საქმე №ას-432-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ს–ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ლ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2019წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.კ–ას სარჩელი ი.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი ა.ს–ძის (დაბადებული 14.01.2008წ.) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (06.03.2019წ.-დან) ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე მუხლზე (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს), ასევე ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით) და განმარტა, რომ მოპასუხე მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას 300 ლარის ნაცვლად 200 ლარით. მოპასუხე სადავოდ ხდის გადაწყვეტილებას 100 ლარის დაკისრების ნაწილში და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 1200 ლარს, რაც ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სრულად. ამასთან, სააპელაციო საჩივარში ასახული იყო მოლაპარაკების შესაძლო ვარიანტები, რომ იგი შესაძლოა თანახმა იყოს 200 ლარის გადახდაზე, რაც არ უნდა იყოს აღქმული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გასაჩივრებად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
7. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქვევის შემდეგ წესს:
სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ.; №ას-1305-2019, 21.11.2019წ., №ას-1582-2019, 28.02.2020წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ.,).
9. სსსკ ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარში ნათლად და არაორაზროვნად ჩამოყალიბებულია სააპელაციო მოთხოვნა მასზე, რომ გაუქმდეს გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 200 ლარით (ს.ფ. 258). შესაბამისად, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართებულად განსაზღვრა 1200 ლარით. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2000 ლარზე ნაკლებია, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე