, ს.ფ. 309, 316, 325, 334). ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორების მითითება სსსკ-ის 48-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
9. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სააპელაციო სასამართლოს 19.11.2019წ. განჩინება ხარვეზის შევსების ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს (იხ.: მინდობილობები, ს.ფ. 100-104) თავად მის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე (ს.ფ. 334, 341) და ჩაბარდა თანამშრომელს 05.12.2019წ. (ს.ფ. 342). აპელანტებს (მოპასუხეებს) სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი.
10. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ებები: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ. N ას-693-2019, 28.06.2019წ.; Nას-1615-2019, 14.01.2020წ.).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.შ–ის, ქ.შ–ის, ნ.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.01.2020წ. განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე